ისტორია

რატომ მიადგა ქუთათისს გიორგი ბრწყინვალე ჯარით და რატომ შემოარტყა მან ალყა ქალაქს

№43

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 03.11

ისტორია
დაკოპირებულია

გიორგი მეხუთე თავიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამეფდა. საქართველო დაშლილი იყო სამ ნაწილად. დასავლეთ საქართველო (იმერეთი) დავით ნარინის შთამომავლების ხელში გახლდათ, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ. სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, მესხეთი უკვე რამდენიმე ათეული წელი იყო, არ ემორჩილებოდა ტფილისს. ქვემო ქართლში მისი ძმისწულები ისხდნენ. გორი ოსებს ჰქონდათ დაპყრობილი. დიდებულები თავნებობდნენ...

მეფე გიორგი მეხუთე ენერგიულად შეუდგა ქვეყნის გაერთიანებას, შენებასა და გათავისუფლებას. ჯერ ოსები დაამარცხა, წაართვა გორი, ზოგი დახოცა, დანარჩენები კი გადარეკა ჩრდილოეთ კავკასიაში, თავის სამშობლოში.

1327 წელს საილხანოში, ყაენ აბუსაიდის ბრძანებით, მოკლეს ჩვენი მეფის მეგობარი, რომლის დახმარებითაც ავიდა გიორგი მეხუთე ტფილისის ტახტზე და ჰულაგუიანთა სახელმწიფოს ფაქტობრივი მმართველი – ჩობან ნოინი. უფრო შეირყა საილხანოს ძლიერება. ყაენი აბუსაიდი („მუსაითი“) სუსტი მმართველი იყო. ამით ისარგებლა ჩვენმა ბრწყინვალე მეფემ და გააძევა მონღოლები საქართველოდან. ზოგი დიპლომატიური საშუალებით, ზოგი ბრძოლით. ასე მოისპო თათრების ბატონობა ჩვენს სამშობლოში.

დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, დავით მეექვსე ნარინის შვილები ერთმანეთს ებრძოდნენ და შინააშლილობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. დავით ნარინს ჰყავდა რამდენიმე ძე. უფროსი, ტახტის მემკვიდრე ვახტანგი, მონღოლების მოთხოვნით, ტფილისში გამეფდა, მაგრამ ვახტანგ მეორე მალე გარდაიცვალა. დავით ნარინის მერე ქუთათისის ტახტზე ავიდა მისი მეორე ძე, კონსტანტინე პირველი. მას არ ემორჩილებოდა მომდევნო ძმა, მიქელი და ებრძოდა ტახტისთვის. მიქელმა შეძლო და რაჭა-ლეჩხუმი, არგვეთი თითქმის ჩამოაცილა ქუთათისის ტახტს. ამ ვითარების გამო დასავლეთ საქართველოს ერისთავთ-ერისთავები: ოდიშის, გურიის, სვანთა და აფხაზეთისა, ძალიან განდიდნენ და თავი დამოუკიდებლად ეჭირათ ქუთათისისგან. ძმებს შორის ბრძოლა არ შეწყვეტილა კონსტანტინე მეფის გარდაცვალებამდე. 1327 წელს გარდაიცვალა კონსტანტინე მეფე და არ დარჩენია ძე, არც ასული, მის მაგიერ მეფედ დაჯდა მისი ძმა, მიქელი. ორიოდე წელიწადში გარდაიცვალა მიქელ მეფეც და დარჩა მცირეწლოვანი ვაჟი ბაგრატი. რადგან ბაგრატი მცირეწლოვანი იყო, ვერ შეძლო მეფობა, არ ემორჩილებოდნენ ერისთავთ-ერისთავები. მხოლოდ ქუთათისს თუ განაგებდნენ მისი სახელით.

ეს სიტუაცია იძლეოდა საშუალებას, ქვეყანა კვლავ გაერთიანებულიყო, თან სისხლისღვრის გარეშე. ამას ხელიდან როგორ გაუშვებდა ისეთი დიდი ხელმწიფე, როგორიც გიორგი ბრწყინვალე იყო. მან კავშირი დაამყარა საქართველოს გაერთიანების მოსურნე იმერელ დიდებულებთან. იმერელი მამულიშვილები მზად იყვნენ, გიორგი მეფესთან ერთად შედგომოდნენ ერთიანი სამშობლოს აღდგენა-შენებას. გიორგი ბრწყინვალემ შეკრიბა ჯარი, გადავიდა ლიხის ქედზე და შევიდა იმერეთში. იმერლები სიხარულით მიეგებნენ მეფე გიორგის.

აღმზრდელებმა და ერთგულმა მსახურებმა ბაგრატ მეფე გაამაგრეს ქუთათისის ციხეში და გადაწყვეტილი ჰქონდათ, არ დანებებოდნენ გიორგი მეფეს. მეფე გიორგი მიადგა ქუთათისს. ბაგრატმა ვერ შეძლო წინ აღდგომოდა ერთიანი საქართველოსთვის მებრძოლ, ძლევამოსილ გიორგი ბრწყინვალეს. ალყით შეჭირვებულმა ბაგრატმა სთხოვა მეფე გიორგის, სიცოცხლე შეენარჩუნებინა მისთვის, არ ჩაეგდო ციხეში, სარჩო მიეცა იმერეთშივე და სამაგიეროდ, შეჰპირდა, ქუთათისის ხელისუფლების გადაცემას, ვინაიდან მისი იყო გამარჯვება. გიორგი ბრწყინვალემ აღუთქვა, რომ აუსრულებდა თხოვნას. ბაგრატი მივიდა მეფე გიორგისთან, აწ უკვე თავის სუზერენთან და ჩააბარა ქუთათისისა და იმერეთის ციხე-ქალაქების გასაღებები. შევიდა გახარებული გიორგი მეხუთე ქუთათისში და ბაგრატის მომხრეებისგან ჩაიბარა იმერეთის ციხეები.

მეფე გიორგიმ პატივი სცა ბაგრატს, ვითარცა თავის ნათესავს, თბილად მიიღო და კარგად მოექცა. შემდეგ თავის ერთგული ერისთავები გაამწესა იმერეთში. ხოლო ბაგრატ მიქელის ძეს გადასცა შორაპნის საერისთავო სამართავად.

ეს რომ ნახეს დადიანმა მამიამ, გურიელმა, სვანთა ერისთავმა და აფხაზმა შარვაშიძემ, ეახლნენ გიორგი მეფეს, მიართვეს დიდებული საჩუქრები და დაულოცეს მეფობა იმერეთისა და სრულიად საქართველოსი.

შევიდა ბრწყინვალე გიორგი ოდიშში, იქიდან კი აფხაზეთში გადავიდა. განაგო იქაური საქმეები, ჩაიბარა ციხეები და მისცა ცხუმის (სოხუმის) საერისთავო ბედიელს, რომელთაც ადრე ემორჩილებოდა ცხუმი. უკან გამობრუნდა და შემოიერთა გურია. განაგო გურიაში საქმეები და იქიდან გადავიდა სამცხეში. მეფის სამცხეში ყოფნისას გარდაიცვალა სამცხის ათაბაგი სარგისი – მეფე გიორგის ბიძა, დედის ძმა. მეფე გიორგიმ სარგისის ძეს, ყვარყვარეს უბოძა ათაბაგობა და კლარჯეთში, სპერში, კალმახში, არტანუჯში, არტაანში და წუნში (წუნდაში) დასვა თავის ერისთავები. ამ საერისთავოებიდან ზოგი უბოძა თავის ბიძებს, ზოგი ბიძაშვილებს, ყვარყვარე ათაბაგის შვილებს. ისინი ემორჩილებოდნენ ათაბაგს.

დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს შემოერთებისა და დალაგების შემდეგ, დაბრუნდა ჩვენს სატახტო ქალაქში ჩვენი ბრწყინვალე ხელმწიფე.

შემდეგ მეფე გიორგი შეუდგა მთის საქმეების მოგვარებას, რადგან მრავალი ცუდი ამბავი ხდებოდა კავკასიის მთიანეთში.

იმ ხანებში გარდაცვლილა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ეფთვიმე (ექვთიმე) მესამე, რომელიც ძალიან ეხმარებოდა ხელმწიფეს ქვეყნის გაერთიანებაში. მის ნაცვლად მეფემ მცხეთის საპატრიარქო ტახტზე ბასილი მეხუთე აიყვანა.

საილხანოში ვითარება ვერ დაალაგა აბუსაიდ ყაენმა. 1335 წელს აბუსაიდ ყაენი შეთქმულებმა მოკლეს. მერე ნოინები დაერივნენ ერთმანეთს და გაინაწილეს სპარსეთი, ხორასანი, ერაყი, ადარბადაგანი და მცირე აზიის ის ტერიტორიები, რომელზეც ადრე გაბატონებული იყო ჰულაგუიანთა საილხანო. ზოგიერთმა ნოინმა დაიპყრო ადარბადაგანი და გადაწყვიტა სომხეთის, რანისა და მოვაკნის დაპყრობაც. ეს ქვეყნები კი საქართველოს გავლენის სფერო იყო. ამასთან ერთად, საილხანოს ნარჩენების ბატონებს უნდოდათ გიორგი მეფის დამორჩილება და მოვიდნენ განჯაში. ეს რომ შეიტყო ჩვენმა ბრწყინვალე ხელმწიფემ, შეკრიბა ჯარი და შეეგება საომრად. ქართველთა მადლიანმა მეფემ დაამარცხა მონღოლები და გაანადგურა მათი ჯარი. გადარჩენილები კი გაიქცნენ. გაეკიდნენ ჩვენი წინაპრები და დიდი ზარალი მიაყენეს გაქცეულებსაც და დიდი ალაფი ჩაიგდეს ხელში.

გააერთიანა გიორგი ბრწყინვალემ საქართველო და ძველი საზღვრების აღდგენას შეუდგა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი