ისტორია

რატომ აღარ ემორჩილებოდა სამცხე საქართველოს მეფეს დავით მეშვიდის პერიოდიდან გიორგი ბრწყინვალემდე

№15

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 21.04, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ურთულესი ბავშვობა ჰქონდა დავით ლაშას ძეს, დედა წაართვეს, მამა მალე გარდაეცვალა, მამიდამ იკონიის სასულთნოში გააგზავნა სიძე სულთანთან და ციხეში გამოაკეტვინა, რათა თავისი ვაჟი გაემეფებინა. დაახლოებით, შვიდი წელი ციხის ჯურღმულში იყო გამოკეტილი. სანამ, ქართველების თხოვნით, მონღოლებმა არ გამოიხსნეს სიკვდილის პირამდე მისული უფლისწული. ალბათ, საპყრობილეში გამოვლილმა ტანჯვა-წამებამ მასზე იმოქმედა, ცოტა ენას უკიდებდა, თურმე. შესაძლოა, გადატანილი სტრესების გამო ყოფილა გულუბრყვილო, მალემრწმენი, ადვილად იჯერებდა ადამიანების შესახებ ცუდს. თუმცა, იყო გულწრფელი და დანაშაულის შემნდობიც. ცდილობდა ქვეყნის მოვლასა და ღირსების შენარჩუნებას. პირადად მონაწილეობდა ბრძოლებში. ხანდახან ნაჩქარევ გადაწყვეტილებას იღებდა, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებს ერთგულად ემსახურებოდა.

ძალიან შეაწუხა მეფე მონღოლთა გადასახადების ამკრეფის, წარმოშობით სპარსის, ხოჯა-აზიზის თავხედობამ, რომელიც ყვლეფდა ხალხს. იმდენსაც ბედავდა, მეფესაც უთვლიდა საკვებ პროდუქტებს.

1260 წელს მეფე აჯანყდა, უფრო სწორად, განუდგა მონღოლებს და არ წაჰყვა ეგვიპტელებთან საომრად. თავის ქვეშევრდომებს, ქართველ დიდებულებს თავისუფალი არჩევნის ნება მისცა, ვისაც უნდა წაჰყვეს მონღოლებს, მე კი უნდა განვდგეო. იქნებ, სჯობდა, დაერწმუნებინა ან ებრძანებინა, მხარი დამიჭირეთო.

დასავლეთ საქართველოში მეფობდა დავით ულუს მამიდაშვილი, დავით მეექვსე ნარინი, რომელიც არ ემორჩილებოდა მონღოლებს. აღმოსავლეთ საქართველოს დიდებულების დიდი ნაწილი თათრების ბრძანებას დაემორჩილა. წავიდნენ მონღოლთა სამსახურად. მხოლოდ სამცხის მთავარი, სარგის პირველი ჯაყელი-ციხისჯვარელი დარჩა მეფის ერთგული, წაიყვანა სამცხეში ხელმწიფე და მონღოლებთან ომისთვის მზადებას შეუდგნენ.

როცა თათრებმა მოიცალეს, დიდი ჯარი გამოაგზავნეს დავით მეფის დასასჯელად. მეფის ერთგულმა, მცირერიცხოვანმა ჯარმა, სარგის ჯაყელის მეთაურობით, რამდენიმე ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, მაგრამ ქართველი მოღალატე დიდებულების დახმარებით მონღოლებმა მაინც გაიმარჯვეს.

ჰულაგუ ყაენმა დათმობებით სცადა მეფის შემორიგება და დაიბარა, თან შემოთვალა: დავით მეფეს ვაპატიებ, მაგრამ სარგისს არაო. სასიკვდილო საფრთხის გამო მეფემ გადაწყვიტა, არ წაეყვანა სარგისი. ჯაყელმა მარტო არ გაუშვა მეფე: შენ რომ რამე მოგივიდეს, თავს ვერ ვაპატიებ, წამოვალ, თუ საჭირო იქნება, შენ მაგიერ მოვკვდებიო და თან გაჰყვა ხელმწიფეს.

როცა ყაენმა საქმის გამოძიება დაიწყო, სარგის ჯაყელმა თავის თავზე აიღო აჯანყებაზე ბრალი, რათა მეფე სიკვდილისგან ეხსნა. იმ წუთებში ყაენის კარზე მიიჭრა მალემსრბოლი, რომელმაც აცნობა ჰულაგუს ოქროს ურდოს ჯარების შემოჭრა საილხანოს გავლენის სფეროში, აღმოსავლეთ კავკასიაში. ამან გადაარჩინა სარგისი და, იქნებ, მეფეც. ქართველები საილხანოს ძალიან სჭირდებოდა ოქროს ურდოს წინააღმდეგ ომში.

ოქროს ურდოსთან ბრძოლებში სარგისმა თავი გამოიჩინა, სასიკვდილო ხიფათს გადაარჩინა ყაენი ჰულაგუ – შემთხვევით მარტოდ დარჩენილი ყაენის წინააღმდეგ პირისპირ შეტევაზე გადასულ შვიდ მეომარს წინ გადაუდგა, სამი თანამებრძოლით. ოთხი მოკლეს ქართველებმა, სამი გაიქცა.

ჰულაგუს ჯარმა დაამარცხა და კავკასიის გადაღმა გადარეკა ოქროს ურდოს ყაენის, ბერქას ჯარი, რომელსაც მისი ძმისწული ნოღაი მეთაურობდა.

ყაენმა დაუფასა სარგის ჯაყელს ვაჟკაცობა და სხვა ქართველებზე მეტად დააჯილდოვა: უბოძა მას არზრუმი (კარნუ-ქალაქი). შეშურდა ზოგიერთ ქართველ დიდებულს, რომელთაც არ უნდოდათ სარგისის ძალიან გაძლიერება და მეფეს უჩურჩულებდნენ – ბარემ მეფობაც მისცეს ყაენმა სარგისს, ისე განდიდდება, აღარ დაგემორჩილებათო.

დაუჯერა მეფემ სარგისის მოწინააღმდეგეებს, მოსთხოვა მონღოლებს, არ მისცეთ სარგის ჯაყელს არზრუმიო. ძალიან გაუკვირდათ თათრებს, რადგან, ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც სარგისს არზრუმს აძლევდნენ, ერთულება და თავდადება იყო, მათ შორის მეფისადმი, რასაც ძალიან აფასებდნენ მონღოლები.

აღარ მისცეს არზრუმი სარგისს...

ძალიან ეწყინა ჯაყელს...

დავით მეფემ მიაღწია თავისას და ხოჯა-აზიზი გადასცა ჰულაგუმ სიკვდილით დასასჯელად.

1265 წელს მოკვდა ჰულაგუ და ტახტზე ავიდა მისი შვილი აბაღა. აბაღას ეშინოდა ოქროს ურდოს ჯარის კვლავ შემოჭრის და შირვანში, სიბაზე, თავდაცვით ზღუდეზე, ყოველ შემოდგომას მიჰყავდა დავით ულუ და ქართველები საყარაულოდ. იმ შემოდგომასაც უნდა წასულიყო მეფე სიბაზე. მოუწოდა სარგის ჯაყელს დავით ლაშას ძემ.

ნაწყენი იყო პაპა სარგისი მეფეზე, მაინც ეახლა თავისი სამხედრო ნაწილებით ტფილისში. მონღოლთა წინაშე ვალდებულება ჰქონდა, სამსახური გაეწია.

მეფესთან დაახლოებულმა პირებმა, რომელთაც ჟამთააღმწერელი „უკეთურ კაცებს“ უწოდებს, კვლავ სცადეს სარგის ჯაყელის დამცრობა. უთხრეს მეფეს, როგორც ჩანს, სარგისი ყაენს ემორჩილება და შენ არაო. მეფე გულუბრყვილო იყო და მალემრწმენი. დაივიწყა სარგისის დამსახურება, ერთგულება და თავდადება, დაიბარა სასახლეში და დააპატიმრებინა.

სარგისის ერთგული მესხი აზნაურები სასწრაფოდ გაეშურნენ აბაღა ყაენთან საჩივლელად. ნახეს აბათა ნოინი, მოახსენეს ყოველივე და სთხოვეს, ეცნობებინა ყაენ აბაღასათვის და გაეთავისუფლებინათ სარგისი. აბათა ნოინი ეახლა აბაღა ყაენს, მოახსენა საქმის ვითარება და სთხოვა, გაეცა ბრძანება სარგისის გათავისუფლებისა დავით მეფის ტყვეობიდან. დავით ულუ აბაღას ვასალი იყო და ვალდებული იყო, მისი ბრძანებები შეესრულებინა.

აბაღა ყაენი, მართალია, ლოთი იყო, მაგრამ ახსოვდა სარგისის თავდადება ბერქას ჯართან ომში, მისი ბრწყინვალე მეომრობა და დამსახურება. სარგისი ახლა უკვე მონღოლთა ინტერესების გამტარებლად გამოდიოდა, მონღოლთა ყაენთან დაახლოებული პიროვნება გახლდათ. მისი დაპატიმრება მონღოლთა ილხანისთვის მიუღებელი იყო.

ყაენმა სასწრაფოდ გამოაგზავნა დავით ულუს წინაშე ელჩი და დაავალა სარგისის წაყვანა საილხანოში. ელჩი ტფილისში ეახლა დავით მეფეს და გადასცა ყაენის მოთხოვნა. დავით მეფე ვერ აღუდგებოდა წინ ყაენის ბრძანებას – შესაძლოა, ყაენს ჯარი გამოეგზავნა საქართველოს ასაოხრებლად.

გაათავისუფლა მეფემ ჯაყელი და გააყოლა ელჩს საილხანოში. მიჰგვარეს სარგისი აბათა ნოინს. მან კი აცნობა ყაენს პაპა სარგისის გათავისუფლება. ამიერიდან სამცხე პირდაპირ ჰულაგუიანთა დაქვემდებარებაში გადავიდა.

იმ დროიდან ჯაყელები, გიორგი ბრწყინვალეს ხანამდე, აღარ ემორჩლებოდნენ მეფეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი