ისტორია

რატომ გაუხარდა ტფილისის გალავანთან მისთვის მიყენებული შეურაცხყოფა ბიზანტიის კეისარს

№32

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 18.08

ისტორია
დაკოპირებულია

დაახლოებით 600 წელს, გუარამ ერისმთავრის გარდაცვალების მერე, ერისმთავრის ტახტზე დაჯდა გუარამის ძე, სტეფანოზი. მანაც ვერ დაირქვა მეფის სახელი, ბიზანტიელთა და სპარსთა შიშით.

ბიზანტიაში დიდი არეულობები იყო. ჯერ მავრიკიოს კეისარი დაამხო ცენტურიონმა ფოკამ, თვალწინ მოუკლა ვაჟები, მოკლა იმპერატორი და დაიპყრო ტახტი. შემდეგ, სპარსეთის შაჰმა, ხოსროვ მეორე ფარვიზმა, გაილაშქრა ბიზანტიაში და მრავალჯერ დაამარცხა ბიზანტიელები. 610 წელს ფოკას ხალხი აუჯანყდა და ჩაქოლა. ტახტზე ავიდა ჰერაკლე კეისარი. მაგრამ, ისე დასუსტებული იყო ბიზანტია და სპარსეთი კი – ისე გაძლიერებული, რომ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ ბიზანტიელები.

611 წელს სპარსელებმა აიღეს ანტიოქია. შემდეგ დაიკავეს მთელი მცირე აზია. 615 წელს სპარსებმა აიღეს იერუსალიმი, ორ წელიწადში – ეგვიპტე. შემდეგ აიღეს ქალკედონი, 619 წელს კონსტანტინოპოლს დაემუქრნენ და საზღვაო ფლოტი რომ ჰქონოდათ, აიღებდნენ კიდეც.

სპარსეთის შაჰს იერუსალიმიდან მაცხოვრის ჯვარი ჰქონდა გატაცებული. ჰერაკლე კეისარს დახმარება გაუწია იერუსალიმის პატრიარქმა, სერგიმ, გამოიტანა ტაძრებიდან საეკლესიო საგანძური და იმპერატორს გადასცა ჯარის მოსამზადებლად.

ჰერაკლე კეისარმა მიზნად დაისახა მაცხოვრის ჯვრის გამოხსნა და რომის იმპერიის ძველ საზღვრებში აღდგენა.

622 წლისთვის შეკრიბა დიდი ჯარი ჰერაკლემ და აღმოსავლეთისკენ გამოემართა. შეუთანხმდა დასავლეთის თურქული სახაკანოს მმართველებს, ხაზარებს, სპარსელების მტრებს და აღმოსავლეთის საკითხის მოგვარება დაიწყო. სპარსელების მოკავშირედ იქცნენ ავარები, რომლებიც ბიზანტიას უტევდნენ.

კეისარმა ორად გაყო ჯარი, ერთი ნაწილი წინა აზიაში დატოვა, მეორე ნაწილით ამიერკავკასიიდან სპარსელების განდევნა გადაწყვიტა. შემოიჭრა სამცხეში. სადაც იხილა ანდრია პირველწოდებულის მიერ მობრძანებული ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, აწყურის ხატად წოდებული. კეისარმა თაყვანი სცა ხატს და მისთვის შესაბამისი ტაძრის აშენება ბრძანა. აღნიშნულ ადგილას საეპისპოკოსო აღორძინდა.

ჰერაკლემ დაიკავა მესხეთი და ლაზიკა. მერე მოადგა ტფილისს. დარუბანდის კარიდან ალბანეთში შემოიჭრნენ დასავლეთ თურქები, ჯიბღუს მეთაურობით. ჯიბღუმ გაანადგურა ალბანეთის მხარე. სპარსეთის შაჰის მოხელე, მარზპანი გაიქცა.

მოკავშირეები ტფილისთან შეხვდნენ ერთმანეთს. ხაზართა ხაკანი ჯიბღუ ჩამოხტა ცხენიდან, გადაკოცნა იმპერატორი, რომელიც ასევე, ჩამომხტარიყო ცხენიდან და მერე მის წინ მუხლები მოიყარა. ჯიბღუ ხაკანის ქვეშევდომებმაც დაიჩოქეს. ჰერაკლე კეისარმა თავიდან მოიხსნა სამეფო გვირგვინი, დაახურა ჯიბღუ ხაკანს და უწოდა შვილი. გაიმართა დიდი ქეიფი. თურქთა დიდებულებს საჩუქრები გადასცეს კეისრის სახელით. ჰერეკლე შეჰპირდა ხაკანს, რომ თავის ასულს, ევდოკიას მიათხოვებდა.

ტფილისში, კალას ციხეში სპარსელების დიდი გარნიზონი იდგა. ტფილისის თავდაცვას ხელმძღვანელობდა სტეფანოზ ერისმთავარი, სპარს სარდალთან ერთად. სტეფანოზმა გაამაგრა ქართლის ციხე-ქალაქები. მან ვერ შეძლო ან, რაღაც მიზეზით, ვერ გადაუდგა სპარსებს. სპარსელებმა მის დასახმარებლად დამატებითი ძალები გადმოგზავნეს. პირადად შაჰის გვარდიიდან მოუვიდა 1 000 რჩეული მხედარი. სტაფანოზ ერისმთავარი, რომელიც ზოგიერთი წყაროს მიხედვით, შესაძლოა, ბაგრატიონი ყოფილიყო, მაგარი მეომარი ყოფილა, „სტეფანოზ იყო ქუელი მხედარი და შემმართებელი“. ის გამოდიოდა ქალაქიდან და გააფთრებით ებრძოდა ბიზანტიელებსა და ხაზარებს. ერთ-ერთ ასეთი შეტაკების დროს ბრძოლაში მოუკლავთ ქართლის ერისმთავარი.

ალყა ორი თვე გაგრძელდა. ბიზანტიელმა ინჟინრებმა სატყორცნი მანქანები – კატაპულტები ააგეს და ესროდნენ ქვებს ტფილისის გალავანს და ქალაქს. მტკვარში ჩაყარეს ქვებითა და სილით სავსე ტომრები, მდინარეს მიმართულება შეუცვალეს და გალავანზე მიუშვეს. გალავნის ნაწილი მოინგრა, მაგრამ, ქალაქს მაინც ვერ იღებდნენ. ჰერაკლე კეისარი ვეღარ ითმენდა, ეჩქარებოდა ირანის სიღრმეში შეტევა, გადაწყვიტა, მოეხსნა ალყა და წასულიყო.

ტფილისში გამაგრებულმა მეომრებმა გადაწყვიტეს, დაეცინათ მტრებისთვის. გამოკიდეს დიდი გოგრა გალავანზე, მიახატეს წვრილი წარბები, იშვიათი ულვაშები, დიდი ნესტოები, მეჩხერი წვერი – ხაკანს მიამსგავსეს და შუბებს ურჭობდნენ. შემდეგ გადმოდგა ციხისთავი გალავანზე და აგინა ბიზანტიელთა კეისარს: „ვაცისა წვერი და ვაცბოტის (მამალი თხის) კისერი გაქვსო“.

კეისარი ძალიან გაბრაზდა, მაგრამ, მერე რაღაც გაახსენდა და ამაში დაინახა მინიშნება: „თუმცა, ამ კაცმა გამლანძღა და მიწოდა ვაცბოტი, მაგრამ, მისი სიტყვები მაინც ცუდი არ უნდა იყოსო“. გადაშალა დანიელის წინასწარმეტყველება და იქ იპოვა შემდეგი ფრაზა: „გამოვიდნენ დასავლეთის ვაცები და შემუსრეს აღმოსავლელი ვაცების რქები“. ამან დაარწმუნა კეისარი ჰერაკლე, რომ გაიმარჯვებდა სპარსეთზე. უცნაურია, მაგრამ შეურაცხყოფა გაუხარდა კეისარს.

კეისარმა ჯარის გარკვეული ნაწილი დატოვა ტფილისთან, ხაზარებთან ერთად, რათა მათ განეგრძოთ შეტევა კალას ციხეზე. ტფილისი უმნიშვნელოვანეს ქალაქად ითვლებოდა კავკასიაში. თვითონ კეისარი გაემგზავრა შუამდინარეთისკენ, სადაც ასევე მიმდინარეობდა ბრძოლები სპარსელებსა და ბიზანტიელებს შორის. ქართლის ერისთავად ჰერაკლემ ადარნასე გამოაცხადა. „კეისარმა მოუწოდა ქართველთა მეფის, ბაკურის ძეს, ვახტანგის ძის, დაჩის, ნათესავს, რომელიც კახეთის ერისთავი იყო და ადარნასე ერქვა, მისცა ტფილისი და ქართლის მთავრობა“. მასთან ერთად იყო ხაზარი ჯიბღუ (ჯიბღა).

ადარნასემ და ჯიბღუმ გააგრძელეს შეტევა და აიღეს კალას ციხე. შეიპყრეს ციხისთავი. ჯიბღუმ ციხისთავს პირი აუვსო ოქროს დრაჰკანით, რადგან შენმა სიტყვებმა გაახარა კეისარიო. შემდეგ კი ტყავი გააძრობინა მისთვის, ასე რატომ შეჰბედე კეისარსო და ჰერაკლე კეისარს დააწია გარდაბანში, მალემსრბოლის მეშვეობით.

ჰერაკლე ნინევიასთან შეებრძოლა სპარსებს. გენერალურ ბრძოლამდე მიმდინარეობდა, თურმე, ერთი ერთზე შერკინებები. შერკინებებში ორჯერ დაუჭრიათ ჰერაკლე, მაგრამ, მაინც მოახერხა სპარსთა სარდლისთვის თავი მოეკვეთა. შემდეგ კი ბრძოლაში სპარსთა ჯარი დაამარცხა.

ბიზანტიელებმა დაიკავეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული ტერიტორიები, სპერი და კლარჯეთის ბოლო, ზღვისპირი. სტეფანოზის შვილები გამაგრდნენ კლარჯეთის კლდეებში. ქართლი ადარნასე ბაკურის ძემ დაიკავა მთლიანად, მაგრამ მანაც ვერ გაბედა მეფის სახელი მიეღო. ერისთავები ისევ ერისთავობდნენ და ადარნასე ვერ ცვლიდა მათ, თუმცა, ერისთავები მაინც მას ემორჩილებოდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...