ისტორია

რატომ დაჩრდილა თამარ მეფის სახელმა წინამორბედი და შემდგომი მეფეების სახელები ქართულ ფოლკლორში

№18

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 10.05

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

ზოგიერთი ამბობს, დავით აღმაშენებელი არ უყვარდათ, რადგან მასზე ხალხური ლექსები არ არის შემორჩენილიო.

არასწორია. ხალხური ლექსები მეფეების შესახებ ქართულ ფოლკლორში საკმაოდ ცოტაა შემორჩენილი, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში საკუთარ მეფეებზე. ამას უამრავი მიზეზი აქვს.

საერთოდ, მეფეების ან გმირების შესახებ ხალხური ლექსები ფოლკლორის ნაწილია. ფოლკლორი მოიცავს არა მხოლოდ ლექსებს, არამედ, გადმოცემებსაც, ლეგენდებსაც, საინტერესო და საყვარელ პიროვნებებზე. ფოლკლორული ნაწარმოებები (არა მხოლოდ ლექსი) იქმნება ხალხის სიყვარულით, აღტაცებით კონკრეტული გმირისადმი.

ბევრი ლექსი არც ერთ მეფეზე არ არის შემორჩენილი, შედარებით მეტია თამარ მეფეზე და ერეკლე მეორეზე. საერთოდ მეფეებზე გადმოცემები და ლეგენდები უფროა შემორჩენილი. სულ რამდენიმე მეფეზე გვაქვს რამდენიმე ხალხური ლექსი თუ გადმოცემა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი მეფე გვყავდა. შემორჩენილია ლექსები და სხვა ხალხური ნაწარმოებები ვახტანგ გორგასალზე, დავით აღმაშენებელზე, თამარზე და ერეკლე მეორეზე.

ერეკლე მეორეზე ხალხური ლექსების და გადმოცემების შედარებით სიმრავლე ბუნებრივია, რადგან ფაქტობრივად, ბოლო მეფე, ბოლო დიდი მებრძოლი იყო და რაც მთავარია, გაცილებით გვიან ცხოვრობდა – ჩვენს დროსთან შედარებით ახლოს.

ვახტანგ გორგასალზე ერთი ლექსია შემორჩენილი: „ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა...“. სამაგიეროდ, შემორჩენილია ლეგენდა ტფილისის დაარსების შესახებ. ჯუანშერის სახელით ცნობილ ისტორიკოსს ჩაწერილი აქვს მისი საკრალური სიზმარი, რაც, ასევე, გადმოცემა უნდა იყოს...

ხალხური ლექსები არ არის შემორჩენილი ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელ ბაგრატ მესამეზე, მის მამობილზე, დავით მესამე დიდ კურაპალატზე. არ არის შემორჩენილი დიმიტრი თავდადებულზე და სხვა...

ფოლკლორულ ნაწარმოებებს ახასიათებთ დაკარგვა. გარკვეული დროის მერე ბევრი იკარგება ან იცვლება და ახალ სახელებს უკავშირდება. მიზეზი მრავალია: თაობათა ცვლა, ვითარებათა ცვლა, დიდი კატაკლიზმები, უბედურებანი ქვეყნის ცხოვრებაში, ახალი ინტერესები, ახალი გამოწვევები, ახალი, გრანდიოზული პიროვნების გამოჩენა და ათასი სხვა რამ.

საქართველოში მტრების მრავალგზის შემოსევებმა და ქართველი ხალხის გენოციდებმა არა მხოლოდ უამრავი წიგნი შეიწირა, არამედ უამრავი სახალხო მთქმელი, ბარდი, ზეპირმესიტყვეც, რომლებსაც შთამომავლებისთვის უნდა გადაეცათ მათთვის ცნობილი თქმულებები, ლექსები, სიმღერები და სხვა. ამიტომ, მათ ეს, უბრალოდ, ვერ მოახერხეს.

დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ასეული ათასობით ადამიანი მოკლეს ხვარაზმელებმა ჩვენს ქვეყანაში. იმ დროს არა მხოლოდ უამრავი ზეპირმესიტყვე დაიღუპა, არამედ ისეთი დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომ საქართველოში შეიცვალა ბევრი რამ, მათ შორის, ფოლკლორის მიმართულებითაც.

მაგალითად, თამარ მეფის შესახებ გადმოცემებს დაემატა ახალი მიმართულება, პესიმისტური, მტრის შიშით მისი საფლავის გადამალვისა.

ბევრი რამ დაიკარგა თვით თამარზე. როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. საერთოდ, ფოლკლორული ნაწარმოებები ძალიან, ძალიან ბევრია დაკარგული, ვინაიდან მათი ჩაწერა არ ხდებოდა, ან შინაარსი იცვლებოდა, ან სხვა. ამიტომაც ჰქვია ზეპირსიტყვიერება, ამიტომაც მიიჩნევა, რომ მათ მრავალი ავტორი ჰყავდა, რადგან შეიძლება, შეცვლილიყო, გადაკეთებულიყო ან ახალი პოპულარული თემების გამო დაკარგულიყო, დავიწყებას მისცემოდა.

ფოლკლორული ნაწარმოებები თამარ მეფეზე მაინც ყველაზე მეტია შემორჩენილი, ამასთან, ყველაზე აღმატებული.

თამარ მეფე განსაკუთრებული მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ისტორიაში. ზოგ ქვეყანაში კი ქალს არათუ ტახტზე არ აიყვანდა ვინმე, ფაქტობრივად, ადამიანად არც მიიჩნევდნენ. მაშინ, ქრისტიანულ ქვეყნებშიც კი ეს გამორიცხული იყო.

თამარის ტახტზე აყვანამ, მერე მის გვერდით დიდი სარდლის, დავით სოსლანის გამოჩენამ, თამარის სიბრძნემ და რაც მთავარია, დავით აღმაშენებლის მიერ დატოვებული სახელმწიფოს სიძლიერემ სრულიად შეცვალა იმდროინდელ მსოფლიოში წარმოდგენა ქალზე, ზოგადად, და ქალ-მონარქზე.

თუ დავით აღმაშენებელში მისი თანამედროვეები ხედავდნენ წინამძღოლს, წინამბრძოლს, მეფეს და მბრძანებელს, ასევე ჰუმანისტს (დამოკიდებულება ტყვეებთან, გლახაკებთან და სნეულებთან) და სახელმწიფოს, ერის მამას... თამარის სახით ქართველებმა დაინახეს დედა, რომელიც შვილებსავით თავს ევლებოდა მათ. დედა კი ყველაზე საყვარლად და სათუთად მიიჩნევა და მის სახელს უკავშირდება სითბოსა და სიყვარულის ღიად გამოვლენა.

შეიქმნა თამარ მეფის, გულმოწყალე მბრძანებლის პრეცედენტი – მშვენიერი ქალი, დამნაშავეებისაც კი შემწყალე, ხელოვანების დამხმარე, სიკვდილითა და დასახიჩრებით სასჯელის ამკრძალავი მონარქი და ინფორმაცია გავრცელდა მთელ იმდროინდელ მსოფლიოში, არაერთ ქვეყანაში შეიქმნა უამრავი ამბავი, ლექსი, გადმოცემა მის შესახებ.

ქალებისთვის საამაყო, მამაკაცებისთვის აღმატებულად სასიყვარულო და საოცნებო პერსონა გამოჩნდა განვითარებულ შუა საუკუნეებში. კურტუაზული ლიტერატურისთვის საინტერესო, სარაინდო რომანებისთვის სანიმუშო და ლეგენდებისა და ზღაპრებისთვის საჩუქარი იყო სუზერენი ქალის პროტოტიპი.

თამარის ერთ-ერთი ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარი წერდა:

თამარის სიცოცხლეშივე, „ყველას პირზე თამარის სახელი ეკერა: სახლის კედლებზე აკროსტიხით (ლექსი, რომლის სტრიქონთა დასაწყისი ასოები შეადგენს რაიმე სიტყვას ან ფრაზას) მის ხოტბის შესხმას წერდნენ, ბეჭდებს, დანებსა და არგნებს (საბჯენელ ჯოხებს) თამარის საქებარი სიტყვებით ამკობდნენ. ყველას ბაგე მუდამ მზად იყო თამარის სახოტბო სიტყვა აღმოეთქვა. მხვნელთა დამხმარე ბავშვები ხვნისას თამარის საქებარ ლექსებს ამბობდნენ. ერაყში მყოფი მუსიკოსები, ებანზე თუ ჩანგზე დამკვრელნი, თამარის სადიდებლებს ასრულებდნენ. ფრანგი და ბერძენი მეზღვაურები, ზურგის ქარის დროს, თამარს აქებდნენ. მთელი ქვეყანა სავსე იყო მისი ქებით – ყველა ენაზე, სადაც კი ოდესმე მისი სახელი ჰქონდათ გაგონილი, თამარს ადიდებდნენ”... ისტორიკოსის თქმით, კიდით-კიდემდე იყო მისი სახელი ცნობილი.

ამიტომ, ქალი ხელმწიფის, თამარ მეფის სახელმა, ფოლკლორში, შედარებით დაჩრდილა სხვა, არსებული სახელები.

თამარისდროინდელი სახოტბო პოეზიაც მეტია, ვინაიდან სახელმწიფოს მეტი საშუალებები მიეცა კალმის ოსტატთა დასახმარებლად – უსაფრთხო იყო ქვეყანაში ცხოვრება, სალიტერატურო სკოლები მომრავლდა და განვითარდა, ითარგმნა და გათავისდა უცხოური სალიტერატურო მიღწევები და სხვა. ეს კი აღმაშენებლის დროს დაიწყო...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა