ისტორია

რატომ მოკლა მონღოლთა სარდალმა დავით მერვის ელჩი და ვინ გადაარჩინა უამრავი ქართველი შიმშილით სიკვდილს

№14

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 15.04, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1293 წლიდან, დასავლეთ საქართველოში მეფობდნენ რუსუდანიდი ბაგრატიონები, აღმოსავლეთში - დავით მერვე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, სამცხეს განაგებდა დავით მერვის უმცროსი ნახევარძმის, გიორგის დედის, ნათელას მამა, ბექა პირველი ჯაყელი. ჯაყელები აღარ ემორჩილებოდნენ ბაგრატიონებს, პირდაპირ საილხანოს დაქვემდებარებაში იყვნენ.

დავით მერვე ბავშვობაში შეესწრო მონღოლთაგან მამამისის მკვლელობას, ვერ იტანდა ჰულაგუიანთა დინასტიას და სცადა სამხედრო კავშირი დაემყარებინა მათ მოწინააღმეგე ჯუჩიდებთან, ოქროს ურდოს ყაენ თოხთასთან.

1299 წელს ყაზანმა დავითის მაგიერ ტფილისის ტახტზე მეფის ძმა, მცირეწლოვანი გიორგი დასვა. დავითი ჩრდილო მთიანეთში იყო გამაგრებული. შემდეგ ყაენმა დავითთან მორიგება არჩია და ისევ მიიწვია, თუმცა უშედეგოდ.

დავით მეფემ ეჭვი მიიტანა თავის ძმაზე, ვახტანგზე და დააპატიმრა. ვახტანგი გაექცა და მეფის ერთგულ დიდებულს, ივანე ბურსელს სთხოვა ძმა-მეფესთან შერიგება. დროებით შეირიგა მეფემ, მერე ისევ მოიძულა.

ვახტანგ უფლისწულის ბედი გაურკვეველი იყო, ხიფათი ელოდა მეფისგან. გაემგზავრა ყაზან ყაენთან თავშესაფრის საძიებლად. ურჩ დავით მერვეზე გაბრაზებულმა ყაენმა დიდი პატივით მიიღო ქართველი მეფისწული. გადაწყვიტა, მეფობა მისთვის მიეცა, თუ დავით მეფე არ დაემორჩილებოდა. საკითხი ადგილზე უნდა გადაწყვეტილიყო. გამოგზავნა საქართველოში უფლისწული და მონღოლთა მრავალრიცხოვანი ჯარი, ნოინ ხუტლუ-შაჰის (ხუტლუ-შა, ქუთლუღ-შაჰი, ქუთლუქა) მეთაურობით.

ტფილისში მოილაპარაკეს თათრებმა და ქართველებმა: სამცხის ბატონის ბექას შვილმა, სარგის სპასალარმა, ტაოელებმა, თმოგველებმა, ქვემოქართლელებმა შანშე მხარგრძელის ხელმძღვანელობით და გადაწყვიტეს, ვახტანგი მეფედ გამოეცხადებინათ.

დავით ურჩმა რომ გაიგო, ვახტანგს მეფედ აცხადებენო, გამოაგზავნა ივანე ბურსელი და მონღოლებს აღუთქვა, წავალ ურდოშიო. ოღონდ, ფიცით ხელუხლებლობის გარანტია და მძევლები მოითხოვა. ხუტლუ-შაჰმა შეჰფიცა და ყველა თხოვნის შესრულებას შეჰპირდა. ივანე ბურსელი დაბრუნდა მეფესთან და გადასცა ხუტლუ-შაჰის ნათქვამი. დავითმა გაიხარა და გამოაგზავნა დედოფალი ოლჯათი, კათალიკოსი აბრაჰამ პირველი და ივანე ბურსელი. დედოფალი ოლჯათი იყო ყაენ არღუნის და, ყაზან ყაენის მამიდა. იგი ადრე არღუნმა ვახტანგ მეორეს მიათხოვა. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ ოლჯათი ცოლად მოაყვანინეს დავით მერვეს. ბაზალეთთან დიდი პატივით შეეგებნენ ხუტლუ-შაჰი და სხვა ნოინები ოლჯათ დედოფალს.

ხუტლუ-შაჰმა გადასცა დავით მეფის ელჩებს ყაენის ბეჭედი, ხელის მანდილი, როგორც ფიცის სიმტკიცის სიმბოლოები, აღუთქვა ყაენის კეთილგანწყობა და საკუთარი შვილი, სიბუჩი მძევლად შესთავაზა მეფის ელჩებს. დედოფალი ოლჯათი იქვე დატოვეს და მეფესთან კათალიკოსი, ტფილისის ყადი და ივანე ბურსელი გააგზავნეს მოსალაპარაკებლად. დავით მეფემ მოიმიზეზა, რატომ არ გამოუშვით ჩემი მეუღლეო და არ ინება მონღოლებთან მისვლა. გამოაგზავნა კათალიკოსი, ყადი და ივანე ბურსელი, მოითხოვა ოლჯათის დაბრუნება და შეჰპირდა, მოვალო.

როცა დავით მეფის ელჩები მივიდნენ ხუტლუ-შაჰთან და გადასცეს მისი პასუხი, ხუტლუ-შაჰმა უთხრა ბურსელს: „კაცო, მოსატყუებელი რა არის. მტკიცე ფიცით შევფიცე და მაინც არ მოვიდა. ახლა პასუხი აგე ტყუილის ნაცვლადო“ და მოკლა ივანე ბურსელი.

დავით მეფე გამაგრდა გველეთის ციხეში, მონღოლები შევიდნენ ხეობაში, სადაც უამრავი მეომარი მოუკლეს ქართველებმა, მაგრამ, მაინც ბევრნი იყვნენ: „და თათარნი კუალად წარვიდეს მთიულეთს, და გარდავიდეს გუელეთს, რამეთუ მეფე შედგომილ იყო, და დიდად ავნებდა სიმაგრეთა შესრულთა თათართა, გარნა სიდიდითა არა აკლდებოდა“.

მონღოლებმა ვერაფერი დააკლეს გველეთს, ქარიანი ამინდებიც ხელს უშლიდათ, უკან დაიხიეს. გზად თავს დაესხნენ მთიულები და ბევრი მონღოლი გაწყვიტეს. სოფელ ზანდუკთან, ხეობაშიც, მრავალი მონღოლი მოკლეს ჩვენმა წინაპრებმა. გადარჩენილები დაბრუნდნენ ქართლში და წავიდნენ ყაზან ყაენთან: „ხოლო ვითარ იხილეს სიმტკიცე და უბრძოლველობა გუელეთისა, აიყარნეს და წარმოვიდეს რამეთუ ქართაცა მოჰბერეს და იწყო თïთოეულმან მოსლვა, და მოესწრნეს მთიულნი, და მრავალი მოკლეს. ეგრეთვე ზანდუკისâევს შესრულნი მრავალნი თათარნი მოისრნეს. და შთამოვიდეს ქართლს, და წარვიდეს ყაზანს წინაშე, და მიჰგუარეს ოლჯათ, და არღარა მოსცეს მეფესა დავითს დედოფალი ოლჯათ“.

რადგან წაართვეს მეფეს ცოლი, დავითმა მეორედ იქორწინა ქართლის ერისთავის, ჰამადას ულამაზეს ასულზე: „ხოლო ვითარ ცნა მეფემან არღარა მოცემა ცოლისა თïსისა ოლჯათისი, იქორწინა ქართლისა ერისთავისა ჰამადას ასული, ფრიად ქმნულ-კეთილი“.

ასეთ მძიმე პოლიტიკურ ვითარებასა და მონღოლთა მიერ აღმოსავლეთ საქართველოს აოხრებას სოფლის მეურნეობის განადგურება მოჰყვა. ამ ყველაფერს ჟამთააღმწერელი იმდროინდელი საზოგადოების უზნეობას აბრალებდა.

„ამათ შფოთთა რა შინა იყო ქუეყანა ქართლისა არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და არცა შენება ყოვლადვე, ვითარ დღეთა აქაბ მეფისათა ელიას მიერ სამ წელ და ექუს თუე, გარნა აქა ხუთ წელთა იყო ოâრება. რამეთუ ესოდენთა სიბილწეთა, სოდომურთა ცოდვათა შემოსრულთათïს, განრისხდა ღმერთი, და ვიქმნენით მიცემულ პირველად მწერესა ტყუეობასა, და მეორედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და âოცასა, და მესამედ იქმნა პურის მოკლება, რამეთუ ყოვლად არა იპოვებოდა სასყიდლად, არცა დიდითა ფასითა“.

აოხრებულ ქართლში არ მოვიდა პურის მოსავალი და ძალიან ცოტა იყო საკვები, პური. გასაყიდადაც არ იშოვნებოდა თურმე. ხალხი შიმშილობდა. რაც მოხვდებოდათ ადამიანებს, იმას სჭამდნენ, მკვდარ ცხოველებსაც კი. ქალაქების უბნები, გზები, მინდვრები და სოფლები სავსე იყო მკვდრებით. ადამიანი შეხვდებოდა შიმშილით მკვდარ დედას, რომელსაც ჩვილი დამშრალ ძუძუს უწოვდაო: „ესოდენ განძïნდა შიმშილი, რომელ მძორსა არაწმიდასა ურიდად ჭამდეს. სავსე იყვნეს უბანნი და ფოლოცნი, გზანი, მინდორნი და ქალაქნი, და სოფელნი მკუდრებითა. ყრმანი მკუდართა დედათა ძუძუთა ლეშთა სწოვდიან“.

ხალხი მიაწყდა სამცხეს, სადაც შედარებით უკეთესი მდგომარეობა ყოფილა და შეიძლებოდა პურის შოვნა: „უმრავლესი ერი ქართლისა წარვიდა სამცხეს, ქუეყანად ბექასსა, სადა-იგი იპოვებოდა პური სასყიდლად“.

ბექა ჯაყელის მეუღლე ვახახი, მომავალი გიორგი ბრწყინვალის ბებია, უკეთილშობილესი ადამიანი დაეხმარა გაჭირვებულ ადამიანებს: „ფრიადსა და უზომოსა მოწყალებასა შინა იყო მეუღლე ბექასი ვახახი, რომელი იყო ყოვლითურთ შემკობილი“.

ასეთი ვითარება იყო ჩვენს სამშობლოში მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეთა გასაყარზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი