ისტორია

რატომ აჩუქა დავით მეექვსე ნარინმა უძვირფასესი ქვა სუმბათ ორბელიანს

№9

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 11.03

ისტორია
დაკოპირებულია

სხვა გზა არ ჰქონდა რუსუდან მეფეს, დაბრუნდა ტფილისში და თავისი ძე, დავითი, ქართველ დიდებულებთან ერთად მიუგზავნა მონღოლ ნოინებს ბარდავში. მონღოლ სარდლებს ძალიან გაუხარდათ მეფის ძის ნახვა, მოეწონათ და „ნარინ დავითობით უწოდეს, ესე იგი, არს, სეფისპირი დავით“. საბოლოოდ ნოინებმა იგი ჩრდილოეთ კავკასიის გადაღმა, ბათო ყაენთან გააგზავნეს. რუსუდანმა დავითს თანაშეზრდილები გააყოლა თან და ორი უძვირფასესი ქვაც დაუმალა ტანსაცმელში: „არღარა იყო ღონე, წარვიდა ნარინ დავით. და თანა-წარატანა მეფემან რუსუდან მცირედ თანაზრდილნი მისნი, ქართლისა ერისთავის სურამელის გრიგოლის შვილი, ბეგა, გურკლელი მახუჯაგის ძე, ამირეჯიბი ბეშქენ. და თუალნიცა ორნი დაუმალნა ძïრად საფასონი“.

ნარინი ბათო ყაენმა ორი წელი გააჩერა თავისთან, მერე ყარაყორუმში გააგზავნა დიდ ყაენთან. ყარაყორუმში რუსუდანის ძეს დახვდა მასზე ადრე ბათოსთან ნამყოფი ავაგ მხარგრძელი, რომელსაც ეჯიბად ახლდა დავით ივანეს ძე ახალციხელი და ხლათის სულთანი.

ამასობაში მოკვდა რუსუდან მეფე. ქართველებს არ შეეძლოთ ვინმეს დამორჩილებოდნენ, თუ არ იქნებოდა მეფეთა სახლის წარმომადგენელი. ამ დროს გაიგეს, რომ რუმში ექსორიაქმნილი დავით ლაშა-გიორგის ძე ცოცხალი ყოფილა. ვარამ გაგელი, სარგის თმოგველი, მონღოლ სარდალ ანგურაგთან ერთად გაემგზავრნენ იკონიაში და რუმის სულთნისგან გამოითხოვეს ლაშას ძის გათავისუფლება.

გიორგის ძე შვიდი წლის წინ საპყრობილის ჯურღმულში ჩაესვა სულთანს და არც ეგონა, თუ ცოცხალი იქნებოდა. ამოიყვანეს მეფისწული ჯურღმულიდან, წამოიყვანეს საქართველოში და მიჰგვარეს მონღოლ ნოინ-სარდლებს, მეფედ დასამტკიცებლად. ნოინებმა ისიც ბათო ყაენთან გააგზავნეს ჩრდილოეთ კავკასიაში. ბათომ ისიც ყარაყორუმში გააგზავნა.

დავით გიორგის ძეს ყარაყორუმში დახვდა მამიდაშვილი, დავით რუსუდანის ძე. „დახუდეს მანგუ ყაენისსა ნარინ დავით მეფე, ათაბაგი ავაგ, სურამელი, გურკლელი, ამირეჯიბი ბეშქენ. და ესრეთ მრავალ ჟამ იყოფოდეს ხატაეთს და ყარაყურუმს“. ჟამთააღმწერლის ცნობით, მალე იქვე ჩავიდა რუმის სულთანი ყიასდინი, რუსუდანის სიძე, რომელიც მონღოლებმა დაამარცხეს: „იყოფოდეს ორნი იგი დავით და დავით, ყიასდინი, სულტანი საბერძნეთისა, ხლათისა სულტანი და ათაბაგი ავაგ ხატაეთს და ყარაყურუმს, და დაყვნეს ვითარ ხუთისა წლისა ჟამი“.

ყარაყორუმში კამათობდნენ ქართველნი, ვის ერგებოდა მეფობა, რუსუდანის ძეს თუ ლაშას ძეს. თანაშეზრდილები რუსუდანის ძის მხარეს იყვნენ, სარგის თმოგველი, პოეტი და ფილოსოფოსი კი ლაშას ძეს უჭერდა მხარს.

ავაგ ათაბაგი ცოტა ადრე გამოუშვეს ყარაყორუმიდან, „სულტანი ყიასდინი და ხლათელი წარმოავლინეს ავაგსავე თანა“.

ჟამთააღმწერლის თქმით, „ინება ყაენმან ყუბილმან“, ორივე დავითს მისცა მეფობა, გამოაგზავნა თავის ძმასთან, ულოსთან (ჰულაგუსთან) და შეუთვალა, თუ გინდა, ორივე დაამტკიცე მეფედო. ჰულაგუ ასეც მოიქცა. დაბრუნდნენ დავით და დავით მეფენი საქართველოში და დასხდნენ ტფილისის ტახტზე.

ჰულაგუს ჰყვარებია ლაშას ძე, რუსუდანის ძე კი არა, „ლაშას ძისა დავითისთïს უმეტეს მოყუარულ იყო და რუსუდანის ძისა დავითისთïს მოძულე“.

ჟამთააღმწერლის ცნობით, ერთხელაც, ჰულაგუსთან ალატაღში ყოფნისას, შეუპყრიათ ნარინი. ბარდავში გააგზავნეს, გზად, ნახჭევანიდან გაექცათ დავით ნარინი მონღოლებს და აფხაზეთისკენ გაემგზავრა.

„და ვითარ მოიწია ნარინ დავით ქუეყანად ავაგ ათაბაგისა შეურაცხითა შესამოსლითა, იხილა იგი მომავალი ნადირობას მყოფმან სუმბატ ორბელმან“. დავით მეფე სუმბათმა თავისთან წაიყვანა, სტუმრად. სთხოვა დავით რუსუდანის ძემ, არ გააგებინო ეს ამბავი მონღოლებს, დამეხმარე აფხაზეთში, დასავლეთ საქართველოში გადავიდეო „და თუალიცა მისცა იგი სახელოვანი, რომელ წარეტანებინა დედასა მათსა რუსუდანს“.

გაუმართლა სუმბატ ორბელიანს, ეს უკვე მეორე უძვირფასესი თვალი იყო, რომელიც იშოვა. მისი ძმისწულის, სტეფანოს ორბელიანის მონათხრობით, ადრე მისი აზნაურისთვის, ვიღაც „სონელთა მეფეს“ დავითს, მონღოლთაგან დევნილს, არ გამამხილოო და უჩუქებია უძვირფასესი თვალი პატიოსანი და ქრისტეს წმიდა ჯვრის ნაწილისგან დამზადებული პატარა ჯვარი, რომლებიც მერე ყარაყორუმში წაიღო სუმბათმა და დიდ ყაენს, მუნქეს აჩუქა, მოიგო ყაენის გული და ოქროს იარლიყიც მოიპოვა მისგან.

ჟამთააღმწერელი წერდა, რომ სხვა აღმწერელი, ისტორიკოსი ამბობდა, ყარაყორუმში გუიუქ ყაენმა მარტო ლაშა-გიორგის ძე დავითს მისცა მეფობა, და ისე გამოუშვა ყველა, რუსუდანის ძე კი ღამით გაიპარა და წავიდაო აფხაზეთს. თუმცა, ჟამთააღწერელი არ იზიარებდა ასეთ ვერსიას და წერდა, არც გუიუქ ყაენს და არც მანგუ (მუნქე) ყაენს არ დაუმტკიცებია საქართველოს მეფეები (მეფე), არამედ მანგუ (მუნქე) ყაენის შვილმა, ყუბილ ყაენმა მისცა ორივეს მეფობა და გამოუგზავნა ჰულაგუს (ულო ყაენს) და მან დაამტკიცა ორივე მეფედო: „ხოლო მოწევნულ არს ესეცა სიტყუა, რომელ სხუა ვინმე ყოველთა აღმწერელი იტყïს, ვითარმედ: ყარაყურუმს ყოფასა ორთავე მეფეთასა გუიუქ ყაენმან ესრეთ გაბჭო, რომე მეფობა ლაშას ძესა დაუმტკიცონ, და ესრეთ წარმოავლინა, და რუსუდანისა ძე, დავით, მაშინვე ლტოლვილი ღამით განიპარა და წარვიდა აფხაზეთს. და მე არა შევიწყნარებ ამას. პირველად უწყოდეთ, რომელ [გუიუქ] ყაენსა მას არა გაეყო, და არცა მანგუ ყაენს, ყუბილის და ულოს მამასა, და მეფობა ორთავე მანგუ ყაენის შვილმან, ყუბილ ყაენმან, მოსცა და ულო ყაენისა წარმოავლინა, და მანცა ორთავეს დაუმტკიცა მეფობა“.

საქართველოს მეფეები უნდა დაემტკიცებინათ ყუბილაი ყაენამდე, რადგან, ყუბილაი ტახტზე ავიდა მხოლოდ 1260 წელს, თან, ყუბილაი მანგუს (მუნქეს) შვილი კი არა, ძმა იყო, მათი მამა იყო თოლუი, ჩინგიზ ყაენის უმცროსი შვილი. 1260 წლამდე არ ყოფილა საქართველოში უმეფობის ხანა.

ალბათ, ეს გადმოცემა, დავით ნარინის გაქცევისა და სუმბატ ორბელიანთან შეხვედრის შესახებ, სხვა ისტორიკოსის გადმოცემაა და შეიძლება, უფრო უკავშირდებოდეს დავით ნარინის აჯანყებას, 1259 წელს, მის დამარცხებასა და აფხაზეთში გადასვლას.

სუმბათ ორბელიანმა, ისევე უბრალო ტანსაცმელით, რომ არავის ეცნო, მეფე დავითი გაამგზავრა თორში, დევის-ყურეში, ლიპარიტ თორელთან, რომელმაც, შესაბამისად ჩააცვა მეფეს და ქუთათისში მიიყვანა: „უძღუნა ცხენი და შესამოსელი, და წარჰყვა ქუთათისს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...