ისტორია

რას წერდა დიდი სპარსელი პოეტი ბაგრატიონების წარმომავლობაზე და ჩვენი მეფეების წოდებაზე

№31

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 09.08

ისტორია
დაკოპირებულია

დავით აღმაშენებლის დამსახურებით, მთელი კავკასია, პირდაპირ ან ვასალობის, ყმადნაფიცობის პირობით, საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა. გარკვეულწილად ეს გახლდათ თანამეგობრობის მსგავსი გაერთიანება, სადაც ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი ან ეროვნულ-ტომობრივი მმართველობა იყო შენარჩუნებული, თუმცა, უმაღლეს სუზერენად ითვლებოდა საქართველოს მეფე. ზოგიერთი ადგილობრივი მბრძანებელი საქართველოს მეფის სიძეც გახლდათ, ამგვარად, ჩვენი ვარაუდი, თანამეგობრობის ფორმაზე, სწორი უნდა იყოს. მეფეები ადგილობრივ მთავრებს საკუთარი ოჯახის წევრებს აძლევდნენ ცოლად. დავით აღმაშენებელმა თავისი ერთი ასული, თამარი მიათხოვა შირვანის, დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილოეთი ნაწილის, შაჰის შვილს, შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო, შირვანის პირდაპირ მოერთება მოუწია საქართველოსთვის, თუმცა, მისმა ვაჟმა დიმიტრი პირველმა შირვანს კვლავ აღუდგინა შაჰის ხელისუფლება. შირვანის შაჰი იმ დროს გახლდათ მანუჩარი (მანუჩეჰრ მესამე). დარუბანდის ამირა აბუ მუზაფარს ცოლად ჰყოლია დიმიტრი მეფის ერთ-ერთი ასული. არაბი ისტორიკოსი ალ ფარიკი შირვანსა და დარუბანდს საქართველოს მეფის სამფლობელოს უწოდებდა.

საქართველოს სამეფოს სახელმწიფო რელიგია მართლმადიდებლობა გახლდათ, თუმცა, საკუთრივ საქართველოში სხვა რელიგიებს ოფიციალური სტატუსი ჰქონდათ და არათუ თავისუფალი აღმსარებლობა იყო დაშვებული, არამედ საქართველოს მეფე ეხმარებოდა მაჰმადიანებს (როგორც შიიტებს, ისე სუნიტებს), ებრაელებსა და სომხებს საკუთარი აღმსარებლობისათვის პირობების შექმნაში, მათ შორის მატერიალურადაც – აფინანსებდა მათ. რა თქმა უნდა, რელიგიური შემწყნარებლობა იყო საქართველოს ვასალ-მეგობარ ქვეყნებშიც.

გარდა ამისა, საქართველოს სამეფოსა და ჩვენს თანამეგობრობაში სხვადასხვა ეროვნების არაერთი კულტურული ცენტრი არსებობდა: ებრაული, არაბული, სომხური, სპარსული, და სხვადასხვა ეროვნების სწავლულები, პოეტები, მწერლები, მომღერლები შესანიშნავ ნაწარმოებებს ქმნიდნენ როგორც ტფილისის კარზე, ისე სხვა რეგიონებსა თუ სამთავროებში. მათ ფინანსურ უზრუნველყოფაზე ზრუნავდა არა მხოლოდ ადგილობრივი მმართველობა, არამედ პირადად მეფეც.

ამიტომ, ძალიან უყვარდა საქართველოს მეფე დიმიტრი პირველი მთელ კავკასიაში ყველას, მათ შორის, მაჰმადიანებს.

შირვანის შაჰის, მანუჩეჰრ მეორისა და დავით აღმაშენებლის ასულის, დედოფალ თამარისა და მათი შვილების კარზე მოღვაწეობდნენ დიდი სპარსულენოვანი, შირვანელი პოეტები: „პოეტთა მეფედ“ (მალექ ალ-შუარა) წოდებული – მაჰმუდ ნიზამ ალ-დინი აბუ ლ-ალა განჯევი (აბულ-ულა განჯევი), აბუ-ნ-ნიზამ მუჰამედ ფალექი შირვანი (ფალაქი, ფელექი, ზოგი ჰალაქის წერს), აფზალ ალ-დინ ბადილი, იგივე ხაყანი (ხაკანი) შირვანი (შირვანელი). იმავე პერიოდში მოღვაწეობდა ლეგენდარული ბიოგრაფიის მქონე სპარსულენოვანი ქალი პოეტი, მექსათი, ალბათ, განჯელი.

საქართველოს პოლიტიკისა და შირვანის ქართველი დედოფლის, თამარ დავითის ასულის გავლენით, შაჰის კარზე, ალბათ, ბევრმა იცოდა ქართული. პოეტებიც ხშირად მიმართავდნენ ქართულ თემას. ამაყობდნენ, ქართული ვიცითო და ქართულ სიტყვებსაც იყენებდნენ ლექსებში. მანუჩეჰრ მესამის შაჰობის ხანა შირვანის კულტურული (ასევე, პოლიტიკური) აყვავავების პერიოდად მიიჩნევა და ამიტომ მანუჩეჰრს დიდს უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი პოეტები, რაღაც დროით, შაბურანის ციხეში ჰყავდა გამოკეტილი.

შალვა ნუცუბიძის თქმით („რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“), შირვანის სალიტერატურო სკოლაში წარმოიშვა ლიტერატურული რენესანსის, კერძოდ აღმოსავლური რენესანსის საფუძვლები და იქიდან შეითვისა საქართველომ ირანულ-არაბული კულტურის მოწინავე მიღწევები, ვინაიდან, შირვანი საქართველოს სამეფოს გავლენის სფეროში იყო, და შესაძლოა, ამან, ჩაუყარა საფუძველი ბიზანტიური და, შემდეგ ევროპული რენესანსის წარმოშობას.

1156 წელს გარდაიცვალა დიდი ხელმწიფე დიმიტრი პირველი. მთელი კავკასიიდან დაიძრნენ ტფილისისკენ მეფის საგლოვად დიდებულები, სწავლულები, სხვადასხვა სარწმუნოების იერარქები, მწერლები, პოეტები... დაიღვარა უამრავი ცრემლი, დაიწერა არაერთი სამგლოვიარო ტექსტი, შეიქმნა არაერთი ოდა და სასიმღერო მოთქმა.

სხვებთან ერთად, დიდი სპარსულენოვანი პოეტი, ფალექი (ფალაქი) შირვანელიც ჩამოსულა ტფილისში და სამგლოვიარო ოდა, მარშა (სამგლოვიარო ლექსი) მიუძღვნია ჩვენი ხელმწიფისადმი. ბრწყინვალე პოეტი და უგანათლებულესი პიროვნება, ფალექი შირვანი (შირვანელი) დაიბადა 1108 წელს შირვანის დედაქალაქში, შამახაში (შემახა). სწავლობდა შამახიას მედრესეში. შეისწავლა არაბული, ასევე, თეოლოგია, შესაძლოა, იცოდა ქართულიც. ძალიან აინტერესებდა ასტრონომია. აქედანაა მისი ზედმეტსახელი ფალექი, რაც ციურს ნიშნავს (შეიძლება სიტყვათა თამაში იყოს). ჩვენამდე მოაღწია მისმა პატარა კრებულმა, ფალაქის დივანი.

საბედნიეროდ, ეს ნაწარმოები, მიძღვნილი დიმიტრი მეფის გარდაცვალებისადმი შემორჩენილია. პროზაულად თარგმნა და გამოაქვეყნა ისტორიკოსმა ჯემალ სტეფნაძემ (იმედია ჩვენი შესანიშნავი მთარგმნელები პოეტურ თარგმანსაც შემოგვთავაზებენ, ისევე, როგორც თარგმნეს იმდროინდელი შირვანულ-სპარსული პოეზიის არაერთი შედევრი).

ფალექი შირვანელი მოთქვამდა:

„ცის თაღმა, რომელმაც თავისი ტრიალით ქვეყნად მტვრის კორიანტელი დააყენა, კვლავ მოუვლინა ქვეყნიერებას ბოროტი ცდუნებით განკითხვის დღე, ხიწვი და მერე რანაირი ხიწვი ჩაურჭო გულში ბედისწერას, სისხლი და რანაირი სისხლი დაღვარა სახელმწიფოს ძარღვიდან, მიიტაცა სახელმწიფოს ტახტიდან გვირგვინოსანი, რომლის მწუხარებისაგან ქვეყნიერების ლხინი შეწყდა“.

პოეტი დიმიტრი მეფის ძალაუფლებას აღწერს: „აფხაზეთისა და შაქის მეფეთ მეფე, სამყაროს მბრძანებელი, ვისაც ხარკი აღმოსავლეთიდან დასავლეთში მოჰქონდა“... დასავლეთი აქ საქართველოს ნიშნავს.

შემდეგ ფალაქი წარმოგვიდგენს დემეტრე მეფის წარმომავლობას. იმ დროს, ფაქტობრივად, არავის ეპარებოდა ეჭვი ბაგრატიონების დავით წინასწარმეტყველიდან წარმომავლობის შესახებ. ასეთივე აზრი გადმოცემულია დიმიტრი მეფის სხვა თანამედროვის, არაბი ისტორიკოსის, ალ ფარიკის (და სხვათა) მიერ. პოეტი წერს:

„დემეტრე დავითიანი ბაგრატის მოდგმის თავი, ვინც თვითნაბადი თესლით ნაყოფად სამეფო მოიწია“...

დავით აღმაშენებელმა მოიცილა ბიზანტიური ტიტული, შექმნა-განავრცო ქართული ტიტული (მეფე აფხაზთა, ქართველთა...), და ეწოდა მესიის მახვილი, ანუ, კაცობრიობის მხსნელის, ღმერთის საქმის ამქვეყნიურ სარდალი. მისი ეს ზედწოდება აღნიშნული აქვს ალ-ფარიკს თავის ნაშრომში, სადაც ნათქვამია, რომ ტფილისურ მონეტებზე არაბულად ეწერა დავით აღმაშენებლის შესახებ – მესიის მახვილი. მემკვიდრეობით, მესიის მახვილის წოდება მიიღო მისმა ვაჟმა, დიმიტრი მეფემ და იცავდა კიდევ მესიის მიმდევართა ინტერესებს.

ფალაქი წერს დემეტრე მეფეზე: „მესიის მახვილი, რომელმაც ცის სივრცე წინ დროშათა ამალას წაუმძღვარა ფარად“...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა