ისტორია

რას ნიშნავს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე

№6

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 17.02, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქალაქ ნიკოფსიის/ძველი ლაზიკეს გადმოღმა და გადაღმა ტერიტორია, მდინარე ყუბანამდე (მცირე ხაზარეთის მდინარემდე) ქართველთა ერთ-ერთი მამამთავრის, ეგროსის წილია, საქართველოა. ნიკოფსია/ლაზიკეში დაკრძალულია წმიდა მოციქული სვიმეონ კანანელი, ამგვარად, ნიკოფსი წმიდა, საკრალური ადგილია.

ჩვენი აზრით, ამ და ზემოაღნიშნული სხვა მიზეზების გამო დააკონკრეტა დავით აღმაშენებელმა საქართველოს სასაზღვრო-მფლობელობითი ფორმულა ჯიქეთიდან გურგანამდე – ჯიქეთის მაგიერ ქალაქ ნიკოფსით და გურგანის ზღვის ნაცვლად კი დარუბანდის ქალაქით (ზღვით, საზღვრით).

მეთერთმეტე საუკუნეში გაერთიანებული საქართველოს (აფხაზთა და ქართველთა და რანთა (ჰერთა) და კახთა) მეფე ბაგრატ მესამე, დავით აღმაშენებლის პაპის პაპა, „ჯიქეთიდან გურგანამდე კავკასიის მპყრობელი“, ანდერძით ბედიაში იკრძალება, ანუ ეგროსის წილის, ლაზეთის, ეგრისის უმნიშვნელოვანეს ქალაქში, ეგროსის ქალაქში.

მაშასადამე, ძველი ქართველების წარმოდგენით, ჩრდილო-დასავლეთით საქართველოს კერძო საზღვარია მდინარე ყუბანის შესართავი შავ ზღვასთან. ანუ, გამოთქმაში – „ნიკოფსიითგან“, იგულისხმება არა მხოლოდ კონკრეტულად ნიკოფსიის ქალაქი, არა მხოლოდ სასაზღვრო პუნქტი, არამედ, ნიკოფსიის ოლქი მდინარე ყუბანამდე, შავი ზღვის შესართავთან, ნიკოფსიის ოლქის ჩრდილო დასავლეთ საზღვრამდე – მთლიანი ოლქი, რომლის, დაახლოებით, ცენტრში იდგა ციხე-ქალაქი ნიკოფსია, ანუ ლაზიკის/ეგრისის სახელმწიფოს ერთ-ერთი ქალაქი – ძველი ლაზიკე (ლაზოსი).

თუმცა, დავით აღმაშენებლის ფორმულაში, ტერმინს „ნიკოფსიითგან“, სასაზღვრო ოლქის გარდა აქვს კიდევ სხვა დატვირთვა.

ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთ კავკასიაში იყო სულ სამი გადმოსასვლელი. ერთი ნიკოფსიაში, მეორე ნიკოფსიის აღმოსავლეთით, დაახლოებით კავკასიონის ქედის შუაგულში, კასპიისა და შავ ზღვას შორის, შუაში იყო, რომელსაც დარიელას, დარიალს, დარიანისს, არაგვის კარს უწოდებდნენ. მდებარეობდა დვალეთში, დვალეთის ოლქში. დვალეთი, უძველესი ქართული კუთხე, კავკასიონის შუაგულშია, სამხრეთ და ჩრდილოეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიის შუაში. მის ჩრდილოეთით იყო ოსური სამეფო-სამთავროები.

აღმოსავლეთით იყო მესამე კარი, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გზისა – ციხე-ქალაქი დარუბანდი (დღევანდელი დერბენტი), რომელიც ასევე კავკასიის ქედისა და გურგანის, კასპიის, დარუბანდის ზღვის შესაყარზე მდებარეობდა, როგორც ლაზიკა/ნიკოფსია კავკასიისა და პონტოს ზღვის, შავი ზღვის შესაყარზე. დარუბანდის საამიროზე გავლენა გაავრცელა დავით აღმაშენებელმა.

ვინც დარუბანდ ქალაქს ფლობდა, მას ეკავა სტრატეგიული კარიბჭე კავკასიის აღმოსავლეთში. ვისაც კავკასიის სამივე გზა ხელში ჰქონდა, კავკასიის გადმოსასვლელთა მბრძანებელი იყო, კავკასიის ქედის გამგებელი.

ამგვარად, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ნიშნავს დასავლეთიდან მოყოლებული აღმოსავლეთისკენ, მთელი კავკასიონის ქედის ფლობას, ანუ სამივე გადმოსასვლელი ქართველი მეფის ხელში იყო.

ისევე, როგორც დავით აღმაშენებლისეულ სასაზღვრო-მფლობელობით ფორმულაში ნიკოფსია ოლქსაც ნიშნავს, ,,დარუბანდისა ზღვადმდე“, „დარუბანდისა საზღვრადმდე“, „დარუბანდამდე“ არ ნიშნავს მხოლოდ ერთ სასაზღვრო წერტს, ქალაქ დარუბანდს, არამედ დარუბანდის საამიროს, ოლქს მთლიანად. დარუბანდის სამთავრო, ქალაქის გარდა, გარკვეულ ტერიტორიებს ფლობდა, ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც, კონკურენცია ჰქონდა კიდეც შირვანის შაჰებთან ტერიტორიების გამო.

მეტიც, აღნიშნულ ფორმულაში დარუბანდის საზღვარი კასპიის (დარუბანდის) ზღვის მთელ კავკასიურ სანაპიროსაც ნიშნავს, ვინაიდან შირვანიც საქართველოს ეკუთვნოდა.

ამრიგად, ეს ფრაზა: „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ საქართველოს საზღვარს, კავკასიის ქედზე გამავალს კი არ აღნიშნავდა მხოლოდ, არამედ, ნიშნავდა იმასაც, რომ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, მთელი კავკასიის ქედის გასწვრივ იყო გადაჭიმული საქართველოს სამეფო, რომლის სამხრეთ-დასავლეთით იყო მისი საკუთარი, ქართული ტერიტორიები (ასევე, ჩრდილოეთით ნიკოფსიის ოლქის მიწები ყუბანამდე), სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით – ვასალური შირვანი და დარუბანდის საამირო. ხოლო ჩრდილოეთით – დანარჩენ კავკასიაშიც გავლენის სფერო, ყმადნაფიცი, ვასალური ქვეყნები, ფაქტობრივად, საქართველოს თანამეგობრობის ჩრდილო-კავკასიური სამთავროები და ტომები, მთელი კავკასიის ქედის გასწვრივ: ქაშაგეთი, ოვსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი...

ამგვარად, სასაზღვრო-მფლობელობითი ფორმულა „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე...“ ნიშნავს კავკასიის ქედს და ნიშნავს – მთელი კავკასიის ქედი საქართველოს მეფისაა.

ისტორიკოსი თეიმურაზ ბაგრატიონი თავის წიგნში „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, თავში – „მმართველობისათვის თვითმპყრობელობისა, ესე იგი, მეფობითასა მფლობელობისა სრულიად ივერიასა, ანუ სრულიად საქართველოსა, ესე იგი, გიორგიასა ზედა“ მოგვითხრობს: ალექსანდრე მაკედონელი საქართველოში დარუბანდის კარით შემოვიდა ადგილზე. მივიდა კიროპოლში (თეიმურაზ ბაგრატიონის განმარტებით, შირვანში), ივერიის ალბანეთში (ივერიას ჩვენი წინაპრები უწოდებდნენ დიდ საქართველოს, რომელიც მოიცავდა თითქმის მთელ კავკასიას – გ. მ.). კიროპოლი აიღო ალექსანდრემ... მოეწონა ალექსანდრე მაკედონელს ზღვის კარი, ესე იგი, დარუბანდი (დარუბანდი სპარსულად ნიშნავს დახშულ კარს, ანუ ზღვის კარს) და ააშენა დიდი ქალაქი. უწოდა მას ალექსანდრია (ალექსანდრე მაკედონელის დროს არაერთ ქალაქს უწოდეს ალექსანდრია).

თეიმურაზ ბაგრატიონის თქმით, ალექსანდრეს დროს დარუბანდში იდგნენ ქართველები, კახოსის შთამომავლები (კახელები), რადგან, თეიმურაზ ბატონიშვილის მტკიცებით, დარუბანდი კახოსის საზღვრებში შედიოდა. კახოსის წილი დარუბანდამდე მიაჩნია ბატონიშვილ თეიმურაზს. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, სხვაგვარადაა, თუმცა, ბატონიშვილის აზრით, დარუბანდი კახელებისაა – „ვინაითგან მას ადგილადმდე არს საზღვარი კახოსისა“. დერბენტი და დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილოეთ მხარეები, ივერიის ნაწილად მიაჩნდა თეიმურაზ ბაგრატიონს და არა მხოლოდ მას).

დავით აღმაშენებლის დროს ქართველები მთელ კავკასიას საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევდნენ. გეოსტრატეგიულად აუცილებელი იყო კავკასიის გადასასვლელები ხელში ჰქონოდათ. ამიტომ ილაშქრა დავით აღმაშენებელმა დარუბანდელის წინააღმდეგ, აიღო ციხე-ქალაქი შაბურანი, სამხრეთის გზა გადაუკეტა დარუბანდს და ამგვარად დაიმორჩილა და ყმად გაიხადა მისი ამირა. ლეგენდის მიხედვით კი, აიღო დარუბანდი და მერე ყმადნაფიცობის პირობით დაუტოვა სამართავად დარუბანდელს.

ამგვარად, ფორმულა – „ნიკოფსიითდგან დარუბანდამდე“ საქართველოს საზღვრად კი არ უნდა მოვიაზროთ მხოლოდ, თუმცა, ის საკუთრივ საქართველოს სამეფოს ტერიტორიების ჩრდილო საზღვარს აღნიშნავს, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, სხვა დატვირთვაც აქვს და განცხადებულია, რომ მთელი კავკასიის ცენტრალური ქედი, ცენტრალური ხაზი არის საქართველოს სამეფოს საკუთრება, რომ კავკასია საქართველოსია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი