ისტორია

რას ელოდა განძის მისადგომებთან ლაშა-გიორგის ჯარი, რისი მიღწევა უნდოდათ უსისხლოდ და რა გამოიწვია მეფეზე შეტევამ

№52

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 07.01, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ძველი ქალაქი განჯა (ძველქართულ წყაროებით განძა), რომელიც ახლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამხრეთ კავკასიისა და წინა აზიის რეგიონისთვის, როგორც დიდი სავაჭრო, სტრატეგიული ქალაქი და კულტურული ცენტრი. ოდესღაც განჯა და დღევანდელი აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიები, ჩვენი მონათესავე ხალხით იყო დასახლებული. სპარსელებმა მოახერხეს აღნიშნული ტერიტორიის ირანიზაცია. არაბებმა იქ მაჰმადიანობა შეიტანეს. ქალაქი განძა დაარსებული უნდა იყოს მეშვიდე ან მეცხრე საუკუნეში, არაბების მიერ.

დასახლება და ციხე ძველი განძის ადგილას, რომელიც თანამედროვე ქალაქთან ახლოა, არაბებამდეც იქნებოდა. საინტერესოა არაბული ლეგენდა ქალაქის დაარსების შესახებ. ხალიფა ალ-მუთავაქილის დროს, კავკასიაში მისი წარმომადგენელი იყო მუჰამედ იბნ ხალიდ იბნ იაზიდ იბნ მაზიადი (შაიბანიდების გვარიდან). 859-860 წლებში, მას ლაშქრობის დროს, კარავი გაუშლია დღევანდელი განჯის ადგილას, ძილში უნახავს სიზმარი, რომ მის წინ არსებული სამი გორაკიდან ერთ-ერთში იყო ჩამარხული განძი. ხმამ უბრძანა გაეთხარა გორაკი, ამოეღო განძი და იმ ფულით დაეარსებინა ქალაქი. ამირა მასეც მოიქცა, გაათხრევინა გორაკი, იპოვა განძი და შეუთვალა ხალიფას მომხდარის შესახებ. ხალიფამ ნება დართო თავის ამირას გამოეყენებინა ნაპოვნი განძი, აეგოთ ქალაქი, რომლიც აბრეშუმის სავაჭრო გზაზე დიდი მნიშვნელობის იქნებოდა. სახელი განჯა, ერთი გადმოცემით, შუასპარსული სიტყვაა და განძს, საგანძურს ნიშნავს.

ქალაქი განძა, სტრატეგიული და ეკონომიკური ვითარების გამო, მართლაც განძი აღმოჩნდა. მასზე გადიოდა სავაჭრო გზები. განძა არანის სახელით ცნობილი მხარის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახლდათ. განძას კარგა ხანს მაჰმადიანი ქურთი შედადიანები მართავდნენ, მერე სელჩუკებმა დაიპყრეს, სხვა ტერიტორიებთან ერთად. მეთორმეტე საუკუნის შუა წლებიდან განძა ილდეგიზიდების საათაბაგოს ერთ-ერთი ცენტრი ხდება.

განძა ჩვენს ქვეყანაზე აღმოსავლეთიდან შეტევის პლაცდარმი იყო, ხშირად.

ჩვენი ერთიანი სახელმწიფოს მეფეებს არაერთგზის გაულაშქრიათ განძაში და აუღიათ.

ბაგრატ მესამემ დაარბია განძა, შამქორი და მიდამოები, რადგან განძის მმართველი ამირა ფადლონი ჰერეთს, კახეთს ძარცვავდა. მისი შთამომავალი, ასევე ფადლონი, იმავეს აკეთებდა, რისთვისაც ბაგრატ მეოთხემ გააგზავნა თავისი მემკვიდრე, გიორგი, თავის ცოლისძმათან, ოსთა მეფე დორღოლელთან ერთად და დაარბევინა განძა.

გიორგი მეორის მეფობის დროს სელჩუკთა სულთანი, მელიქ-შაჰი თავს დაესხა ირანულენოვან განძას, აიღო და იქ დატოვა თავისი სარდალი სარანგი, „ორმოცდარვა ათასითა კაცითა“ . სარანგმა მოირთო განძის, დვინისა და დმანისის მაჰმადიანური ჯარი და საქართველოს ასაოხრებლად გამოემართა. საქართველოს მეფე გიორგი მეორემ, კახთა ლაშქრის დახმარებით, ფარცხისთან სასტიკად დაამარცხა მაჰმადიანთა კოალიცია.

დიდი საქართველოს მეფემ, დიმიტრი პირველმა გაილაშქრა და აიღო ქალაქი განძა. ჩამოხსნა განძის კარი და გელათის მონასტერს შესწირა. დღესაცაა განძის კარის ერთი ნაწილი შემორჩენილი გელათში.

დავით სოსლანმა სასტიკად დაამარცხა მაჰმადიანთა კოალიცია 1195 წლის 1 ივნისს ქალაქ შამქორთან. მეორე დღეს მიართვეს შამქორისა და განძის კლიტენი მეფეს. გაუღეს განძის კარი, დაუფინეს სტავრა, შეიყვანეს სასახლეში და სულთნის ტახტზე დასვეს. ქართველებმა დიდი ლხინი გამართეს განძის სასახლეში.

თამარ მეფე გარდაიცვალა თუ არა, განძის ათაბაგმა გადაწყვიტა, გასულიყო საქართველოს ვასალობიდან და ხარკი აღარ გადაეხადა ახალგაზრდა მეფე გიორგი მეოთხე ლაშასთვის.

ასეთი რამ ხშირად ხდებოდა ხოლმე, როცა გარდაიცვლებოდა ძველი მეფე, ვასალები ცდილობდნენ ხარკისა და ყმადნაფიცობისგან თავის დაღწევას. განძის მბრძანებელს ეგონა, ვერ შეძლებდა სახელმწიფოს ჯეროვან მართვასა და განძაზე გალაშქრებას ახალგაზრდა მეფე.

მაგრამ, მოტყუვდა განძელი. განძის კვლავ დასამორჩილებლად გაემართა ჩვენი მეფე დიდი ჯარით. განძელებმა ვერ გაუბედეს გენერალური ბრძოლა. ჩვენმა წინაპრებმა მრავალი ტყვე აიყვანეს და მიადგნენ განძას.

ქართულმა ლაშქარმა არ შეუტია ქალაქს, რადგან მსხვერპლს მოერიდა (სხვათა შორის, ორივე მხრიდან შესაძლო მსხვერპლს), ალყაში მოამწყვდია ქალაქი. უსისხლოდ ელოდნენ ჩვენი წინაპრები განძის მბრძანებლის დანებებას. ქალაქის კედლებთან იმართებოდა ჩალიბად, ერთი-ერთზე ბრძოლა. რჩეული მეომრები ერკინებოდნენ ერთმანეთს.

ახალგაზრდა მეფემ მცირედი სამხედრო ნაწილები იახლა, შემოუარა ქალაქს მტკვრის გადავლით და მიუახლოვდა კარიბჭეს. განძელებმა შეამჩნიეს ქართველთა მეფის პირადი ალამი, ახალგაზრდა მეფე, მისი ნაწილების სიმცირე და ათი ათასი მეომარი გამოვარდა ქალაქიდან ჩვენი მეფის ხელში ჩასაგდებად. მეფის მხლებელი ქართველი მეომრები გაცილებით მცირერიცხოვანნი იყვნენ, მხოლოდ ოთხი ათასი, უმეტესად მესხები.

ჩვენი ჯარის მთავარი ძალები იდგნენ ქალაქიდან მოშორებით და არ იცოდნენ მეფის განძასთან მიახლოების შესახებ.

განძელებმა განახვნეს კარნი და მხეცებივით დაეტაკნენ ოთხიათასიან ქართულ შენაერთს.

უშიშარმა თამარის ძემ და მისმა თანამებრძოლებმა არაფრად ჩააგდეს ქალაქიდან მოულოდნელად გამოვარდნილი განძელების სიმრავლე და ღრიალით მიეტევნენ მტერს.

მცირერიცხოვანი ქართველების მედგრად დახვედრამ შეაცბუნა განძელები. ჩვენმა წინაპრებმა უამრავი განძელი დახოცეს. ლაშა-გიორგი მხნედ მეთაურობდა და ვაჟკაცური მკლავით მუსრავდა მტერს. მასთან ერთად წინამბრძოლობდნენ: ყვარყვარე ჯაყელის უფროსი ძე, ბიბილა გურკლელი, ბოცო ბოცოს ძე...

რადგან განძელებმა ვერ შეძლეს სიმრავლით ქართველთა დაძლევა, სწრაფად მიტრიალდნენ და გაიქცნენ ქალაქისკენ. ჩვენმა წინაპრებმა ჭიშკრამდე სდიეს და მცირე ნაწილმაღა შეასწრო ქალაქში. ბევრი დახოცეს ან ტყვედ აყვანეს. ქალაქის გალავნიდან ხალხი უყურებდა ბრძოლას. შვილების მარცხსა და ხოცვას ხედავდნენ დედები, იგლოვდნენ, ხელს იცემდნენ მკერდში, საყელოებს იხევდნენ და თმას იგლეჯდნენ, ყვიროდნენ და ზრიალებდნენ. ასეთი შედეგი გამოიწვია განძის ათაბაგის გაუაზრებელმა პოლიტიკამ და ახალგაზრდა მეფისა და მისი მცირერიცხოვანი შენაერთის განადგურების მცდელობამ.

ქართველთა ძირითადმა ნაწილებმა რომ შეიტყვეს, მეფე ხიფათშიაო, მყის გამოიჭრნენ ხელმწიფის დასახმარებლად, მაგრამ, საბედნიეროდ, ლაშა-გიორგის შენაერთი მათ გარეშეც გაუმკლავდა მტერს.

განძის ათაბაგმა ელჩი გამოუგზავნა ჩვენს მეფეს და ძველებურად ხარკის კვლავ გადახდა იკისრა. ქართველთა კეთილმა მეფემ აპატია განდგომა, გაათავისუფლა ტყვეები, აიღო მრავალი საჩუქარი, ძვირფასეულობა, თვალ-მარგალიტი, ოქრო-ვერცხლი, გამობრუნდა უკან და აღავსო მთელი საქართველო საბოძვარით, რადგან იყო ყველა მეფეზე მეტად გულუხვი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი