ისტორია

რატომ დაიწყო გაქართველებულ მხარგრძელთა და გასომხებულ ორბელიანთა კონკურენცია და ვინ შეანგრია ბაღდადის ზღუდე

№16

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 26.04

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

თამარ მეფემ და ლაშა-გიორგიმ დევნილი ორბელები საქართველოს სახელმწიფოში დააბრუნეს, რომელთა ერთი შტოც უცხოეთში გასომხებულა, ანუ გრიგორიანობა მიუღიათ და სომხობდნენ. იმ დროს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორი იყო, სარწმუნოების (და ენის) მიხედვით, გრიგორიანები სომხებად მიიჩნეოდნენ, მართლმადიდებლები (და ქართულენოვანნი) – ქართველებად. ლაშამ დევნილობიდან დაბრუნებულ ლიპარიტ ელიგუმის (ელიკუმის) ძე ორბელს სომხური მხარის, სივნიეთის ერისთავობა უბოძა. ლიპარიტს შეეძინა ხუთი ვაჟი: „ელიკუმ, სუმბათი, ივანე, ფახრადულა და ტარსაიჭი“, რომლებმაც შემდეგში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს ისტორიაში.

ოდესღაც უძლიერესი და ბაგრატიონების მერე ყველაზე გავლენიანი საგვარეულოს, ორბელების გასომხებულ შთამომავლებს არ ავიწყდებოდათ წყენა, არ უნდოდათ, თავისი წინაპრების ყოფილი ქვეშევრდომების, ოდესღაც სომხური სარწმუნოების აღმსარებელი, მერე კი მართლმადიდებლებად მონათლული მხარგრძელების ქვეშევრდომობა და ელოდნენ შესაბამის ვითარებას.

ივანე მხარგრძელის ათაბაგობა-სპასალარობის დროს, რუსუდანის მეფობისას, საქართველოს სამეფო მოიშალა და დაეცა. ჯერ ჯალალედინმა დაამარცხა ჩვენი ჯარი გარნისში, ლორეში, ტფილისთან, ბოლნისში. შემდეგში მხარგრძელებმა, როგორც სარდლებმა, ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა მონღოლებს და მომხვდურებმა თითქმის უბრძოლველად დაიკავეს აღმოსავლეთ საქართველო და საქართველოს სომხეთი. მხარგრძელები, შანშე ამირსპასალარი, ავაგ ათაბაგი და საქართველოს სხვა დიდებულები ციხესიმაგრეებს შეეფარნენ.

მონღოლები გამოჩნდნენ თუ არა საქართველოში, რუსუდან მეფემ ისევ ქუთათისს შეაფარა თავი. აღმოსავლეთ საქართველო უპატრონოდ დარჩა.

სომეხთა მიტროპოლიტ სტეფანოს ორბელიანის თქმით, ჩვენს ქვეყანაში პირველად მოვიდნენ მონღოლი სარდლები: „უწინარეს მოვიდნენ ქუეყანასა ამას ჩორმანი, ჩაღატა, ასლან, ასავურ და ყადახანი და აიღეს ქუეყანა“... „ხოლო ამათ შემდგომად მოვიდა ჰულაგუ ხანი, შვილის შვილი დიდისა ჩანგის ხანისა და დანარჩენი პირველთაგანი“.

სტეფანოზ ორბელიანის თქმით, ლიპარიტ ელიგუმის ძე ახალგაზრდა გარდაიცვალა: „მიიღო წყლულება უეცართა ისართაგან მთასა მას, რომელ არს პირისპირ ბოროტნის ციხისა. მოვიდა და დაეცა მონასტერსა მას გოლოშტისასა. მაშინ მოუწოდა ეპისკოპოსსა მას უფალსა სარგისს, ეზიარა და მიიცუალა. და მოიღეს იგი ნორავანს, კარსა მას წმიდისა წინამორბედისასა, დედისა თვისისა თანა“.

მისი უფროსი შვილი ახალგაზრდა იყო, სხვები – მცირეწლოვნები. სტეფანოს ორბელიანი გვიამბობს თავისი ოჯახის შესახებ: „შუენიერი იგი ელიკუმ იყო სიძე გრიგოლ მარწნელისა, რომელი იყო ნათესავი მამიკონიანთი და განაგებდა სამფლობელოსა მამისა თვისისასა“. მამიკონიანები სომეხი (ან გასომხებული) დიდებულების უძველესი საგვარეულო იყო, ჩვენი წმინდა შუშანიკ დედოფლის მოგვარეები.

ერთ-ერთი პირველი, ვინც მონღოლებს ეახლა და დამორჩილდა, იყო ელიგუმ ლიპარიტის ძე. მონღოლებმა დაუფასეს ორბელიანებს და ხელი შეუწყვეს მათ აღზევებას.

1247 წელს მონღოლებმა საქართველოს სამეფო ტახტზე დაამტკიცეს ორივე პრეტენდენტი, დავით რუსუდანის ძე (დავით მეექვსე, ნარინი) და დავით გიორგის (ლაშას) ძე (დავით მეშვიდე, ულუ).

მონღოლებს აუჯანყდა დავით მეექვსე რუსუდანის ძე, ნარინი. იმ დროს ორბელიანების ოჯახს სუმბათ ლიპარიტის ძე მეთაურობდა. ორბელიანები არ მიმხრობიან მეფეს, თუმცა, ამბობენ, მათი ყმები ეხმარებოდნენო (ეს შეიძლება ტაქტიკა იყო). დავით ნარინი დამარცხდა, გადავიდა აფხაზეთში და ქუთათისში გამაგრდა. შემდეგში სომხეთში იფეთქა აჯანყებამ მონღოლთა წინააღმდეგ. არც ამ აჯანყებას მიემხრნენ ორბელიანები.

მონღოლთა დიდი იმპერია, ფაქტობრივად, ოთხ ნაწილად, ოთხ ულუსად, ოთხ საყაენოდ გაიყო. ჩვენს მომიჯნავე ქვეყნებში, ირანში, ავღანეთისა და თურქმენეთის ნაწილში, წინა აზიის აღმოსავლეთში არსებულ მონღოლთა ულუსში გაბატონდა ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი ჰულაგუ (ქართული წყაროთი – ულო), რომელსაც ილხანს (ილ-ყაენს) უწოდებდნენ, რაც სახელმწიფოს ყაენს ნიშნავს. ჰულაგუ იყო მონღოლთა დიდი ყაენების – მანგუს (მუნკე) (დიდი ყაენი 1251–1259 წლებში) და ჰუბილაის (დიდი ყაენი – 1260 წლიდან და ჩინეთის იმპერატორი – 1271 წლიდან 1294 წლამდე) ძმა. ჰულაგუს საბრძანებელს საილხანოს უწოდებდნენ. ჰულაგუს ვასალი გახდა საქართველო. ასევე, იყვნენ ტრაპიზონის იმპერია, რუმის თურქული სასულთნო და სხვა წვრილი სამთავროები.

1258 წელს ჰულაგუმ გამოიძახა ჩვენი ხელმწიფე, დავით ლაშას ძე, თავისი მეომრებით და მონღოლების ჯარი დაიძრა ბაღდადისკენ. გადმოცემით, მონღოლთა ჯარში 150 000 მეომარი იყო (შეიძლება, გადაჭარბებულია). მონღოლთა ჯარში ათასი ჩინელი ინჟინერი ირიცხებოდა, რამდენიმე ათასი – სპარსი და თურქი. ქართულ ჯარში სომხებიც იყვნენ, რადგან, მაშინ სომხეთის დიდი ნაწილი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ანტიოქიელი ჯვაროსანი რაინდებიც შეუერთდნენ ჰულაგუს ჯარს.

ბაღდადში იჯდა აბასიდების დინასტიის წარმომადგენელი – ხალიფა აბუ აჰმად აბდულაჰ ალ-მუსთასიმ ბილაჰი. ხალიფამ მონღოლთა შეთავაზებაზე, დამორჩილებოდა და ხარკი ეკისრა, უარითა და შეურაცხყოფებით უპასუხა.

1258 წლის თებერვლის დასაწყისში სახალიფოს ჯარი მხედართმთავარ ფათჰ ად-დინ იბნ ქერას ხელმძღვანელობით ტიგროსის ნაპირებთან დამარცხდა. ხალიფა, ჯარი და მოქალაქეები ბაღდადში გამაგრდნენ. ბაღდადი უდიდესი და სახელგანთქმული ქალაქი იყო, ცნობილი თავისი ბიბლიოთეკებით, სამეცნიერო სახლით, ბრწყინვალე არქიტექტურით, სიმდიდრით.

ჰულაგუმ სამ ნაწილად გაყო ჯარი და დაიწყეს შეტევა ქალაქზე. შეტევის ერთ-ერთი მხარე ჩვენს ხელმწიფეს ჰქონდა ჩაბარებული. მეორე ნაწილს ელგონ (ელკე) ნოინი ხელმძღვანელობდა, მესამე ნაწილს – თვითონ, ყაენი ჰულაგუ.

სახალიფოს ჯარი ქალაქიდან გამოსვლას აპირებდა, მაგრამ მონღოლების ჩასაფრებულმა ნაწილებმა დიდი ზიანი მიაყენეს არაბებს. თორმეტი დღე მიმდინარეობდა ალყა.

ხალიფამ არაერთგზის სცადა მოლაპარაკება, მაგრამ ახლა მონღოლებმა უთხრეს უარი ზავზე. ალ-მუსტასიმ ბილაჰმა ნავით გაპარვა სცადა, მაგრამ ელგონ ნოინის ნაწილებმა, რომლებიც მდინარე ტიგროსის გადაღმა იდგნენ, უკან შეაბრუნეს, თავის სასახლეში.

გაარღვიეს ზღუდე ჩვენმა წინაპრებმა და ერთ-ერთი პირველები შეიჭრნენ ქალაქში. ჰულაგუმ „დაიპყრა ქალაქი ბაღდადისა, ანუ ბაბილონისა, სადაცა მოკლა ხალიფა“, – წერს სტეფანოს ორბელიანი.

ორბელიანთა ოჯახის წევრები უკვე დაწინაურებული იყვნენ საქართველოს სამეფოსა და ჰულაგუს კარზე და აღარ ემორჩილებოდნენ მხარგრძელებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

15-21 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული