ისტორია

რატომ გამოაცხადეს საქართველო მესამე რომად

№4

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში რომის იმპერიის მეორე დედაქალაქად კონსტანტინოპოლი იქცა. კონსტანტინოპოლი გახდა მეორე რომი, ახალი დედაქალაქი ახალი, მეორე რომის იმპერიისა, ცივილიზებული და კულტურული მსოფლიოს ცენტრი. 476 წელს ქალაქი რომი ბარბაროსებმა აიღეს და მან პოლიტიკური წონა დაკარგა.

კონსტანტინოპოლის, მეორე რომის, იმპერია გახდა მსოფლიო ცენტრი, მსოფლიოს უძლიერესი და ყველაზე განვითარებული სახელმწიფოს, იმპერიისა და ქრისტიანული თანამეგობრობის (ზოგ შემთხვევაში, ნაძალადევი თანამეგობრობის) მთავარი ემანაციური დედაქალაქი. იმ სახელმწიფოს მკვიდრნი, ჩვენ რომ ბიზანტიას ვუწოდებთ, საკუთარ თავს რომეებს უწოდებდნენ.

1204 წელს თამარ მეფის ჯარმა სცადა, ხელში ჩაეგდო ახალი რომის, ბიზანტიის დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი, რათა იქ ტახტზე დაესვათ, თამარ მეფის ნათესავი (ერთი ვერსიით, დისშვილი), ალექსი კომნენოსი. თუმცა, თამარ მეფის ჯარს დაასწრეს ჯვაროსნებმა, აიღეს კონსტანტინოპოლი და დააარსეს ლათინთა იმპერია (ლათინური რომანია). ბერძენ-რომეების არისტოკრატიის ერთი ნაწილი ქალაქ ნიკეაში გადავიდა და დაარსდა ნიკეის იმპერია.

აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სამხრეთ მხარეებში, ქართული ტომების ძველ და მაშინდელ საცხოვრისში, ქალდიის თემში, ტრაპიზონის ოლქში თამარ მეფის პოლიტიკოსებმა დააარსეს ჩვენი სამეფოსადმი დაქვემდებარებული საკეისრო – ტრაპიზონის იმპერია.

მეორე რომის იმპერიის ადგილას დაარსებული სამი იმპერიიდან (ლათინთა, ნიკეისა და ტრაპიზონის) ვერც ერთი ვერ შეძლებდა, გამხდარიყო მსოფლიო პოლიტიკისა და კულტურის ცენტრი.

ანუ, რომის მეორე იმპერია აღარ არსებობდა და მის მაგიერ უნდა წამომართულიყო მესამე, მსოფლიო იმპერია, მესამე რომი.

ქართველებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, საქართველოს შეესრულებინა მესამე რომის ფუნქცია.

იოანე შავთელი თამარ მეფესთან დაახლოებული პიროვნება იყო. იგი ძალიან ცნობილი პოეტი და სასულიერო მოღვაწე გახლდათ. მას შოთა რუსთველი ახსენებს „ვეფხისტყაოსანში“ – „ლექსი რომ უქესო“, „ქართლის ცხოვრებაში“ დახასიათებულია, როგორც „ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული“.

იოანე შავთელი ავტორია „აბდულმესიანის“ სახელით ცნობილი ნაწარმოებისა. არის სხვა ნაწარმოებების ავტორიც. იგი წმიდანად არის შერაცხილი ქართული ეკლესიის მიერ.

„აბდულმესიანში“, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, თამარ მეფესთან ერთად დავით სოსლანია შექებული, ზოგის აზრით კი – დავით აღმაშენებელი.

იოანე შავთელის დიდებულ და ჯერაც ჯეროვნად შეუსწავლელ და გაუშიფრავ ნაწარმოებში, „აბდულმესიანში“, კარგად ჩანს ქართული მესიანისტური იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედები.

ნამდვილი მესიანიზმი იესოს ზედწოდებიდან – მესიის (მხსნელის) სახელიდან მოდის, ითვალისწინებს ქრისტიანულ პრინციპებს და არა რასობრივ განსაკუთრებულობასა და შოვინიზმს.

შავთელამდე საუკუნეებით ადრე ქართული იდეოლოგია ამტკიცებდა, რომ ბაგრატიონები არიან ქრისტეს ნათესავები. ბაგრატიონები ითვლებიან მართალი იოსების ძმის, კლეოპას ჩამომავლებად, რომელიც ასევე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მსგავსად, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი იყო. შავთელი ამას იმეორებს „აბდულმესიანში“: „ნერგო სვიანო, დავითიანო“... გარდა ამისა, საქართველო გაქრისტიანების დროიდან მიიჩნეოდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად, იოანე შავთელიც ამტკიცებს:

„ძირით მისისა იესესისა

შვილი მართალი იშვა ცხორებად,

ქალწულ-წმიდისა წილხდომილისა

საქართველოსა მეფედ წოდებად“.

გადმოცემის თანახმად, მაცხოვარმა ქართველ ხალხს უწოდა „საზეპურო ერი“, როდესაც გამოეცხადა თავის ყოვლადწმინდა დედას და მიმართა ანდრია პირველწოდებული გამოეგზავნა ახალი აღთქმის საქადაგებლად ივერიაში. საზეპურო ერი ნიშნავს რჩეულ, განსაკუთრებულ, არისტოკრატიულ ერს. იოანე შავთელი „აბდულმესიანში“ ამაზეც გვეუბნება:

„ბანაკად საღმრთოდ, ერ საზეპუროდ

ხარ ღვთისმეტყველთა მათ ჭურვილთაგან“

„ერი რჩეული, ნიჭთა ჩვეული,

მისგანვე იქმნეს კეთილ-სახმარად“.

„აბდულმესიანში“ იოანე შავთელი იმეორებს დავით აღმაშენებლის ცხოვრების უცნობი აღმწერის, დიდი იდეოლოგის თვალსაზრისს, რომ საქართველო არის „ახალი ათინა“. შავთელთან: „ვნატრი ელადსა, თვით მას გელათსა“...

ზემოთ ვახსენეთ, იმპერია მაინცდამაინც პყრობას არ ნიშნავს, არამედ თანამეგობრობას. თამარის საქართველო იყო ქართველთა და კავკასიელთა თანამეგობრობა. თამარ მეფემ გაასწრო დროს და კავკასიისა და წინა აზიის ნაწილის რეგიონისთვის შექმნა თანაცხოვრების ისეთი მოდელი, სადაც საქართველო, ანუ ლიდერი ქვეყანა, მაორგანიზებელი ძალა, კი არ იპყრობდა და ჩაგრავდა მეზობლებს, არამედ ათავისუფლებდა. დიდი საქართველო იყო მეზობელთა შორის პოლიტიკური წონასწორობისა და მშვიდობიანობის გარანტი. ტყუილუბრალოდ არც თავად ესხმოდა მეზობლებს. საქართველოს მეფე „ბჭედ იჯდა შორის თავისა თვისისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშვებად ბრძოლისა, არცა გარდაგდებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთს”. ქართველი მეფისთვის თავისი მამულიც საკმარისი იყო, მეტს არ ეპოტინებოდა, არ იპყრობდა და არ იერთებდა – „რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მომხვეჭელად”. ჩვენი სახელმწიფო უფრთხილდებოდა თავის კეთილ სახელს. შავთელიც ამას ამტკიცევს, „ჰმთავრობ და უფლებ, ათავისუფლებ, პყრობილთა, ბრძმედო სიწმინდისაო...“ ანუ თამარი კი არ იპყრობს, არამედ დაპყრობილებს ათავისუფლებსო.

იოანე შავთელი ქართველთა სახელმწიფოს შესახებ ამბობს:

„ახალო რომო. შენთვის თქვეს, რომო

უფროს იქმნესო მყოფთა ყოველთა”.

დიდი პოეტისა და მამულიშვილის, იოანე შავთელის აზრით, ახალი რომი – საქართველო, უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე იყო რომი და კონსტანტინოპოლი.

იოანე შავთელის „აბდულმესიანი“ სახოტბო პოეზიის ნიმუშია. სახოტბო ნაწარმოებები ყველა ქვეყანაში იქმნებოდა. შავთელისა და სხვა იდეოლოგების მიზანი იყო სახელმწიფოს განმტკიცება, მეფის გაძლიერება, ქართული მესიანისტური იდეოლოგიის გავრცელება და მკითხველის დარწმუნება, რომ ჩვენს სამშობლოს განსაკუთრებული მომავალი ექნებოდა.

იოანე შავთელი პოეტურად გადმოგვცემდა საკუთარ ნააზრევს, ასევე წინამორბედებისა და მისი თანამედროვე ქართველების იდეოლოგიას და მიზანს. არსებობს იმდროინდელი სხვა ნაწარმოებებიც, მათ შორის პროფესიონალი ისტორიკოსების მიერ დაწერილი მატიანეებიც, სადაც მსგავსი იდეებია გადმოცემული.

ასე გამოაცხადა იოანე შავთელმა ის ჩანაფიქრი, რაც ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს თამარ მეფის სამეფო კარზე. მათ უნდოდათ, ჩვენი ქვეყანა ექციათ მსოფლიოს ზემძლავრ სახელმწიფოდ, ისინი, ფაქტობრივად, ფიქრობდნენ კიდეც, რომ ჩვენი ქვეყანა, მართლაც იყო უძლიერესი სახელმწიფო იმდროინდელ მსოფლიოში – მესამე რომი.

არც ცდებოდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი