ისტორია

რატომ ეახლა ბიზანტიის დიდი სარდალი, ქართველი გრიგოლ ბაკურიანის ძე გიორგი მეორეს ბანაში

№35

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 10.09

ისტორია
დაკოპირებულია

გიორგი მეორე ყოფილა კაცი საშიში მტრებისთვის, მოწყალე, განმკითხველი და დამხმარე გლახაკთა, რჩეული ცხენოსანი, მშვილდოსანი და ძალიან ჰყვარებია სტუმრები – „პურად უკეთესი ყოველთა კაცთასა“.

1072 წლის 24 ოქტომბერს ბაგრატ მეოთხის გარდაცვალების შემდეგი ზამთარი მშვიდობით გაატარა ჩვენმა ქვეყანამ, გაზაფხულიც და ზაფხულის ნახევარიც. „ხოლო შემდგომად თავადთა ამის სამეფოსათა ნიანია ქუაბულის ძემან, და ივანე ლიპარიტის ძემან, და ვარდან სუანთა ერის-თავმან, რე-ცა თუ იკლეს რა-მე სიყრმით გიორგი მეფისათ, და აუშალეს ქუეყანა“. ნიანია ქვაბულის ძემ ქუთათისი დაარბია, სამეფო საჭურჭლე მიიტაცა და ქუთათისში დადგა. ივანე ლიპარიტის ძე ბაღუაშმა კახელები მოიხმარა და ქსნის პირი დაიკავა. სვანთა ერისთავმა ვარდანმა მოარბია და „ამოსწყვიდეს საეგრო“.

მეფე გიორგიმ პოლიტიკურად, დიპლომატიურად „სძლო სიკეთითა, სიბრძნითა, და ძვირ-უხსენებელ იქმნა“, დასჯის მაგიერ დააჯილდოვა განდგომილები. ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე გადასცა, მის ვაჟს, ლიპარიტს – ლოწობანი, რუსთავის ნაცვლად. რუსთავი კახელებს ხვდათ წილად. ნიანია ქვაბულის ძეს თმოგვი უბოძა და ძვირფასი საჩუქრები, სვანთა ერისთავს – ასკალანა... წყალობით დაამშვიდა სამეფო: „ყოველი-ვე ერთ-გული და ორ-გული დაიყარა წყალობითა, და დაიწყნარა მეფობა თვისი გიორგი მეფემან“.

1074 წელს ივანე ლიპარიტის ძე კვლავ აუჯანყდა მეფეს. ხელმწიფემ ქუთათისიდან გადმოიარა და მივიდა სამცხეს. მოიხმო კახეთის მეფე აღსართანი. ვერ გამაგრდა ივანე ციხეში და გაიქცა. წაართვა აღსართანმა ლიპარიტს ლოწობანი. მეფე ისევ დაუზავდა ივანეს და კლდეკარისა და სამშვილდის ერისთავთ-ერისთავად გამოაცხადა. ლიპარიტმა ერთგულების ფიცი მისცა მეფეს.

მალე ისევ განდგა ივანე ლიპარიტის ძე, გაგის ციხე გამოსტყუა მეფე გიორგის მეციხოვნეებს და განძის ამირას, ფადლონს მიჰყიდა. იმ ხანებში სულთანმა მელიქ შაჰმა განაახლა ბრძოლა ქრისტიანების წინააღმდეგ. მოუახლოვდა ჩვენს ქვეყანას. ეახლა ივანე ლიპარიტის ძე და შეიწყნარა იგი სულთანმა. მაგრამ, შემდეგ ივანე ბაღუაში გამოეპარა სულთანს. სულთანი მიადგა სამშვილდეს და დაატყვევა ივანე ლიპარიტის ძე, ცოლ-შვილთან ერთად, ასევე იქ მყოფი აზნაურები დედა-წულით და დაიჭირა სამშვილდე. სამშვილდიდან გააგზავნა ჯარი და მოარბევინა ქართლი. უამრავი ადამიანი ტყვედ წაიყვანეს მონად გასაყიდად.

ზოგიერთი ბაღვაშებისა და სხვა ფეოდალების ქმედებებს გარკვეულ გამართლებას უძებნის და ამბობს, ფეოდალური ურთიერთობები ასეთი იყო, ერთმანეთს ეომებოდნენ და განდგომა, წართმევა, აჯანყება ბუნებრივად დამახასიათებელია ფეოდალური ხანისთვისო. ნაწილობრივ ალბათ, ასეა. იყო ბრძოლები და დაპირისპირებები სამფლობელოების გასაზრდელად, მაგრამ, ისეთ დროს, როცა უზარმაზარი ძალის მქონე სასულთნო, ქრისტიანობისა და ქართველობის მტერი ემუქრებოდა ჩვენს სამშობლოს, მაშინ მეფესთან დაპირისპირება სხვა არაფერია, თუ არა ღალატი. საეგროს აოხრებაც ვარდან ერისთავის მიერ მხოლოდ ფეოდალური ბრძოლაა? საკუთარი სამშობლოს მოქალაქეები გაძარცვა და დახოცა მოგების მიზნით ერისთავმა. არანაირი გამართლება ამას არ აქვს. ეს ქმედება მხოლოდ ანტიქრისტიანული და ანტიადამიანური, ანტისახელმწიფოებრივია.

ქართლის მორბევის შემდეგ სულთანმა აიღო ქალაქი განძა და მის მმართველად დატოვა სარანგი, ორმოცდარვა ათასი ჯარისკაცით. განძის ამირა ფადლონი ციხეში გამაგრდა, მაგრამ გამოიყვანეს და დააპატიმრეს.

სარანგი თავის ჯარით დაიძრა საქართველოსკენ, დაიხმარა განძის ლაშქარი, დვინისა და დმანისის ამირები. ჩამოდგა სამშვილდის ბარში.

გიორგინ მეფემ შეკრიბა ლაშქარი, მოიხმო კახთა მეფე აღსართანი, წინ წაიძღვანა წმიდა ჯვარი და ფარცხისთან თავს დაესხა მაჰმადიანთა ჯარს. სასტიკ ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს. გაიქცა სარანგი თავისი ჯარით. ღამის დადგომამ გადაარჩინა მაჰმადიანთა ჯარის ნარჩენები სრული განადგურებისაგან. მეფე გიორგი და ჯარი უკლებლად და მშვიდობით დაბრუნდა დედაქალაქში. იქიდან მეფე გაემგზავრა ტაოს, მივიდა ბანაში.

იმ ხანებში ბერძენ-ბიზანტიელები გარბოდნენ აღმოსავლეთიდან თურქ-სელჩუკების შიშით. 1071 წელს ბიზანტიელები სასტიკად დაამარცხა ალფ-არსლანმა მანასკერტის ბრძოლაში. თურქების გამარჯვებას ხელი შეუწყო ბიზანტიის ჯარის ზოგიერთმა მოღალატე სარდალმა. მანასკერტის ბრძოლა იქცა ქრისტიანთა დიდ ტრაგედიად, რომელსაც მოჰყვა ბიზანტიის აღმოსავლეთი პროვინციების დაკავება თურქ-სელჩუკების მიერ. ტერიტორიები, ქალაქები და სამეფოები, რომლებიც მანამდე ბიზანტიელებმა წაართვეს სომხებსა და ქართველებს, უპატრონოდ რჩებოდა. არმენებს სახელმწიფოებრიობა აღარ ჰქონდათ, მეფე არ ჰყავდათ და ბრძოლის ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. აღმოსავლეთში თურქების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ საქართველოს შეეძლო.

მეფე გიორგიმ გადაწყვიტა ბერძნების მიერ მიტაცებული ციხეებისა და ქალაქების დაბრუნება. ბევრგან უკვე თურქები შესულიყვნენ. „მომადლა ღმერთმან მძლავრებისაგან ბერძენთასა წახმულნი ციხენი“. წაართვა ბიზანტიელებს: „წაუხუნა ბერძენთა ანაკოფია, თავადი ციხეთა აფხაზეთისათა, და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა.“

ბიზანტიელებმა ხერხი იხმარეს, ის ტერიტორიები, რომლებსაც ისედაც აიღებდა ჩვენი ხელმწიფე, დაასწრეს და იურიდიულად გადმოგვცეს წინასწარ. ჩვენს ხელმწიფეს ბანაში ეახლა გრიგოლ ბაკურიანის ძე, კეისრის მერე უმაღლესი თანამდებობის პირი, ქართველი ერისთავთ-ერისთავის ვაჟი, ბიზანტიის დიდი დომესტიკოსი, სარდალი და სევასტოსი. „მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორვარი აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი, და კარნუ-ქალაქი, და კარი, და დიდად განიხარეს და განისუენეს“.

გრიგოლ ბაკურიანმა, როგორც ჩანს, მეფეს გადმოსცა იმპერატორის მიერ გამოგზავნილი სიგელი, სადაც იმპერატორი იუწყებოდა, რომ ჩვენი ხელმწიფე გამოცხადდა ქრისტიანული სამყაროს კესაროსად. კესაროსი არის უმაღლესი ტიტული კეისრის მერე და ენიჭებოდა იმპერატორის მემკვიდრეს, თანამმართველს. მანამდე გიორგი მეორე სევასტოსის ტიტულს ატარებდა.

„დავით აღმაშენებლის ცხოვრების“ ერთ ხელნაწერში „დიდად განისვენეს“ მაგიერ წერია „დიდად იამხანაგეს“. ორივე ვარიანტში ეს ნიშნავს, რომ კარგად მოილხინეს, ალბათ, ინადირეს კიდეც, მოიჯერეს გული ერთმანეთის ხილვით, მსოფლიო პოლიტიკის ორმა გრანდმა, ორმა ქართველმა, საქართველოს მეფემ და ბიზანტიის დიდმა სარდალმა. ბაკურიანმა „მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანა, და განიყარნეს. ხოლო მეფემან გიორგი დაუტევნა კარს აზნაურნი შავშნი და წარმოვიდა შინა“. თუმცა, რეალურად ეს ტერიტორიები სამხედრო ძალით უნდა გაეთავისუფლებინა ჩვენს მეფეს. „და შემდგომად ამისსა ესე-ცა მომადლა ღმერთმან, აღიღო ქალაქი კარისა, ციხე-ქუეყანა, და სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი, და იოტნა თურქნი მის ქუეყანისანი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...