ისტორია

რატომ გადაწვეს ქართველებმა ტფილისი და რატომ სძულდათ უბრალო მაჰმადიან ადამიანებს ჯალალედინი

№33

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 27.08

ისტორია
დაკოპირებულია

ტფილისის აღების შემდეგ ჯალალედინმა დაიწყო აღმოსავლეთ საქართველოს რბევა. შემდეგ ცნობა მოუვიდა, რომ ერაყში მის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო. ჯარის ერთი ნაწილი საქართველოში, ტფილისში დატოვა, თვითონ კი გაემგზავრა. თუმცა, რამდენიმე თვეში დაბრუნდა ჩვენს სამშობლოში და აიღო აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქი. აღმოსავლეთ საქართველოს ერთ ქალაქის მოსახლეობას, რომლის სახელი ცნობილი არ არის, მიუგზავნა ტფილელი ყადი (მაჰმადიანთა მოსამართლე, დიდად პატივცემული ადამიანი) და დანებების შემთხვევაში სიცოცხლის შენარჩუნება, მოსახლეობის უვნებლობა და ქონების ხელუხლებლობა შეჰპირდა. მოქალაქეებმა ყადის სიტყვები ირწმუნეს და ქალაქის კარიბჭე გაუღეს ჯალალედინს. ვერაგმა სულთანმა სიტყვა გატეხა, დახოცა ქალაქის მოსახლეობის ნაწილი, უდიდესი ნაწილი ტყვედ აიყვანა და მონად გაყიდა, მათ შორის მაჰმადიანებიც და მათი ქონება მიისაკუთრა.გტ

ჯალალედინს ძალიან უნდოდა საქართველოს მეორე დედაქალაქის, უმდიდრესი ქუთათისის აღებაც. ქუთათისში ხომ მეფეთა ხაზინის ნაწილი ინახებოდა, მით უმეტეს, ტფილისთან ჯალალედინის მისვლის წინ მეფე რუსუდანი ქუთათისში გადავიდა და თან წაიღო სამეფო განძეული. მაგრამ, ჯალალედინმა ვერ შეძლო ლიხის ქედის გადალახვა. როგორც ჩანს, ჩვენს წინაპრებს კარგად ჰქონდათ გამაგრებული ლიხის ქედი.

ჯალალედინმა თავისი ჯარის ნაწილები ორად გაყო და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მდიდარ და დიდ ქალაქებს, ანისს (სომეხთა ერთ-ერთ ყოფილ დედაქალაქს) და კარს (ყარსს) მიაყენა. თვითონ ანისის ალყას ხელმძღვანელობდა. მაგრამ, ვერ შეძლო მათი აღება, ამ ქალაქებში მდგარი ჩვენი გარნიზონებისა და მოსახლეობის გააფთრებული წინააღმდეგობის გამო. ჯალალედინი ტფილისში დაბრუნდა, იქიდან კი მოულოდნელად მაჰმადიანთა ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქ ხლათისკენ აიღო გეზი. ხლათი დიდი და უმდიდრესი ქალაქი იყო, ძირითადად მაჰმადიანი მოსახლეობით. ჯალალედინს ხლათელთა ქონების ხელში ჩაგდება უნდოდა. ხლათელებს საქართველოდან აცნობეს ამის შესახებ და ქალაქის დამცველებმა მოასწრეს ხლათის დაცვის ორგანიზება. ჯალალედინმა იმ ჯერზე ვერ აიღო ხლათი, მაჰმადიანთა მრბევლის სახელი კი გაუვარდა, ოდესღაც მაჰმადიანების იმედად სახელდებულ სულთანს.

ხლათი ვერ აიღო ჯალალედინმა. შემდეგ ისევ მოუწია სამხრეთ-აღმოსავლეთში გამგზავრება. ჩვენს სამეფო კარს ტფილელმა მაჰმადიანებმა სთხოვეს ქართული ჯარის გამოგზავნა ტფილისის გასათავისუფლებლად. იმ დროს ტფილისში იმყოფებოდა რუსუდან მეფის ქმარი, არზრუმის სულთნის, მუჰამად მუღის ად-დინ თუღრილ შაჰის ვაჟი, რუმის სულთნის შვილიშვილი, ღიას ად-დინი, რომელმაც რუსუდანთან ქორწინების წინ ქრისტიანობა მიიღო და ეწოდა დიმიტრი და რომელთანაც რუსუდან მეფეს ჰყავდა ორი შვილი, თამარი და დავითი. რუსუდანზე გამწარებული დიმიტრი, ღიას ად-დინ ყოფილი, ეახლა ჯალალედინს და მაჰმადიანობა დაიბრუნა. შემდეგ ღიას ად-დინი გაიქცა ტფილისიდან, ჩვენს სამეფო კარს ეახლა, კვლავ უარყო მაჰმადიანობა და ტფილისში ჯალალედინის ჯარის განლაგებისა და რიცხოვნობის შესახებ აცნობა.

ჩვენმა წინაპრებმა სწრაფად შეკრიბეს ჯარი, დაიძრნენ ტფილისისკენ და გაათავისუფლეს ჩვენი დედაქალაქი. ტფილისის გამგებლად დატოვებული ჯალალედინის ვაზირი გაიქცა. ჩვენმა წინაპრებმა შაქი და კაბალაც გაათავისუფლეს. ჩვენი ჯარის მიახლოებისთანავე, ჯალალედინის მიერ კაბალაში ჩაყენებული ჯარის ნაწილის სარდალი გაიქცა.

ჯალალედინის ისტორიკოსი, სპარსელი ჯუვეინი წერს: „კვლავ მოვიდა ამბავი, ქართველები ისევ შეიკრიბნენო. ვაზირი იულდუზჩი, რომელიც სულთანს თავის ნაცვლად დაეტოვებინა თბილისში, იძულებული იყო თავრიზს მისულიყო“... „ქართველები თბილისში დაბრუნებულიყვნენ, მეჩეთებს ანგრევდნენ და მუსლიმებს აწამებდნენ“. დიახ, დახოცავდნენ, აბა, რას უზამდნენ ჯალალედინის ჯალათ ჯარისკაცებს, ტფილისელთა გენოციდის მომწყობებს. მეჩეთებად გადაკეთებული ქრისტიანული ტაძრები გაათავისუფლეს და კვლავ ეკლესიებად აქციეს. გავიდა დრო და ჯალალედინი კვლავ დაიძრა დიდი ჯარით ტფილისისაკენ. ჩვენმა წინაპრებმა ვერ გაბედეს გენერალური ბრძოლის გადახდა, ამდენი ძალა არ ჰყავდათ, ჯალალედინის მრავალრიცხოვან ჯარს რომ გამკლავებოდნენ, გადაწვეს ტფილისი, ჯალალედინი რომ არ გამაგრებულიყო ჩვენს დედაქალაქში და გაეცალნენ ქალაქს.

თუმცა, საომარი მზაობა განაგრძეს. რუმის, შამისა და შაჰარმენის სამფლობელოების მაჰმადიანი მბრძანებლები და ქართველები შეთანხმდნენ, ჯალალედინს კოალიციური ჯარით შებრძოლებოდნენ. ჯალალედინმა შეიტყო ამის შესახებ, დაასწრო მოკავშირეებს და ქართულ ჯარს ბრძოლა გაუმართა ბოლნისთან ახლოს. ბრძოლის წინ, ჯალალედინმა მოახერხა ქართველების მიერ დაქირავებული 20 000 ყივჩაღის მოქრთამვა და ყივჩაღებმა მიატოვეს ჩვენი წინაპრები და გაეცალნენ ბრძოლის ველს. დარჩენილი ქართველები, დაახლოებით 20 000 მეომარი, გააფთრებით იბრძოდა, მაგრამ, ჯალალედინს გაცილებით მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავდა. ჩვენი წინაპრები დამარცხდნენ.

ჯალალედინს გზა გაეხსნა ხლათისკენ. ხლათთან არზრუმის მბრძანებელმა ჯარისთვის საკვები მიაწოდა. რამდენიმეთვიანი ალყის შემდეგ, ჯალალედინმა, ისევე როგორც ტფილისი, მოღალატეების მეშვეობით აიღო ხლათი, გაძარცვა მთელი მოსახლეობა, მაჰმადიანებიც, ებრაელებიც და სომხებიც. ჯალალედინს ხელში ჩაუვარდა დიდი ქონება, ხლათის ხაზინა და მოსახლეობის ქონება.

ჯალალედინის მაქებელი სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინი წერს: ქართველების დამარცხებას „ხლათის აღებაც დაემატა ... და საღამოს სმა დილის სმად გადაიქცა. სულთნის შიში იმ ქვეყნებს მოედო. მისი სიმკაცრისა და შეუპოვრობის ამბავი საყოველთაოდ გავრცელდა“.

რუმის (იკონიის) და შამის (დამასკოს) მფლობელებმა დამალეს თავისი განზრახვა და ჯალალედინს დაუკავშირდნენ. ჯუვეინი წერს: „რუმისა და შამის გამგებლებმა მშვიდობის ქალაქის (ბაღდადის, გ. მ.) მიბაძვით სასწრაფოდ საჩუქრები და მოსაკითხი გაუგზავნეს ბატონს – სულთანს მის დიდებულსა და მშვენიერ სამეფო კარავში. მისი ბანაკი კვლავ გახდა კეთილშობილთა და დიდებულთა თავშესაფარი, ამალა გაიზარდა, საქმეები გამოკეთდა, საგანძური მომრავლდა, ხოლო იქაურობა კეთილმოეწყო მისი სამართლიანობით“.

მართალია, რუმის (კონიის, იკონიის) და შამის (ეგვიპტისა და დამასკოს) მაჰმადიანმა მბრძანებლებმა, სულთანმა ქეი ქუბად პირველმა და სულთანმა მალიქ ალ-კამილმა თითქოსდა პატივისცემა გამოთქვეს ჯალალედინის მიმართ, სინამდვილეში კი ჯარებს აგროვებდნენ მისი ტირანიის დასამხობად.

ჯალალედინი მიხვდა, რომ მის წინააღმდეგ მაჰმადიანი მმართველების კოალიცია მაინც იქმნებოდა. მაჰმადიანების არა მხოლოდ მმართველებს, რომელთაც ის კონკურენტებად მიიჩნევდა და რომელთა დამორჩილებაც უნდოდა, არამედ მთელი რეგიონის უბრალო მაჰმადიანებს უკვე ძალიან სძულდათ ჯალალედინი, როგორც მოსახლეობის მძარცველი, სისხლისმსმელი ტირანი და როგორც მაჰმადიანთა მტერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...