ისტორია

რატომ არ მიიჩნევდა თანამედროვე სომეხი გადამწერი რუსუდანს ნამდვილ მეფედ

№4

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 04.02, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

შემოკლებული ვარიანტი👇

ლაშა-გიორგის ანდერძის მიხედვით, ტახტზე უნდა ასულიყო რუსუდანი, ემეფა, სანამ გაიზრდებოდა დავით ლაშას ძე და მერე მისთვის უნდა დაეთმო ტახტი.

ზოგიერთ ისტორიკოსს ლაშას ანდერძის ნამდვილობა საეჭვოდ მიაჩნია და ლაშა-გიორგის ვაჟის, დავით მეშვიდის მომხრეების მიერ შემდეგში შეთხზულად თვლის.

ცნობილ არმენოლოგს, ალექსანდრე აბდალაძეს თავის წერილში: „ლაშა გიორგის მემკვიდრის საკითხისათვის“ გამოქვეყნებული აქვს ერთი საინტერესო ცნობა:

„მოვიტანთ 1232 წ. გადაწერილი ერთი სომხური სახარების ანდერძ–მინაწერის ცნობას, რომელშიც, ჩვენი აზრით, რუსუდანი მეფედ არაა მიჩნეული: „…დაიწერა ეს [სახარება] სომეხთა წელთაღრიცხვის, „ოძა“-ს (1232 წ.) კაიენის მხარეში, სახელგანთქმულ გეტიკის წმინდა მონასტერში, წმინდა ღვთისმშობლის და წმინდა გრიგორ განმანათლებლის შეწევნით, ცოდვილი სტეფანოსის ხელით, ერისთავთ–ერისთავის ათაბაგ ივანესა და მისი ძის ავაგის მთავრობის ჟამს და რადგან ქართველებს მეფე არ ჰყავდათ, მეფის მაგივრობას თამარის ასული ასრულებდა“…

სომხური სიტყვების მიმოხილვისა და მაგალითების მოყვანის შემდეგ ა. აბდალაძე წერს: „ყოველივე ზემოთქმულის გამო ვასკვნით, რომ ანდერძ-მინაწერის ავტორი სტეფანოსი რუსუდანს მეფედ არ თვლის. იგი მას მეფის შემცვლელად მიაჩნია. ამრიგად, აზრი რუსუდანის მეფობის უკანონობის შესახებ წარმოქმნილი ჩანს უკვე 1232 წლისათვის და არა 1246-1247 წლის შემდგომ. საზოგადოდ, გიორგი მეოთხის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტის მემკვიდრის საკითხი, არსებული მასალების საფუძველზე ჩვენ ასე წარმოგვიდგება: ლაშა გიორგის მეფობის ჟამს და შემდგომაც საქართველოს წარჩინებულთა შორის არსებობდა ორი, ერთმანეთისადმი დაპირისპირებული დაჯგუფება. ერთ მათგანში ძირითადად იყვნენ მეფის თანამოაზრენი, „თანამოასაკენი“, ხოლო მეორეში მის დროს შევიწროებული, თამარის ჟამინდელი დიდებულები. მეორე დაჯგუფების მეთაური ივანე ათაბაგი ჩანს. ლაშას დროს შევიწროებულმა ივანე ათაბაგმა არნახული გავლენა მოიპოვა სახელმწიფოში რუსუდანის მეფობის პირველსავე წლებში; როგორც ჩანს, მას დიდი წვლილი მიუძღოდა რუსუდანის გამეფებაში. ამის გამო, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლაშას თანამოაზრეთა დაჯგუფება წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო რუსუდანის გამეფებისა, მიუხედავად იმისა, მართლაც დატოვა თუ არა ლაშამ ჟამთააღმწერელთან შემონახული ანდერძი. ეტყობა, რუსუდანის მომხრეთა წრეებმა თავისი გაიტანეს, ტახტის ერთადერთ, კანონიერ მემკვიდრედ რუსუდანი და მისი შთამომავლობა გამოაცხადეს. ეს ვითარება უნდა იყოს ასახული ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანესთან. როდესაც მემატიანე წერს, მაშინ ქვეყნის საგარეო მდგომარეობა უკვე რამდენადმე აწეწილია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, სამეფო ტახტზე მეფის უკანონო შვილის აყვანის მოთხოვნა ისტორიკოსს დიდ მკრეხელობად მოეჩვენებოდა. შემდგომ, ეტყობა, საპირისპირო დაჯგუფება გაძლიერებულა, როგორც ჩანს, რუსუდანის მმართველობის დროს სამეფოს მთელი რიგი წარუმატებლობის გამოც; ეს გარემოება გამოიწვევდა ამ დაჯგუფების შეხედულებათა, კერძოდ, ტახტის მემკვიდრის საკითხის შესახებ, ფართოდ გავრცელებას და ამის გამო არ უნდა თვლიდეს 1232 წ. ანდერძ-მინაწერის ავტორი რუსუდანს მეფედ“.

ჩვენი აზრით, თუ ლაშა მოულოდნელად არ გარდაიცვლებოდა, სწრაფი სიკვდილით, ყველა ვარიანტში დატოვებდა ანდერძს და ყველა ვარიანტში თავის მემკვიდრედ გამოაცხადებდა საკუთარ ვაჟს. დას გამოაცხადებდა დროებით მეფედ, რეგენტად. მით უმეტეს, რომ მისი დედმამიშვილი იყო ქალი. მართალია, დედამისიც ქალი იყო და გაამეფეს, მაგრამ, მხოლოდ იმიტომ, რომ დინასტიას ვაჟი აღარ ჰყავდა დემნა უფლისწულის სიკვდილით დასჯის შემდგომ, ხოლო ქალის ტახტზე ასვლა მაინც ჩვეულებრივ მოვლენად არ ქცეულა, რასაც შემდეგი საუკუნეები გვიჩვენებს.

საერთოდ, ყოველ მეფეს ჰყავდა ხოლმე თავისი მომხრეები და მოწინააღმდგეები. ლაშა-გიორგი თავისებური ხასიათის მეფე გახლდათ, ხშირ შემთხვევაში უთმობდა ხოლმე დიდებულებს, თუ რაიმე შეცდომა მოუვიდოდა (განჯის ალყა), მაგრამ ცდილობდა, ძალიან აღზევებული დიდებულების გავლენა შეემცირებინა სამეფო კარზე და ამ მიზნით დაიახლოვა ახალგაზრდა, თავისი ასაკის ადამიანები, მისი მხარდამჭერები, „თანამოჰასაკენი“. ლაშას უნდოდა დიდებულების გავლენის შესუსტება. რუსუდანისთვის კი მთავარი იყო ემეფა მას და მერე მის შვილს.

ჩვენი აზრით, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, როცა ლაშა უკვე გარდაცვლილი იყო, შეიძლება მართლაც, ტენდენციურად წერდეს, რუსუდანის დავალებით (დაახლოებით ამას ამბობს ა. აბდალაძეც). ლაშა-გიორგის მემატიანე წერს ლაშაზე: „და არა დარჩა ცოლსა თანა გჳრგჳნისა შვილი“. მაშასადამე, ქორწინებიდან არ ჰყავდა შვილიო, ანუ, გულისხმობს, ლაშას შვილი უკანონოდ შობილიაო და ამბობს, ჩვენ გვყავს კანონიერი „მეფე ჩუენი ღმრთივ-გჳრგჳნოსანი რუსუდან, და ყავნ ნაყოფი მისი ჩუენდა სალხინებელად თესლითი-თესლადმდე“, ანუ, მისი შთამომავლობა იქნება კანონიერი მემკვიდრეები ტახტისაო.

ამ ვარაუდის გამოთქმის უფლებას გვაძლევს შემდეგი გარემოება: კორნელი კეკელიძე გვამცნობს, რომ იოანე ბატონიშვილი, თავის ნაშრომში, „ისტორია ქართლისა“ („კალმასობის“ ნაწილია და არ არის გამოცემული), სხვა, ძველი მატიანეებიდან ამოღებულ ცნობებს გვაწვდის, რომლის მიხედვით, ლაშა-გიორგის ჭერემობის დღესასწაულზე უნახავს ვიღაც ახაშენელი ქალწული – სუსანა, მიწობელიძეების გვარიდან, რომელიც დანიშნული იყო (მაგრამ არ იყო გათხოვილი) ვიღაც ველისციხელზე, ძალიან მოსწონებია, წაუყვანია და მასზე ჯვარი დაუწერია.

იოანე ბატონიშვილი წერს: „კვალად ამტკიცებს სჯულიერსა ქორწინებასა მეფისასა კათალიკოზი ევთვიმი, აგრეთვე მოძღუარი მეფისა გიორგი ხარჭოშელი, აგრეთვე „დავით-საულიანშიაც“ მოიხსენებს ლაშას სჯულიერსა ცოლსა. აგრეთვე კათალიკოზი ანტონი იტყვის თვისსა „წყობილ-სიტყუასა“ შინა“. იოანე ბაგრატიონის ცნობით, ეფთვიმი კათალიკოსი ამას ადასტურებს თხზულებაში – „წყობილ-ლექსობა“, რომელიც ახლა დაკარგულია. დაკარგულია გიორგი ხარჭოშნელის „დავით-საულიანიც“.

თუ ეს ცნობები მართალია და ლაშამ დაიწერა ჯვარი, მაშინ ლაშა-გიორგის მემატიანის სიტყვები შეიძლება, ასეც გავიგოთ – რომ მეფეს მორგანატული (არათანაბარი, მეფეებისთვის აკრძალული) ქორწინებიდან შეეძინა შვილი და ამიტომ არ არის კანონიერიო. დიდი საქართველოს მეფეები ქვეშევრდომებზე – ერისთავების, დიდებულების და დიდაზნაურების (თავადების), აზნაურებისა და გლეხების ასულებზე არ ქორწინდებოდნენ, მხოლოდ სხვა სამეფო-სამთავრო სახლებიდან მოჰყავდათ ცოლები. სახელმწიფოს დაკნინებისა და მეზობლად ქრისტიანული სახელმწიფოების მოსპობის შემდეგ ეს წესი მოიშალა.

მოკლედ, სახარების სომეხი გადამწერის, სტეფანოსის სიტყვებით, ქართველებს 1232 წელს არ გვყოლია მეფე, მეფის მოვალეობას ასრულებდა გარდაცვლილი ლაშა-გიორგის და – რუსუდანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა