ისტორია

რატომ ელოდა სუმბატ ორბელიანი მუნქე ყაენთან მეორე შეხვედრას და რამ შეუწყო მას ხელი

№36

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 17.09, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

გასომხებული სუმბატ ორბელიანი, ძმისწულის, სომეხთა მიტროპოლიტისა და ისტორიკოსის, სტეფანოს ორბელიანის ცნობით, სამი წელი იმყოფებოდა მონღოლთა დედაქალაქ ყარაყორუმში, ყაენის ხელახლა ნახვის მოლოდინში: „რომელმან დაჰყო მუნ წელსა სამსა“. ყაენს კი მიავიწყდა... თუმცა, ყაენის ბრძანებით, სარჩოს ყოველდღიურად იღებდა სასახლიდან. სუმბატი ღმერთს ევედრებოდა წყალობას: „და არცა დღე და არცა ღამე ლოცვისა და ცრემლისაგან არა დაჰსცხრებოდა“.

ძმისწული ზღაპრულად აღწერს ბიძამისის თავგადასავალს – გასომხებული ორბელების შტოს მეთაურს თან ჰქონია ერთი წმიდა ხის პატარა ჯვარი. ჯვარი სასწაულთმოქმედი ყოფილა: „ხოლო აქუნდა სუმბატს ნაწილი ერთი, ძელისა უმცირესი, ფრიად სასწაულთმოქმედი, რომელი დაესვენებინა წინაშე თვისსა ღამესა ერთსა კარავსა თვისსა შინა მწუხრით განთიადამდე, ჰსდგა ხელგანპყრობით წინაშე მისსა, მდუღარის ცრემლით შეღაღადებდა და ევედრებოდა“. ერთხელაც სუმბატის კარვის თავზე მანათობელი თაღი და მის თავზე ჯვარი გამოისახა, თურმე. „მაშინ ნიში უსაშინლესი აღმოჩნდა კარავსა მას ზედა ცათაგან. რამეთუ კამარა ნათლისა გამოისახა მას ზედა და კამარასა მას ზედა ჯუარი ერთი, რომლისა მიერ ელვანი და სხივნი ცეცხლიერი გარდამოცვივდებოდენ და სასტიკისა შარავანდედისაგან სივრცე უზომოდ განფენილისა ბანაკისა განათლდებოდა“.

მუნქე ყაენის დროს მონღოლთა მთავარი ბანაკი, ანუ მონღოლთა უზარმაზარი იმპერიის მთავარი დედაქალაქი, უმთავრესი პოლიტიკური ცენტრი, ყარაყორუმი დიდი ქალაქი იყო, უკვე ურბანიზებული, თუმცა, მრავალი იურტებით, კარვებით სავსე, დიდ ტერიტორიაზე გადაჭიმული. მონღოლებს დიდად არ მოსწონდათ ქალაქები, სივრცეები უყვარდათ და მომთაბარე ცხოვრებას იყვნენ მიჩვეულნი. ეს იყო გასამხედროებული ბანაკ-ქალაქი, რომელსაც უკვე ეტყობოდა მონღოლთა მიერ სხვადასხვა ქვეყნების დაპყრობის შედეგები. ყარაყორუმში წამოიმართა უამრავი შენობა, სასახლეები და რელიგიური ტაძრები. მონღოლების უმრავლესობა წარმართები იყვნენ და ყველაზე მეტად თაყვანს სცემდნენ ღმერთ თენგრის. თუმცა, სხვა რელიგიებსაც პატივს მიაგებდნენ და მათ წარმომადგენლებს კეთილად ექცეოდნენ. ყარაყორუმში დიდი კოლონია და სასულიერო ცენტრი ჰქონდათ ჩინელ ბუდისტებს. ამ ცენტრსა და ჩინელი ხელოსნების კვარტალს შორის იყო განლაგებული ყაენის გრანდიოზული სასახლე, მის გვერდით იყო მონღოლ დიდებულთა იურტები, რომლებსაც არ მოსწონდათ ურბანიზაცია, მათ ესაზღვრებოდა მაჰმადიან ხელოსანთა უბანი, სადაც ორი მეჩეთი იდგა.

იქვე იყო ქრისტიანთა კვარტალი ნესტორიანული ტაძრით. მონღოლთა შორის გავრცელებული იყო ნესტორიანული ქრისტიანობა, მათ შორის, დიდებულებშიც. მუნქე (მანგუ) ყაენის უფროსი ცოლი, ქუთუგთაი ხათანი (ხათუნი) ნესტორიანელი იყო. საფრანგეთის მეფის ლუი მეცხრის ელჩის, ფრანცისკანელი ბერის გიიომ დე რუბრუკის ცნობით, ქუთუგთაი ხათანს თავისი უფროსი ვაჟი, მუნქეს მემკვიდრე, ბალთუ და სხვა შვილები, ნესტორიანულ ტაძარში დაჰყავდა ლოცვებზე. მართლმადიდებლები და კათოლიკეები ნესტორიანელობას ერესად მიიჩნევენ. გარდა ნესტორიანებისა, ყარაყორუმში იმ დროს იყვნენ მართლმადიდებლები (ქართველები, იძულებით წაყვანილები თუ ჩვენი მეფეების მიერ მივლინებულნი, ბერძნები, ნიკეის იმპერიიდან), გრიგორიანები, კათოლიკეები, ელჩები, მოგზაურები და ხელოსნები.

ორბელიანის კარვის თავზე გამოსახული სასწაული უხილავს თითქმის მთელ ყარაყორუმს „და ყოველნი ერთი მეორისა ფეხქვეშ დათრგუნვით შეკრბენ კარსა სამეფოსა განკვირვებულნი ჩვენებისაგან“. გაიგო ყაენმაც – „ხოლო აუწყეს ესე მეფესა გარემოვიდა და იხილა ფრიად განკვირვებულმან. დიდისა მადლობითა ადიდა ღმერთი“.

მუნქე ყაენი დაინტერესდა, საიდან ამოდიოდა სასწაულებრივი ნათება, „მიუწოდა ერთი მესაიდუმლოეთა თვისთაგანი, რომელი იყო ქრისტიანე და გვარად ასორი (ანუ ასურელი, სირიელი – გ. მ.) და ჰრქუა მას: „წარვედ და დასდევ ნიში კარავსა მას, რათამცა ვსცნა, თუ ვისი არს იგი”.

თვითონ სუმბატმა საკუთარი კარვის თავზე ნათლით გამოსახული ჯვრის შესახებ არაფერი იცოდა. დილას მასთან მივიდნენ ყაენის მსახურები და წაიყვანეს მუნქეს გრანდიოზულ სასახლეში, რომელიც მსოფლიოს უდიდესი მბრძანებლის შესაფერისი იყო და რომლის შესახებაც ადრე ვუამბეთ „თბილისელების“ მკითხველს: „ხოლო თავადმან სუმბატ არა უწყოდა ესე ყოველი ყოფილიდა ოდეს გათენდა. მიიყუანეს სუმბათ მეფესთან“.

ყაენ მუნქეს ახსოვდა სუმბატ ორბელიანი, მასთან ხომ ერთხელ შეხვედრილი იყო, როდესაც თავის ხასინჯუდ, პირად მსახურად, გამოაცხადა, საქართველოს მეფეების ინტერესების საწინააღმდეგოდ და თავის გავლენიან დედას ჩააბარა. მაგრამ, რადგან დედამისი, სორგაქთანი ბექი, რომელსაც ყაენმა ჩააბარა ყარაყორუმში ბედის საძებნელად ჩასული სუმბატ ორბელიანი, 1252 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. ყაენს მივიწყებული ჰქონდა მისი ყარაყორუმში ყოფნის შესახებ.

მუნქეს გაუკვირდა ორბელიანის დანახვა: „იხილა რა იგი მეფემან, ჰსთქუა: „ჯერეთ აქა არს ესე?“ მიუგეს მხლებელთ: - „ჰე, აქა არს, მეფეო“.

ყაენმა „ჰკითხა სუმბათს: „რა იყო იგი, რომელი ვიხილეთ ამას ღამესა კარავსა შენსა ზედა?“

შეშინებულმა და გაკვირვეულმა ორბელიანმა „მიუგო შეძრწუნებით და ჰრქვა: „ვიცი მე, მეფეთ-მეფეო“.

ორბელიანის პასუხით არანაკლებ გაკვირვებულმა „უბრძანა მეფემან: „იგი ყოველი სხივი და საშინელი ჩვენებანი არა გესმაა ეგოდენ ჟამსა?“

არაფერი იცოდა სუმბატმა: „მიუგო სუმბატ: „უწყის ღმერთმან, არცა ერთი რა ვიცი“.

ყაენი ჩაეძია: „ჰრქვა მეფემან: „რა გაქვს აქა ნაწილი წმიდათა ჩვენიაგანი?“

მიუგო სუმბათ: „არარაÎ მაქუს, მხოლოდ ერთი ნიში ძელისა. ჰრქვა მეფემან: „მომიტანე იგი, რათა ვიხილო“. ეტყობა ორბელიანი უბით ატარებდა სასწაულმოქმედ ჯვარს, ამოიღო „და მან მეყუსეულად მოართო“.

სტეფანოს ორბელიანის თქმით, მუნქე ყაენს თაყვანისცემა გამოუხატავს ქრისტიანული სიმბოლოს, წმიდა სასწაულთმოქმედი ჯვრის წინაშე: „აღსდგა მეფე და გარდამოვიდა ტახტისაგან შიშველითა თავითა და იდრიკნა მუხლნი, ამბორს-უყო მას და ჰრქვა: „ჭეშმარიტად ეზომ მწვეთოან იყო ჯვარი ესე ნათლისა, რომელ ვიხილეთ“. სტეფანოს ორბელიანის სხვა ქართულ თარგმნაში ასეა, ყაენმა თქვა: „ამის საზომისა და ამის ნაკვეთისა იყო ჯუარი იგი ნათლისა, რომელ ვიხილეთ, ესე არს ჭეშმარიტად“, ანუ ამ ფორმის იყო კარვის თავზე გამოსახული ნათლის ჯვარიო.

მონღოლთა დიდი ყაენი მოიხიბლა წმიდა ჯვრის ხილვით, ძალიან გაუმართლა ორბელიანების სახლის მეთაურს, მისი საკითხი გადაწყვეტილი იყო უკვე – ყაენის წყალობა მოიპოვა. ახლა რაც უნდა ეთხოვა, ყველაფერს შეუსრულებდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი