ისტორია

რატომ მოკლეს მონღოლებმა ივანე ბურსელი და როგორ ხოცეს ისინი მთიელმა ქართველებმა

№49

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 16.12, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

1289 წელს, დიმიტრი მეორე თავდადებულის მოკვლის მერე, არღუნ ყაენმა ტფილისის ტახტზე დასვა დასავლეთ საქართველოს მეფის, დავით მეექვსე (ნარინის) უფროსი ვაჟი და თანამოსაყდრე, ვახტანგ მეორე, რუსუდან მეფის შვილიშვილი. სამიოდე წელიწადში ვახტანგ მეორე მოულოდნელად გარდაიცვალა. ახალმა ყაენმა, არღუნის ძმამ, ქეღათუმ ტფილისის ტახტზე დაამტკიცა დიმიტრი მეფის უფროსი ვაჟი, დავით მერვე, ლაშა-გიორგის შვილთაშვილი. დასავლეთ საქართველოში მეფობდა დავით ნარინი, აღმოსავლეთში გამეფდა დავით მერვე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მართავდნენ ჯაყელები, რომლებიც აღარ ემორჩილებოდნენ ბაგრატიონებს და პირდაპირ საილხანოს დაქვემდებარებაში იყვნენ.

საილხანოში უარესი პოლიტიკური კრიზისი იყო, კონკურენტები კლავდნენ ყაენებს. 1295 წელს ილხანი გახდა არღუნ ყაენის ვაჟი, ყაზანი. მან ურდოში მიიწვია დავით მეფე, მაგრამ დავითი არ ეახლა. ჩვენს მეფეს სძულდა მამამისის მკვლელი ჰულაგუიანი მონღოლები. ცდილობდა, მონღოლთა ურდოებს შორის დაპირისპირება გამოეყენებინა. თავისი მომდევნო ძმა, უფლისწული ვახტანგი ოქროს ურდოში გაგზავნა და იქაურ ყაენს, თოხთას მოკავშირეობა შესთავაზა ყაზან ყაენის წინააღმდეგ. მაგრამ, ოქროს ურდოსა და საქართველოს კოალიცია ვერ შედგა.

1297 წელს ილხანთა ურდოს ჯარი შემოიჭრა საქართველოში. დავით მეფე მთიულეთში გამაგრდა. მთებში დაამარცხა მონღოლთა ჯარი, რომელმაც გზად აიკლო საქართველოს აღმოსავლეთი.

დავით მეფემ უნდობლობა გამოუცხადა თავის ძმას, ვახტანგს, დაატყვევა და ჩააგდო ჟინვალის ციხეში. ვახტანგი გაიპარა, მივიდა მეფესთან დაახლოებულ ივანე ბურსელთან და მეფე-ძმასთან შერიგებაში შუამდგომლობა სთხოვა: „ბოროტი არაფერი გამიკეთებია ჩემი ძმისთვის. გააგებინე, რომ შენთან მოვედი. თუ უნდა, ფიცი მომცეს, რომ არაფერს დამიშავებს, არ დამაპატიმრებს და მივალ მასთან და მცირე სარჩოც მომცეს.“ ივანე ბურსელმა შეატყობინა მეფეს. დავით მეფეს ძალიან გაუხარდა და ფიცით მიინდო ძმა. წაიყვანა, კარგად ეპყრობოდა და ზრუნავდა მასზე. მაგრამ, შემდეგ ისევ უნდობლად განეწყო მისდამი, რადგან არაგვის გავლენიანი ერისთავის, შაბურის ძის ასული შეირთო ვახტანგმა ცოლად. ვეღარ აიტანა ამდენი ეჭვიანობა და შეურაცხყოფა უფლისწულმა ვახტანგმა, ხიფათიც ელოდა, მისი ბედი გაურკვეველი იყო და ამიტომ, წავიდა ურდოში ყაზან ყაენთან. ყაენმა, რომელიც გაბრაზებული იყო დავით ურჩზე, დიდი პატივით მიიღო ქართველი მეფისწული, დააჯილდოვა და მეფობასაც შეჰპირდა, თუ მისი ძმა არ დაემორჩილებოდა. საკითხი ადგილზე უნდა გადაწყვეტილიყო. გამოამგზავრა საქართველოში უფლისწული და ნოინი ხუტლუ-შაჰი (ქუთლუღ-შაჰი, ხუტლუ-შა, ქუთლუქა) დიდი ჯარით. მომავალი წმინდანი - ვახტანგ მეფე ცდილობდა, წინ არ აღდგომოდა უფროს ძმას, რადგან არ იყო მოშურნე. ყოველნაირად სრულყოფილი ადამიანი გახლდათ, მშვიდი, თავმდაბალი, უშფოთველი, ჭეშმარიტი ქრისტიანი. მაგრამ, ტფილისში პირდაპირი მონღოლური მმართველობის გამოცხადება არ შეიძლებოდა.

ხუტლუ-შაჰი მრავალრიცხოვანი ჯარით მოვიდა ტფილისში. მოილაპარაკეს თათრებმა და ქართველებმა, მათ შორის: სამცხის ბატონმა ბექამ, სარგის სპასალარმა, ტაოელებმა, თმოგველებმა, ქვემოქართლელებმა და სომხებმა, შანშე მხარგრძელის ხელმძღვანელობით - ვახტანგის მეფედ გამოცხადება.

დავით ურჩმა რომ გაიგო, ვახტანგს მეფედ აცხადებენო, გამოაგზავნა ივანე ბურსელი და მონღოლებს აღუთქვა, წავალ ურდოშიო. ოღონდ, ფიცით ხელუხლებლობის გარანტია მოითხოვა და მძევლები. ხუტლუ-შაჰმა შეჰფიცა და ყველა თხოვნის შესრულებას შეჰპირდა. ივანე ბურსელი დაბრუნდა მეფესთან და გადასცა ხუტლუ-შაჰის ნათქვამი. დავითმა გაიხარა და გამოაგზავნა დედოფალი ოლჯათი, კათალიკოსი აბრაჰამ პირველი და ივანე ბურსელი. დედოფალი ოლჯათი იყო ყაენ არღუნის და, ყაზანის მამიდა. იგი ადრე არღუნმა ვახტანგ მეორეს მიათხოვა. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად მოაყვანინეს დავით მერვეს. ბაზალეთთან შეეგებნენ ხუტლუ-შაჰი და სხვა ნოინები ოლჯათ დედოფალს დიდი პატივით. მონღოლთა დიდებულებმა გადასცეს დავითის ელჩებს ფიცის სიმტკიცის სიმბოლოები - ყაენის ბეჭედი, ხელის მანდილი და აღუთქვეს ყაენის კეთილგანწყობა და ხუტლუ-შაჰის შვილი, სიბუჩი მძევლად შესთავაზეს. ხუტლუ-შაჰმა და ნოინებმა ოლჯათი იქვე დატოვეს და მეფესთან კათალიკოსი, ტფილისის ყადი და ივანე ბურსელი გააგზავნეს მოსალაპარაკებლად. დავით მეფემ მოიმიზეზა, რატომ არ გამოუშვით ჩემი მეუღლეო და არ წავიდა მონღოლებთან. დიდი შიში და რიდი ჰქონდა მონღოლებისა ბავშვობიდან, იგი მამამისის მკვლელობას შეესწრო. მეფემ გამოაგზავნა კათალიკოსი, ყადი და ივანე ბურსელი, მოითხოვა ოლჯათის გამოგზავნა და შეჰპირდა, მოვალო. როცა დავით მეფის ელჩები მივიდნენ ხუტლუ-შაჰთან და გადასცეს მისი პასუხი, ხუტლუ-შაჰმა უთხრა ბურსელს: „კაცო, მოსატყუებელი რა არის. მე მტკიცე ფიცით შევფიცე და მაინც არ მოვიდა. ახლა პასუხი აგე ტყუილის ნაცვლად“ და განრისხებულმა მოკლა ივანე ბურსელი. შანშე მხარგრძელმა მისი ცხედარი გააგზავნინა საგვარეულო სასაფლაოზე. გადაწყდა, მეფედ ვახტანგის დამტკიცება.

მონღოლები დავით ურჩის დასასჯელად შეუდგნენ მთიულეთის გზას. გადავიდნენ გველეთში, დარიალის ხეობაში, სადაც გამაგრებული იყო მეფე დავითი და იქიდან თავს ესხმოდა ციხე-სიმაგრეებში შესულ მონღოლებსა და მათ მომხრე ქართველ დიდებულებს. საკმაო ზიანსაც აყენებდა მათ, მაგრამ, მონღოლთა მრავალრიცხოვნობის გამო, ეს მაინც ვერ ცვლიდა ვითარებას. რა ნახეს მონღოლებმა სიმტკიცე და აუღებლობა გველეთისა, უკან გამობრუნდნენ. გზაში მონღოლებს თავს დაესხნენ მთიულები და მრავალი მონღოლი დახოცეს. ზანდუკის ხევში შესული მონღოლებიც ბლომად ხოცეს მთიელმა ქართველებმა. მონღოლთა ჯარი გავიდა საქართველოდან, თან წაიყვანეს დედოფალი ოლჯათი.

საქართველო ოთხად გაიყო. ჟინვალში დავით მერვე იჯდა და არ ცნობდა მონღოლთა ხელისუფლებას, მაგრამ ვერ აკონტროლებდა ქვეყნის უდიდეს ნაწილს. მონღოლები აკონტროლებდნენ აღმოსავლეთ საქართველოს და მათი ხელდასხმით ტფილისში იჯდა ვახტანგ მესამე, რომელიც ფლობდა ტფილისს, ქვემო ქართლსა და ჩრდილოეთ სომხეთს. დასავლეთ საქართველოში ნარინის ვაჟი, კონსტანტინე მეფობდა, რომელიც არ ემორჩილებოდა მონღოლებს. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთავრები – ჯაყელები აღარ ემორჩილებოდნენ ტფილისის ხელისუფლებას და მხოლოდ ყაენს აღიარებდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი