ისტორია

რატომ არ გაუშვა ბასილი ბულგართმმუსვრელმა ქართველი ბერები „სპანიის ქართველთა“ ქვეყანაში

№22

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 07.06

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

961 წლიდან იმიერტაოს ხელმწიფე იყო დავით მესამე ბაგრატიონი. მისი ერთ-ერთი სარდალი, ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი განუდგა ამქვეყნიურ ცხოვრებას, ცოლ-შვილი ჩააბარა სიმამრს და ცოლის ძმებს, ოთხთა ეკლესიაში ბერად შედგა და ეწოდა სახელად იოანე. შემდეგ ულუმბოს მთაზე გაემგზავრა. არ გაუმხელია თავისი ვინაობა და თავმდაბლად უვლიდა ჯორებს.

ბიზანტიელებმა დავით მეფეს გადასცეს გარკვეული ტერიტორიები, სანაცვლოდ, მძევლად მოითხოვეს დიდაზნაურთა შვილები. მძევალთა შორის მოხვდა მამა იოანეს უმცროსი ვაჟი, მცირეწლოვანი ექვთიმე (ეფთვიმე). ქართველ დიდებულთა შვილების მძევლად წაყვანით, ბიზანტია ცდილობდა, შეეკავებინა ქართული სახელმწიფოს ამბიციები.

შვილის მძევლობის ამბავი შეიტყო მამა იოანემ და მის დასახსნელად კონსტანტინოპოლში წავიდა. კეისრის კარზე პატივით მიიღეს ქართველთა მეფის ყოფილი თანამებრძოლი. იოანე ქართველმა (იბერმა) საყვედური უთხრა არა მხოლოდ სიმამრსა და ცოლის ძმებს, თვით იმპერატორსაც. სხვა გზა არ ჰქონდა ბიზანტიის იმპერატორს და მამას დაუბრუნეს მცირეწლოვანი შვილი.

შემდეგში მამა იოანემ ულუმბო დატოვა და შვილთან ერთად ათონის მთაზე გადავიდა, დედით ქართველის (ლაზის), ათანასე დიდის ლავრაში. მალე ქართველების რიცხვმა იმატა ათონზე და გადაწყვიტეს საკუთარი მონასტერი აეშენებინათ.

ძალიან განათლებული იოანე ათონელი განსაკუთრებულად ზრდიდა საკუთარ ვაჟს – ბავშვობიდანვე დაავალა ქართული სასულიერო ლიტერატურის გამდიდრებისთვის მიეძღვნა თავი. ჯერ ქართული ასწავლა კარგად, მერე ბერძნული.

დავით კურაპალატის კარზე მსახურობდა მამა იოანეს ძმაც, სარდალი თორნიკე. გამოჩენილმა მხედართმთავარმა თორნიკემაც მიატოვა ყველაფერი, გაემგზავრა ათონზე და ბერად აღიკვეცა. 976 წელს იოანე თორნიკყოფილი, დავით კურაპალატის 12 000 ჯარით, დაეხმარა ბიზანტიის იმპერატორებს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ომში. ბრძოლის ნადავლის ნაწილი მეომრებს გაუნაწილეს, ნაწილი კი იოანე-თორნიკეს გადასცეს. ქართველებმა იმ თანხით ათონზე მონასტრის მშენებლობა წამოიწყეს.

იოანე თორნიკყოფილის გარდაცვალების შემდეგ მამა იოანემ გადაწყვიტა, თავის შვილთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ათონიდან ესპანეთში წასულიყო, რადგან სმენოდა, რომ იქ ქართველების მონათესავე, არც თუ მცირერიცხოვანი ხალხი ცხოვრობსო.

ძველი დროიდან ცნობილი იყო, რომ არსებობდა ორი იბერია, ერთი –კავკასიაში და მეორე – ესპანეთში, პირინეებში. ამ თეორიის შედეგად ახალ დროში ბასკურ-ქართული ნათესაობის თეორია იშვა. მკვლევრები ბევრ პარალელს პოულობენ, არსებობს მსგავსი გვარები და სხვა, თუმცა, როგორც ამბობენ, ჯერჯერობით დნმ კვლევრებმა ეს თეორია ვერ დაადასტურა.

ძველ ქართულ ტექსტებში იბერიის ნაცვლად უფრო ქართლი ან საქართველო გვხვდება, იბერის მაგიერ კი ქართველი. ამიტომ, ტექსტში წერია სპანიის ქართველნი და არა იბერნი.

მამა იოანეს უნდოდა თავის თვალით ენახა ესპანეთის იბერები, ანუ ჩვენი მონათესავეები. იგი დიდი პატრიოტი იყო, ჯერ ერისკაცობის დროს ღირსეულად ემსახურა სამშობლოს, ბერობაშიც სამშობლოს ინტერესებს ემსახურებოდა, შვილიც სპეციალურად მწერლად და მთარგმნელად გაზარდა, რათა საქართველოს გამოდგომოდა. ვინ იცის, იქნებ დიდი გეგმებიც ჰქონდა მამა იოანეს, იქნებ ახალი მოკავშირეების მოძიებასაც შეეცდებოდა „სპანიის ქართველების“ სახით. კულტურულ კავშირებსაც გააბამდა.

შვილთან, ეფთვიმესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად გაემგზავრა საპორტო ციხე-ქალაქ ავიდოსში, რომელიც ზღვის პირას მდებარეობდა, დარდანელის სრუტეში. იქიდან მიცურავდა გემები დასავლეთისკენ. ავედოსიდან აპირებდა მამა იოანე გემით გამგზავრებას ესპანეთისკენ. ავიდოსის თემს მეთაურობდა იმპერატორის სპეციალური მოხელე, სტრატიგი, რომელიც იცავდა კონსტანტინოპოლს დარდანელის სრუტის მხრიდან, აკონტროლებდა კონსტანტინოპოლისკენ მომავალ გემებს და მათგან ბაჟს იღებდა. ბასილი იმპერატორი, რომელიც ტახტის დაკარგვას გადაარჩინა თორნიკ-ყოფილმა, წამოზრდილიყო და ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობდა.

მთელ ბიზანტიაში იცნობდნენ მამა იოანეს. ავიდოსის სტრატიგიც იცნობდა ჩვენი ეკლესიის სიამაყეს და პირადად მოუნახულებია. ეტყობა, დაზვერვა კარგად მუშაობდა ბიზანტიაში და ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ, ვინ მიემგზავრებოდა, ვინ მოდიოდა. დიდხანს სთხოვდა სტრატიგი ნუ წახვალ, მამაო, ჩვენი ქვეყნიდანო. როცა ნახა, ნეტარ იოანეს მყარად ჰქონდა გამგზავრება გადაწყვეტილი, უკანასკნელი არგუმენტი უთხრა:

„წმინდა მამაო, ხომ იცი, როგორ უყვარხარ შენ ჩვენს მეფეებს. რომ გაგიშვა, გამიწყრებიან და მკაცრად დამსჯიან. მივწერ მეფეებს და დაველოდები მათ პასუხს, როგორც მიბრძანებენ, ისე მოვიქცევი.“

კონსტანტინოპოლიდან ბრძანება მოუვიდა სტრატიგს, ნეტარი მამა დედაქალაქში ჩამოგვიყვანეო.

როცა წმიდა იოანე სასახლეში მივიდა, ბასილი კეისარმა და მისმა ძმამ, თანაკეისარმა კონსტანტინემ სიყვარულით საყვედური უთხრეს ქართველთა ყოფილ სარდალს:

„წმინდა მამაო, ჩვენ დიდი სიყვარული გვაქვს თქვენი, რატომ მიბრძანდებით ჩვენი ქვეყნიდან, სადღაც, უცხო ქვეყანაში?“

ნეტარმა იოანემ მიუგო:

„ღვთისმსახურო და თვითმპყრობელო მეფენო! გლახაკი ერისკაცი ვიყავი, ცოდვილი, ვისურვე უცხოებაში წასვლა და სულის ცხონებაზე ზრუნვა. გლახაკი ცხოვრებით ვცხოვრობდი ათონზე, არ ვიცი, როგორ მოხდა, მოვიდა თორნიკე და მას მოჰყვა ბევრი ადამიანი, და საერო ცხოვრებიდან მოტანილ შფოთსა და შუღლში ჩავვარდით. მნებავს ამას გავერიდო, ჩემი სულისათვის ზრუნვას შევუდგე“.

ბიზანტიის მეფეებმა კარგა ხანს სასახლეში დაიტოვეს მამა იოანე, ეფთვიმესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად. რა თქმა უნდა, ისეთ გაქნილ პოლიტოკოსებს, როგორადაც ქცეულიყვნენ ბასილი და კონსტანტინე, არ ესიამოვნებოდათ მამა იოანეს გეგმები. რასაკვირველია, პოლიტიკურად იეჭვიანებდნენ კიდეც. ისინი საქართველოს სამეფოებს უყურებდნენ, როგორც მეტოქეებს აღმოსავლეთში, მეტიც, მათი გაუქმებაც ჰქონდათ ჩაფიქრებული და ბიზანტიისთვის შეერთება. ყოველი ქართველიც მეტოქედ მიაჩნდათ, ამიტომ, ძველი მეომრისა და ყოფილი პოლიტიკოსის ესპანეთში წასვლა მათთვის არ იყო სასურველი. დიდხანს ეხვეწებოდნენ და არწმუნებდნენ, კვლავ ათონზე გამგზავრებულიყო.

არ გაუშვეს ბასილი ბულგართმმუსვრელმა და კონსტანტინემ მამა იოანე ესპანეთის იბერიაში. რაღა უნდა ექნა ბერს. იმპერატორებმა დიდძალი საჩუქრები უბოძეს და პატივით გაამგზავრეს კვლავ ათონის მთაზე. მოხუცი იყო ჩვენი ეკლესიის წმინდანი უკვე. დაბრუნდა ივერთა მონასტერში და მალე დასნეულდა კიდეც ნიკრისის ქარით (ნიკრისის ქარი, სახსრებისა და ქსოვილების დაავადება).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული