ისტორია

რატომ მიიჩნევდა დავით აღმაშენებელი თავმდაბლად, რომ მეათე მცნება დაარღვია

№43

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 05.11, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

საქართველო გააერთიანა ბაგრატ მესამე ბაგრატიონმა. თუმცა, ბაგრატ მეფემ მთლიანად ვერ მოასწრო ყველა ქართული კუთხის შემოერთება. ტაო-ბასიანის ქვეყნები ბიზანტიას ჰქონდა მიტაცებული. ქვემო ქართლში სომხური დინასტია გაბატონებულიყო, რომელსაც დაეარსებინა ტაშირ-ძორაგეტის სამეფო. ტფილისში არაბი ამირა იჯდა. ბაგრატ მესამე ბიზანტიურ კურაპალატის ტიტულს ატარებდა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მართალია, მთლად არავასალურ, მაგრამ, გარკვეულ დაქვემდებარებაში, თუნდაც სიმბოლურად, მაინც იყო ახალ, მეორე რომთან, ბიზანტიასთან.

სრულიად დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული და სუზერენული სახელმწიფოებრიობა მთლიან ქართულ ტერიტორიებზე შექმნა დავით აღმაშენებელმა. დავით მეფე სრულიად გამოვიდა ბიზანტიისადმი ყველანაირ, თუნდაც, სიმბოლური დაქვემდებარებისგან. ჩვენმა ხელმწიფემ უარი თქვა ბიზანტიურ ტიტულზე, რომლებსაც ჯერ უფლისწულობისას და მერე მეფობის დასაწყისში ატარებდა და შექმნა თავისი, საკუთარი, ქართული, კავკასიური ტიტული – უფრო სწორად, გააგრძელა და დაასრულა მისი წინაპრის, ბაგრატ მესამის დაწყებული საქმე, გახდა „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა“. მან შემოიღო ახალი ტიტულიც – მესიის მახვილი. მაშასადამე, საქართველოს მეფე გახდა რამდენიმე სამეფოს მეფე, რამდენიმე ხალხის ხელმწიფე და ღმერთის, ქრისტეს, მაცხოვრის, მხსნელის – მესიის მახვილი, მისი საქმის სარდალი ამქვეყნად, ქრისტიანული სივრცის მთავარსარდალი და ლიდერი, მესიის მოადგილე. მან შექმნა ისეთი სახელმწიფო, რომელიც კონკურენციას უწევდა ბიზანტიასაც და თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოსაც.

დავით აღმაშენებელმა საქართველო აქცია იმპერიულ, თუ დავაზუსტებთ – თანამეგობრობის სივრცედ, რომელშიც, მაგალითად, თავისი ნებით, თანამეგობრობის იდეის შესაბამისად, შემოვიდნენ სომხები, რომელთა თხოვნითაც მათი ერთი ძველი დედაქალაქი, ანისი და მთელი კუთხე ჩვენმა ხელმწიფემ შემოუერთა საქართველოს. შემოიერთა შირვანიც, სადაც ალბანური წარმოშობის, ჩვენი მონათესავე მოსახლეობა ცხოვრობდა, რომლის ზედა ფენაც გაირანელებულიყო და რომლის მოსახლეობასაც გათურქების საშიშროება ელოდა სელჩუკების სულთნებისგან.

... ეს ყველაფერი ადვილად არ მომხდარა...

დავით აღმაშნებელმა ცხოვრების ბოლო წლებში დაწერა „გალობანი სინანულისანი“. ეს პოეტურ-ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები, პირველ რიგში, ჩვენი აზრით, ღვთის სადიდებელი გალობაა. ძველი ისრაელის მეფის, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად, რომელიც ფსალმუნებს, საგალობლებს ქმნიდა, დავით აღმაშენებელმაც საგალობელი შექმნა. ბაგრატიონები დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად ითვლებოდნენ. მემატიანე დავით აღმაშენებელს დავით მეფსალმუნის სამოცდამეთვრამეტე შვილს უწოდებს. სიმბოლურად განმეორდა ახალი ისრაელის, საქართველოს ძლიერი სახელმწიფოს, დაარსება ძველი ისრაელის ძლიერი სახელმწიფოს მეფეთა შთამომავლის მიერ. გაგრძელდა ღვთის სადიდებელი გალობების შექმნა დავით წინასწარმეტყველის შთამომავლის მიერ. ეს საქმიანობა შემდგომ დავით მეფის მემკვიდრემ, დიმიტრი პირველმაც განაგრძო.

როგორც ვთქვით, „გალობანი სინანულისანი“, უპირველესად, ღვთის სადიდებელია. თუმცა, გარკვეულწილად ის სააღსარებო კითხვებზე პასუხების მსგავსიცაა, სადაც, თითქოსდა ცოდვების ჩამონათვალს პასუხობს აღმსარებელი, ცოდვების მიტევებას სთხოვს უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შემწეობას ევედრება.

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, „გალობანი სინანულისანი“ საკაცობრიო ცოდვებისადმი სინანულია, ზოგადკაცობრივი აღსარებაა, რომელი ცოდვებითაც დამძიმებულია ყველა ადამიანი და იქ ჩამოთვლილი ყველა ცოდვა ჩვენი ხელმწიფის მიერ ჩადენილი პირადი ცოდვები არ არის.

ძირითადად, ალბათ, ასეცაა. თუმცა, ნაწარმოებიდან ჩანს, რომ ზოგიერთი „ცოდვა“ დავით მეფეს კონკრეტულად პირად ცოდვად მიაჩნდა.

დავით აღმაშენებელი წერს: „სოლომონისაèსა წურბლისა მსგავსად ვერმაძღარი სხუათა სოფლის-კიდეთა ვეძიებდ დასაპყრობელად და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობდ, ვითარცა მცირეთა და უნდოთა, ჩემისამდე უძღებებისა და გულისთქუმისა. ბოროტად გარდავხედ საზღუართა და შევჰრთე სახლი სახლსა და აგარაკი აგარაკსა და უუძლურესთა მივჰხუეჭე ნაწილი მათი და ვიღუწიდ უმეზობლობასა, ვითარმცა მარტოè ვმკïდრობდ ქუეყანასა ზედა“.

მეფის ამ სიტყვებში მისი წინაპრის, სოლომონ ბრძენი მეფის იგავებიდან (30, 15) არის მოტანილი მაგალითი, გაუმაძღრობაზე, ანუ წურბელაზე. შემდეგ ჩვენი ხელმწიფე დარდობს, ინანიებს, რომ ტერიტორიების ხელში ჩაგდებას ცდილობდა გაუმაღძრად. მეფე ამბობს, ღმერთის მიერ ჩემთვის მოცემული საზღვრები არ ვიკმარე, უძღები ვიყავი, ავყევი გულისთქმას, ბოროტად გარდავხედე საზღვრებს, წავართვი სახლები (სამეფოები) სუსტებსო. ისე ვიქცეოდი, თითქოს ჩემს მეტი არავინ იყოს ამ ქვეყანაზე, თითქოს სხვას არ უნდა სახლიო (სამეფოო).

მართლაც, დავით აღმაშენებელმა სამეფოები (სახელმწიფოები) წაართვა კახეთ-ჰერეთის მეფეს და ტაშირ-ძორაგეტის დინასტიას (ქვემო ქართლში), საშაჰო გამოსტაცა შირვანშაჰს, ტფილელ ბერებს, რეაურად არაბებს, წაართვა ტფილისი, ანისის გამგებელ შედადიანებს წაართვა ანისის გამგებლობა...

დავით მეოთხე, როგორც მეფე, როგორც ქართველი, ვალდებული იყო გაეერთიანებინა საქართველოს ქვეყნები, მაგრამ, როგორც ადამიანი, ამ გაერთიანებით, მისი აზრით, სჩადიოდა ცოდვას, რადგან სხვებს წაართვა სამთავროები... დავით აღმაშენებელი განიხილავს ამ ვითარებას, როგორც მეათე მცნების დარღვევას, სადაც წერია: „არა გული გითქუმიდეს სახლისათèის მოყუასისა შენისა... არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთïის, რაèცა იყოს მოყუასისა შენისა“.

თავისთავად, სხვისი კანონიერი ქონების წართმევა მეათე ცნების დარღვევაა, ცოდვაა და ამას განიცდიდა და ინანიებდა ჩვენი ხელმწიფე თავის „გალობანში სინანულისანში“.

მაგრამ, ჩვენი გადასახედიდან შევხედოთ ამ საკითხს:

დავით აღმაშენებელს რომ არ წაერთმია ისტორიული ქართული მიწები – კახეთ-ჰერეთის სამეფო აღსართან მეფისთვის, ტაშირ-ძორაგეტის სამეფო კვირიკიანი სომხებისთვის, ტფილისი ტფილელი ბერებისთვის, საქართველო ვერ გაერთიანდებოდა და ახლა ან იქნებოდა, ან არა ერთიანი ქართველი ხალხი და ერთიანი საქართველო.

სომხების თხოვნით, საქართველოს რომ არ წაერთმია მაჰმადიანი მფლობელისთვის და არ შემოეერთებინა ანისი და მერე სხვა სომხური მიწები და არ დაეცვა სომხები, თავისი ეკლესიიანად, თურქ-სელჩუკებისგან, შესაძლოა, დღემდე სომხები არც კი შემორჩენილიყვნენ.

დავით აღმაშენებელმა სცადა, შირვანი, დღევანდელი აზერბაიჯანი, დაეცვა გათურქებისგან...

შეგვიძლია დავასკვნათ – დავით აღმაშენებელმა შექმნა-განამტკიცა ერთიანი ქრისტიანული საქართველო, ქართველი ხალხი გააერთიანა და შეადუღაბა ერთ, ძლიერ, ქრისტიან ერად – ეს კი ღვთის სამსახური იყო და არა ცოდვა!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი