ისტორია

რატომ გასცა ბიზანტიის იმპერატორმა მცირეწლოვანი ბაგრატ უფლისწულის მზაკვრულად შეპყრობის ბრძანება

№17

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 09.05

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

მიტაცებულ ქართულ მიწებზე ბიზანტიის იმპერიამ დააარსა იბერიის თემი, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა დავით მესამე დიდი კურაპალატი. იბერიის თემს სპეციალური მოხელე, კატეპანი მართავდა, ზოგჯერ იბერიის მთავარსაც უწოდებდნენ, ხანდახან აღმოსავლეთის კატეპანსაც. ამ ადმინისტრაციული ერთეულისთვის იბერიის სახელწოდების მინიჭება, ფაქტობრივი აღიარებაც იყო, რომ ტერიტორიები იბერიული, ქართული გახლდათ.

კატეპანს ჰქონდა განსაკუთრებული სამხედრო და საერო ხელისუფლება. მისი დანიშნულება იყო ქართული ინტერესების ჩახშობა იბერიის საკატეპანოში და ბიზანტიის ინტერესების გატარება. მეთერთმეტე საუკუნის 20-იან წლებში იბერიის კატეპანები ყოფილან ჯერ რომან დალასინი, მერე – მისი ძმა თეოფილაქტე, მერე – ისააკ კომნენი, 1026 წლიდან – ვინმე ნიკიტა. ქვემოთ მოთხრობილი ამბავი ერთ-ერთი მათგანის დროს მოხდა. საკატეპანოს ცენტრი იყო თეოდოსიპოლში, არზრუმში, ქართულად – კარნუ-ქალაქში. თეოდოსიპოლს, იგივე არზრუმს, ზოგი მეცნიერი მოიაზრებს ლეგენდარულ არიან-ქართლის ტერიტორიად.

მეთერთმეტე საუკუნეში იბერიის თემის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ბლომად ცხოვრობდნენ ქართველები. იბერიის თემის მეზობლად არსებობდა სხვა ქართული მხარე – ქალდიის თემი (ტრაპეზუნტის ოლქი), ძველი კოლხეთის ტერიტორია, რომელზეც ძირითადად, ქართველები – ჭანები – სახლობდნენ. ამ მხარეებს განსაკუთრებული ინტერესით ეპყრობოდა იმპერიის ხელისუფლება და იქიდან გეგმავდა სხვა ქართული მიწებისკენ შეტევას.

გამეფებისთანავე მეფე გიორგი პირველმა ისარგებლა ბიზანტიის იმპერატორის, ბასილი მეორის წინააღმდეგ ბულგარელების აჯანყებით და დაიკავა ძველი ქართული მიწები იბერიის თემში. ციხეებიდან გაყარა ბერძნული გარნიზონები. ალბათ, მიმოწერაც ჰქონდა გულად ბულგარელებთან ჩვენს ჭაბუკ ხელმწიფეს. ბულგარელები თავდადებით და ხშირ შემთხვევაში, წარმატებით ებრძოდნენ ბასილი მაკედონელს. ადრე, 986 წელს, სასტიკად დაამარცხეს, ისე, რომ, მომავალმა ბულგართმმუსვრელმა ძლივს გაასწრო ბულგარელებს და ძლივს გადაირჩინა სიცოცხლე. ჩვენმა ახალგაზრდა ხელმწიფემ მიმოწერა გააბა იმპერატორ ბასილის დაუძინებელ მტერთან, მაჰმადიანთა ხალიფა ალ-ჰაქიმთან, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზში ბატონობისთვის ექიშპებოდა ბიზანტიას. ჩვენი სამეფო კარის გეგმით, ორი მხრიდან ერთად უნდა დაგვერტყა ბერძნებისთვის. გარდა ამისა, ახალგაზრდა ბაგრატიონი ყველანაირად ხელს უწყობდა ბასილის მტრებს თვით ბიზანტიაში, რომლებიც იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდნენ.

ქართველთა შეუპოვარი ხელმწიფე დაქორწინებული იყო ვასპურაკანის სომხური სამეფოს ხელმწიფის, სენექერიმ არწრუნის ასულ მარიამზე. სომხურ სამეფო-სამთავროებს ჩაყლაპვას უპირებდა ბიზანტია. ამიტომ, სომეხთა სამხედრო ძალაც ქართველთა მხარეს გამოვიდოდა...

მაგრამ, არ გაუმართლა ჩვენს სამშობლოს, ბულგარელები დამარცხდნენ ბასილისთან. ხალიფა ალ-ჰაქიმი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. შიდაბიზანტიური აჯანყებაც დამარცხდა. ქართული სახელმწიფო მარტო დარჩა ბიზანტიის უზარმაზარ სამხედრო ძალებთან, რომელთაც დაიქირავეს რუსები და სხვები. ტაქტიკური შეცდომების გამო ქართული ჯარი დამარცხდა. დაიდო ზავი ჩვენთვის მძიმე პირობებით. გიორგი მეფეს მოუხდა თავისი სამი წლის ვაჟის, უფლისწულ ბაგრატის მძევლად გაგზავნა კონსტანტინოპოლში.

გავიდა სამი წელი, ბასილი ბულგართმმუსვრელმა არ გატეხა სიტყვა და გამოაგზავნა 6 წლის უფლისწული საქართველოში. ეს მოხდა 1025 წლის დეკემბერში.

კონსტანტინოპოლიდან გემი გამოემგზავრა ტრაპიზონისკენ. ტრაპიზონში ქართველები დახვდნენ ტახტის მემკვიდრეს და წამოიყვანეს. გადავიდნენ იბერიის საკატეპანოში. კატეპანი თავისი ჯარით აცილებდა სტუმარს. მიუახლოვდნენ ტერიტორიას, რომელსაც აკონტროლებდა მეფე გიორგი და უფლისწული ჩაიბარეს ქართველმა დიდებულებმა. უკან გაბრუნდა კატეპანი. გაიარა ცოტა და ამ დროს შეხვდა მალემსრბოლი მანდატური, რომელმაც მიართვა იმპერატორ კონსტანტინე მერვის საგანგებო წერილი. იმპერატორი წერდა კატეპანს:

„გარდაიცვალა სანატრელი ძმა ჩემი, ბასილი მეფე, და მის ნაცვლად მე გავხდი იმპერატორი ყოვლისა საბერძნეთისა. ვბრძანებ, სადაც უნდა იყოს მისული ბაგრატი, ძე გიორგი აფხაზთა ხელმწიფისა, შემოაქციეთ სწრაფად და მოიყვანეთ ჩემთან“. ალბათ, 1125 წელი სრულდებოდა, რადგან ბასილი ბულგართმმუსვრელი გარდაიცვალა 1125 წლის 15 დეკემბერს.

რა ჰქონდა ჩაფიქრებული მზაკვარ კონსტანტინე მერვეს, ძნელი სათქმელია. ზავის პირობები შესრულებული იყო. სამი წელი მძევლობაში გაატარა უფლისწულმა. შეთანხმების მიხედვით, ახლა მამასთან უნდა დაბრუნებულიყო. ალბათ, ვერაგ იმპერატორს უნდოდა, გაეხანგრძლივებინა უფლისწულის ტყვეობა, რადგან არ ენდობოდა ქართველთა მეფეს, ბიზანტიელებს ხომ მიტაცებული ჰქონდათ ქართული ტერიტორიები და ყველა მეთოდით ცდილობდნენ იმ ტერიტორიების ინკორპორაციას და სხვებზეც ეჭირათ თვალი.

წაიკითხა თუ არა ბრძანება კატეპანმა, თავისი ნაწილებით დაიძრა უფლისწულისკენ. რომ მიუახლოვდნენ, დაინახეს შეგებებოდნენ ბაგრატ გიორგის ძეს დიდებულები, ერისთავები და აზნაურები ტაოელნი და ქართლელნი, უამრავი ადამიანი, მათ შორის უბრალო მოქალაქეებიც, სიხარულით აღტაცებულნი სიმღერ-სიმღერით მიდიოდნენ შინ – დაუბრუნდათ საყვარელი უფლისწული მძევლობიდან. ამასობაში წამოზრდილიყო პატარა ბაგრატი, უკვე ექვსი წლის იყო, სიხარულით სავსე, ჭკვიანი თვალებით მისჩერებოდა ყველას, ვინც მშობლიურ ენაზე ესიტყვებოდა. უხაროდა ქართული სიმღერების მოსმენა, ბედნიერი იყო დედიკოსთან და მამიკოსთან შეხვედრის მომლოდინე... ახალი წელი მოდიოდა, დიდი სიხარული იყო სამეფოში. პატარა მემკვიდრე ბრუნდებოდა, ახალი საქართველოს მომავალი მშენებელი, მეფე გიორგისა და სამეფო კარის იმედი. დიდი გეგმები ჰქონდა სამეფო კარს, დიდი საქართველოს აშენების დიდი გეგმები...

რომ დაინახა აღმოსავლეთის კატეპანმა როგორი სიხარულით მიდიოდნენ ქართველები, მოტრიალდა და უთხრა ბრძანების მომტან მანდატურს: „თუ შეგიძლია, შენ მიდი და მოატრიალე უფლისწული უკან, მე ვერ შევძლებო.“ აბა, რას გაბედავდა და რას მოსთხოვდა კატეპანი ქართველებს, უკან უნდა წავიყვანო უფლისწულიო? ქართველები შეაკვდებოდნენ და კვლავ ტყვეობა-მძევლობისთვის არ გაიმეტებდნენ პატარა უფლისწულს, რომელიც ასე მონატრებოდათ. ახლა ვინმეს რომ უფლისწული უკან მოეთხოვა, ხომ გაგიჟდებოდნენ ქართველები, ხომ გადავიდოდნენ ჭკუაზე... ვერც ერთი ბერძენი ვეღარ გადაურჩებოდა გააფთრებული ქართველების ხმალს. რას უშველიდა კატეპანს ბიზანტიის სასაზღვრო ძალები და იბერიის თემის ნაწილები... საკატეპანოსთან და თემთან ერთად გადადგამდნენ ჩვენი გაშმაგებული წინაპრები ბერძნებს...

ასე გადარჩა უფლისწული ზაკვით შეპყრობას.

ჩამოიყვანეს აფხაზთა და ქართველთა სამეფოს დედაქალაქ ქუთათისში პატარა უფლისწული. იდგა 1126 წელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა