რატომ გამოაცხადა გიორგი მეორემ თავისი ათიოდე წლის ვაჟი, დავითი თანამეფედ
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 09.01
როცა გიორგი მეორე გამეფდა, იმ დროს ჩვენს მეზობლად უკვე შექმნილი იყო სელჩუკთა დიდი იმპერია და გადამწყვეტ ბრძოლაში, მანასკერტთან, სელჩუკებს უკვე დამარცხებული ჰყავდათ ბიზანტიის უძლიერესი არმია.
სელჩუკებმა მყარად დაიკავეს ირანი, სულთნები და ზედაფენა დამკვიდრდნენ ქალაქებში და გამოცდილი და განვითარებული ირანული ელიტა თავის სამსახურში ჩააყენეს. ირანულმა ელიტამ, ნიზამ ალ-მულქის მეთაურობით, თანამედროვე, მოქნილი და მძლავრი სახელმწიფო აპარატი შეუქმნა თურქ-სელჩუკებს. თუმცა, თურქთა ტომები, ძირითადად, მაინც მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევდნენ და ადგილიდან ადგილზე გადაადგილდებოდნენ.
სელჩუკების მიერ კონტროლირებადი ტომების კავშირის წარმატებებმა თურქ-ოღუზთა სხვა ტომებიც შეაგულიანა და სელჩუკების საგვარეულოს მიერ კონტროლირებად ტომებს აღმოსავლეთიდან სხვა თურქული ტომები დაემატა და უდიდესი მასა მოძრაობდა ირანის, მცირე აზიის, წინა აზიის ტერიტორიებზე და მომთაბარეობდა, აწიოკებდა მიწათმოქმედ ხალხებს და საძოვრებად აქცევდა სამიწათმოქმედო არეალებს. ეს ტომებიც, სამხედრო თვალსაზრისით, სელჩუკთა ძალად იქცნენ. მათი თარეში რეგიონის სამხედრო ძალებს ასუსტებდა.
1079 წელს სულთან მელიქ შაჰის ჯარი სომხეთსა და საქართველოს კუთხეებს შემოესია. გიორგი მეორე ვაჟკაცი მეფე იყო, ცდილობდა, გამკლავებოდა ურიცხვ მტერს, ერთხელ, ფარცხისში, დაამარცხა კიდეც სელჩუკთა სარდლის, სარანგისა და განძელთა, დმანისისა და დვინის ამირათა გაერთიანებული ჯარი. მაგრამ, შემდეგ სულთნის ჯარით ამირა აჰმადი მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, ყველისციხესთან დაბანაკებულ მეფე გიორგის თავს დაესხა და მოულოდნელობის ეფექტის წყალობით, გააქცია. დიდი განძი ჩაუვარდათ თურქებს ხელში.
ჩვენი მეფე აჭარის გავლით გადავიდა ქუთათისში. ჩვენი წინაპრები, ფაქტობრივად, მარტო დარჩნენ სელჩუკთა უზარმაზარი ბანდების წინააღმდეგ. ბიზანტიელები კარგა ხნის გაქცეულები იყვნენ თავიანთი აღმოსავლეთის პროვინციებიდან. სომხებს სახელმწიფოებრიობა აღარ ჰქონდათ, ბიზანტიელების დაპყრობათა გამოისობით და სომხური სამხედრო რესურსი დაშლილი იყო.
ნადავლით დატვირთული ამირა აჰმადის ლაშქარი უკან გაბრუნდა. საქართველოს შემოესია თურქთა კიდევ ახალი ლაშქარი, ორი სხვა ამირას მეთაურობით.
ყველისციხესთან მოულოდნელობით დამარცხებული ჩვენი ჯარი დეზორგანიზებული და დაბნეული იყო. მეფემ ვერ მოასწრო ჯარის რეორგანიზება. თურქებმა „მყის მოაქცივნეს გზანი მათნი და მოეფინნეს პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, ვითარცა მკალნი“.
1080 წლის ზაფხული იყო. თურქთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი სამხრეთ-დასავლეთიდან შემოესია საქართველოს და მოედო ჩვენს კუთხეებს, „დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის-პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა. მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა მკვიდრი ყოველი“.
მტრებმა გადაწვეს ქვეყნის მაშინდელი დედაქალაქი და წმიდა სავანეები: „და მას-ვე ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი, და არტანუჯი, და უდაბნონი კლარჯეთისანი“.
ზაფხულიდან მოყოლებული, ზამთრის დადგომამდე არბევდნენ საქართველოს – „ესე იყო პირველი და დიდი თურქობა“. უამრავი ადამიანი გაწყდა. სამწუხაროდ, ამას დაერთო ძლიერი ყინვები, რამაც ასევე ძალიან ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. ბევრიც შიმშილისაგან დაიხოცა.
საქართველო თავისი მწირი სამხედრო რესურსით ვერ შეძლებდა თურქთა მრავალრიცხოვანი ბანდების შეჩერებას. ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი. გაზაფხულზე შემოიჭრებოდნენ ჩვენს ქვეყანაში, არბევდნენ, შემოჰყავდათ საქონელი და ცხვარი. ჩვენი ბაღები და ყანები მათი საქონლისა და ცხვრების საძოვრებად იქცეოდა და სანამ არ აცივდებოდა, არ გადიოდნენ ქვეყნიდან.
ჩვენი სამშობლოსთვის ეს იყო ეკონომიკური კატასტროფა – „არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა: მოოხრდა ქუეყანა და ტყედ გარდაიქცა“. ეკონომიკურ და სამხედრო კატასტროფას მოჰყვა შიმშილობა და სხვა უამრავი უბედურება.
მემატიანის თქმით, ასეთი აოხრება და ჭირი ჯერ არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში – „შეუსწორებელი და აღმატებული ოდეს-ვე ყოფილთა სმენილთა და გარდასრულთა ოხრებათასა“. თურქებმა ჩვენი წმიდა ეკლესიები ცხენების სადგომებად აქციეს. უამრავი ქართველი ტყვედ წაიყვანეს, ქალწულები შეურაცხყვეს, ჭაბუკები დახოცეს ან გაყიდეს, ბავშვები დაიტაცეს.
ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდა ქვეყანა. ჩვენს ერს დემოგრაფიული გადაშენების საფრთხე დაემუქრა. გამოსავალი არ ჩანდა. ასეთ დროს რაიმე უნდა ეღონა მხოლოდ ერის ლიდერს, მხოლოდ მეფეს. ჩვენს ხელმწიფეებს ყოველთვის ჰქონდათ ვალდებულების განცდა ერის წინაშე. და რა უნდა ექნა მეფეს? ქართველ ხალხს არ ჰქონდა ისეთი სამხედრო რესურსი, რომ მარტო, ბიზანტიელების ან ვინმე მოკავშირის გარეშე გამკლავებოდა მრავალრიცხოვან თურქებს. ამიტომ, მეფე გიორგიმ გადაწყვიტა, ხლებოდა თურქ-სელჩუკთა სულთან მელიქ-შაჰს, გამოეცხადებინა მორჩილება, ხარკი შეეთავაზებინა და ეთხოვა, შეღავათი გაეწია საქართველოსთვის. ეს ძალიან სარისკო საქმე იყო, არავინ იცნობდა სულთნის ხასიათს. არავინ იცოდა, რით დამთავრდებოდა ქრისტიანი მეფის ვიზიტი ისპაანში. მოსთხოვდა თუ არა სულთანი სარწმუნოების დათმობას ჩვენს მეფეს, და თუ უარს იტყოდა მეფე გიორგი, არავინ იცოდა, ცოცხალს დატოვებდნენ თუ არა.
მაგრამ, მეფე გიორგიმ „დადვა სული თïსი და სისხლნი ქრისტეანეთა ხსნისათვის. და მინდობითა ღმრთისათა და წარძღუანებითა ძელისა ცხოვრებისათა წარვიდა ასპანს (ისპაანს)“.
ღვთის გარდა ერთი პატარა იმედიც ჰქონდათ სამეფო კარზე – ისპაანში, სულთან ალფ-არსლანის გარდაცვალების მერე, დიდ ვეზირს, ნიზამ ალ-მულქს ცოლად ჰყავდა მეფის მამიდაშვილი, მარიამი. ნიზამ ალ-მულქს კი უდიდესი ძალაუფლება ჰქონდა. ვაზირზე კი ცოლს ექნებოდა გავლენა.
სულთანთან გამგზავრების წინ, როგორც ჩანს, მეფე გიორგიმ თავისი ვაჟი, დავითი თანამეფედ გამოაცხადა. რომ ვერ დაბრუნებულიყო სამშობლოში, ქვეყანას მეფე უნდა ჰყოლოდა. მეფე სახელმწიფოს არსებობის აუცილებელი პირობა იყო. სახელმწიფო, საქართველო უნდა გადარჩენილიყო, თუ გიორგი მეფე ვერ დაბრუნდებოდა ისპაჰანიდან. მართალია, მაშინ დავით უფლისწული 9-10 წლის იქნებოდა მხოლოდ, მაგრამ, ასეთი პრაქტიკა ჩვენს სამეფო კარზე არსებობდა. გიორგი მეორის მამამ, ბაგრატ მეოთხემ ბიზანტიაში იძულებით გამგზავრების წინ მცირეწლოვანი გიორგი თანამეფედ გამოაცხადა და ისე წავიდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
22:00 05.12, 2025 წელი




