ისტორია

რატომ გაემგზავრა მეორედ სუმბათ ორბელიანი ყარაყორუმში და ვისთან გადაიკვეთა მისი ბედი

№8

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 04.03, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1178 წელს, ორბელების დამხობის შემდეგ, საქართველოში სხვა გვარები აღზევდნენ, განსაკუთრებით – მხარგრძელები. ორბელთა ყოფილი ქვეშევრდომები, ყმები. საქართველოში ყმა იყო ყველა – დიდებულები მეფისა, აზნაურები დიდებულებისა და დიდაზნაურთა და ასე შემდეგ.

1200-იანი წლებიდან თამარ მეფემ და ლაშა-გიორგიმ შეიწყალეს გაქცეულ ორბელთა შთამომავლები და დააბრუნეს საქართველოში. გასომხებულ ორბელიანებს ერთი რეგიონის, სივნიეთის ერისთავობაც მისცეს.

მაგრამ, ორბელებს ეს არ აკმაყოფილებდათ, მათ ძველი დიდების დაბრუნება უნდოდათ და გულში ბაგრატიონებზე შურისძიებაც ედოთ.

ამიტომ წავიდა ორბელთა სახლის მეთაური, სუმბათ ორბელიანი ურდოში და ძვირფასი საჩუქრების, მოქნილი ჭკუისა და იღბლიანობის წყალობით მიაღწია დიდი ყაენისგან ოქროს იარლიყის მიღებას. ჩამოვიდა ოქროს იარლიყიანი სუმბათი საქართველოში და სხვების მიწების მითვისებას შეუდგა. „ცდილობდა გამდიდრებასა და წარტაცებულისა სამკვიდრებელისა მისისა კუალად განახლებასა“.

განსაკუთრებით გაბრაზდნენ გარდაცვლილი ათაბაგის, ავაგ მხარგრძელის სახლის წევრები. მისი ქალიშვილი, ხოშაქი და ქვრივი, გვანცა, რომელიც დავით მეშვიდე ულუს ცოლი გახდა, საქართველოს დედოფალი.

იმ დროს საქართველოში იყო მონღოლ იურიდთა ტომის წარმომადგენელი, მონღოლ ყაენებთან დახლოებული ბასკაკი (ხარკის ამკრეფი), ნოინი (ათიათასის სარდალი), ამირა (დიდებული) – არღუნ აღა. ჩვენი ქვეყნის გადასახადების აკრეფა ევალებოდა და სამფლობელოების გამიჯვნაც.

არღუნ აღა ძალიან დამსახურებული ადამიანი იყო მონღოლთა იმპერიაში. არაერთ ძლიერ ადამიანთან იყო დაახლოებული და დანათესავებული. მრავალი ცოლი ჰყოლია, მათ შორის ჩინგიზ ყაენის მეორე ვაჟის, ჩაღატაი ყაენის ძის, ყაენ ესიუ მუნქეს ასული, რომელზეც 1249 წელს უქორწინია. იმ დროს ესიუ მუნქე ჩინგიზ ყაენის მიერ დატოვებული მემკვიდრეობით, ჩაღატაის საუფლისწულო ულუსს-საყაენოს მბრძანებლობდა. მისი ასულის ცოლად შერთვა არ იყო პატარა ამბავი. ამბობენ არღუნ აღას 14 ვაჟი და 4 ასული ჰყავდა ცოლებთანო.

მაგრამ, მტრებიც ბევრი ჰყავდა არღუნ აღას. მისი ადგილის დაკავებას ცდილობდნენ, მისი გავლენის მითვისებას, რაც ყაენების მხრიდან დიდი წყალობის მიღებას, დიდ თანამდებობებს, დიდ ქონებას ნიშნავდა.

ქართველმა დიდებულებმა მოსთხოვეს არღუნ აღას – შენ ხარ ამ საქმეების გამგებელი, ჩამოართვი მიწები სუმბათ ორბელიანს და ჩვენ დაგვიბრუნეო, რაც არღუნმა არ გააკეთა. ალბათ, ვერ გაბედა – ოქროს იარლიყის მფლობელის წინააღმდეგ მოქმედება დიდი ყაენის წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავდა.

მაგრამ, დიდებულებმა მაინც ჩამოართვეს სუმბათს მიწები. სტეფანოს ორბელიანი წერს ბიძამისზე, სუმბათზე: „არამედ წარუღნეს სუმბატსა მრავალნი ადგილნი და დანაშთომსა ოდესმე წარსტაცებდენ“. გადაწყვიტა სუმბათმა დიდ ყაენთან, მუნქესთან (მანგუ) წასულიყო კვლავ, საჩივლელად „რომლისათïს საჭირო ექმნა მას წარსულა კუალად მანგუ ხანთან“.

მიაკითხა თავის კეთილმყოფელ ნოინ ასლანს, რომელსაც ადრე საქართველოს დიდებულების სამფლობელოებში მეგზურობა გაუწია მათ დასამორჩილებლად და დახმარება სთხოვა. ასლანმა კვლავ გააგზავნა დიდ ყაენთან: „შეიწია კაცნი ასლანისაგან და წარვიდა წარმართებითა ღმრთისათა“.

ზუსტად იმ დროს დიდ ყაენთან გამოიძახეს არღუნ აღა, რაღაც ბრალდებებისთვის უნდა გაეცა პასუხები: „გარნა უწინარეს ამის წარსულისასა დაებარებინათ არღუნი შებეზღებითა რომლითამე“.

როცა სუმბათ ორბელიანი ყარაყორუმში ჩავიდა, არღუნ აღა საპყრობილეში ჰყავდათ ჩასმული: „და ოდეს მივიდა ესე, იყო იგი მუნ საპყრობილესა შინა. და სევინჯბეგ წოდებულს დიდებულთაგან

ერთსა და შარაფედინ მდივანსა ამა ქვეყანისასა“. ამ მოხელეებს სურდათ არღუნ აღას მოშორება. სტეფანოს ორბელიანი წერს: „ენებათ სიკუდილი არღუნისა, რათა თავადნი მოსულ იყუნენ მოადგილედ მისად.

ესე სევინჯბეგ მტერი იყო სუმბათისაცა, ენება სიკუდილიცა მისი“.

არღუნი მანამდეც არაერთხელ მოხვედრილა შარში თავისი თანამდებობების გამო.

არღუნი ჭაბუკობიდან ჩინგიზ ყაენის შვილის, დიდი ყაენის, უგედეის პირად დაცვაში იყო, ქეშიკებში. ქეშიკების სამსახური ჩამოაყალიბა ჩინგიზ ყაენმა, როგორც დიდი ყაენის პირადი გვარდია. ქეშიკების გვარდია ელიტურ სამხედრო ნაწილად მიიჩნეოდა და მასში მოხვედრა ადვილი არ იყო. არღუნმა ისწავლა უიღურული წერა-კითხვა, ასევე სხვა ენები და ყაენ უგედეის მდივნად დაწინაურდა. შემდეგ, მას დაავალეს ხორასნის მმართველის, ქორქუზის საქმის გამოძიება. ქორქუზი გამართლდა და არღუნი დანიშნეს ქორქუზის მოადგილედ და ხარკის ამკრეფად, ბასკაკად. ქორქუზს დაავალეს, ყველა საქმეში არღუნთან შეთანხებულიყო. მაგრამ, ხორასნის მმართველი ნაკლებად ასრულებდა ამ დავალებას. არღუნს მოუწია აღმოსავლეთში დაბრუნება.

1241 წელს უგედეი ყაენი მოკვდა. უგედეის მერე ხუთი წელი იმპერიას მართავდა მისი ქვრივი, დოროღენე, თურაქინ-ხათუნი. არღუნი გააგზავნეს ხორასანში ქორქუზის დასაპატიმრებლად, ჩააყვანინეს მონღოლეთში და წამებით მოკლეს, ქვები ჩაუტენეს პირში. დედოფლის ბრძანებით არღუნი დანიშნეს ხორასნისა და ამუდარიიდან ანატოლიამდე ტერიტორიების მმართველად. ასე დაუკავშირდა ის ჩვენს ქვეყანას.

1246 წელს არღუნი ესწრებოდა ყურულთაის, რომელზედაც გუიუქი, უგედეის ძე აირჩიეს დიდ ყაენად. ჯუვეინის ცნობით, აღნიშნულ ყურულთაიზე არღუნი დავით ლაშას ძესთან ერთად მისულა. იმ ყურულთაიზე განიხილეს საქართველოს საკითხიც და ორი მეფე დაამტკიცეს – დავით ლაშას ძე და დავით რუსუდანის ძე. ყაენმა არღუნიც დაამტკიცა თანამდებობაზე. შემდეგ ადარბადაგანსა და საქართველოში გამოაგზავნეს ბაიჯუ ნოინთან. მალე მის წინააღმდეგ ბრალდებები გაჩნდა და მოუწია არღუნს კვლავ გამგზავრება ყარაყორუმში, გუიუქის ქვრივის, ოღულ ქაიმიშის წინაშე, რომელიც 1248 წლიდან 3 წელი მართავდა იმპერიას.

არღუნი ცდილობდა ჩინგიზიდთა ყველა შტოსთან ჰქონოდა კარგი ურთიერთობა, იცოდა, ხანდახან დამარცხებულ შტოს წარმომადგენლებსა და მათ მომხრეებს კლავდნენ. მით უმეტეს, ჩაღატას შვილიშვილი ჰყავდა ცოლად.

1251 წელს დიდ ყაენად აირჩიეს მუნქე (მანგუ), ჩინგიზ ყაენის უმცროსი შვილის, თოლუის ვაჟი. ახალმა ყაენმა დაატყვევებინა ჩაღატაისა და უგედეის ოჯახის ბევრი წევრი, სასამართლო ჩაატარებინა და მოაკვლევინა. დააპატიმრეს გუიუქის ქვრივი ოღულ ქაიმიშიც, რომელსაც განსაკუთრებით ვერ იტანდა მუნქე, უბოროტეს ჯადოქარს უწოდებდა, ძაღლზე ვერაგს. დედოფალყოფილი აწამეს ჯადოქრობის ბრალდებით, ტომარაში გამოკერეს და მდინარეში ჩააგდეს.

ამრიგად, სასიკვდილო ხიფათი ელოდა არღუნ აღას, გაჭირვება ჰქონდა სუმბათ ორბელიანსაც. არღუნ აღასა და სუმბათ ორბელიანის ბედი გადაეჯაჭვა ერთმანეთს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი