ისტორია

რამდენი ცხენი მოუკლეს ერწუხის ბრძოლაში დავით აღმაშენებელს

№24

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 21.06

ისტორია
დაკოპირებულია

დაახლოებით, 1103 წელს გარდაიცვალა კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე, „კაცი მეფობისა-ვე თანა მეფე-ქმნილი ვნებათა ზედა და ჭეშმარიტი ქრისტიანე“ და ტახტზე ავიდა მისი ძმისწული, აღსართან მეორე, „რომელსა არა რა ჰქონდეს ნიჭნი მეფობისანი, რამეთუ იყო ცუნდრუკი რა-მე, უსჯულო და უმეცრად უსამართლო“.

დავით აღმაშენებელს საკმაოდ ძლიერი მომხრეები ჰყავდა კახეთსა და ჰერეთში, დიდებული პიროვნებები, რომლებიც ოცნებობდნენ ქვეყნის გაერთიანებაზე. დავით მეფის მომხრეებმა, „არიშიანმან და ბარამ, და დედის ძმამან მათმან ქავთარ ბარამის ძემან“, შეიპყრეს ცუნდრუკი აღსართან მეფე და მიჰგვარეს დავით აღმაშენებელს. დავით მეფემ კახეთი და ჰერეთი ერთიან საქართველოს სამეფოს შემოუერთა. ეს არ მოეწონათ თურქ-სელჩუკებს, მით უმეტეს, დავით მეფე ხარკს აღარ უხდიდა მათ და გადაწყვიტეს, ჩვენი ხელმწიფის დასჯა. სელჩუკმა სულთანმა გამოაგზავნა დიდძალი ჯარი განძის ათაბაგთან და საქართველოს მეფის წინააღმდეგ გალაშქრება დაავალა. სულთნის ნაწილებს დაემატა განძის ათაბაგის სამხედრო ნაწილები. ასევე, სეპარატიზმის მოსურნე კახი დიდებულები და დიდი ჯარი წამოვიდა ჩვენი მეფის წინააღმდეგ.

ბრძოლა გაიმართა ერწუხში. ჩვენს ხელმწიფეს გაცილებით მცირერიცხოვანი ჯარი ჰყოლია ბრძოლაში, „მცირედი ლაშქარი და განწირული ერი“. ნაწილები, რომლითაც, ალბათ, დაიკავა კახეთ-ჰერეთი, „მცირე ლაშქარი“ და კიდევ ადგილობრივი, უბრალო მოსახლეობა, „განწირული ერი“, სამშობლოსთვის თავგანწირული გლეხები და მეთემეები, თავის მეთაურებთან ერთად.

მაჰმადიანთა ჯარი გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე ჩვენი ლაშქარი. თურქ-სელჩუკთა მხარეს ზოგიერთი ჰერი და კახი დიდებული გამოვიდა, რომელთაც თავისი ქვეშევრდომები, უბრალო მოქალაქეებიც გამოუყვანიათ ჩვენი ხელმწიფის წინააღმდეგ. იძულებით და ვასალობის ძალით, თორემ უბრალო ხალხი რატომ იბრძოლებდა მაჰმადიანებისა და უსამართლო აღსართანის მომხრე დიდებულთა მხარეს.

თუმცა, აქვე გასახსენებელია, რომ კახეთ-ჰერეთის სამეფო უკვე კარგა ხანი არსებობდა და ქვეყნის, საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებულობა, ზოგ შემთხვევაში, ადგილობრივ, ვიწრო პარტიკულარიზმს მაინც ქმნის. თუმცა, უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის კახი და ჰერი წარმომადგენლების ნაწილი, ალბათ, იძულებით გამოიყვანეს ბრძოლაში აღსართანის მომხრეებმა, რომლებიც ერთიან საქართველოში დაკარგავდნენ თავის უფლებებსა და გავლენას.

რა თქმა უნდა, ცნობილია, დავით აღმაშენებელი ბრწყინვალე სტრატეგი იყო, ბრძოლების დროს სხვადასხვა ტაქტიკას იყენებდა ხოლმე. ერწუხის ბრძოლაშიც, ალბათ, ასე იყო, თუმცა დეტალები ბრძოლისა არ ვიცით.

მეფის, მთავარსარდლის პირადი მონაწილეობა ხელჩართულ ბრძოლაში დიდი რისკია, რადგან, დაღუპვის ან დაჭრის შემთხვევაში ჯარი უსარდლოდ რჩება და დიდი ალბათობით დამარცხდება. მაგრამ, დავით აღმაშენებელს გული როგორ მოუთმენდა, მტერს პირადად არ შებრძოლებოდა, არ დახმარებოდა თავის გმირ მეომრებს, არ შეეძახებინა და არ გაემხნევებინა ისინი უთანასწორო ბრძოლაში. მეფე პირადად მონაწილეობდა ომში. უკანა პლანზე კი არ იდგა და ჯარის ზურგიდან კი არ გასცემდა ბრძანებებს, ან მხოლოდ რამდენჯერმე კი არ მოიქნია ხმალი. არამედ მეწინავეთა რიგებში იბრძოდა, „ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მაღლითა“ და გრიგალივით დაქროდა აქეთ-იქით, „გოლიათებრ“ უტევდა და თავისი მადლიანი მარჯვენით სცემდა მახვილს, ამხობდა და კლავდა მტრებს.

იმ დღეს სამი ცხენი მოუკლეს მეფეს და მეოთხე ცხენზე ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა: „მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესა-ღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი“. ეს ცნობა ამტკიცებს, რომ მეფე ხიფათს არ ერიდებოდა, ბრძოლის ცენტრში ომობდა და მასზე დიდი შეტევა ხორციელდებოდა. მისთვის ნასროლმა ისრებმა თუ შუბებმა, ან მისთვის მოქნეულმა ხმლებმა იმსხვერპლა ქართველთა გმირი მეფის სამი ცხენი. რა თქმა უნდა, მეფის წინააღმდეგ განსაკუთრებულად მძაფრი შეტევა ექნებოდათ მტრებს.

აქვე წარმოვიდგინოთ, ისრით ან შუბით მოკლული ცხენიდან დროულად ჩამოხტომა, რათა წაქცეული ცხენის ქვეშ არ მოჰყვეს მხედარი და სხვა, სამარქაფო ცხენზე სწრაფად ამხედრება, თან სამჯერ, როგორ სიმკვირცხლეს, ენერგიულობას, ცხენოსნობის დიდ ოსტატობასაც მოითხოვს, რაშიც, რა თქმა უნდა, დახელოვნებული იყო ჩვენი ხელმწიფე. ამას დავუმატოთ, სათადარიგო ცხენები ან მეფისთვის ახალი ცხენის სწრაფად მიყვანა, რათა მთავარსარდალს შეუფერხებლივ განეგრძო ბრძოლა და მეთაურობა, რაც ჩვენი ჯარის კარგად ორგანიზებულობას გვიჩვენებს.

ქართველებმა სასწაულებრივად გაიმარჯვეს, ადვილად და სწრაფად, ღვთის წყალობითო, გვიამბობს ბრძოლის მონაწილე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი.

ბევრი ტყვე ჩაუვარდათ ხელში ჩვენს წინაპრებს.

ამ ბრძოლისთვის დიდი ხანი ემზადებოდა მეფე, წვრთნიდა ჯარს და დიდი თურქობით შეწუხებულ სამეფოს გამარჯვებას აჩვევდა ნელ-ნელა.

ბრძოლის დასრულების შემდგომ დავით მეფე თავის კარავში შებრძანდა. მეფეს სარდლები და გარემოცვაც თან ახლდა. ამ ამბის თვითმხილველი დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გვიამბობს: მოიხსნა, თურმე, მეფემ აბჯარი, შეიხსნა წელზე ქამარი და ბლომად მტკნარი სისხლი დაიღვარა მიწაზე. დაჭრილი ეგონათ მეფე, მერე მიხვდნენ, რომ შეუჩერებელი ბრძოლის დროს, მისი ხმლიდან ხელს გამოჰყოლოდა სისხლი და დაგროვილიყო ტყავის სამოსში, რომელსაც სარტყელი ჰქონდა შემორტყმული.

მტრის სისხლი დაიღვარა მეფის კარავში.

ეს ცნობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს – დიდი მეომარი იყო დავით აღმაშენებელი. ერწუხში მისმა მარჯვენამ საქართველოს არაერთ მტერს ადინა სისხლი, ისევე როგორც სხვა ბრძოლებში.

მრავლისაგან მხოლოდ მცირეს გიამბობთო, გვეუბნება დავითის ისტორიკოსი.

ერწუხის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვებას დიდი გამოძახილი ჰქონია იმჟამინდელ მსოფლიოში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მაჰმადიანი დამპყრობლები და ქრისტიანები.

საბოლოოდ შემოიერთა „თïთ-მპყრობელობით“ კახეთ-ჰერეთი ჩვენმა საამაყო მეფემ. დაიკავა ყველა ციხე და სიმაგრე. მტრის მომხრე დიდაზნაურების მაგიერ, თავისი ერთგული ადამიანები დააწინაურა და „მზე-ებრ მიჰფინა წყალობა ყოველთა ზედა მკïდრთა ქუეყანისათა“.

ღვთის წყალობა მუდამ თან სდევდა დიდებულ დავით მეოთხეს და ღმერთი აძლევდა მას საკვირველ ძლევას მტერზე ყველგან და ყოველთვის და უფალი უძღოდაო წინ.

მეფეც „სრულითა გულითა მსახურებდა“ ღმერთს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული