ისტორია

რატომ დასცინეს ქართველებმა ჯალალედინს და როგორ დაამარცხეს მაჰმადიანმა მბრძანებლებმა ის

№42

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 29.10, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

რუსუდანის სამეფო კარზე ინფორმაცია არ ჰქონდათ არც მონღოლებისა და არც ჯალალედინის სამხედრო ძალაზე. როცა ჯალალედინი გაბატონდა ადარბადაგანში და წერილი გამოუგზავნა ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომელშიც დამორჩილებას მოითხოვდა, რუსუდანის სამეფო კარმა მას დამცინავად უპასუხა: „მამაშენი შენზე ძლიერი იყო და რაც მას მონღოლებისაგან დაემართა, შენც კარგად იცი. იგივე მონღოლები ჩვენც შეგვებრძოლნენ, მაგრამ მიზანმიუღწევლივ გაგვეცალნენ და გაიქცნენ“. ამ წერილით ჩანს, რუსუდანის სამეფო კარზე შეცდომით ეგონათ, რომ მთელი მონღოლური არმია დაამარცხეს.

სამწუხაროდ, პრობლემისადმი ზერელე მიდგომამ და სახელმწიფოში არსებულმა კრიზისმა სავალალო შედეგი მოიტანა - ქართველები დამარცხდნენ. ჩვენი წინაპრები იმდენად დასუსტდნენ, რომ ჯალალედინის წინააღმდეგ ბრძოლას გამოეთიშნენ.

მაგრამ, მაჰმადიანთა მრბეველ ჯალალედინს არ შეურიგდნენ რუმის, ხლათისა და სხვა სახელმწიფოების მმართველები და გაილაშქრეს მის წინააღმდეგ. ერთხელ დაამარცხეს, მაგრამ, მთლიანად ვერ გაანადგურეს, ჯალალედინმა ისევ მოახერხა მთელი რეგიონის მძარცველთაგან შემდგარი ჯარის რეორგანიზება. მაჰმადიანები ისევ შეიკრიბნენ ჯალალედინთან საომრად.

მონღოლების სამსახურში მყოფი სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინი წერს: „ჯარები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, რუმის სულთანი, მალიქ აშრაფი და იმ ქვეყნების სულთნები და გამგებლები შეერთდნენ და იმდენი იარაღი, საომარი მოწყობილობა და საჭურველი დააგროვეს და იმდენი კაცი გაამზადეს, რომ ვერც კი დაითვლებოდა. ერთი გორაკის წვერზე გააწყვეს რიგები; ცხენოსანი და ქვეითი ცეცხლმტყორცნელები და მშვილდოსნები წინ წადგნენ ხარის ტყავის ფარებით“.

ჯალალედინის მაქებელ ჯუვეინს უნდა რომ გაამართლოს თავისი საყვარელი სარდალი ჯალალედინი და ამბობს, ბრძოლის დროს სულთანი ავად იყოო. „როდესაც ბრძოლის ცეცხლი დაინთო და იქამდე მივიდა საქმე, რომ იღბლის ნიავს უნდა დაებერა და იმედის კოკორიც უნდა გაფურჩქნილიყო, სულთანმა საკაციდან გადმოსვლა და უნაგირზე შეჯდომა მოინდომა, მაგრამ იმდენი ძალა არა ჰქონდა, რომ სადავის დასაჭერად საკმარისი ყოფილიყო. სადავე ხელიდან გაუვარდა გამარჯვებასავით, ცხენი მისი ნების გარეშე უკან გაბრუნდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მისმა მახლობლებმა თქვეს, ერთი საათით უნდა დავასვენოთ სულთანი, რათა ღონე მოემატოსო ამის გამო მისი პირადი ალმებიც შეაბრუნეს. მარჯვენა და მარცხენა ფრთამ რომ ეს დაინახეს. იფიქრეს, სულთანი გარბისო და თვითონაც გამობრუნდნენ. მოწინააღმდეგეს ეგონა, ეს სულთნის ეშმაკობაა, რათა გაშლილ ველზე გაგვიყვანონო, იმათ ლაშქარში მაცნე გადმოდგა და გამოაცხადა, კაცი არ დაიძრას ადგილიდან და უკან არავინ დაედევნოსო. რაკი სულთნის ლაშქარი დაიშალა და სხვადასხვა მხარეს გაიფანტა, ვეღარ მოხერხდა სადგომის მოწყობა. გაოგნებული სულთანი იძულებული შეიქნა, გამობრუნებულიყო და ხლათისკენ წავიდა, იქაურობის დასაცავად დატოვებული რაზმი გამოიძახა და ხოის მიაშურა“.

ასე მარტივად, თითქოსდა სულთნის ავადმყოფობის გამო წარმოგვიდგენს ჯუვეინი ჯალალედინის დამარცხებას. თუმცა, ალბათ, მხოლოდ ჯალალედინის ავადმყოფობის ბრალი არ იქნებოდა. რამდენიმე მაჰმადიანი მბრძანებლის გაერთიანებული ჯარის მრავალრიცხოვნობამ თავისი გაიტანა და ჯალალედინი დამარცხდა.

ჯალალედინს კვლავ აღარ უმართლებდა და ცუდი ამბავი მოუტანეს, ჯუვეინი განაგრძობს: „სულთანი ჯერაც ვერ მოსულიყო გონს ბედისწერისაგან გარტყმული სილის გამო, რომ ამბავი მოუვიდა, ჩორმაღუნ ნოინმა მდინარე ამუდარია გადმოლახაო. [ჯალალ ად-დინმა] ვაზირი შამს ად-დინ იულდუზჩი გირანის ციხის (არაქსის მარჯვენა ნაპირზეა) დასაცავად დანიშნა და იქ მყოფი ჰარამხანაც მასვე ჩააბარა“.

ჯალალედინს მიქარული ჰქონდა მაჰმადიანებთან, ორჯერ დაამარცხეს კიდეც ის რეგიონის მაჰმადიანმა მბრძანებლებმა, მაგრამ, მაინც გაბედა და მისწერა მათ უგუნურმა პოლიტიკოსმა, სთხოვდა, დამეხმარეთ მონღოლებთან ბრძოლაში, ჩემს ლაშქარს დამხმარე ძალები გამოუგზავნეთო. ჯუვეინი წერს: „სულთანი თავრიზს მივიდა და, მიუხედავად იმისა, რომ მართლმორწმუნეთა მბრძანებელსა (ხალიფას) და შამისა (ერაყის) და რუმის (იკონიის, თურქების) სულთნებთან უთანხმოება ჰქონდა, მოციქულები გაუგზავნა და ფადიშაჰის (უგედეი ყაენის) ლაშქრის [მდინარეზე] გადმოსვლა აუწყა, თან შეუთვალა: „თათართა ჯარის მრავალრიცხოვანი ლაშქარი სიმრავლითა და სიძლიერით ჭიანჭველისა და გველების მსგავსი არის. ვერც ციხეები გადაურჩება მათ და ვერც ქალაქები. ამ მხარის ადამიანთა გულებში შიშმა და ძრწოლამ დაისადგურა. მე თუ დავიღუპე, თქვენ მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ. მე თქვენთვის ალექსანდრეს (მაკედონელის) კედლად ვარ აღმართული. ყოველმა თქვენგანმა თითო ალმიანი რაზმი მომაშველოს, რათა ამ შეთანხმებისა და პირის შეკვრის ამბავს რომ შეიტყობენ, კბილები მოეკვეთოთ, ჩვენი ლაშქარი კი გამხნევდეს და ჩვენ გადავწყვიტოთ, რა მოვიმოქმედოთ. და თუ ამ საქმეში უყურადღებობას გამოიჩენთ, თვითონვე ნახავთ, რასაც ნახავთ“.

მაგრამ, ჯალალედინს აღარავინ ენდობოდა, არც ერთი მაჰმადიანი მმართველი მთელ ჩვენს რეგიონში და საერთოდ - სამაჰმადიანოში. არავინ აპირებდა მისი სიტყვების ნდობას, არავის სურდა მასთან საქმე დაეკავებინა. ჯუვეინი კი ჯალალედინისადმი მაჰმადიანი მმართველების უნდობლობას მონღოლთა ჰოროსკოპს, ანუ იღბალს აბრალებს:

„ქვეყნის ფადიშაჰის... ...მძლავრმა ბედმა და სასიკეთო ჰოროსკოპმა წინააღმდეგობა ჩამოაგდო მათ მოლაპარაკებაში და სულთანს იმედი გულგატეხილობითა და სასოწარკვეთილებით შეეცვალა. უცებ ამბავი მოუვიდა, მონღოლთა ლაშქარმა სარაბს მიაღწიაო. სულთანიც სწრაფად ბიშქინის ნაჰიისკენ წავიდა“.

იქ კი ისეთი რამე მოხდა, ჯალალედინს მონღოლებისადმი შიში გაუათკეცა:

„სასახლეში, სადაც მისვლის ღამეს დადგა, სახურავი ჩამოიქცა. სულთანმა ცუდ ნიშნად მიიჩნია და მიხვდა, ეს იმის მომასწავებელი იყო, რომ მისი დიდება ეცემოდა. ხოლო იმედს, რომლითაც ფეხმძიმედ იყო, მუცელი მოსწყდა“.

ჯალალედინი მიხვდა, ცუდად იყო მისი საქმე.

ჯუვეინი განაგრძობს: „ერთი სიტყვით, მეორე დღეს [ჯალალ ად-დინი] მუღანს წავიდა. ხუთი დღის იქ ყოფნის შემდეგ მონღოლთა მადევარი ლაშქარი მოახლოედა, სულთანმა თავისი კარავი აშალა და ერთი დღე ადგილზე დარჩა, მერე ყაბანის მთიანეთს მიაშურა. მონღოლებმა რომ სულთნის ბანაკი ცარიელი ნახეს, მაშინვე სადავეები შეაბრუნეს“.

ჯალალედინის საქმე წასული იყო, ახალი დამპყრობლები, მონღოლები მოიწევდნენ ჩვენი რეგიონისკენ. ქართული სამხედრო უწყება კი უპატრონოდ იყო, ქვეყანას ვაჟკაცი მეფე არ ჰყავდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი