ისტორია

რატომ მოკლა ჰულაგუ ყაენმა ბერქა ყაენის ძმების შვილები და როგორ აისახა ეს საქართველოზე

№11

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 24.03, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

დაახლოებით, 1255 წელს ოქროს ურდოს ყაენმა, ბათომ, მონღოლთა დიდი ყაენის, მანგუს ბრძანებით, ირანსა და მის მეზობელ ტერიტიორიებზე გაბატონებულ ჰულაგუს დასახმარებლად გამოუგზავნა სამი დუმანი ანუ 30 000 მეომარი, თავისი ძმების შვილების: ბალახანის, თუთარისა და ყულის მეთაურობით. ისინი ეხმარებოდნენ ჰულაგუს ერაყის, სირიისა და ეგვიპტელების წინააღმდეგ ომებში.

1256 წელს მოკვდა ბათო და ოქროს ურდოს მბრძანებელი გახდა ბათო ყაენის ძმა, მაჰმადიანი ბერქა. 1260 წელს ჰულაგუ ყაენმა, მასზე თავდასხმის მცდელობისა და ჯადოქრობის ბრალდებით, დააპატიმრა ბალახანი. ბიძამისს, ბერქას რომ არ სწყენოდა, ბალახანი ოქროს ურდოში გააგზავნა. მოწმეთა მტკიცებულებები გააცნეს ბერქას. ბერქა დარწმუნდა ბრალდების სიმართლეში და უკან გაუგზავნა ბალახანი ჰულაგუს. ჰულაგუმ სიკვდილით დასაჯა ბალახანი, როგორც ითვალისწინებდა ჩინგიზ-ყაენის იასა (კანონი). მაგრამ, იმავე ხანებში, მოულოდნელად მომკვდარან თუთარი და ყული. ბერქას ეჭვი გაუჩნდა, რომ ისინი მოწამლეს. ყაენმა ბერქამ წერილი მისწერა ბათოს მიერ ჰულაგუსთან გაგზავნილი სამი დუმანის მეომრებს და უბრძანა, ან ოქროს ურდოში დაბრუნებულიყვნენ, ან ეგვიპტის მამლუქებს შეერთებოდნენ ჰულაგუს წინააღმდეგ საბრძოლველად.

ბერქას ძმების შვილების მკვლელობის ამბავი მოთხრობილი აქვს ჩვენს ჟამთააღმწერელსაც, რომელიც იყენებდა სხვადასხვა ხალხების საისტორიო ნაშრომებს. მისი ცნობით, აღნიშნულ უფლისწულებს, „ყაენთა შვილთ“ ერქვათ – ბალაღა, ხუთარი და ყული. ჟამთააღმწერლის თქმით, მონღოლი უფლისწულები, ჰულაგუს ტერიტორიაზე წარმოგზავნილები, დააპატიმრა ჰულაგუმ, მოკლა და მიისაკუთრა მათი ქონება. ჩვენი ისტორიკოსის ცნობით, იმ დროს „საბერძნეთში“, ალბათ, რუმის (იკონიის) ან ტრაპიზონის ტერიტორიასთან, იყვნენ ამ უფლისწულების ქვეშევრდომები, ზემოაღნიშნული სამი დუმანიდან გადარჩენილები. მათი მეთაური ყოფილა ვინმე ალათემური, სახელოვანი მეომარი. აიყარა, თურმე ალათემური დედაწულითა და ბარგით და გარბოდა. მოკლული უფლისწულები და მათი ნაწილები დედაწულიანად იყვნენ გადმოსულები სამხრეთში. გარბოდა ალათემური, რათა ჰულაგუს ხელში არ ჩავარდნილიყო. ალბათ, ბერქას ბრძანების შესაბამისად, მოადგა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და შემოვიდა სამცხეში.

ჰულაგუს ქვეშევრდომმა თათრებმა შეიტყვეს მისი გაქცევის შესახებ და გამოეკიდნენ. წამოეწივნენ სამცხეში. ალათემურის ნაწილები შემოუბრუნდნენ, შეებრძოლნენ და გააქციეს. თორმეტი შეტაკება მომხდარა მათ შორის კოლას მთებამდე და თორმეტჯერვე გაუმარჯვია ალათემურს – მრავალი დაუხოცია მოწინააღმდეგის ბანაკიდან და გაუქცევია.

მოსულან ქვემო არტაანში, სოფელთან, რომელსაც ჰქვია გლინავი. იქ წააწყდნენ ქართველ დიდებულს, მურვან გურკლელს, მახუნჯაგის ძეს, რომელმაც არაფერი იცოდა და არხეინად ნადირობდა. შეიპყრეს თათრებმა მურვანი და კინაღამ მოკლეს. სთხოვა გურკლელმა, არ მომკლათ, დასავლეთ საქართველოში გადაგიყვანთ და იქიდან გადახვალთ ბერქა ყაენთან ოქროს ურდოშიო. მაშინ აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) ჰულაგუს მონღოლები ვერ გადადიოდნენ. იქიდან, ალბათ, შავი ზღვის სანაპიროს გავლით შეეძლო ჩრდილო კავკასიაში გადასვლა და ოქროს ურდოში მისვლა ალათემურის ხალხს.

წამოიყვანა მურვან გურკლელმა ალათემური და მისი მონღოლები და მოიყვანა სამცხეში, გურკლელების ჭალებში (სოფელი გურკელი მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში). მოახერხა მურვანმა, კაცი გააგზავნა სარგის თმოგველთან და შალვა ბოცოს ძესთან, ასევე, სხვა მესხებთანაც და სარგის ჯაყელთან და შეუთვალა, შევიკრიბოთ ერთად, შევიპყროთ ალათემური და მივგვაროთ ჰულაგუ ყაენსო.

რადგან ჩვენ ჰულაგუს ვასალები ვიყავით, ჩვენი დიდებულები ვალდებულნი იყვნენ, შებრძოლებოდნენ ჰულაგუს მტრებს. გარდა ამისა, საქართველოზე მონღოლი მეომრების გავლა, თავისი დედაწულით, ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა, მოსახლეობა დაზარალდებოდა. შეიძლება, სამი დუმანი, ანუ 30 000 მეომარი აღარ იყო, მაგრამ, არც ბევრად ნაკლები იქნებოდა. შეიტყო ეს ამბავი ალათემურმა, აიყარა ბარგითა და დედაწულით, გადავლო მტკვარი და შევიდა ჯავახეთში. შემოიარა „ელასის შემოღმართი“, მივიდა ოშორას ქვემოთ, ადგილზე, რომელსაც ჰქვია ლერძავნი. აქ, ალბათ, ოშორას მთა იგულისხმება, რომელიც მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში, იქვეა მდინარე ოშორა და სოფელი ოშორა.

სარგის თმოგველი გადაუდგა წინ. მოერიდა ალათემური და გვერდი აუქცია ქართველებს. სარგისი და შალვა ბოცოს ძე თავისი ნაწილებითურთ ერთი მხრიდან მისდევდნენ. მურვან გურკლელი უკნიდან დაადგა მონღოლების კვალს.

წამოეწია გურკლელი ალათემურის რაზმს, მოტრიალდა ალათემური, სხვა გზა არ იყო და მარტო თავისი რაზმით შეება მურვანი. ბოცოს ძე და სარგისი არ მიეშველნენო, წერს ჟამთააღმწერელი, ეტყობა, ვერ შეამჩნიეს ან მონღოლთა სიმრავლეს მოერიდნენ. როგორც ვთქვით, ალათემურს უნდა ჰყოლოდა სამი დუმანი, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები მეომარი ეყოლებოდა მხოლოდ სამ ქართველ დიდებულს ერთად.

სასტიკი ბრძოლა გაიმართა, დამარცხდნენ გურკლელის ნაწილები. ბევრი ქართველი დაიღუპა. გურკლელი გაიქცა და ასე გადარჩა.

თათრებმა გაიარეს ჯავახეთი და თრიალეთი, რუსთავთან მტკვარზე გადავიდნენ. არაერთგზის წამოეწივნენ მათ ქართლელები და ქართლში მდგომი ჰულაგუს მონღოლური ნაწილები, მაგრამ ალათემურმა ყველგან მოიგერია ისინი.

გავლეს ალათემურის თათრებმა კამბეჩიანი, კახეთი, ჰერეთი ბრძოლა-ბრძოლით, რადგან მონღოლთა რაზმებს არ უნდოდათ მათი გაშვება, ქართველები მოვალეობას იხდიდნენ და მოსახლეობის დაცვას ცდილობდნენ. სადაც გაივლიდნენ მონღოლები, ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ზარალი მიადგებოდა. ასე ბრძოლა-ბრძოლით გადავიდნენ ბელაქანში. იქიდან შევიდნენ ღუნძეთში (დღევანდელი დაღესტანის ნაწილი).

ღუნძთა მეფე წინ აღუდგა მონღოლებს, მაგრამ დაამარცხეს ალათემურის რაზმებმა. ასე საკვირველად გაიარეს მთელი საქართველო ჰულაგუს მტერმა მონღოლებმა, ალათემურის მეთაურობით და გამარჯვებული მივიდნენ ბერქა ყაენთან. ჟამთააღმწერლის თქმით, სადაც დარჩნენ, ამ თათრებს უწოდებდნენ თურმე აღნარღომებს, რაც ნიშნავს უფროსს, უხუცესს.

ბერქა ყაენისთვის ბალაღას, ხუთარისა და ყულის მკვლელობა კიდევ ერთი მიზეზი გახდა ჰულაგუს წინააღმდეგ გამოსალაშქრებლად. ალათემურიც აქეზებდა, თურმე და მოკლული უფლისწულების ოჯახებიც. ბერქას შემოჭრის შიშით თავდაცვითი ღობე, სიბა ჰქონდა შეკრული ჰულაგუს შირვანში, სადაც შემოდგომიდან გაზაფხულამდე მორიგეობდა ქართველთა მეფე თავისი ჯარით.

ორი მონღოლური საყაენოს საომარ მოქმედებებში ჩაერთო ჩვენი ქვეყანა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი