ისტორია

რატომ აინტერესებდა ვახტანგ გორგასალს ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთში გადმოსასვლელი კარიბჭეები

№47

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 02.12, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ჯუანშერის (თუ ჯუანშერის სახელით ცნობილი მემატიანის) თხზულების, „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ მიხედვით, თხუთმეტი წლის ვახტანგ პირველმა, ქართლის ჭაბუკმა მეფემ, მოაგვარა ირანის შაჰთან საქმე და შაჰის ქვეშევრდომების სამხედრო რესურსი იახლა ჩრდილოეთ კავკასიაში სალაშქროდ, ჩრდილო კავკასიის ველებზე მცხოვრები ოვსებისა და სხვა მომთაბარე ტომების წინააღმდეგ, რომლებიც გადმოდიოდნენ სამხრეთში და არბევდნენ არა მარტო ქართლს, არამედ ირანს და ირანის გავლენის ქვეშ მყოფ სხვა ტერიტორიებს. ქართველი მეფის უმცროსი და იმ დროს ოსებს ჰყავდათ ტყვეობაში, ასევე, უამრავი ქართველი და ალბანელი. ვახტანგ მეფის მიზანი იყო საკუთარი დისა და ქართველთა გამოხსნა ოვსთა ტყვეობიდან და საკუთარი გავლენის გავრცელება ჩრდილოეთ კავკასიაში, კავკასიის გადმოსასვლელების ხელში ჩაგდება. თუ ჩაიკეტებოდა აღნიშნული გადმოსასვლელები, ეს ხელსაყრელი იყო ირანისთვისაც. ასევე, ჩვენს ხელმწიფეს ბიზანტიელთა განდევნა და დასავლეთ საქართველოშიც ქართული პოლიტიკის აღდგენა სურდა.

მდინარე თერგის პირას სასტიკ ბრძოლაში ვახტანგ მეფის ჯარმა დაამარცხა ოვსთა და მათი მოკავშირეების ჯარი.

ქართველთა მეფის ჯარი გამოედევნა გაქცეულებს, მტრის დიდი ნაწილი მოსრა, ბევრი კი დაატყვევა, რათა წლების წინ მოტაცებულ ქართველ ტყვეებში გადაეცვალა, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო ძველ დროში.

მერე სამი დღე დაასვენა გორგასალმა თავისი ჯარი. ღმერთს ადიდებდნენ გამარჯვებისთვის. შემდეგ რაზმებად დაიყვნენ, შეიჭრნენ მტრის ტერიტორიაზე და დაიწყეს ოვსეთის რბევა. შემუსრეს მათი დაბები. ოვსების გარდა, დაიმორჩილეს სხვა მომთაბარე ტომები. ვახტანგ გორგასალმა რამდენიმე ციხე ააშენებინა და განაახლებინა ვიწრო ხეობაში – დარიალი, ალანთა კარი (დარიალანი) რომ ეწოდება. ისე, არაგვის კარი ერქვა, ასევე დარიელა, მთის ძველი პანთეონის ღმერთის (დარია, დარი) სახელი (ბეჟან აბაშიძე), მერე კი ალანებს მიაწერეს. დარიალის ციხეებში მეფე ვახტანგმა ქართველი მთიელები დააყენა. იმ დღიდან, კვლავ, იბერიის მეფის თანხმობის გარეშე, არავის შეეძლო გადმოელახა კავკასია ამ უღელტეხილიდან. იმ დროს სულ სამი გზით შეიძლებოდა ჩრდილო კავკასიიდან ჯარის გადმოსვლა, ერთი აფხაზეთის სანაპირო იყო (სადაც ძველ ლაზიკასთან (შემდეგდროინდელ ნიკოფსიასთან) იყო სასაზღვრო გამშვები ციხე-ქალაქი, მეორე დარიელას ხეობაში. მესამე კი ციხე-ქალაქ დარუბანდზე (დერბენტზე) გადიოდა, სადაც კავკასიის ქედის წვერი კასპიის (დარუბანდის) ზღვას უახლოვდება. დერბენტის გადმოსასვლელი საქართველოს არ უკავშირდებოდა და გზაზე სამხრეთით, სპარსეთის შაჰის ვასალების სამფლობელოები გახლდათ.

აიღეს დიდი ალაფი. გადავიდნენ ოსების მოსაზღვრედ მომთაბერე ტომთა სამფლობელოში, მდინარე თერგის განშტოებათა ხეობებში და ველებზე და მის ჩრდილოეთით, დიდ ტერტორიაზე. მაშინ ჯიქებიც (ზიქებიც) ჩრდილო კავკასიაში ცხოვრობდნენ. მხოლოდ შემდგომში დაიძრნენ ჯიქები და აფხაზეთის ბოლოში დამკვიდრდნენ. იმ ადგილს შემდეგ ჯიქეთი უწოდეს ქართველებმა (ბოლოს რუსებმა გაწყვიტეს ისინი). ესაა გაგრის რაიონის ჩრდილო-დასავლეთიდან და გრძელდება ქალაქ სოჭის ჩრდილო-დასავლეთით.

მოარბია ვახტანგ გორგასალმა ჯიქეთი და მომთაბარეთა ველები ჩრდილო კავკასიაში და მობრუნდა ოსეთში. ოსები მიუვალ მთებში და ციხე–სიმაგრეებში გამაგრებულიყვნენ საიდუმლოდ. მათ ოცდაათი ათასი ტყვე მოითხოვეს მეფის დის სანაცვლოდ, სიის მიხედვით. მისცა მეფემ ოცდაათი ათასი ტყვე და გამოიხსნა თავისი მცირეწლოვანი და. ალბათ, როგორი დიდი სიყვარულით ჩაეხუტებოდა მისი პატარა დაიკო გამათავისუფლებელ უფროს ძმას.

მეფემ გაათავისუფლა ყველა ქართველი, რომლებიც ექვსი წელი ტყვედ ჰყავდათ ოსებს. მემატიანეს თქმით, მათი რიცხვი იყო სამას ორმოცდაათი ათასი. შემდეგ მძევლად აიყვანა ოსი დიდებულების შვილები და ამისთვისაც 30 000 ტყვე ოსი გაათავისუფლა. დანარჩენი ტყვე ოსი, ექვსას ორმოცდაათი ათასი ადამიანი თან წამოიყვანა, მომთაბარეთა და ჯიქთაგან აყვანილ სხვა ტყვეებთან ერთად. ალბათ, ტყვეთა რიცხვი გაზრდილია.

ოთხი თვე მიმდინარეობდა ეს ლაშქრობა.

დარიელას ციხეების აშენება-გამაგრებისა და კავკასიის ქედის გადაღმა ლაშქრობის მერე საჭირო იყო იქიდან გალაშქრება სამხრეთით, აფხაზეთისკენ, რათა ეს გეოსტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ტერიტორია, ციხე-ქალაქ ლაზიკის (მომავალი ნიკოფსიის) გადმოსასვლელი, სადაც კავკასიის ქედი უახლოვდება შავ ზღვას, დამორჩილებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც მაშინ ემთხვეოდა სპარსეთისას ჩრდილო კავკასიაში. ვახტანგ გორგასალიც სარგებლობდა ამით.

გამოუშვა უკან სპარსთა დამხმარე ათი ათასი ჯარისკაცი ქართლის მეფემ და სხვა კავკასიელი მეფეები დიდი საჩუქრებით. გამოაგზავნა თავისი და – მირანდუხტი და სხვა ქართველი ტყვეყოფილები დარიალას გზით ქართლში. თვითონ კი ჩრდილო კავკასიის დასავლეთის მიმართულებით, იალბუზის გასწვრივ გაუყვა გზას აფხაზეთისკენ. გზად დაიმორჩილა მთელი კავკასია.

დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილი ბიზანტიელებს ჰქონდათ დამორჩილებული. შეუტია ქართველმა მეფემ აფხაზეთის ციხეებს, სადაც ბიზანტიელთა საოკუპაციო გარნიზონები იდგა. ბიზანტიის იმპერატორის ჯარები განასხა იბერიის ხელმწიფემ და დაიკავა ყოველი ციხე აფხაზეთისა, ჩრდილო-დასავლეთიდან, ძველი ლაზიკიდან (ნიკოფსიიდან) ციხეგოჯამდე.

სამწლიანი (458–461 წლები) ლაშქრობის შემდგომ დაბრუნდა 19 წლის, დავაჟკაცებული ქართლის მეფე ქართლში.

წინ შემოეგებნენ დედა, დები და მცხეთის მოსახლეობა. მოქალაქეები მის ცხენს ფეხთ უფენდნენ ტანსაცმელსა და ყვავილებს, აყრიდნენ დრამებს, დრაჰკანებს და ადიდებდნენ სახელოვან ხელმწიფეს. იბერიის არც ერთ მეფეს ასეთი გამარჯვება არ მოუპოვებია მანამდე.

ქართლში უკვე მღეროდნენ:

ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,

ციდან ჩამოესმა რეკა,

იალბუზზე ფეხი შედგა,

დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.

ქართლის ხელმწიფემ ღვთის სამადლობლად მრავალი ღამე ლოცვაში გაატარა. უამრავი საბოძვარი გასცა გლახაკებისათვის და მოქალაქეებისათვის. გულუხვად დააჯილდოვა თავისი ჯარისკაცები.

საბრძოლო ნადავლიდან თავის ბიძას, შაჰის ქვეშევრდომს, რანის ერისთავს, ვარაზ-ბაკურს გაუგზავნა: ათასი მონა, ათასი გაუხედნავი ცხენი, ათასი დედალი ცხენი.

სპარსეთის შაჰს, რომლის ბრძანებითაც დაეხმარა მას რანის ერისთავი ვარაზ-ბაკური, გაუგზავნა: ათი ათასი მონა, ათი ათასი გაუხედნავი ცხენი, ათი ათასი დედალი ცხენი.

და იქორწინა სპარსთა მეფის ასულზე, ბალენდუხტზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი