ისტორია

რატომ სჭირდებოდა მონღოლ უფლისწულ ჰულაგუს ჩვენი ხელმწიფის კეთილგანწყობა და დახმარება

№25

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 28.06

ისტორია
დაკოპირებულია

ჩინგიზ ყაენს მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული მესამე შვილი, უგედეი, რომელიც საყვარელი ცოლისგან, ბორტესგან ჰყავდა. 1227 წლიდან, ჩინგიზ ყაენის სიკვდილის შემდეგ, ორი წელი მონღოლთა უზარმაზარ, ჯერ განუყოფელ იმპერიას უმცროსი შვილი, თოლუი მართავდა. მისი რეგენტობა ტრადიციით იყო განპირობებული, მონღოლთა შორის ოჯახის, იურტის (კარვის) მმართველად მიიჩნეოდა უმცროსი ვაჟი, მას რჩებოდა ხოლმე იურტა, კარავი, ოჯახი. 1229 წელს შეიკრიბა ყურულთაი – უფლისწულებისა და დიდებულების კრება და უგედეი ყაენი ტახტზე აიყვანეს.

1241 წელს უგედეი მოკვდა. ხუთწელ-ნახევარზე მეტი მონღოლთა უზარმაზარ იმპერიას მისი ცოლი მართავდა. საყვარელი ცოლები დიდ პატივში ჰყავდათ მონღოლებს, ყაენის გარდაცვლილ ცოლებსაც დიდ პატივს სცემდნენ. შემდეგ ყაენად აირჩიეს უგედეის ვაჟი, გუიუქი. გუიუქი 1251 წელს მოკვდა და მისი ქვრივის სამწლიანი რეგენტობის მერე დიდი ყაენი გახდა თოლუის ვაჟი, მუნქე. მუნქეს ჰყავდა ძმები, ყუბილაი, ჰულაგუ (ქართული წყაროთი – ულო) და აღრი-ბუღა.

ირანი, ერაყი, თურქმენეთისა და ავღანეთის უდიდესი ნაწილები, ტაჯიკეთის, პაკისტანის ნაწილი, ჰულაგუს ჰქონდა დაკავებული. მონღოლთა ვასალები – საქართველოს სამეფო, ტრაპიზონის საკეისრო და რუმის სასულთნო ჰულაგუს ემორჩილებოდნენ.

ჰულაგუს დაევალა ერაყის, სირიისა და ეგვიპტის დაპყრობა. 1259 წელს ჰულაგუმ ეგვიპტის წინააღმდეგ გასალაშრებლად საქართველოს მეფეს, ლაშა-გიორგის ძეს, დავით მეშვიდე ულუს მოუწოდა თავისი ჯარით. საქართველოს მეორე მეფე, დავით ულუს მამიდაშვილი და თანამმართველი, რუსუდანის ძე, დავით მეექვსე ნარინი არ ემორჩილებოდა მონღოლებს და ქუთათისში იყო გამაგრებული. აფხაზეთში, დასავლეთ საქართველოში კი მონღოლები ვერ გადადიოდნენ.

ჰულაგუს ჯარში იყვნენ ჩინგიზ ყაენის უფროსი შვილის, ჯუჩის ძის, ოქროს ურდოს (ჯუჩის) ულუსის ახალი მბრძანებლის, ბერქას მეომრებიც. სანაცვლოდ, ჰულაგუს ბერქასთვის ალაფის მესამედი უნდა გაეგზავნა. ბერქა დაინტერესებული იყო, ჰულაგუ, რაც შეიძლება, მოშორებით ყოფილიყო მისი სამბრძანებლოდან. იკვეთებოდა ჯუჩისა და თოლუის შთამომავალთა ინტრესების დაპირისპირება.

1259 წელს ეგვიპტის სულთანი გახდა მამლუქი ალ-მალიქ ალ-მუზაფარ საიფ ად-დინ ქუთუზი. ამბობდნენ, ჯალალედინის დისა და ბიძის, მამის ძმის, შვილი არისო, მონღოლების მიერ ტყვედ აყვანილი და მონათა ბაზარზე გაყიდული და მერე, საკუთარი ნიჭით დაწინაურებული. მანამდე ეგვიპტეს ქურთული წარმოშობის აიუბიდების დინასტია მართავდა. მამლუქებსა და ძველი დინასტიების განაყოფ ამირებს შორის დაპირისპირება იყო, მაგრამ ისინი მონღოლების შემოსევამ გააერთიანა.

მონღოლებმა გაიარეს შუამდინარეთი და შეიჭრნენ სირიაში. მათ შეუერთდა ანტიოქიის ქრისტიანი მთავარი ბოჰემუნდ მეოთხე თავისი ჯარით.

მაჰმადიანთა ჯარი მდინარე ევფრატის ხეობაში დახვდა მონღოლთა ჯარს. ბრძოლას ჩვენი წინაპრები წინამბრძოლობდნენ. მონღოლები ცდილობდნენ, სხვა ეთნიკური რესურსი გამოეყენებინათ წინამბრძოლად, რათა თავისი ნაკლებად დაეზიანებინათ. თუმცა, ეს ხერხი უფრო წინა ათწლეულებს შეეხება. იმ წლებში ვითარება უკვე შეცვლილი იყო. იმდროინდელ ქართველებს არ შეეძლოთ უკანა რიგებში დგომა. მიუხედავად ბოლო ათწლეულებში განცდილი მარცხებისა, რასაც ბედისწერას აბრალებდნენ და რაღაც ვითარებებს. საკუთარ მეომრობაზე და საქართველოზე მაინც განსაკუთრებული შეხედულება ჰქონდათ და ვერ წარმოედგინათ ქართველი, რომელსაც ომში წინამბრძოლობა არ მოესურვებოდა. მთავარი კი – ჩვენს წინაპრებს შურისძიება სურდათ მაჰმადიანებზე ჯალალედინის მიერ ტფილისში ჩადენილი სისასტიკის გამო.

სასტიკ ბრძოლაში ორივე მხრიდან ურიცხვი მეომარი დაიღუპა. მაჰმადიანები გაიქცნენ.

მონღოლები და მოკავშირეები ალეპოს მიადგნენ. ექვსი დღე ლოდსატყორცნებს ესროდნენ ქალაქის კედლებს და დაანგრიეს. მთავარმა ციხემ ოთხი კვირა გაუძლო შეტევას. 1260 წლის იანვარში ალეპო დაეცა.

მონღოლები ინდობდნენ ისეთი ქალაქების მოსახლეობას, რომლებიც უბრძოლველად ნებდებოდნენ. იმ ქალაქის მცხოვრებლებს, რომლებსაც ბრძოლით იღებდნენ, ხოცავდნენ. ალეპოში მაჰმადიანური მოსახლეობა გაწყვიტეს, ქრისტიანული დაინდეს. რაც, უსათუოდ ჩვენი ხელმწიფისა და ბოჰემუნდ მთავრის დამსახურება იქნებოდა, მათ, ეტყობა, სთხოვეს ჰულაგუს ქრისტიანების დანდობა. მონღოლებმა იცოდნენ, ალეპოს ქრისტიანები არ იქნებოდნენ მათდამი წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზატორები, ალეპოში ქრისტიანები უმცირესობა იყვნენ და მართვის უფლებები არ ჰქონდათ, ამიტომ, მეფე დავითისა და მთავარ ბოჰემუნდის თხოვნას გაითვალისწინებდნენ.

შემდეგ მიადგნენ დამასკოს, ალეპოს მაგალითით შეშინებული დამასკოელები უბრძოლველად დანებდნენ მონღოლებს.

კიდევ რამდენიმე ქალაქი აიღეს. ევფრატის ნაპირას დააბანაკა ყაენმა ჰულაგუმ თავისი ჯარი დასასვენებლად და წერილი გაუგზავნა ეგვიპტის სულთანს: „ღმერთმა გამოარჩია ჩინგიზ ყაენი და მისი შთამომავლობა მსოფლიოს ბატონებად. ვინც არ დაგვემორჩილა, განადგურდა ცოლებთან, შვილებთან, ახლობლებთან და მონებთან ერთად. დაეცა მათი ქალაქები. ჩვენი ჯარის დიდება გავრცელდა ქვეყანაზე. დაგვმორჩილდი, გამოგვიგზავნე ხარკი და ეახლე ჩვენს ნოინს მორჩილების ნიშნად. ან მოემზადე ომისთვის“.

იმ დროს მონღოლთა ბანაკში მიიტანეს ცნობა ჰულაგუს ძმის, დიდი ყაენის, მუნქეს გარდაცვალების შესახებ. ჰულაგუ უნდა გამგზავრებულიყო ყარაყორუმში, ყურულთაიზე დასასწრებად.

ხვდებოდა ჩვენი ხელმწიფე, ჰულაგუ და ჯარის დიდი ნაწილი წავიდოდა სირიიდან, ხოლო ქართველების დარჩენა მონღოლთა მცირერიცხოვან ჯართან ერთად დამარცხებული, მაგრამ, მაინც ძლიერი ეგვიპტის ჯარის წინააღმდეგ სახიფათო იქნებოდა ქართველი მეომრებისთვის. თან, ვერ იტანდა თამარის შვილიშვილი მონღოლთა ბატონობას. ამიტომ, ჩვენმა მეფემ, ჰულაგუს სამშობლოში გაშვება სთხოვა, დიდი ხნის წამოსულები ვართ, ქვეყანას მიხედვა სჭირდებაო.

ჰულაგუ დათანხმდა და გამოუშვა ქართველები. მუნქე ყაენის გარდაცვალების შემდგომ გაიზრდებოდა ბერქას ამბიციები. ბერქასა და ჰულაგუს შორის დაპირისპირების მიზეზი იყო ადარბადაგანი, შირვანი და სხვა ტერიტორიები.

ამის გამო, ჰულაგუ (ულო) იძულებული იყო, ფრთხილად ყოფილიყო. მას სურვილი ჰქონდა მის მიერ დაკავებული ტერიტორიები ემართა. ამიტომ, თავისი უმთავრესი მოკავშირის, დავით ულუს ჯარს ვერ შეელეოდა, ვერ გაანაწყენებდა ჩვენს მეფეს. ქართველები კარგ და ერთგულ მეომრებად მიიჩნეოდნენ და ამიტომ ჰულაგუს სჭირდებოდა ჩვენი მეფის კეთილგანწყობა. თუ ბერქა შემოიჭრებოდა კავკასიაში, ჰულაგუს, მონღოლებთან ერთად, ქართველების სამხედრო ძალა სჭირდებოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული