ისტორია

რატომ დაიდო ერეკლე მეორის ინიციატივით ივერიელ მეფე-მთავართა ტრაქტატი

№23

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 17.06

მეფე ერეკლე
დაკოპირებულია

სოლომონ პირველი, რომელსაც ვაჟი გარდაცვლოდა, ერეკლე მეორეს შეჰპირდა, იმერეთის ტახტის მემკვიდრედ დაინიშნებოდა სოლომონის ძმის, არჩილის ვაჟი, დავითი, ერეკლე მეორის ასულის, ელენეს შვილი.

სხვა მიზეზებთან ერთად, დიდი სოლომონის გადაწყვეტილება, ალბათ, განპირობებული იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქართული სამეფოების უფრო მეტად დაახლოების სურვილით. საქართველოში მწიფდებოდა აზრი პოლიტიკური გაერთიანების აუცილებლობის შესახებ.

1784 წელს გარდაიცვალა სოლომონ პირველი. იმერეთში ტახტისათვის ბრძოლა ატყდა. დავით არჩილის ძე 12 წლის, არასრულწლოვანი იყო და პაპის, ერეკლე მეორის კარზე იზრდებოდა. ამით ისარგებლა სოლომონის ბიძაშვილმა, დავით გიორგის ძე ბაგრატიონმა და იმერეთის გავლენიანი თავადებისა და გურიისა და სამეგრელოს მთავრების მხარდაჭერით, თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა, მორჩილება გამოუცხადა რუსეთს და ტახტის შენარჩუნების საქმეში დახმარება სთხოვა. რუსეთის იმპერიისავე დახმარებით ერეკლე მეორესა და დავით მეორეს შორის შეთანხმება მოხდა. დავით მეორემ თავის მემკვიდრედ ერეკლე მეფის შვილიშვილი გამოაცხადა. თუმცა, ტახტის დათმობას არ აპირებდა.

იმერეთის ტახტზე თვალი ეჭირათ სხვებსაც, რომლებსაც თურქეთის დახმარებით იმერეთში გამეფება უნდოდათ.

იმერეთის გავლენიანი თავადები და სასულიერო პირები ეახლნენ ერეკლე მეორეს და იმერეთის სამეფოს ქართლ-კახეთის სამეფოსთან შეერთება შესთავაზეს. მეფემ მოიწვია სამეფო დარბაზი. რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მსჯელობა. დიდებულთა უმრავლესობა გაერთიანების მომხრე იყო. მაგრამ, საბოლოოდ მეფემ, რამდენიმე დასახელებული და რამდენიმე დაუსახელებელი არგუმენტის (თუ მიზეზის) გამო უარი თქვა გაერთიანებაზე.

ერეკლემ და ოდიშის ახალმა მთავარმა, დავით არჩილის ძის ცოლის ძმამ, გრიგოლ დადიანმა, დაამარცხეს დავით მეორე გიორგის ძე და ტახტზე აიყვანეს ახალგაზრდა დავით არჩილის ძე, რომელმაც სამეფო სახელად სოლომონ მეორე აირჩია.

ერეკლე მეორეს ხშირად აკრიტიკებენ, რატომ არ ისარგებლა შემთხვევით და არ შეუერთა ქართლ-კახეთის სამეფოს იმერეთიც, ამით საქართველოს დიდი ნაწილი კვლავ გაერთიანდებოდაო. თუმცა, ერეკლე მეორე სხვა მიმართულებით წავიდა და საქართველოს გაერთიანებისთვის სხვა გზა მოძებნა.

ალბათ, გაითვალისწინა არსებული რეალობა – ყოველ კუთხეს თავისი მთავარი ჰყავდა და გაიმეორა გერმანიის ერთიანობის ვარიანტი. გერმანული სამეფო-სამთავროები გაერთიანებული იყვნენ გერმანიის საღვთო რომის იმპერიაში, ყველა სამთავროს თავისი მბრძანებელი ჰყავდა, რომელთაგან დიდი მთავრები, კურფიურსტები ირჩევდნენ ხოლმე გერმანიის საღვთო რომის იმპერატორს. ეს გერმანულ ქვეყნებს ერთ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცედ ინარჩუნებდა.

დაახლოებით ამგვარი რამ სცადა ერეკლე მეორემ. ქართული ვარიანტით საქართველოს იმპერატორის არჩევა არ მოხდებოდა, თუმცა, თავისთავად ცხადია, ივერიის ქვეყნების გაერთიანებას არაოფიციალურად ერეკლე მეფის ავტორიტეტისა და მისი სამეფოს ყველაზე სიძლიერის გამო ქართლ-კახეთის მეფე ჩაუდგებოდა სათავეში.

1790 წელს, ხელი მოეწერა ქართული სამეფო-სამთავროების შეკავშირების ხელშეკრულებას (ტრაქტატი ივერიელ მეფეთა და მთავართა), რომლის მიხედვითაც დასავლეთის მეფე-მთავრები და ერეკლე მეორე ერთ ხალხად აღიარებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებს. აღიარებდნენ საერთო დედა ენას და საერთო სარწმუნოებას („სისხლით ნათესავნი, ერთმოწმუნენი და ერთისა ენისა მქონებელნი“) და მოკავშირეობას კისრულობდნენ მტრებთან ბრძოლაში. ტრაქტატში ერეკლე მეფე მამობრივ დამოკიდებულებას გამოხატავდა სხვათა მიმართ, რაც მისი უპირველესობის გამოვლინება გახლდათ. ტრაქტატს ხელი მოაწერეს გურიისა და სამეგრელოს მთავრებმა, მეფე ერეკლეს შვილიშვილმა – იმერეთის მეფემ და ერეკლე მეორემ.

აფხაზეთის, დიდი მესხეთისა და ლაზეთის მბრძანებელთა ხელმოწერა არ არის აღნიშნულ ტრაქტატზე, ვინაიდან აფხაზეთი და ტაო-კლარჯეთის მიწები ოსმალეთს ჰქონდა ოკუპირებულ-ანექსირებული.

მანამდე, გეორგიევსკში, ქართლ-კახეთისა და რუსეთის 1783 წლის ტრაქტატში გათვალისწინებული იყო თურქთა მიერ დაკავებულ-ანექსირებული ტერიტორიების საქართველოსთვის, კერძოდ ერეკლესთვის დაბრუნება.

1790 წლის ტრაქტატში მითითებული იყო მონაწილეების რუსეთის მფარველობაში შესვლაც, ერეკლეს დახმარებით. ერეკლე მეფე და მისი მოკავშირე ქართველი მეფე-მთავრები, ასევე ერეკლეს თანაშემწე, სოლომონ ლიონიძე ცდილობდნენ, გამოეყენებინათ რუსული იმპერია ქართული ქვეყნების გადარჩენის, დაპყრობილთა გათავისუფლებისა და საქართველოს გაერთიანების საქმეში (რა იცოდნენ, რომ ვერაგი აღმოჩნდებოდა რუსეთის იმპერია).

ერეკლე მეორე იყო ქართლისა და კახეთის მეფე, რომელშიც შემოდიოდა შემდეგში ბოლშევიკური ანექსიის შედეგად სომხეთისთვის გადაცემული ლორეს მიწა, რუსეთის მიერ ოსებისთვის გადაცემული დვალეთი. აზერბაიჯანისთვის გადაცემული საინგილო და მტკვრის მარჯვენა სანაპირო. ერეკლე მეფეს ემორჩილებოდა რამდენიმე მეზობელი სახანო, ზოგი მათგანი ისტორიულ ქართულ ტერიტორიებს მოიცავდა, სადაც ირანის მიერ ყიზილბაშური მოსახლეობა ძალით იყო ჩასახლებული, ზოგი მეზობლების ტერიტორიებზე მდებარეობდა. გეორგიევსკის ტრაქტატში ერეკლე მეფის ტიტული ასეთი გახლდათ: „მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი (მთელი ტაო-კლარჯეთი, რომლის უდიდესი ნაწილი ახლა თურქეთშია), მთავარი ყაზახისა (ქალაქი და კუთხე დასავლეთ აზერბაიჯანში, ძველი საქართველოს ტერიტორია), მთავარი ბორჩალოსა (ქვემო ქართლში), მთავარი შამშადილისა (ახლა ნაწილი აზერბაიჯანის, ნაწილი სომხეთის ტერიტორიაზეა, ადრე საქართველოს ნაწილი იყო, ყარაიას სამხრეთით, განჯის სახანომდე მდებარეობდა), მთავარი კახისა (ჩვენი ძველი ჰერეთის ნაწილი, ახლა აზერბაიჯანშია), მთავარი შაქისა (ჩვენი ძველი ჰერეთის ქალაქი და კუთხე, ახლა აზერბაიჯანშია), მთავარი შირვანისა (დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილოეთის დიდი ნაწილი), მფლობელი და მბრძანებელი განჯისა (აზერბაიჯანშია) და ერევნისა (სომხეთის დედაქალაქი)“. ერეკლე მეფე ჩამოთვლილ ტერიტორიებიდან მთლიანად აკონტროლებდა ქართლ-კახეთს და სხვები კი დაქვემდებარებაში ჰყავდა, სამცხე-საათაბაგოს გათავისუფლებას და თავისი სამეფოსთვის შემოერთებას აპირებდა, ვინაიდან დიდი მესხეთი ბაგრატიონთა სამემკვიდრო იყო, ჯერ ჯაყელმა ათაბაგებმა მიითვისეს, მერე თურქეთმა დაიპყრო. მესხეთის დაბრუნებაში ერეკლე მეფე რუსეთს სთხოვდა დახმარებას.

ფაქტობრივად, ერეკლე იმპერატორი იყო აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, სოლომონ მეორე 1790 წელს ტრაქტატში „უმაღლესსა მეფეს“ უწოდებდა კიდეც მას. რუსეთიც ცნობდა ქართლ-კახეთის მეფის უფლებას ამ ტერიტორიებზე და მესხეთის დაბრუნებაში დახმარებას ჰპირდებოდა. ამაზე მოაწერინა ერეკლემ ხელი რუსებს.

შემოკლებით ერეკლე მეორის ტიტული ასეთი იყო: მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა.

1790 წლის ტრაქტატში ხაზგასმულია – სხვადასხვა კუთხის ქართველებს ერთმანეთისადმი მავასხელობითი (სავალდებულო) სიყვარული გვმართებს.

აღნიშნული ტრაქტატის საფუძველზე, იასას ხელშეკრულებით, (1792) თურქეთმა უარი თქვა საქართველოს ქვეყნებისადმი პრეტენზიებზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო