ისტორია

რატომ გაემგზავრა სუმბატ ორბელიანი დიდ ყაენთან და რა წაუღო საჩუქრად

№17

ავტორი: გია მამალაძე 22:00 07.05, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

საქართველოს სახელმწიფოში დაბრუნებულ, გასომხებულ ორბელიანებს ძალიან გაუჭირდათ მონღოლების გაბატონების მერე. მხარგრძელების სახლი მტრობდა მათ, განსაკუთრებით ავაგ მხარგრძელის ქვრივი, რაჭის ერისთავის, კახაბერ კახაბერისძის ასული გვანცა.

მალე გვანცა ცოლად მოიყვანა დავით მეშვიდემ. ორბელიანების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდებოდა, რომ არა იღბალი. მათი გადარჩენისა და აღზევების ამბავი ზღაპრულად აქვს მოთხრობილი სომეხთა მიტროპოლიტ სტეფანოს ორბელიანს.

სტეფანოსის თქმით, იმ დროს მონღოლთა ნოინი ბაჩო იყო დადგინებული ჩვენი რეგიონის ერთ-ერთ ხელმძღვანელად: „რამეთუ მას ჟამად ძალთმთავარი მშვილდოსანთა (ე. ი. მონღოლთა), ვითარცა მეფე ყოველთა ზედა ბაჩო ნოინ იყო“.

სტეფანოს ორბელიანი გვიამბობს ერთ უცნაურ ამბავს, უცნობი მთავრის (მეფის) შთამომავლის, დავითის შესახებ, რომელსაც ჰქონია არაჩვეულებრივი, მანათობელი ქვა, ძვირფასი თვალი, რომელიც ვარსკვლავივით ანათებდა ღამით (ალბათ, რაღაც განსაკუთრებულად ძვირფასი თვალი იყო, უნიკალური) და მაცხოვრის წმიდა ჯვრის ნაწილი. წმიდა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი აწამეს, შემდეგში დაანაწევრეს და მისი ნაწილები სხვადასხვა ქვეყნებში წაიღეს. სტეფანოს ორბელიანის თქმით, მონღოლთა ნოინს, ბაჩოს დაუტყვევებია უცნობი ქვეყნის „სონელთა მეფე“ დავითი: „ხელთ ეგდო მცირე მეფე სონელთა დავით. და ჰყუანდათ იგი ბანაკსა შორის შეპყრობილ“.

„სონელთა მეფე“ გამოპარულა ტყვეობიდან:

„ამ ჟამად უზესთაესისა მფარველობითა გარდარჩა, ღამესა ერთსა განვიდა და ივლტოდა სამის კაცითა. და აქუნდა თვის თანა გუარი (გუჰარი – მარგალიტი) ერთი პატივოსანი (მეორე ძველ ქართულ თარგმანში ასეა: „თვალი ერთი ფრიად პატივოსანი“), ფრიად მნათობი, და აქუნდა ფერი წითელი, რომლისა მიერ ცვიოდენ შარავანდედნი, ვითარცა ცეცხლისაგან, და ღამე ანათებდა სახლსა, ვითარცა ხუამლი. აქუნდაცა ნაწილი მაცხოვრისა ძელისა, რომელი შეეწონა ყოვლისა სამეფოèსა მისისათვის“.

სომეხი მეცნიერი, სტეფანოს ორბელიანის „ორბელიანთა სახლის ისტორიის“ რუსულად მთარგმნელი და შენიშვნების ავტორი ხ. იოანესოვი „სონელთა მეფეში“ ვარაუდობს სიუნიქის ყარაბაღის ნაწილის ძველი მეფეების შთამომავალს, თუმცა მისი ვარაუდი მხოლოდ ჰიპოთეზა უნდა იყოს და სინამდვილეში ვინ იგულისხმება „სონელთა მეფეში“ ძნელი გასაგებია.

იმ დროს ორბელთა სახლს მეთაურობდა სტეფანოს ორბელიანის ბიძა, სუმბატ ორბელიანი. „სონელთა მეფე“ დავითს გზად გაუვლია ორბელიანების სამფლობელოში, სოფელ გუტენში, რომელიც ებარა ორბელიანთა ერთ აზნაურს. დავით „სონელთა მეფე“ „ოდეს განვლიდა ესე თავსა გუტენის სოფლისასა, ესმა ესე უფალსა სოფლისა მისისასა, რომელსა თანკრეყული ეწოდებოდა, ესე იგი, მონა ღმრთისა, და იყო ესე აზნაურთაგან სუმბათისა“.

ორბელთა აზნაური „თანკრეყული“ რაზმით დაედევნა უცნობს და შეაჩერა: „ამხედრდა ცხენსა, გამოუდგა მას და ენება შეყენება მისი“.

„სონელთა მეფეს“ თავის გადარჩენის მიზნით თავისი ძვირფასი რელიკვიები გადაუცია თანკრეყულისათვის: „მაშინ შეშინებულმან დავით ამოიღო უბიდამ ქისა ერთი და მისცა თანკრეყულის და ჰრქუა მას:

„ვისი ხარ შენ?” მიუგო მან და ჰრქუა: „მე სუმბათ ორბელიანისა ვარ“. ყმან ჰრქუა: „წარიღე ეგე და მიეც სუმბათს და უთხარ: უკეთუ ეგე ფასი არს სამეფოსა ჩემისა, მიიღე ეგე და დაიცევ. უკეთუ გარემოვიდე და გავმეფდე, ჩემდავე მოიტანე და მე მოგცე შენ ქუეყანა და ქალაქი, რომელიცა მთხოვო, ხოლო უკეთუ ვერ გარე-მოვიდე სონთა ქუეყანიდამ, შენი იყოს ეგე“.

და თავადმან განვლო და შევიდა მაგარსა და ვიწროსა ქუეყანასა სონთა და ვერღა გამოვიდა, არამედ მუნვე მიიღო აღსასრული დღისა თვისისა.

ხოლო თანკრეყულიმ მიიტანა იგი დიდი სამხიარულებითა სახლსა თვისსა, შეინახა რამდენსამე დღეს და მერმე მისცა სუმბათს, რომელი მიიღო სუმბათ და ჰმადლობდა ღმერთსა.“

იმ დროს, საქართველო იყო მონღოლთა ვასალური ქვეყანა. არაერთი დიდებული ცდილობდა, საქართველოს მეფეების, დავით მეექვსისა და დავით მეშვიდის, კარზე წარმატება მოეპოვებინა მონღოლთა მეშვეობით ან მონღოლთა სიმპათია დაემსახურებინა. ეს ხელუხლებლობისა და კეთილდღეობის გარანტია იყო.

1251 წელს ჩინგიზიდმა უფლისწულებმა დიდ ყაენად დაამტკიცეს ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი მანგუ (მუნქე) ყაენი. მისი სახელი, თურმე, ნიშნავს მარადიულ ყაენს.

სუმბატ ორბელიანმაც გადაწყვიტა, მონღოლებს დაკავშირებოდა, მათგან მიეღო მხარდაჭერა. იმასაც ფიქრობდა, რომ თვითონ ვერ შეძლებდა ისეთი მანათობელი ძვირფასი ქვის შენახვას, რომელიც ხელში ჩაუვარდა და შეიძლება, ის მისთვის საბედისწეროდ ქცეულიყო.

სტეფანოს ორბელიანი მოგვითხრობს სუმბათზე: „განიზრახვიდ გულსა შინა თვისსა და იტყოდა:

„უკეთუ დავიცვა ესე, მავნებს მე, რომელ არა დაიფარების და არცა დაშთების ჩემდა, მაშა მივართმევ ამას დიდსა ხანსა, რომელი არს მეფეთ-მეფე და უფლებს ზღვასა და ხმელსა, რომელსა ეწოდების მანგუ ხანი (ესე იგი თეთრი ხელმწიფე), რომელი არს შვილისშვილი ჩანგიზ ყაენისა და ვსთხოვ მას მოწყალებასა ქუეყანისა ამისთვის (სხვა თარგმანში სახელი მანგუ ხან განმარტებულია როგორც „სპეტაკი მეფე“).

ხოლო მივიდა ბაჩო ნოინთან და აჩვენა მას მანათებელი გუჰარი იგი და მოახსენა:

„ანუ მიიღე ესე შენ და მომეც, რაèცა გთხოვო, ანუ წარმგზავნე მე დიდ ხანთან, რათა მივართვა ესე მას”.

მონღოლებს იმ პერიოდში დიდი ერთგულება ახასიათებდათ დიდი ყაენისა. ყაენის სარდალი, ნოინი, ბაჩო პატიოსანი კაცი ყოფილა, არც თვითონ მიისაკუთრა ძვირფასი ქვა, არც თავისი ხელით გაუგზავნა ყაენს, როგორც მის მიერ მოპოვებული, არამედ პატიოსნად მოიქცა და ორბელიანს მისცა შანსი, წასულიყო დიდ ყაენთან და პირადად ეჩუქებინა სასწაულებრივად მანათებელი ქვა დიდი მანგუ ხანისთვის.

„ოდეს იხილა მან იგი, განკვირვებულმან ჰსთქვა: „ეგე უფასო და უამხანაგო გუარი არის. მე ვერ ვიკადნიერებ მაგის აღებას, არამედ წარგგზავნი შენ დიდსა და ქუეყანის მპყრობელს ყაენთან”.

და ამანცა ნება დაჰრთო.

მაშინ მოამზადა ყოვლითა საჭიროებითა და შეიწია კაცნი შემწენი და წარგზავნა სუმბათ ჩინუმაჩინის ქუეყანას მშვილდოსანთა, რომელი არს პირველი ტახტი ხელმწიფობისა მათისა, მანგუ ხანთან... პირველსა ხელმწიფესთან“.

გზას გაუდგა სუმბათ ორბელიანი დიდი ყაენისთვის ძვირფასი საჩუქრის გადასაცემად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი