ისტორია

რატომ გაჟლიტა ჯალალედინმა 6 000 მაჰმადიანი მეომარი

№28

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 18.07

ისტორია
დაკოპირებულია

სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინი ჯალალედინზე წერდა: „რაკი სულთანმა შეძლო, გაემარჯვა ქართველებზე, ისინი კი ისეთი ხალხი იყო, ვინც მათი მხარის მიუვალობისა და სიმაგრეების მიუდგომლობის, დიდი სიმდიდრისა და მეომართა სიძლიერის გამო დაცული იყო ჟამის ცვალებადობისა და ბედის ტრიალისაგან, შამისა და რუმის სახელგანთქმული ბატონები და მამაცნი თანასწორობაზე შეთანხმებოდნენ ბრძოლაში მათი გულოვნების შიშით და პირიც კი იბრუნეს მათგან სუსტად და უღირსად“... „ისინი ქედს იხრიდნენ ერთგულებით (ჯალალ ად-დინის) წინაშე, ხლათის აღებაც დაემატა ამ გამარჯვებას და საღამოს სმა დილის სმად გადაიქცა. სულთნის შიში იმ ქვეყნებს მოედო. მისი სიმკაცრისა და შეუმთვრობის ამბავი საყოველთაოდ გავრცელდა“.

ჯალალედინის სისასტიკემ, მათ შორის, მაჰმადიანური ქვეყნების მაჰმადიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, დიდ საფიქრალში ჩააგდო მცირე და წინა აზიის რეგიონის მაჰმადიანი მბრძანებლები. მათ მოინდომეს ჯალალედინს ქართველებთან ერთად შებრძოლებოდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს, ჯალალედინმა დაასწრო და ბოლნისთან მოტყუებით დაამარცხა მარტო დარჩენილი ქართველები.

უმდიდრესი მაჰმადიანური ქალაქის, ხლათის აღებამ გამოასწორა ჯალალედინის ფინანსური მდგომარეობა. ხლათის მოსახლეობის ხოცვამ და ძარცვამ მაჰმადიან მმართველებს კვლავ გადააწყვეტინა, გაერთიანებულიყვნენ ჯალალედინის წინააღმდეგ და მოესპოთ მისგან მომდინარე საფრთხე, საკუთარი ქვეყნებისა და მოქალაქეებისათვის. ჯუვეინი წერს, ხლათის აღების შემდეგ ჯალალედინმა: „არზრუმის სულთანი (როქნ ად-დინ ჯაჰანშაჰი) სხვადასხვა წყალობითა და გულუხვობით გამოარჩია იმ დახმარების გამო, რაც ხლათის გარემოცვის დროს გაუწია სანოვაგითა და საკლავით. იმან მოახსენა, გასცა სხვები: „სულთანი ალა ადდინი (რუმის, კონიის, იკონიის სასულთნოს სელჩუკიანი გამგებელი ალა ად-დინ ქეიყობად პირველი) და ალეპოსა და შამის მალიქები დაზავდნენ, სულთნის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ჯარების შეკრებით არიან დაკავებული, თან, სულ მსაყვედურობენ: სულთანს რომ ხლათის კართან არზრუმის სანოვაგე არ მისვლოდა, იმას იქ დადგომის შეძლება და საშუალება არ ექნებოდაო“.

ჯალალედინი ხვდებოდა – მის წინააღმდეგ მაჰმადიანი მმართველების კოალიცია მაინც შეიქმნებოდა. მაჰმადიანების არა მხოლოდ მმართველებს, რომელთაც ის კონკურენტებად მიიჩნევდა და რომელთა დამორჩილებაც უნდოდა, არამედ მთელი რეგიონის უბრალო მაჰმადიანებს უკვე სძულდათ იგი, როგორც უბრალო მოსახლეობის, მათ შორის, მაჰმადიანების მძარცველი, სისხლისმსმელი ტირანი და როგორც მაჰმადიანთა მტერი. ძალიან მოტყუვდნენ, როცა ჯალალედინი ეგონათ ურჯულო ქართველების წინააღმდეგ საღვთო ომის ლიდერი.

ჯალელედინმა გადაწყვიტა, ახლაც დაესწრო. ჯუვეინი განაგრძობს: „ხლათიდან სულთანი მანასკერტისკენ წავიდა, იქიდან კი ხართაბირთს მივიდა (მანასკერტი ხლათთან ახლოს, მის ჩრდილოეთით მდებარეობს; ხართაბირთი (აწინდელი ჰარფუთი) დიარბექრის ოლქშია. ორივე ახლანდელ თურქეთშია – გ. მ.). ის თავს სუსტად გრძნობდა“.

ჯუვეინი, რომელიც მისთვის საძულველ მონღოლთა მსახური და მაქებელ-მადიდებელი იყო იძულებით, სამსახურეობრივად, ცდილობდა ჯალალედინის ქებასაც, რათა წარმოეჩინა, თითქოს მონღოლებს ჯალალედინის სახით ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ და, თითქოს, მხოლოდ მაჰმადიანი მმართველების უგუნურობამ, ჯალალედინის ავად ყოფნამ და სხვა მოულოდნელმა პირობებმა გამოიწვიეს ჯალალედინის დამარცხება.

ჯუვეინის მტკიცებით, ავად მყოფი ჯალალედინი მაინც აღიძრა საომრად და ცდილობდა, დაესწრო მაჰმადიანთა კოალიციისთვის და თვითონ მიეყენებინა პირველი დარტყმა, როგორც ეს მოახერხა და ქართველებს გაუმართა ბრძოლა ბოლნისთან, სანამ მოლაპარაკებისამებრ, ჩვენს დასახმარებლად მოვიდოდნენ მაჰმადიანი მეზობლები. „მიუხედავად სენის ძლიერებისა და ძალთა სისუსტისა [სულთანი ჯალალ ად-დინი] მაშინვე დაიძრა იქიდან. მუშის ველს (მუშის ველი ვანის ტბის დასავლეთით მდებარეობს, დღევანდელ თურქეთში. – გ. მ.) რომ მიატანა ლაშქარმა, ექვსი ათასი კაცი შემოხვდათ, რომლებიც სირიელთა დასახმარებლად მიეშურებოდნენ“.

ეს 6 000 მეომარი მიეშურებოდა შამის (სირიის) მბრძანებლის დასახმარებლად, ჯალელედინის საწინააღმდეგო მაჰმადიანურ კოალიციასთან შესაერთებლად. ასეთ მცირერიცხოვან მტერზე გამარჯვებასა და თავისი საწინააღმდეგო კოალიციის დასუსტების შანსს ჯალალედინი ხელიდან როგორ გაუშვებდა. ბრძანა, ალყა შემოერტყათ მათთვის და გაეჟლიტათ მთელი სამხედრო ნაწილი იმ მაჰმადიანებისა. „გარს შემოერტყნენ მათ და ერთ წამში ყველა გაჟლიტეს“. 6 000 მაჰმადიანი მთლიანად დახოცეს ჯალალედინის მრავალრიცხოვანი ჯარის მეომრებმა.

ჩვენი თანამედროვე ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, შუა საუკუნეებში მრავალრიცხოვანი ჯარები არ არსებობდაო. ძნელი იყო მათი გადაადგილება და გამოკვებაო. ეს მთლად ასე არ არის. ჯარს კვებავდნენ ჯერ წინასწარ შეგროვებული, მერე კი ნაძარცვი პროდუქტით. მაშინდელი გზები საკმაოდ გამართული იყო. თუ ვინმეს ჰგონია, მხოლოდ ბილიკები აკავშირებდა ქვეყნებს და ქალაქებს, ძალიან ცდება. გზები საკმაოდ განიერი იყო და ორ განიერ ურემსა თუ ფორანს, თავისუფლად შეეძლო ერთმანეთისთვის გვერდის ავლა. იმ გზებზე მრავალრიცხოვანი ქარავნები დადიოდა დიდი ტვირთით. გზებიც მრავალი იყო. ჯარი მხოლოდ ერთი გზით არ გადაადგილდებოდა, არამედ სხვადასხვა გზით მიემართებოდა დანიშნულების ადგილამდე (როგორც, მაგალითად, საქართველოსკენ მოიწევდნენ მაჰმადიანები დავით აღმაშენებლის დასამარცხებლად). გარდა ამისა, ჯალალედინის წინააღმდეგ შექმნილი კოალიცია ამტკიცებს: იმდენად მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავდა ჯალალედინს, რომ ქართველებმა ვერ გაუძლეს (კიდევ სხვა მიზეზების გამო) და ორჯერ დამარცხდნენ; საკმაოდ ძლიერი მაჰმადიანი მმართველები, მათ შორის რუმის სულთანი ალა ად-დინ ქეიყობად პირველი და ეგვიტის სულთანი ალ-კამილი, რომელსაც ჯვაროსნები მელედინს უწოდებდნენ და რომელსაც ემორჩლებოდა სირია და ხლათი, ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებოდნენ ჯალალედინს. სწორედ, ჯალალედინის ჯარის მრავალრიცხოვნობამ გადააწყვეტინა მაჰმადიან მბრძანებლებს, თავისი ჯარები გაეერთიანებინათ.

ჯუვეინი განაგრძობს: „რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ჯარები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, რუმის სულთანი, მალიქ აშრაფი (ეგვიპტის სულთნის, ალ-კამილის ძმა, ხლათის მბრძანებელი) და იმ ქვეყნების სულთნები და გამგებლები შეუერთდნენ და იმდენი იარაღი, საომარი მოწყობილობა და საჭურველი დააგროვეს და იმდენი კაცი გაამზადეს, რომ ვერც კი დაითვლებოდა“.

ასე გაერთიანდა დიდი მაჰმადიანური კოალიცია ჯალალედინის წინააღმდეგ.

ჯალალედინს ცუდად ჰქონდა საქმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული