ისტორია

რამდენი იყო საქართველოს მოსახლეობა მეცამეტე საუკუნეში და რატომ მოაჭრა დავით ულუმ თავი მონღოლთა წარმომადგენელს

№16

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 29.04

ისტორია
დაკოპირებულია

1254 წელს, ყაენ მუნქეს (მანგუ) დროს, მონღოლებმა გადაწყვიტეს აღეწერათ დაპყრობილი ქვეყნები, გაეგოთ, რამდენი ქვეშევრდომი ჰყავდათ, რამდენი დამხმარე მეომრის გამოყვანა შეეძლოთ ვასალებს ახალ, დამპყრობლურ ომებში. რამდენი სული საქონელი, ცხვარი, ცხენი ჰყავდათ მათ ქვეშევრდომებს, რა ქონების პატრონები იყვნენ, რამდენი ყანა და საძოვარი, სათიბი და ბოსტანი ჰქონდათ, რომ უფრო ზუსტად დაეხარკათ.

აღწერას ხელმძღვანელობდა ოირიდების (უირიდების) ტომის წარმომადგენელი, არღუნი. რეგიონში არღუნ აღმწერის თანაშემწე იყო ხოჯა ნეჯმ ალ-დინი. აღიწერა ყოველი ოჯახი, ადამიანი და ქონება.

ოჯახი მონღოლური სიტყვაა და კერას ანუ კომლს (ფუძეს) ნიშნავს, კომლი უმცირესი სოციალური ერთეულის სახელი იყო ქართულ ენაში და ნაწარმოებია კვამლიდან, რომელიც კერიიდან ამოდის და ნიშნავს უახლოეს ნათესავთა მცირე ჯგუფს და სახლს, მცირე სოციალური ერთობის საცხოვრისს, საიდანაც კვამლი ამოდის, ანუ სადაც თბებიან, საჭმელს ამზადებენ, სადაც ცხოვრობენ.

მიწისმქონეთა ყოველი საკვამურიანი სახლი აღწერეს. აღწერის დროს დაითვალეს 15 -დან 60 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის რამდენი მოსახლე იყო საქართველოში და დაადგინეს, ცხრა სრული, მიწის მქონე გლეხიდან (კომლიდან, ოჯახიდან) ერთი მეომარი მონღოლთა ჯარში უნდა გაეწვიათ: „ცხრასა გლეხსა სრულისა მიწის (ესე იგი, ფუძისა) მქონებელსა ერთი ლაშქარს წარმავალი კაცი შეაგდიან“.

შედეგების მიხედვით, საქართველოს დაევალა 90 000 (9 დუმანი) ჯარისკაცის გამოყვანა მონღოლთა სასარგებლოდ ომებში. მართალია, მონღოლთა ომების დროს საქართველოს ერთდროულად 90 000 ჯარისკაცი არ გამოუყვანია ბრძოლის ველზე, მაგრამ, სამხედრო ვალდებულად ისინი მაინც ითვლებოდნენ და რეზერვში იყვნენ, ომებში დახოცილებს სხვები ცვლიდნენ.

მონღოლთა მიერ საქართველოში ჩატარებული აღწერის შედეგებიდან შესაძლოა, მიახლოებით დადგინდეს მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის რიცხვი. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენს სახელმწიფოში იმ დროისთვის საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობდა.

თუ საქართველოს 90 000 მეომარი უნდა გაეგზავნა მონღოლთა ჯარში – თითო მეომარი 9 კომლიდან, გამოდის, საქართველოს სახელმწიფოში 810 000 კომლი (90 000 X 9 = 810 000) იყო.

მაშინ კომლები, ოჯახები უფრო მსხვილი ერთეული იყო, ისე დანაწევრებული არ გახლდათ, როგორც ახლაა. ერთ ოჯახში რამდენიმე თაობა ცხოვრობდა – დიდი პაპა-დიდი ბებია, პაპა-ბებია, დედ-მამა, რამდენიმე შვილი, რძლები და ბავშვები. თითო ოჯახში, ალბათ, მინიმუმ 6 ადამიანი მაინც იქნებოდა. 6 X 810 000 = 4 860 000. ამას უნდა დავუმატოთ სასულიერო პირები და მათი ყმები, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო ქვეყანაში, მათ ჯარში არ იწვევდნენ და არც გადასახადს ახდევინებდნენ.

ამგვარად, შესაძლოა ვივარაუდოთ: მაშინდელ საქართველოს სამეფოში ცხოვრობდა 5 000 000 ადამიანი. სამეფოდან გასაყვანი ჯარის მთელი რაოდენობიდან, 90 000 ჯარისკაციდან ნახევარზე ნაკლები მოდის სომხურ და სხვა არაქართულ ტერიტორიებზე, რომლებიც საქართველოში შემოდიოდა. სომხეთის მთელი ტერიტორია არ შემოდიოდა საქართველოს სამეფოში, მხოლოდ მისი ჩრდილო ნაწილი. ამგვარად, შეიძლება ვიფიქროთ, 5 000 000 მოსახლიდან, ნახევარი ან ნახევარზე მეტი, ალბათ, 2 500 000-დან 3 000 000-მდე იქნებოდა ქართველი.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ იმ დროს უფრო მეტი ადამიანი იყო კომლში, შესაბამისად – საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაც და 8 000 000-ს ასახელებს. ზოგი მეტს ანგარიშობს.

არის სხვა მოსაზრებაც. ზოგის აზრით, საქართველოს მოსახლეობა 5 000 000-ზე ნაკლები იყო, ოჯახებში ნაკლები ადამიანი იქნებოდაო. თუ ვიგულისხმებთ ოჯახში 4 სულს, და 810 000 გავამრავლებთ 4-ზე (და არა 6-ზე). მაშინ გამოვა, რომ სომხებიანად ჩვენს სამეფოში ცხოვრობდა 3 200 000 ადამიანი. ასეთი დათვლით, შეიძლება ვივარაუდოთ, ქართველები ვიყავით 1 600 000-დან 2 000 000-მდე.

ყველა შემთხვევაში, იმ დროისათვის არცთუ მცირერიცხოვანი ქვეყანა ვყოფილვართ.

გარდა სამხედრო ვალდებული მამაკაცებისა, მონღოლებმა აღწერეს, აგრეთვე, პირუტყვი, უძრავი და მოძრავი ქონება, მათ შორის ყანები, ვენახები, ბოსტნები, საძოვრები და სათიბები. „იწყეს აღწერად კაცით პირუტყვთამდე, ყანით ვენახთამდე, წალკოტით ბოსტნამდე“. გადასახადი დაედო ყველაფერს. დაიბეგრა ყველა დარგი, რომელიც იძლეოდა შემოსავალს – სოფლის მეურნეობა (მიწისმოქმედება, მესაქონლეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მევენახეობა), ვაჭრობა, ხელოსნობა, მეთევზეობა, დაიბეგრა ყველანაირი ქონება, მოკლედ, ყველა საქმიანობა და ყველაფერი.

დიდ გაჭირვებაში ჩავარდნენ საქართველოს მკვიდრნი. ყველაფერი უბრალო მოსახლეობის ზურგზე გადადიოდა და ღატაკდებოდა გლეხობა. გლეხობის, მწარმოებელი მოსახლეობის გაღატაკება იწვევდა ეკონომიკის მოშლას, დიდებულების დასუსტებას. მათ კი პასუხისმგებლობა ჰქონდათ მონღოლების წინაშე. ფეოდალები იძულებული ხდებოდნენ გაეყიდათ მიწები, თან ძალიან იაფად. ქართული სახელმწიფოს მიწების დიდი რაოდენობა გადადიოდა უცხო ავანტიურისტების ხელში. მოსახლეობა გარბოდა მთაში ან საეკლესიო მიწებზე, რომ გადასახადებისგან თავი დაეხსნა. მონღოლთა იმპერიაში რელიგიური ინსტიტუტები არ დაბეგრილა.

მონღოლებს ნაკლებად ჰყავდათ განათლებული პიროვნებები, ამიტომ სამსახურში იღებდნენ სხვა, დაპყრობილი ერების განათლებულ, ხშირ შემთხვევაში, მედროვე ადამიანებს. ასეთებს ხშირად ხელში უვარდებოდათ მნიშვნელოვანი თანამდებობა, ბასკაკის ან ნოინის თანაშემწის, ხანდახან კი ყაენის მრჩევლის, საყაენოს მდივნის თანამდებობები და სხვა. მონღოლები და გადასახადის ამკრეფები ხშირად ძალადობდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ არამონღოლი ავანტიურისტები, რომლებიც გაქნილები იყვნენ ამგვარ საკითხებში და დიდძალ ქონებასაც აგროვებდნენ.

საქართველოში გადასახედების აკრეფა ხელში ჩაიგდო სპარსული წარმოშობის ავანტიურისტმა, მაჰმადიანმა, ვინმე ხოჯა-აზიზმა. ხოჯა აზიზი თვითნებობდა და ზედმეტს ართმევდა მოსახლეობას. თავხედი ხოჯა არ მოერიდა და დაბეგრა თვით დავით მეშვიდე ულუს სამზარეულოც კი. თუ რამეს შეისყიდიდნენ მეფის მზარეულები სასახლისთვის, იმაზეც გადასახადი დააწესა.

ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნამ გაამწარა დავით ულუ და აჯანყდა. მართალია, დამარცხდა, მაგრამ, თავხედი ხოჯა აზიზი მაინც ჯიუტად გამოითხოვა მონღოლებისგან, დააპატიმრებინა, თავი მოაჭრევინა და ტფილისის ცენტრში, ძელზე ჩამოაკიდებინა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 მაისი