ისტორია

რატომ დააქორწინეს ბაგრატ მეოთხე ელენე არგირიუსზე და სადაა პატარა დედოფლისა და მისი დედამთილის გამოსახულება შემონახული

№11

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 28.03

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

1021 წელს, მას მერე, რაც ბიზანტიის კეისარმა, ბასილი ბულგართმმუსვრელმა დაამარცხა საქართველოს მეფე, გიორგი პირველი, მისი მოკავშირე და სიმამრი, მარიამ დედოფლის მამა, ვასპურაკანის მეფე, სენექერიმ არწრუნი აიძულა, დაეთმო ვასპურაკანის მეფობა და თავისი სამეფო ეჩუქებინა ბიზანტიისთვის. ვასპურაკანის პატარა სამეფო მდებარეობდა ვანის ტბის სანაპიროზე (დღევანდელ თურქეთში). ასე დასაჯა ბიზანტიამ სომეხი სენექერიმი გიორგი ქართველის მოკავშირეობისთვის.

სამეფოს წართმევის მერე სენექერიმს სამართავად გადასცეს ქალაქი სებასტია. ვაპურაკანის სამეფო შეიერთა ბიზანტიამ. ბიზანტიას დაგეგმილი ჰქონდა სომხური სამეფო-სამთავროების გაუქმება და სომხური ტერიტორიების შეერთება. ბიზანტია ცდილობდა ქართული სამეფოების დამორჩილებასაც.

ჩვენი ხელმწიფე, გიორგი პირველი, უპირველესად, მეფე იყო, მისთვის უმთავრესი იყო სახელწიფოს ინტერესი. ამიტომ, ახალი მოკავშირის მოძებნის მიზნით, ცოლს გასცილდა და იქორწინა ოსთა მეფის ასულ ალდეზე, რათა ოვსთა სამხედრო ძალა გამოეყენებინა, ოკუპანტებთან ბრძოლაში.

ამგვარად, მარიამ დედოფალი ძალიან გულნატკენი იყო. ხშირად ასე ემართებოდათ მეფის ასულებს, ისინი უბრალო ფიგურები იყვნენ პოლიტიკურ ჭადრაკში – ბიზანტიელებმა მისი მამის სამეფო, მისი სამშობლოს სამთავრო გააუქმეს. ქმარი დაკარგა, დაკარგა დედოფლობა. მის ცხოვრებას ერთი აზრიღა ჰქონდა, ვაჟის, მეფის ინტერესების დაცვა, დედისა და დედა-დედოფლის მოვალეობის პირნათლად შესრულება.

გიორგი მეფის გარდაცვალების მერე, მარიამ დედოფალს ქვეყნის მართვაში დიდი როლი ჰქონდა. იყო ძალიან ნიჭიერი დიპლომატი და რა თქმა უნდა, ძალიან მორწმუნეც, შემდეგში მონაზვნადაც აღიკვეცა. ცხადია, გათხოვების წინ მიღებული ჰქონდა მართლმადიდებლობა. ქართველი მეფეები სხვა სარწმუნოების ქალებს ცოლად ვერ მოიყვანდნენ, აკრძალული ჰქონდათ. იყო საშიშროება, რომ მისი ვაჟის მცირეწლოვნობის გამო ბიზანტია შეეცდებოდა ქართველთა და აფხაზთა სამეფოს გაუქმებასა და ბიზანტიასთან მიერთებას, რაც ძალიან სახიფათო იქნებოდა მისი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, რომლის ერთგული დედოფალიც იყო წლების განმავლობაში და მისი ვაჟისთვის, ბაგრატ მეფისთვის.

1030 წელს დედა-დედოფალი მარიამი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა დიპლომატიური მისიით – საქართველოსა და ბიზანტიას შორის ურთიერთობების დასალაგებლად. მისი ვაჟი ჯერ მცირეწლოვანი იყო, 10 ან 12 წლის.

ძალიან რთული იქნებოდა მშობლიური სომხეთის, მეფე-მამის მჩაგვრელებისა და საქართველოს დამმარცხებლების ნახვა და მათთან დიპლომატიურობა, მაგრამ, მეტი რა გზა ჰქონდა დედა-დედოფალს.

დედოფლის მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ბაგრატ მეფეს მიანიჭეს კურაპალატის წოდება და ბიზანტიის კეისარმა, რომანოზ არგირიუსმა (არგირმა) საცოლედ გამოუგზავნა თავისი ძმის, ბასილის (ვასილის) ასული, ელენე.

ელენე მცირეწლოვანი იყო, ალბათ, ბაგრატ მეფის ტოლი. ასეთ ასაკში ათხოვებდნენ მაშინ პრინცესებსა და მეფის ასულებს, 12-13 წლიდან, თუმცა, ცოლქმრულ ცხოვრებას ცოტა მოგვიანებით იწყებდნენ, მანამდე დედამთილის მეთვალყურეობით განაგრძობდნენ განსწავლას და ეჩვეოდნენ ახალ გარემოს. სამეფო სახლის ასულებს, ძირითადად, უცხოეთში უწევდათ გათხოვება.

ადრე, ძმები არგირები (არგირიუსები), მომავალი იმპერატორი რომანოზ მესამე და მისი ძმა ბასილი, ბიზანტიელი დიდებულები, იმპერატორის სამსახურში იდგნენ. რომანოზი კონსტანტინოპოლის ოლქის მმართველი, ეპარქი და სენატორი სამეფო კარის სათათბირო ორგანოს წევრი იყო. ელენეს მამა ატარებდა მაგისტრის წოდებას.

1928 წელს ბასილი ბულგართმმუსვრელის ძმამ, იმპერატორმა კონსტანტინე მერვემ, სიკვდილის წინ თავისი ერთ-ერთი ქალიშვილი, უკვე ასაკოვანი, 50 წლის ზოია ცოლად მიათხოვა 60 წელს მიწევნულ რომანოზ არგირიუსს, რათა იმპერია არ დარჩენილიყო იმპერატორის გარეშე. კონსტანტინე კეისარს მხოლოდ სამი ქალიშვილი ჰყავდა, სამივე გაუთხოვარი, ხოლო ქალის ასვლა ტახტზე აკრძალული იყო. წინასწარ რომანოზის ცოლი მონაზვნად აღიკვეცა. ზოიასა და რომანოზის დაქორწინების მერე რომანოზი ბიზანტიის იმპერატორად გამოცხადდა.

ბასილი არგირიუსი იყო პირველი, ვინც მართავდა ვასპურაკანს, რაც ის სომხებს, სენექერიმ არწრუნს წაართვეს. შემდეგში ის გადაიყვანეს თრაკიის სტრატეგად (მმართველად) და ჰქონდა პატრიკიოსის საპატიო ტიტული. ბასილის ვაჟებს ჰქონდათ არქონტის ტიტული და მსახურობდნენ ანატოლიის თემში. ბასილის ერთ-ერთი ასული, რომლის სახელი უცნობია, ცოლად გაჰყვა სარდალ კონსტანტინე დიოგენს, მათ შეეძინათ ვაჟი, მომავალი იმპერატორი რომანოზ მეოთხე დიოგენი.

ასეთი სახლეულიდან იყო წარმოშობით ელენე, მცირეწლოვანი ბაგრატ მეოთხის მცირეწლოვანი ცოლი.

საქართველოს სადედოფლო ბიზანტიის იმპერატორმა დიდი ამალითა და მაყრიონით გამოაგზავნა. მრავალრიცხოვანი მსახურები ახლდა: მოძღვარი, მგალობლები, მხატვრები, ხელოსნები, სეფექალები, მსახურები, დაცვა და სხვები. ერთ-ერთი გადმოცემით, თავადი გარსევანიშვილები შესაძლოა, ელენე დედოფლის მგალობლის შთამომავლები იყვნენ.

გამოატანეს ძალიან მდიდრული მზითვი, სულიერო და კულტურული განძი: ქრისტეს ლურსმანი, ოქონის სახელით ცნობილი უძვირფასესი ხატი და უამრავი ძვირფასეულობა.

ბაგრატსა და ელენეს პომპეზურად გადაუხადეს ქორწილი ბანაში. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქართველებმა, რომ ტაო-კლარჯეთი საქართველოა და არა ბიზანტია. დიდებული ქორწილის ამსახველი დიდებული ფრესკა მალე ოშკის დიდებულ ტაძარში გამოისახა. ფრესკის ნაწილი დღესაც შემორჩენილია. ქორწილის დროს, ალბათ, გახშირებულად უცემდათ გული სამეფო ოჯახების მცირეწლოვან წარმომადგენლებს, ბავშვებს – მეფე ბაგრატსა და დედოფალ ელენეს, ნერვიულობისა და ალბათ, პირველი სიყვარულისგან.

იმ პერიოდში ჰყვაოდა ბიზანტიური და ქართული კულტურა. ბიზანტიისა და საქართველოს სამოკავშირეო-სამეგობრო ხელშეკრულება, გარდა მატიანეებისა, აისახა ხელოვნებაშიც. შეუქმნიათ ხახულის დიდებული კარედი ხატის ნაწილები, სადაც, სხვასთან ერთად ტიხრული მინანქით გამოსახულია იმ დროისა და შემდეგდროინდელი გამოსახულებები ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობების შესახებ. რამდენიმე მინანქაზრე არის გამოსახული დედოფლები, ძვირფასი სადედოფლო სამოსით და სხვა, შემდეგდროინდელი მინანქრები. 1030 წლების ამბავი გამოსახულია რამდენიმე მინანქარზე. 1030 წლების მინანქრები ქართველი ოსტატების დამზადებული უნდა იყოს. ერთ-ერთზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც ლოცავს ორ დედოფალს, ერთი მაღალია, მეორე პატარა.

შალვა ამირანაშვილმა გენიალურად დაასკვნა. რომ ეს პატარა დედოფალი უნდა იყოს ელენე არგირიუსი, საქართველოს მცირეწლოვანი დედოფალი.

სამწუხაროდ, პატარა ელენე დედოფალი მალე გარდაიცვალა ქუთათისში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა