ისტორია

რატომ იწერდნენ ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებს ავსტრიელები პირველი მსოფლიო ომის დროს და როგორ გადაარჩინა გერმანელმა ქალიშვილმა ოთხი ქართველი ტყვე დახვრეტისგან

№3

ავტორი: გაიოზ მამალაძე 13:30 27.01, 2022 წელი

ლაურა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #2(1098)

ანდრია აბრამიშვილი წერს: „ნაშრომის მოკლე ბოლოსიტყვაობაში ა. დირი გულითად მადლობას უცხადებს ბატონ ა. მეტრეველს (ბერლინიდან) და დოქტორ რუსიშვილს (მიუნხენიდან), რომელთაც თავიანთი თავაზიანი შრომით დახმარება აღმოუჩენიათ დირისთვის სარეცენზიო წიგნის ტექსტების ტრანსკრიციასა და თარგმანების დადგენა-დაზუსტებაში.“

აბრამიშვილი გვამცნობს და წარმოგვიდგენს, რომ წიგნში არის შეცდომები, მეცნიერთა სუბიექტური დამოკიდებულება და ასე შემდეგ. სამეცნიერო შეცდომებზე საუბრობს ზ. სულაბერიძეც თავის წერილში. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც დადებითად აფასებენ ნაშრომს.

ეგერის ბანაკის ტყვემ, ლავროსი მამალაძემ კარგად იცოდა ქართული პოეზიის ნიმუშები, განსაკუთრებით ხალხური შემოქმედება.

რა თქმა უნდა, როგორც გურულ ადამიანს, სიმღერა უყვარდა და ძალიან კარგადაც მღეროდა, მაშინ საქართველოში და გურიაში ყველა მღეროდა. მღეროდა მელიტონ მამალაძეც და სხვებიც.

ქართველ ტყვეებს დრამწრე, მოცეკვავეთა და მომღერალთა წრე ჩამოუყალიბებიათ. საღამოობით მღეროდნენ ხოლმე ხალხურ სიმღერებს, ცეკვავდნენ, დგამდნენ წარმოდგენებს, იღებდნენ განათლებას. შემდეგში ასე ამბობდნენ თურმე: „ქართულმა სიმღერამ და ცეკვამ გადაგვარჩინაო“.

ეგერის ტყვეთა ბანაკიდან ქართველებს წერილი გამოუგზავნიათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისათვის. გაზეთი „საქართველო“ 1916 წელს (# 168, სამშაბათი, 5 მკათათვე) წერდა: „ქართველი ტყვეების თხოვნა: ქ. შ. წ. კ. საზოგადოების გამგეობას ავსტრიაში (ქ. ეგერში, ბოგემია) ტყვედ წაყვანილნი ვლ. ასკურავა, დიომიდე იმნაიშვილი, ევტიხი ჩიხლაძე, ვასილ ვახვახიშვილი და ლავროსი მამალაძე სთხოვენ გამოგზავნონ ქართული წიგნები განსაკუთრებით პირველდაწყებითი სწავლისა“.

ქართველების სიმღერებს და ცეკვას მიუქცევია ბანაკის ხელმძღვანელთა ყურადღება. ბანაკის ხელმძღვანელობის სურვილით ბანაკში და ბანაკს გარეთ, ქალაქში და დაბებში კონცერტებს ატარებდენ თურმე და აღაფრთოვანებდნენ სხვა ეროვნების ტყვეებს, ბანაკის მცველებს, ქალაქ ეგერის მცხოვრებლებს, უნგრელებს, ავსტრიელებს, გერმანელებს, ჩეხებს. მალე მათ შესახებ გავარდნილა ხმა და ვენის მეცნიერებათა აკადემიის წევრებამდეც მიუღწევია.

ვენის აკადემიის დავალებით რობერტ ლახმა 1916-1917 წლებში ეგერის ბანაკში მყოფი ქართველი სამხედრო ტყვეებისაგან ფონოგრაფზე მრავალი ქართული სიმღერა და ლექსი ჩაწერა. ვენის აკადემიაში მოხსენებაც წაუკითხავს და 50-მდე გრამოფონის ფირფიტაზე ჩაწერილი ქართული სიმღერები წარუდგენია.

რობერტ ლახი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ქართული და განსაკუთრებით გურული სიმღერების გამო: „თითოეული თქვენი ხმა გეგონებათ სხვადასხვას მღერიან, მაგრამ საერთოდ კი ერთად უაღრესად ჰარმონიული სიმღერა გამოდისო“.

ქართველი ტყვეები ნაღველს სიმღერით იქარვებდნენ. ლავროსი ხშირად ამბობდა თურმე: „აბა, ძმებო გურული სიმღერა წამოვიწყოთ, ნუ დარდობთ!.. ჩვენც ვეღირსებით სამშობლოში დაბრუნებასო“...

მუსიკის ისტორიის კარგმა ცოდნამ და დაკვირვების ნიჭმა რობერტ ლახს მისცა საშუალება, შეეფასებინა „უნიკალური, არაჩვეულებრივი და ყველასაგან განსხვავებული სტილი ქართული სიმღერებისა“.

როგორც აღვნიშნეთ, 1928 წელს ავსტრიელი მუსიკისმცოდნე რობერტ ლახისა და ფილოლოგ-კავკასიის მცოდნე ადოლფ დირის ინიციატივითა და მონაწილეობით, გერმანული (ლათინური) შრიფტით დაიბეჭდა ქართული სიმღერებისა და ლექსების ფოლკლორული ჩანაწერები, 307 ქართული ლექსი. იქვეა მოცემული ამ ლექსების პროზაული თარგმანი გერმანულ ენაზე. მუსიკალურ განყოფილებაში კი ნოტებზე ნიმუშების სახით გადაღებულია 317 ქართული ლექსი-სიმღერა, რომლებსაც თვითონ ქართველი ტყვეები ასრულებდნენ.

აღნიშნულმა მეცნიერებმა, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, შემოგვინახეს ქართველების მიერ ტყვეთა ბანაკებში ჩაწერილი სამი ასეული სიმღერის უნიკალური აუდიო ჩანაწერი.

პროფესორი რობერტ ლახი, თავის წერილში აქებდა ლავროსი მამალაძეს, რომელიც ქართული ტექსტების თარგმანის მონაწილე და მისი 254-გვერდიანი ნაშრომის კონსულტანტიც კი ყოფილა.

გალაქტიონ მინდაძის ინფორმაციით, რომელიც მოიპოვა ლავროსის თანაბანაკელი მეგობრებისგან, რობერტ ლახი ხშირად მიდიოდა ეგერის ბანაკში ქართველ მომღერლებთან, ლავროსი შეჰყავდათ სპეციალურ ოთახში, ამღერებდნენ ფონოგრაფში ხმის ჩასაწერად და მერე მის ხმას დასაზუსტებლად ყურმილით მოასმენინებდნენ. შემდეგ ქართულ ლექსებს ათარგმინებდნენ გერმანულად და იწერდნენ გერმანული შრიფტით. წერილში „ქართული სიმღერები“ რობერტ ლახი ლავროსიზე ამბობს: „მსურს, მადლობა გადავუხადო იმ გუნდის წევრებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემთან თანამშრომლობდნენ, პირველ რიგში კი, მიუნჰენელ დოქტორ ადოლფ დირს, რომელმაც წმინდა მეცნიერული თვალსაზრისითა და ინტერესით, უდიდესი წვლილი შეიტანა ეგერის ბანაკის ტყვეთა სიმღერების ტექსტების გამოქვეყნების საქმეში. ამ საქმეში მას დაეხმარა უაღრესად განათლებული, გურული წარმოშობის ლავროსი მამალაძე. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ვენის უნივერსიტეტის დოცენტს, ბატონ რობერტ ბლაიხშტაინერს, რომელმაც დამითმო თავისი უძვირფასესი დროის დიდი ნაწილი და თავი მოუყარა ყველა იმ თარგმნილ ტექსტსა თუ ცნობას, რომელიც ბანაკში იქნა მოპოვებული. მანვე უზრუნველყო სიმღერების ფონოგრამული ჩაწერა, ფილოლოგიური კორექტირება და ზოგიერთი ადგილის თარგმნაც კი“.

ლავროსის გარდა, ქართველ სამხედრო ტყვეებისაგან ლექსები შეუკრებიათ მომღერლებს მელიტონ მაქსიმენის ძე მამალაძეს, ერმილე იორდანეს ძე პაიჭაძეს და გედეონ ათანასეს ძე ბერძენიშვილს.

ძალიან საინტერესო ამბავი აქვს მოთხრობილი გალაქტიონ მინდაძეს, რომელიც მან ეგერის ბანაკში მყოფი ტყვეებისგან გაიგო:

„ერთ დღეს ეგერის ბანაკის ტერიტორიაზე მოკლეს გერმანელი ოფიცერი, რომელიც თავისი ჯაშუშური მოქმედებით აწამებდა ქართველ ტყვეებს... ამასთან დაკავშირებით, ეჭვით, შეიპყრეს 4 ტყვე, მათ შორის ლავროსი და მელიტონ მამალაძეები. გამოუძიებლად მათ დახვრეტა გადაუწყვიტეს...

ეს ამბავი გაიგო ეგერში მცხოვრებმა მდიდარი ოჯახის შვილმა ლაურამ, რომელთანაც ლავროსის კარგი ნაცნობობა ჰქონდა.

რეალური დახმარებისთვის ლაურამ თხოვნით მიმართა საერთაშორისო წითელი ჯვრის საფრანგეთის წარმომადგენლობას, რომ „ქართველ ტყვეებს უდანაშაულოდ და საქმის გამოუძიებლად ხვრეტენო“...

ის იყო ტყვიამფრქვევი გამოიტანეს და საჯაროდ უნდა დაეხვრიტათ ქართველი ტყვეები, რომ თეთრი დროშით მტვრის კორიანტელში გახვეული მანქანით შუამდგმლობით შემოიჭრნენ, საფრანგეთის წითელი ჯვრის წარმომადგენლები.

ტყვეები უკან დააბრუნეს. რადგან გამოძიებით მკვლელობა ვერ დაუმტკიცეს, ბრალდება მოეხსნათ და პატიმრობისგან გაათავისუფლეს...

ამრიგად, გერმანელმა ქალიშვილმა ლაურამ თავისი დიდბუნებოვანი ადამიანური მოქმედებით, სიკვდილს გადაარჩინა 4 ქართველი, მათ შორის ლავროსი და მელიტონ მამალაძეები.

ამ დაუვიწყარი ფაქტის შემდეგ ლავროსიმ მეტად განამტკიცა ლაურასთან კავშირი და საბოლოოდ მეგობრობა შეჰფიცეს ერთმანეთს... გადმოცემით, იმ დროინდელი წესისა და კანონის მიხედვით ლავროსის არ მისცეს უფლება, როგორც ტყვეს, იქიდან წამოეყვანა თავისი საცოლე და ლაურას თხოვნა იქ დარჩენილიყო, ვერ შეასრულა, რადგან თავისი სამშობლოს სიყვარულმა დასძლია“...

ლავროსი მამალაძე დაბრუნდა ხევში. მალე თბილისში, ბარათაშვილის ქუჩის # 13-ში დასახლდა. ლავროსიმ იქორწინა ნადია ჩიგოგიძეზე. სამწუხაროდ, შვილი არ შეეძინათ. ლავროსი მამალაძის ბინაში საპატიო ადგილას ეკიდა ჩარჩოში ჩასმული ლავროსის და ლაურას სურათები. ლავროსი მამალაძე გარდაიცვალა 1953 წელს.

1959 წელს, როცა ლავროსიზე და სხვა ტყვეებზე სტატიას წერდა, გალაქტიონ მინდაძე ეწვია ლავროსი მამალაძის ქვრივს და გვიამბობს: „70 წლის ნადია ჩიგოგიძე-მამალაძისამ (ლავროსის მეუღლემ) გადმომცა, რომ ლავროსი ხშირად მეუბნებოდა - „ლაურამ მე სიცოცხლე მაჩუქა... დიდი განათლებული და ძვირფასი ხასიათის ადამიანი იყო. როდესაც მოვკვდე, ეს სურათი კუბოში ჩამატანეთო... მას ეს თხოვნა ვერ შევუსრულე, რადგან ის, ლაურას განსაკუთრებით აფასებდა და მე ლავროსის უდიდეს პატივს ვცემდი, გადავწყვიტე, ორთავეს სურათს ვუყურებდე სანამ ცოცხალი ვარ“...

ლავროსი ანტონის ძე მამალაძე და მისი მეუღლე ნადია დაკრძალული არიან კუკიის სასაფლაოზე, ლავროსის ძმის, აფრასიონისა და დის, ეკატერინეს საფლავებთან ახლოს.

გერმანელი ქალიშვილის, ლაურას შემდგომი ბედი უცნობია.

P. S. კარგი იქნებოდა, აღნიშნული აუდიოჩანაწერები გაიწმინდოს ხმაურისგან და ისე გამოქვეყნდეს. კარგი იქნება, რობერტ ლახისა და ადოლფ დირის წიგნის ის ნაწილი გამოქვეყნდეს მთლიანად, რომელიც ქართულ ფოლკლორსა და საქართველოს ეხება (თავისი კომენტარებით, რა თქმა უნდა).

ძალიან მაინტერესებს ლაურას ბედი, იქნებ ვინმე დამეხმაროს მისი შემდგომი თავგადასავლის გაგებაში...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი