ისტორია

რას ნიშნავს დავით აღმაშენებლის ფორმულაში „ოვსეთიდგან სოერად (თუ სპერად) და არეგაწამდე“

№8

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 03.03, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

ფორმულა: „ნიკოფსიითგან დარუბანდამდე“ ნიშნავს, რომ საკუთრივ საქართველოს გარდა, კავკასიის ქედის გადაღმა არის საქართველოს გავლენის სფერო, მისი თანამეგობრობის ტერიტორია. ამას ამტკიცებს აღნიშნული ფორმულის მესამე გეოგრაფიული სახელიც, ოვსეთი („ნიკოფსიითგან დარუბანდამდე, ოვსეთიდგან“...).

აღნიშნულ ფორმულაში ოვსეთი გამოხატავს წერტილს (უფრო სივრცეს), საიდანაც, ჩრდილო კავკასიიდან, ოსეთის მოსაზღვრედ, კიდევ ერთი გადმოსასვლელი იწყება (არაგვის კარით, დარიელათი, დარიალით, ქართული კუთხე დვალეთით) და გრძელდება სამხრეთისკენ. ესაა კარიბჭის მოსაზღვრე დასახელებაც, რომელიც საქართველოს (დვალეთს) მოსაზღვრეობს ოვსეთიდგან.

აქ, ალბათ, საგანგებოდ აღნიშნულია ოვსეთი და არა დვალეთი, ან არაგვის კარი, ან დარიალა (დარიელა, დარიალანი, დარიანისი), ვინაიდან, ჩვენი აზრით, აქაც კონკრეტულად მხოლოდ ერთი გეოგრაფიული წერტილი არ იგულისხმება. ჩვენ ვიცით, რომ დავით აღმაშენებელმა 1118 წელს, ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლისას, დაიმორჩილა ოსები, აიყვანა მათგან მძევლები, რათა მათ მშვიდობიანად გადმოეშვათ სამხრეთ კავკასიაში მათი ჩრდილო მეზობლები, ველებზე მომთაბარე ყივჩაღები. მანამდეც, საქართველოს სამეფო კარს გავლენა ჰქონდა ოსებს შორის და საქართველოში ოსური სამხედრო რაზმები მსახურობდნენ. აქ უნდა იგულისხმებოდეს არა მხოლოდ დარიალი, არაგვის კარი, საქართველო-ოვსეთის საზღვარი, არამედ ჩრდილო კავკასიის შუა სივრცეც.

ოვსეთიდგან, სასაზღვრო-მფლობელობით ფორმულას მოჰყვება სოერის დასახელება. შეიძლება, ეს იყოს არანის, სომხეთისა და ადარბადაგანის საზღვარზე მყოფი დღევანდელი სომხური დასახლება, ცორი (მაშინ, შესაძლოა, არანულ-ალბანური ცური).

თუმცა, ძალიან საინტერესო თვალსაზრისი აქვს გამოთქმული ისტორიკოს ჯემალ სტეფნაძეს, მან სოერის მაგიერ სპერი წაიკითხა. ისტორიკოსი ბეჯან ხორავაც ასე ფიქრობს. შეიძლება, გადამწერის შეცდომა იყოს „სოერი“ და სწორი იყოს სპერი. სპერის (ისპრის) ოლქი, ძველი ქართული მხარე, ჭოროხის სათავეებს მოიცავდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში, ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს თქმით, იქ ქართული სასპერების ტომი ცხოვრობდა. მართლაც, ეს თვალსაზრისი უფრო სწორი უნდა იყოს. 1124 წელს ჩვენი გვირგვინოსანი: „ივნისსა წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა, ბასიანნი სპერამდის, და, რა-ცა პოვა თურქმანი, მოსრა და ტყუე ყო“.

ანუ ოვსეთიდგან ადარბადაგანამდე (ძველ ადარბადაგანამდე) საქართველოსია, თუ ცორი იგულისხმება. ხოლო თუ სპერია სწორი, მაშინ ოვსეთიდან სპერის ოლქის ჩათვლითაა საქართველოსი.

ხოლო შემდეგ სასაზღვრო-მფლობელობით ფორმულაში დასახელებული არეგაწი უნდა ნიშნავდეს არეგაწის მთას ან არეგაწის (არაგაწის, არეგაცის) მთების მასივს სომხეთში, ერევნის ჩრდილო-დასავლეთით. ერთი ვარაუდით (ავტორი არ ვიცი), არეგაწში მდინარე არაქსი იგულისხმება (საინტერესო ვარაუდია).

ამგვარად, ჩვენი აზრით, თუ სწორია „ცორი“ აღნიშნულ ფორმულაში, სამხრეთის საზღვარში აღმოსავლეთიდან არანი და დასავლეთიდან სომხეთის დაახლოებით შუა ნაწილი საქართველოსთვის შემოერთებული ანისის ყოფილი სომხური სახელმწიფო უნდა იგულისხმებოდეს.

ხოლო თუ სპერია სწორი, მაშინ სამხრეთ დასავლეთიდან, სპერის ოლქიდან სომხეთამდე, ანისის სამეფოს ჩათვლით, უნდა იგულისხმებოდეს.

თუ დავაკვირდებით, ეს ჩრდილოეთიდან მომავალი ფორმულა, ოვსეთიდან სოერად (ან სპერად) და არეგაწამდე, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის გამაერთიანებელი ხაზია.

დარუბანდის ზღვას ადრე გურგანის ზღვასაც უწოდებდნენ, ნიკოფსია და ჯიქეთი პონტოს (შავი ზღვის) სანაპიროზეა, ამგვარად, ფორმულა „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ და უფრო ძველი (ბაგრატ მესამისეული) „ჯიქეთიდან გურგანამდე“ არის ფაქტობრივად, „ქართლის ცხოვრებისეული“ (ლეონტი მროველისეული „ამბავი რვათა ძმათა“) ქართველთა და კავკასიელთა მამამთავრის, თარგამოსისა და მისი შთამომავლების სამფლობელოების ფორმულა: „აღმოსავლით ზღუა გურგენისა, დასავლით ზღუა პონტოსა, და სამხრით ზღუა ორეთისა, და ჩრდილოთ მთა კავკასია“.

იმავე თხზულების მიხედვით, ჩრდილოეთ კავკასია დაუსახლებელი იყო და თარგამოსმა გადასცა თავის ორ გმირ შვილს: „გამოიყვანნა მრავალთა გმირთაგან ორნი გმირნი, ლეკან და კავკასი. და მისცა ლეკანს ზღïთგან დარუბანდისათ ვიდრე მდინარემდე ლომეკისა, ჩრდილოთ ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარეთისად. და მისცა კავკასოს ლომეკის მდინარითგან ვიდრე დასასრულადმდე კავკასისა, დასავალით”. მაშასადამე, თარგამოსმა ლეკანს (ლეკოსს), ლეკების, დაღესტნელების წინაპარს მისცა ჩრდილოეთ კავკასია დარუბანდის, კასპიის ზღვიდან „მდინარემდე დიდად ხაზარეთისად“, ანუ მდინარე ვოლგამდე. ხოლო კავკასოსს, ვაინახებისა და ჩერქეზების წინაპარს – მდინარე ლომეკიდან ანუ თერგიდან დასავლეთ კავკასიის დასასრულამდე.

ანუ, ფორმულა: „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე...“ იმეორებს ფორმულას: „ჯიქეთიდან გურგანამდე...“ და ამოდის თარგამოსიანთა განსახლების ფორმულიდან: „აღმოსავლით ზღუა გურგენისა, დასავლით ზღუა პონტოსა, და სამხრით ზღუა ორეთისა, და ჩრდილოთ მთა კავკასია“.

მაშასადამე, თარგამოსის ყველა შთამომავლის წილი მიწა საქართველოს მეფისაა, გაცხადებულია დავით აღმაშენებლის სასაზღვრო-მფლობელობით ფორმულაში.

და ქართველი მეფე იცავს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მომავალ სამივე გადმოსასვლელს (ნიკოფიას, დარიალს, დარუბანდს) და ამგვარად იცავს კულტურულ ხალხებს, სამხრეთის ხალხებს, წმიდა მიწას, ქრისტიან-ჯვაროსნულ სახელმწიფოებს და სხვებს გოგისა და მაგოგის ველური ხალხების შემოსევისაგან.

და კიდევ, აღნიშნულ ფორმულაში, მეოთხე და მეხუთე წერტილები სვლაგეზის მიმართულებაა, რომელი მიმართულებითაც მომავალში უნდა წინ წაწეულიყო საქართველო, ასეთი სურვილი მხოლოდ ქართველ პოლიტიკოსებს არ ჰქონიათ, მეოთხე წერტილიდან, თუ სპერია სწორი, სამხრეთით საქართველოს ძლევამოსილი სვლა უნდოდათ ჯვაროსნებს. ხოლო მეხუთე წერტილიდან, არეგაწიდან საქართველოს გამარჯვებული სვლა უნდოდათ სომხებსა ანუ საქართველოს მეშვეობით სომხეთის მთლიანი გამოხსნა დამპყრობელი სელჩუკებისგან.

რაც მთავარია, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ოვსეთიდან სპერამდე (ან სოერამდე) და არეგაწამდე, ანუ საქართველოს მიერ გაერთიანებული და სელჩუკთაგან გათავისუფლებული მაშინდელი კავკასია იმ დროისთვის იყო უნიკალური მოვლენა:

ეთნიკურად და სარწმუნოებრივად მრავალფეროვანი რეგიონის წარმომადგენლებმა – მართლმადიდებელმა ქართველებმა (საქართველო), გრიგორიანმა სომხებმა (საქართველოს მიერ შემოერთებული სომხეთი), მაჰმადიანმა შირვანელებმა და დარუბანდელებმა და ჩრდილო კავკასიის ხალხებმა (მათ შორის წარმართებმა), ასევე საქართველოში მცხოვრებმა ებრაელ-იუდეველებმა, არაბებმა და თურქმა სუნიტებმა, სპარსელმა შიიტებმა და სხვებმა – მშვიდობიანი, მეგობრული, ტოლერანტული თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის უნიკალური მოდელი შექმნეს საქართველოს მეფის, დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი