ისტორია

რატომ გახდა სუმბათ ორბელიანი სხვა დიდებულების კონკურენტი და რატომ წაართვეს მას კონკურენტებმა ყაენისგან გადაცემული მიწების ნაწილი

№47

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 03.12, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

გასომხებული ორბელიანების ოჯახის მეთაურმა, სუმბათ ლიპარიტის ძემ მიიღო მონღოლთა ყაენისგან ოქროს იარლიყი, რომელზეც ეწერა, რომ მხოლოდ ყაენს დაემორჩილებოდა და საკმაოდ დიდი ტერიტორიები იქნებოდა მის ხელქვეით. გარდა ამისა, სუმბატის ძმისწული, სომეხთა მიტროპოლიტი სტეფანოს ორბელიანი წერს, რომ სუმბათმა მიიღო ნება ყაენისგან, გაეთავისუფლებინა ყოველგვარი გადასახადებისა და შევიწროვებისაგან სომხური ეკლესია. „ხოლო მიიღოცა ბრძანება განთავისუფლებისა ეკკლესიათა სომეხთა და მღუდელთა და ეგრეთ დიდითა პატივითა განძლიერდებოდა კარისა მის მეფისა მიერ“. ანუ, ყაენის (აქ მეფე) კარზე გაძლიერებული სუმბათი აძლიერებდა სომხურ ეკლესიასო.

სუმბათ ლიპარიტის ძე ორბელიანი სწრაფი სვლით გამოემართა საქართველოს სომხეთისკენ და თავისი კეთლისმყოფელნი იხილა. მათგან ძალიან იყო დავალებული, რადგან მიავლინეს ყაენთან და მათთვის უნდა გადაეცა ყაენის ბრძანება, რომ დახმარებოდნენ. „ხოლო მოვიდა საჩქაროთ ქუეყანასა ამას და გამოგვიბრწყინვა მშïდობა, ვითარცა მზე საშუალსა ღამისასა, პირველად იხილა ბაჩუ ნოინი და სხვანი მთავარნი და მათ მიერცა მიიღო შემწეობა, აიღო და დაიხსნა ქუეყანა ოროტნისა, ვიდრე ბღენისა და ბოროდნისა საზღურადმდე, სადაცა იყო აოხრებულ საყდარი, გინა ტახტი სივნიელთი ტათევი, აიღოცა ელეგიქი, ფოღაჰანქი, ურწი, ვედი, ვიდრე ერერონამდე და კოტაიქი, რომელსა სხვათა ენით ყირხბულახს უხმობენ (ესე იგი, ორმოცი მდინარე და არსცა მუნ მდინარე წყარო ორმოცი) და ესე არს მამული ერევნისა ვიდრე გელაქუნამდის (ანუ იმდროინდელი საქართველოს სომხური ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი). მაშასადამე, სტეფანოსის თქმით, დიდი ტერიტორიები გადასცეს მას სამართავად, რომელზეც სხვებსაც ჰქონდათ პრეტენზია.

სტეფანოსი განაგრძობს, სუმბათმა „დაიპყრაცა მრავალნი სოფელნი და დაბანი და განათავისუფლნა ეკკლესიანი და სამღუდელონი სამთავროèსა თïსისა და ყოვლისა სომხითისა“.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებები ისედაც გათავისუფლებული ჰყავდათ მონღოლებს გადასახადებისგან. ვფიქრობთ, აჭარბებს საკუთარი ბიძის დამსახურებებს სტეფანოს ორბელიანი.

ბიძას უკავშირებს სტეფანოსი დიდ საეკლესიო აღმშენებლობასაც: „ამანვე აღაშენნა მონასტერნი და მრავალნი იავარქმნილნი ეკკლესიანი და მრავალი მხიარულება მიუვლინა ქრისტიანეთა (სომეხი გრიგორიანელები იგულისხმება – გ. მ), ამჟამად საყდარი სივნიელთა ადრიდ ჟამითგან იყო აოხრებული და მოხუცებულ იყო ეპისკოპოზი მათი იოანე და ძმისწულსა მისსა უფალს მამამთავარსა ბრძანებითა ბაჩუ ნოინის ცოლისათა ეწყო შენება მონასტრისა და ეგრეთვე სიგლახაკესა შინა იყო. ეგოდენთა სამკïდრებელთაგან არცა ერთი სახლი იყო, რომელი დაიმკïდრა სუმბატმან და მოჰყვა შენებასა მისსა ყოვლისა ღუაწლითა და ცდილობდა გამდიდრებასა და წარტაცებულისა სამკïდრებელისა მისისა კუალად განახლებასა“.

სუმბათ ორბელიანი მართლაც აღადგენდა და აშენებდა ტაძრებს. ცნობაში ჩანს, რომ ბაჩუ ნოინის, რომელთანაც სუმბათი დაახლოებული იყო, ცოლი ერეოდა მმართველობაში. მონღოლთა შორის ცოლებს დიდი გავლენა ჰქონდათ, ზოგჯერ ყოფილა კიდეც, ყაენების ქვრივები რამდენიმე წელი მართავდნენ ხოლმე ურდოს.

სუმბათ ორბელიანს მაინც პრობლემები ელოდა წინ. სტეფანოს ორბელიანი ადრეც გვიამბობდა, ორბელიანებისა და მხარგრძელების დაპირისპირებაზე, რაც ორბელიანები დაბრუნდნენ საქართველოს სახელმწიფოში და სუმბათის მამის, ლიპარიტის გარდაცვალებას ავაგ მხარგრძელს აბრალებდნენ, ამბობდნენ, მოწამლაო. მტრობა გაგრძელდა ამ ოჯახებს შორის ავაგის გარდაცვალების შემდეგაც.

სტეფანოსი გვიამბობს: „ხოლო ოდეს ესე ესრეთ ეწყობოდა, ამჟამად კეთილისა მოძულემან ეშმაკმან იწყო აღძრვა შურისა და აამღვრია სახლი ავაგისი და შეაშფოთნა დიდებულნი საქართველოèსანი. რამეთუ ავაგი აღსრულებულ იყო წელსა ჩსნ (1250). და ფერცხლსა მისსა, ესე იგი ცოლსა გვანცასა, ჰყვა ასული ერთი. ხოშაქ წოდებული და იგი უფლებდა ყოველსა სამთავროსა მისსა“. ფერცხალი გვერდს, ნეკნს ნიშნავს, აქ იგულისხმება, გვანცა ავაგის ცოლი იყოო, ადრე. შემდეგში გვანცა, რაჭის ერისთავის ასული, ცოლად მოიყვანა დავით მეშვიდემ, ულუმ.

დავის განსახილველად, ავაგის სახლის წარმომადგენლებმა მიმართეს არღუნს, დიდ ამირას მონღოლთა იმპერიისას. „ამისთïს შეკრბენ ტფილისსა შინა

არღუნთან, რომელი იყო ვაზირად დადგინებული დიდისა ხანისა მიერ ყოველსა ქვეყანასა ზედა“.

არღუნ აღა იყო ოირიდების (უირიდების) ტომის წარმომადგენელი. ირანელი ისტორიკოსის, ჯუვეინის მიხედვით, არღუნის მამა ყოფილა ათასისთავი მონღოლთა არმიაში. ებრაული წარმოშობის გამაჰმადიანებული ისტორიკოსის, რაშიდ ად-დინის გადმოცემით კი, არღუნის მამა ყოფილა ღატაკი და მოუწია, თურმე, შვილის გაცვალა საჭმელში, ძროხის ბარკალში. ასე მოხვდა პატარა არღუნი, ჯალაირების ტომის ხანთან, რომელმაც თავის შვილთან ერთად გააგზავნა დიდ ყაენ უგედეის პირად გვარდიაში სამსახურად. იქ მან ისწავლა უიღურული წერა-კითხვა (უიღურული გამოიყენებოდა მონღოლთა იმპერიაში), სხვა ენები და მიიღო შესანიშნავი განათლება. ჯერ კიდევ მცირეწლოვნობისას, არღუნი გახდა ყაენ უგედეის მდივანი. შემდეგ დაინიშნა ხორასნის მმართველის თანაშემწედ და ბასკაკად, გადასახადების ამკრეფად. უგედეის გარდაცვალების მერე ყაენის ქვრივმა არღუნი დანიშნა ამუდარიიდან ანატოლიამდე საქმეების მმართველად. შემდეგმა ყაენმა, გუიუქმა კი გამოაგზავნა დასავლეთისკენ.

არღუნ აღა, მონღოლთა დროინდელი უცნობი ქართველი მემატიანის თქმით, ყოფილა სამართლიანი, მართლისმეტყველი, ღრმად გამგონე და განმზრახავი რჩეული. არღუნი საქმის მცოდნე კაცად მიიჩნეოდა და მთელ მონღოლთა იმპერიაში დიდი სახელი ჰქონდა. მუნქეს დროსაც დიდი გავლენით სარგებლობდა, კარგი სარდალიც აღმოჩნდა და ნოინობაც მიიღო. მან აღწერა მონღოლთა იმპერია.

სტეფანოს ორბელიანი არღუნზე წერს: „ესე იგი ბრძანებისა გამცემი ყოველთა ზედა და მფლობელი სამეფოსა ხარკისა და დიდისა სამდივნოსი, რომელმან აღწერა ყოველი ქვეყანა წელსა მაცხოვრისასა ჩსნდ (1254), და მრავლითა ქრთამითა სთხოვდენ წარწყმედასა სუმბათისასა და არა დამკïდრებასა მამულისა მისისასა, რომელი ვერა იკადნიერა არღუნმან“.

მონღოლთა უზარმაზარ იმპერიაში, რა თქმა უნდა, სრული წესრიგი ვერ იქნებოდა და სუმბათისათვის ყაენისგან მიცემულ ოქროს ფაიზას, რაც მას აძლევდა უფლებას, მხოლოდ დიდ ყაენს დამორჩილებულიყო და თავის ჭკუაზე ემართა გადაცემული ტერიტორიები ან არღუნის მხარდაჭერას, უგულებელყოფდნენ, რადგან, ორბელიანისთვის გადაცემული ტორიტორიების ნაწილზე მათ ჰქონდათ პრეტენზია. ორბელიანების კონკურენტმა დიდებულებმა მიწების ნაწილი წაართვეს სუმბათს. ამ დროს არღუნიც გამოიძახეს ყარაყორუმში, მასაც დაღუპვას უპირებდნენ მისი კონკურენტები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი