ისტორია

რატომ მიტრიალდა უკან ლიპარიტ ორბელი, რომელიც მაჰმადიანთა ჯარით მოდიოდა გიორგი მესამის წინააღმდეგ

№46

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 24.11, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1177 წელს გიორგი მესამემ დაამარცხა დემნა უფლისწულის გამეფებისთვის ამირსპასალარ ივანე ორბელის ხელმძღვანელობით წამოწყებული აჯანყება. აჯანყებულები დანებდნენ. მეფემ მეთაურები სასტიკად დასაჯა: ივანე მოკლეს, დემნა სასჯელს გადაჰყვა.

გიორგი მესამის წინააღმდეგ აჯანყება, ეტყობა, კარგა ხანს მზადდებოდა. აჯანყების მეთაურის, ივანე ორბელის ძმა, ქართლის ერისთავი ლიპარიტი დახმარების მისაღებად უცხოეთში ყოფილა წასული. შეიძლება, აჯანყების დაწყებისას წავიდა, რადგან, სწრაფი გამარჯვება, ანუ მეფის შეპყრობა ვერ შეძლეს შეთქმულებმა. ამიტომ, არაერთი შეთქმული გადავიდა მეფის მხარეს და მეფე მოძლიერდა.

ლიპარიტ ორბელი, როგორც მოგვითხრობს სტეფანოს ორბელიანი, თავის ორ ძესთან, ელიკომთან (ელიკუმ, ელიგუმ) და ივანესთან ერთად, ადარბადაგანის, არანის ნაწილისა და ჩრდილოეთ ირანის დიდ ათაბაგთან იყო წასული დახმარების სათხოვნელად. მისთვის სამოცი ათასი ჯარისკაცი გამოუყოლებიათ საქართველოში შემოჭრისთვის და აჯანყებულების დასახმარებლად. ჯარი უკვე ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებოდა.

რა თქმა უნდა, საქართველოს არეულობა და საქართველოს მეფის დასუსტება ან შეცვლა და ახალი მეფის საკუთარ მოვალედ ქცევა ხელსაყრელი იყო ილდეგიზიდთა (ელდიგუზიდთა) ათაბაგისთვის. იმ დროს უკვე მუჰამედი იყო ათაბაგი და არა ელდიგუზი (ელიტიკოზ), როგორც შეცდომით წერს სტეფანოს ორბელიანი. საქართველოს სახელმწიფოს კონკურენცია ჰქონდა ადარბადაგანის ათაბაგებთან რეგიონში ბატონობისთვის და რატომ არ ისარგებლებდნენ ამით მაჰმადიანები?

საქართველოსკენ მომავალთ გზაში შეუტყვიათ დემნა უფლისწულისა და ივანე ორბელის შეპყრობისა და დასჯის ამბები ლიპარიტ ორბელს, მის ძეებს და მაჰმადიანებს. ლიპარიტს გადაუწყვეტია, აღარ წამოსულიყო საომრად. მაჰმადიანებიც დამფრთხალან, მეფე გიორგი უკვე მოძლიერებული და მთელი ქართული სამხედრო რესურსი მეფის მხარეს იყო გადასული ისევ. ეს კი მაჰმადიანებისთვის სახიფათო გახლდათ.

სტეფანოს ორბელიანი სხვანაირად გადმგვცემს, ლიპარიტ ორბელს უფიქრია: „საწყალ ქრისტიანებს რა დაუშავებიათ, რომ წავიდე და დავხოცო ისინი. ჩვენი მტრები არსად ჩანან, მე რომ დავატყვევო“. გაბრუნებულა უკან და ათაბაგების სამსახურში შესულა. სტეფანოსის თქმით, ლიპარიტი და ელიკომი ათაბაგთან დარჩენილან. ამის მერე ლიპარიტ ორბელი მალე გარდაცვლილა: „დიდი მჭვუნვარებისა და საზარელისა ტირილისაგან მცირეს ხანს იცოცხლა და მოკუდა უცხოს ქვეყანაში“.

საქართველოს მეფე გიორგი მესამემ, ორბელთა და დემნა უფლისწულის აჯანყების მომდევნო, 1178 წელს, ეკლესიას დაუბრუნა მის მიერ ადრე ჩამორთმეული შეუვალობა და მიწებიც. იმ ხანებში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ტახტიდან გადადგა და იერუსალიმში წავიდა ნიკოლოზ პირველი გულაბერისძე, მწერალი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე ცნობილი ოჯახიდან. ერთ-ერთი მისი წინამორბედი პატრიარქი, სვიმონ მეოთხე გულაბერისძე მისი ბიძა, მამის ძმა გახლდათ. კათალიკოს ნიკოლოზ პირველის დაწერილია „საკითხავი სუეტისა ცხოველისაè, კუართისა საუფლოèსა და კათოლიკე ეკლესიისა”. თამარის ერთ-ერთი ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარი წერს: „პატრიარქი სიმდაბლის გამო გადადგა ქართლის კათალიკოსობიდანო“. თუმცა, მისი გადადგომის მიზეზი შესაძლოა, მეფის ეკლესიისადმი დამოკიდებულება ყოფილიყო ან, უფრო სავარაუდოდ მიმაჩნია, კათალიკოსი დემნას სასტიკად დასჯის გამო გადამდგარიყო ტახტიდან.

მეფე გიორგიმ ქართლის კათალიკოსობა უბოძა მიქაელ მეოთხე მირიანის ძეს. მიქაელ მირიანის ძე თანახმა იქნებოდა მეფედ ქალის კურთხევისა. ასეც მოხდა – მეფე გიორგიმ აჯანყების დამარცხებიდან მერე თანამოსაყდრედ აკურთებინა თავისი ასული, თამარი. გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ მიქაელმა მიითვისა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა, აწყურისა და სამთავისის ეპარქიებიც. მის საკათალიკოსო ტახტიდან გადასაყენებლად საეკლესიო კრებაც კი მოუწვევიათ თამარის მეფობის დასაწყისში, მაგრამ უშედეგოდ.

თამარის მეფობის დასაწყისში ივანე ლიპარიტის ძე ორბელი, ელიკომის ძმა, დაუბრუნებიათ საქართველოში და წინაპრების მამულებიდან მისთვის მხოლოდ ორბეთის ციხე დაუბრუნებიათ. სტეფანოსი წერს: „ძე მისი (ლიპარიტის) ელიკომ მუნვე დადგა (სელჩუკთა ათაბაგთან) და ძმა მისი ივანე წარვიდა ამირთან ანუ თავრიზისადმი და მუნ მიიღო დიდება და პატივი მრავალი. რომელი ხანთა მრავალთა ბირებითა და ფიცითა დიდითა ჟამსა მას თამარისასა მოიყუანეს და მისცა მას მამულთაგან თვისთა მხოლოდ ორბეთი. რომელმან მან შვნა ძენი და აწ იგინი არიან ორბელიანნი“. როგორც ჩანს, ივანე ლიპარიტის ძე ორბელს მოუნანიებია ნათესავების საქციელი და ერთგულების ფიცი მიუცია ჩვენი ხელმწიფე თამარისათვის.

ხოლო ელიკომ ლიპარიტის ძე ორბელი ათაბაგთან დარჩა, სტეფანოსი წერს: „მიიღო მან მის მიერ სიყუარული დიდი და მოწყალეობა მრავალი და ფრიად ესაყუარლებოდენ მას ძენი ელიტიკოზისნი ფალავან და ყაზილასლან. შემდგომად მისცა მას ათაბაგმან დიდი ქალაქი იგი ჰამიანი და ძედ თვისად უხმობდა მას და დაუმტკიცა მას ქალაქი იგი სამკვიდროდ და მამულად სიგლითა და დაადგინა იგი ამირად და ქალაქმთავრად დედაქალაქთა მათ სპარსეთისათა: რეისა, ისპაჰანისა და ყაზვინისა, წელსა ათორმეტსა“.

მართლაც სასურველ ქვეშევრდომად იქნებოდა მიჩნეული საქართველოდან გაქცეული დიდებულების, ცნობილი მეომრების გვარის წარმომადგენელი ათაბაგთა კარზე. ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა. ხელმწიფეები მეზობელი ქვეყნებიდან დევნილ დიდებულებს იფარებდნენ და თავის სამსახურში იღებდნენ. საქართველოშიც ყოფილა მსგავსი ფაქტები და ალბათ, სტეფანოს ორბელიანი არ ტყუის. შეიძლება, ცოტა აჭარბებს წინაპრების ქებას.

სტეფანოსი განაგრძობს: „აწვევდა სულთანი, აწუხებდა და ეტყოდა: „შეიქმენ სიძე ჩემი და მოგცე შენ უდიდესი ნაწილი ქუეყანისა ჩემისა, ხოლო შენ დაუტევე სარწმუნოება ქრისტესი“.

ესე ელიკომ თუმცა ყრმა იყო ჰასაკითა, არამედ აღსავსე იყო მეცნიერებითა და სიბრძნითა, არა ურწმუნებდა, არა მოაკლდებოდა სარწმუნოებისაგან. ამისთვის შეშინებულმან სპარსთაგან და შეწუხებულმან სარწმუნოებისათვის მიზეზითა რომლითამე გამოსთხოვა ალაგი ნახჩივანსა შინა და ჰსთქვა: „ქუეყანა იგი ახლოს არს საქართუელოისად, და უადვილეს არს მუნით მოკითხვა სისხლსა მამათა და ძმათა ჩემისათა“.

ორბელები საქართველოში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ. მინიმუმ, რაც ენდომებოდათ, ძველი მამულებისა და დიდების დაბრუნება კონკრეტულად საქართველოში, რადგან მამულები და წარმატება უცხოეთშიც ჰქონიათ. შეიძლება, შურისძიებაც სწყუროდათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული