ისტორია

რატომ იყო ქართლის საერისთავო განსაკუთრებული ქართული სამეფოებისთვის და როგორ დასვეს ქართლის ერისთავად ბაგრატ ბაგრატიონი

№27

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 18.07

ისტორია
დაკოპირებულია

(ვუძღვნი საქართველოს მონატრულ, გულნატკენ, უცხოეთში მოულოდნელად გარდაცვლილ როკო კარაგეზიდის ხსოვნას)

მეათე საუკუნის მეორე ნახევარში კავკასიაში ყველაზე ძლიერი ხელმწიფე იყო დავით მესამე კურაპალატი: „ღმრთის-მოყუარე და გლახაკთ-მოწყალე, მდაბალი მშვიდი და ძვირ-უხსენებელი, ეკლესიათა მაშენებელი, ტკბილი, უხვი, კაცთ-მოყუარე და ფიჩოსანთ (ბერ-მონაზონთ)-მოყუარე, ყოველთათვის კეთილის-მყოფელი და სავსე ყოვლითა კეთილითა“. ზრუნავდა ქართული კულტურის განვითარებაზე, ზოგადად, ქართველთა ნათესავის (ქართველების) გაძლიერებისათვის.

მას და მის გარდაცვლილ უფროს ძმას, ადარნასეს, არ ჰყავდათ მემკვიდრე და ამიტომ დავით მესამემ იშვილა თავისი ნათესავი, ქართველთა მეფის, ბაგრატ მეორე ბაგრატიონის შვილიშვილი, ბაგრატ უფლისწული, დედით აფხაზთა მეფის ასულის, გურანდუხტის ვაჟი, აფხაზთა სამეფოს მემკვიდრე – რადგან, მის ხუთ ბიძას, აფხაზთა მეფეების დინასტიიდან, ასევე, არ ჰყავდათ მემკვიდრე.

თავად ზეცამ გამოარჩია ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონი და თვით უფალმა, „ზოგჯერ კეთილთა მზად“ მიმცემმა, გაუთავისუფლა გზა განსაკუთრებული მისიისათვის.

გარშემო განსაკუთრებული ადამიანები ჰყავდა ბაგრატ ბაგრატიონს, ესეც ღვთის წყალობით, ალბათ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია იოანე მარუშისძე, აფხაზთა მეფეების მიერ ქართლის ერისთავად დადგინებული. მანამდე ქართლის ერისთავობა აფხაზთა მეფეების ტახტის მემკვიდრეებს ეკავათ, რადგან ქართლი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ქართულენოვანი სახელმწიფოებისთვის, აფხაზეთისთვის, ტაოსა და ქართველთა (ზემო ქართლის) ხელმწიფეებისთვის, კახეთისა და ჰერეთის სახელწიფოებისთვის.

ქართლი იყო ცენტრი და ქართლში გაბატონება მხოლოდ ერთი, გარკვეული ტერიტორიის მიერთებას კი არ ნიშნავდა რომელიმე სამეფოსთვის, არამედ ქართველთა საცხოვრისის ცენტრის ფლობას (ცენტრით უფლისციხე – უფლოსის (უფროსის) ციხე), რომლიდანაც შეიძლებოდა სხვა ქართველური ტერიტორიების შემოკრება. ქართლში, ამ შემთხვევაში შიდა ქართლი იგულისხმება, ვინაიდან ქვემო ქართლში სომეხთა დინასტია ბატონობდა, ხოლო ქართლისა და კავკასიის ცენტრ ტფილისში კი – არაბთა ამირა. ეს ვითარებაც ქართლის მნიშვნელობას ზრდიდა, ვინაიდან შიდა ქართლიდან უნდა მისდგომოდა ქართული სახელმწიფოებრიობა ძველი ქართული დედაქალაქისა და მისი სამხრეთის, ქვემო ქართლის გათავისუფლების საქმეს.

975 წელს დიდმა ქართველმა მამულიშვილმა, იოანე მარუშისძემ პირველი ნაბიჯი გადადგა თავისი გეგმის განხორციელების, საქართველოს გაერთიანების საქმეში – დავით კურაპალატის სამხედრო ძალით ქართლის ერისთავად გამოცხადდა ბაგრატ ბაგრატიონი.

დავით მეფემ, უფლისციხეში ქართლის ერისთავად დასვა ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონი და ერისთავის მცირეწლოვნობის გამო, საქმეები მამამისს, უფლისწულ გურგენს ჩააბარა – ქართველთა მეფე ბაგრატ მეორის ძეს.

ქართლის აზნაურებს „უბრძანა: „ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანა-შემწე; ამას დაემორჩილენით ყოველნი და დაყვნა დღენი მცირედნი და წარვიდა ტაოს“.

ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო – ბაგრატი არისო ტაოს, ქართლისა და აფხაზეთის მემკვიდრე, ჩემი შვილობილი და გაზრდილი, მაშასადამე, აღნიშნული ქვეყნების მომავალი გამაერთიანებელი. ბაგრატის ხელისუფლების გარანტორი იქნებოდა თვით დავით კურაპალატი.

იმ ხანებში ბიზანტიაში დიდი ამბები ხდებოდა. მცირეწლოვან კეისარს, ბასილი მეორეს და მის თანამმართველ უმცროს ძმას, კონსტანტინე მერვეს, ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა. დავით კურაპალატმა თორმეტი ათასი ჯარისკაცი გაუგზავნა ბიზანტიის მცირეწლოვან იმპერატორებს საშველად, იოანე-თორნიკეს სარდლობით.

ისარგებლეს ქართლის აზნაურებმა, როგორც სჩვეოდათ ხოლმე, „ვითარ წარხდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნი-მე, იწყეს კუალად მედგრობად ზაკულებით, ვითარცა არს ჩუეულება ქართლისა აზნაურთა: შეეუბნეს ნაქურდეველთა და საბოტარელთა, და მოიყვანნეს ლაშქარნი კახეთით; და გასცეს უფლისციხე, და შეიპყრეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, წარიყვანეს კახეთად“.

მცირეწლოვანი ბაგრატ ერისთავის, მამამისის, უფლისწული გურგენ ბაგრატის ძისა და დედამისის, აფხაზთა მეფის ასული გურანდუხტის ქართლის აზნაურთა მიერ ღალატით კახელებისთვის გადაცემის ამბავი რომ შეიტყო დიდმა ხელმწიფე დავით კურაპალატმა, ძალიან გამწარდა: „გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა მისითა, მოვიდა თრიალეთს შთასლვად კახეთად“.

შეეშინდათ კახელებს. დავით კურაპალატის ჯარი ბიზანტიის ტახტის მემკვიდრეობის საკითხებს წყვეტდა და ისინი რას შეძლებდნენ წინააღმდეგობის გაწევას. ძალიან გააბრაზეს დიდი ხელმწიფე დავითი. მაგრამ, გარკვეული მოგების მიღება მაინც უნდოდათ, ტერიტორიული დათმობა დავით კურაპალატისგან და ივაჭრეს.

„და რაჟამს ცნეს კახთა, მოუგზავნეს მოციქული და მოუპყრეს პირი ზავისა: განუტევნეს გურგენ და ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, და შეუქციეს ქართლი და უფლისციხე, ხოლო წირქუალის ციხე და გრუი თვით დაიჭირეს“ (წირქვალისა და გრუის ციხეები ახალგორის მუნიციპალიტეტშია). წირქვალის ციხე – სოფელ წირქვალთან 2 კილომეტრში, მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს. გრუის ციხეც ქსნის ხეობაში, მდინარე ალეურას მარჯვენა შენაკად გრუისხევის შუაწელზე მდებარეობს.

დავით კურაპალატი დათანხმდა. მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო შვილობილის უსაფრთხოება და ტყვეობიდან გამოხსნა. უფლისციხე, ანუ ქართლის საერისთავოს ცენტრი, დაიბრუნა. ქართველთა შორის ზედმეტ სისხლისღვრასაც მოერიდა და დროებით დაითმინა კახეთის მმართველთა საქციელი.

უფლისციხე, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად დავით კურაპალატის ხელში იყო, იურიდიულად მაინც აფხაზთა მეფეების საკუთრებას წარმოადგენდა და ამიტომ, მემატიანეს ასე უწერია: „მას ჟამსა ეპყრა უფლისციხე და ქართლი გუარანდუხტ დედოფალსა. ესე გუარანდუხტ დედოფალი ასული იყო გიორგი აფხაზთა მეფისა და დედა ბაგრატისი“. დაბრუნდა ქართლის მცირეწლოვანი ერისთავი ბაგრატ ბაგრატიონი დედასთან და მამასთან ერთად უფლისციხეში, როგორც ქართლის ერისთავი. მაგრამ, არ დატოვა დავით კურაპალატმა მცირეწლოვანი ბაგრატი უფლისციხეში. ეშინოდა, კვლავ რაიმე ხიფათი არ შემთხვეოდა. ამიტომ, თავისთან წაიყვანა ტაოში და გვერდიდან არ იცილებდა შვილობილს. ძალიან ჰყვარებია უშვილო დავით კურაპალატს ბაგრატი და ვერ ელეოდა ტაოდან მის გაშვებას.

გავიდა სამი წელიწადი. დადგა 978 წელი.

აფხაზეთში ცუდი ვითარება იყო. აფხაზთა უსინათლო მეფე თეოდოს მესამე ვერ უძღვებოდა სახელმწიფოს.

იოანე მარუშისძისა და დავით კურაპალატის გეგმის ახალი ეტაპის განხორციელების დრო დგებოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა