ისტორია

რატომ მიიჩნევდა დავით აღმაშენებელი თავის მეორედ დაქორწინებას ცოდვად და რა მოუტანა ამ ქორწინებამ მის სამშობლოს

№50

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 24.12, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

დავით აღმაშენებელს ორი წლის ასაკიდან ბერი ზრდიდა და თავადაც ბავშვობიდან ოცნებობდა ბერად აღკვეცაზე. მაგრამ, სამეფო ტახტის მემკვიდრე გახლდათ, ტახტზე ასვლა და ქრისტიანი ხალხის მსახურება ევალებოდა, ამიტომ მოუწია თავის ოცნებაზე უარის თქმა და მეფობა.

მეფობა, თავისთავად ცხადია, ურთულესი სამსახურია. ძნელია მართავდე სახელმწიფოს და არ შეეჯახო ცოდვის ჩადენის იქნებ აუცილებელ საჭიროებებს - ადამიანთა (დამნაშავეების) დასჯას, კაცთა კვლას (ომებს), სხვა მეფეებისთვის სამეფოების წართმევის გარდაუვალობას (ქვეყნის გაერთიანებისთვის), პოლიტიკურ, „ანგარებით“ ქორწინებას ან განქორწინების აუცილებლობას (ქვეყნისთვის მოკავშირის მოძიების საქმისთვის) და სხვა.

ბერებს ასეთი საცოდველი საშიშროებები არ აქვთ...

ძველი აღთქმის რჩეულ ერს, ებრაელებს, ისრაელს, უფალმა, მოსეს ხელით, უბოძა ათი მცნება, რომლებიც უნდა დაეცვათ წესიერი ცხოვრებისთვის და გარდაცვალების შემდეგ „აბრაამის წიაღში“ მოხვედრისათვის. იმ დროს, სამოთხე ჯერ კიდევ დახშული იყო და მართალნი ღვთის რჩეულთან, სხვადასხვა ხალხთა მამამთავართან, აბრაამთან ერთად ჯოჯოხეთის ზედა სივრცეებში, უტანჯველად, მაგრამ, ღვთის უხილველად განისვენებდნენ.

კაცობრიობა ჯერ მხოლოდ იმისთვის იყო მზად, რაც მიიღო მოსეს დროს ღვთისგან.

მაგრამ, გავიდა დაახლოებით 1 200 წელი მოსედან...

კაცობრიობა (ისრაელი) უფრო განვითარდა გონებრივად, თუმცა, მეტად დაეცა და უწინარეს ყოველთა, საუკუნეთა შობილი სიტყვა ღვთისა განკაცდა, რათა გამოესყიდა კაცთა ცოდვები, ახალი აღთქმა მიეცა კაცობრიობისათვის, ახალი, სრული სიტყვა უფლისა, უფრო განვითარებული კაცობრიობისათვის და სამოთხის კარი გაეღო, მართალნი სასუფეველში აეყვანა, ღვთის სახილველ, სანეტარო ადგილას.

მაცხოვარმა ერთხელ უთხრა მოსწავლეებს, ანუ კაცობრიობას – მაშინ, მოსეს დროს მეტის აღქმა არ შეგეძლოთ, ანუ არ იყავით ისე განვითარებულიო, ახლა მე მოვედი და ახალ აღთქმას პირადად გაძლევთ, ანუ ღვთის სრულ სიბრძნეს, სრულ სიყვარულს გაზიარებთ, ღვთის სიტყვას გადმოგცემთო. თუ ადრე, ძველი აღთქმით, სიკეთისა და სიყვარულის, ადამიანობის გამოხატულება იყო ძმისთვის შვიდგზის შენდობა, ახალი აღთქმით, ქრისტეს სიტყვებით, ადამიანმა ძმას უნდა შეუნდოს სამოდაათჯერ შვიდგზის, ანუ 490 ჯერ, ანუ ყოველთვის – სულ უნდა შეუნდოს. ადამიანი ხომ ვერ გაწყენინებს 490-ჯერ, ხომ ვერ დათვლი, ანუ, ყოველთვის უნდა შეუნდო. ასეთი უნდა იყოს ახალი აღთქმით ძმისადმი, მოყვასისადმი სიყვარული.

მორწმუნის შეგნებით, ათი მცნების დარღვევა არ შეიძლება. ვინც რომელიმე მცნებას დაარღვევს, უნდა მოინანიოს. მეშვიდე მცნება ასეთია – „არა იმრუშო“. მრუშობაში იგულისხმება ქორწინების გარეშე სექსუალური კავშირი, თუმცა, არა მხოლოდ კავშირი. მათეს სახარება გადმოგვცემს მაცხოვრის სიტყვებს, როდესაც მოწაფეებს განუმარტავდა ათ მცნებას:

მათე, 5, 27: „გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო.

28. ხოლო მე გეტყï თქუენ, რამეთუ ყოველნი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თïსსა“.

მაშასადამე, ქრისტეს სიტყვებით, ქალისათვის სექსუალური ნდომით შეხედვაც კი ცოდვაა. შემდეგ იესო განმარტავს მეუღლეების განშორების, გაყრის საკითხებს და ამბობს:

„31. თქმულ არს, რამეთუ რომელმან განუტევოს ცოლი თïსი, მისცეს მას განსატევებელი.

32. ხოლო მე გეტყï თქუენ, რამეთუ ყოველმან, რომელმან განუტევოს ცოლი თïსი თïნიერ სიტყïსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა“.

იმ ხანებში, როდესაც განკაცებული მაცხოვარი ქადაგებდა ახალ აღთქმას, ისრაელიანთა შორის გავრცელებული იყო ჩვეულება, რომლის მიხედვითაც, ქმრები ხშირად სცილდებოდნენ ცოლებს, უხდიდნენ ამისთვის გარკვეულ გადასახადს („განსატევებელს“), რომ გაშორებულ ქალს თავის შენახვა შეძლებოდა. ასეთ რამეს შეძლებულები ახერხებდნენ.

უმეტეს შემთხვევაში, ასეთი შეძლებულები იმიტომ შორდებოდნენ ასაკოვან, სექსუალურად თუ ფსიქოლოგიურად მობეზრებულ ცოლს, რათა ახალგაზრდა ცოლი მოეყვანათ და ახალ სექსუალურ ცხოვრებას დასწაფოდნენ.

ქრისტეს სიტყვებით, ეს იყო მრუშობა.

თუ ასეთ გაშორებულ ქალს შეირთავდა ვინმე, მაცხოვრის თქმით, მასაც მრუშობად ეთვლებოდა ეს. რადგან, ჩემი აზრით, ხშირად, შეიძლება, ღარიბს განაშორები ქალი მოეყვანა ცოლად, მისი ქონების გამო, რომელიც განშორებისას ეძლეოდა.

ანგარებით ქორწინება არა მხოლოდ ჩვენი დროისთვისაა დამახასიათებელი.

გაშორებული, მიტოვებული ქალი ვინაიდან უმამაკაცოდ რჩებოდა, შეიძლება, სექსუალური მოთხოვნილების გამო სხვა მამაკაცის ხელში აღმოჩენილიყო, ქორწინების გარეშე, ერთჯერადად იქნებოდა თუ ხანგრძლივად. შეიძლება გათხოვილიყო, თუმცა, ესეც მრუშობად ჩაეთვლებოდა. ამიტომ, ამბობს მაცხოვარი, რომ ვინც გასცილდება თვითონაც მრუშობს და ქალსაც ამრუშებსო.

ამგვარად, ქალის გაშვება, გარდა სექსუალური ღალატის შემთხვევისა, ქრისტეს სიტყვით, იყო მრუშობის სახე.

ქრისტეს მიერ მეუღლეთა გაშორების აკრძალვის მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ ქორწინება წმინდაა და ადამიანს შეიძლება, მხოლოდ ერთადერთი ჰქონდეს ცხოვრებაში – სარეცლის სიწმინდის, ოჯახის, შვილების, ადამიანების ფსიქოლოგიური დაცვისა და მომავალი, იმქვეყნიური ნეტარების მიღწევის გამო. მაცხოვარი ზრუნავდა ადამიანების სულებზე, ამიტომაც განკაცდა, რათა გამოესყიდა კაცთა ცოდვები და ახალი აღთქმა, ცოდვებისგან დაცვის ცოდნა – მარადიული ნეტარების გზა მიეცა ადამიანებისთვის.

ქრისტეს აღდგომის მერე აბრაამის წიაღიდან მართალნი ავიდნენ სამოთხეს – მართალ ადამიანებს გაუჩნდათ შესაძლებლობა სასუფეველში, ღვთის ხილვის ნეტარებისა.

ეს არის მორწმუნეთა უმთავრესი მიზანიც.

დავით აღმაშენებელს მოუწია ორჯერ ქორწინება. პირველად, როგორც ჩანს, სომეხი ბაგრატუნების წარმომადგენელზე, ხოლო შემდეგ, ქვეყნისთვის სამხედრო ძალის, კერძოდ, ყივჩაღთა დახმარების მიღების მიზნით, გასცილდა პირველ ცოლს და მეორედ იქორწინა ყივჩაღთა უმთავრესის, ათრაქა შარაღანისძის ასულზე.

როგორც მეფემ, ეს გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ, როგორც მორწმუნე ადამიანი, ამას ცოდვად უთვლიდა თავს.

დავით აღმაშენებელს ახსენდებოდა მათეს სახარების სიტყვები, ცოლის გაშვება რომ მრუშობაა, ამ ცოდვას ინანიებდა და შენდობას შესთხოვდა უფალს.

„გალობანი სინანულისანში“ წერს: „მბრძოლ ვექმენ ყოველთა წესთა სჯულისათა და ქორწილთა მიერ ხენეშთა ვჰმძლავრე საწოლსა ჩემსა, და სახეთა მიერ ბოროტთა მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი, ვითარცა იგი მეფეთა მისთა ისრაელი“.

არადა, ყივჩაღთა სამხედრო ძალამ, ჩვენს საამაყო გვირგვინოსანს, ხელი შეუწყო ჩვენი სამშობლოს გაძლიერებაში!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...