ისტორია

რამდენი ეროვნებისა და სარწმუნოების უმაღლესი კულტურული ცენტრი არსებობდა საქართველოს სამეფოში და წერდა თუ არა თამარ მეფე ლექსებს

№20

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 27.05, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ სანამ დემნა უფლისწული ცოცხალი იყო, თამარს სამეფოდ არ ზრდიდნენ, მაინც შესანიშნავ განათლებას მიიღებდა ისიც, მისი და რუსუდანიც და კიდევ ერთი მათი და, გიორგი მეფის ქორწინების გარეშე შობილი ასულიც, რომლის სახელიც უცნობია.

საქართველოს სამეფო კარი იყო კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი მაშინდელ მსოფლიოში. ჩვენს სამეფო კარზე მოღვაწეობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების უგანათლებულესი ადამიანები, მოძღვრები, მწერლები, ისტორიკოსები, პოეტები, ფილოსოფოსები, მუსიკოსები, სწავლულები და სხვა.

საქართველოს სამეფოს საკუთარ და ვასალურ ტერიტორიაზე რამდენიმე ეროვნებისა და სარწმუნოების უმაღლესი კულტურის ცენტრი იყო – ქართული, სომხური და შირვანულ-სპარსული (მაშინ სპარსეთში თურქები ბატონობდნენ და სპარსული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი კულტურული ცენტრი შირვანში იყო). საქართველოს სამეფოში არსებობდა სპეციალური სახლები, სადაც მოცალეობისა და შემოქმედებითი საქმიანობისათვის ყველა პირობას უქმნიდნენ იმდროინდელი მთელი მსოფლიოდან საქართველოში ჩამოსულ ადამიანებს. სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების სწავლულებს ჩვენი მეფეები დიდ თანამდებობებზე ნიშნავდნენ, მრჩევლებად იყვანდნენ და სხვა.

რასაკვირველია, წამყვანი პოზიცია ჰქონდათ მართლმადიდებელ ქართველ სწავლულებსა და თეოლოგებს, პოეტებს, მწერლებსა და მოძღვრებს.

ჩვენს წინაპრებს კულტურული ცენტრები ჰქონდათ წმიდა მიწაზე და ბიზანტიაში. ყველანაირი, იმდროინდელი კულტურული თუ პროზაულ-პოეტური სიახლეები, ბერძნული თუ ლათინურ-ევროპული, სომხური თუ აღმოსავლური, ითარგმნებოდა ქართულად და საქართველოში ეცნობოდნენ.

დავით აღმაშენებლისა და დიმიტრი პირველის შემოქმედების შესახებ ვიცით. გიორგი მეორე პოეტი მეფის ვაჟი გახლდათ, ზემოთ დასახელებულ მრავალეროვან მოღვაწეთა მფარველი. არის ცნობილი ერთი ისტორია – შირვანიდან მაჰმადიანი პოეტი მას სწერდა, გთხოვ, მისწერე შირვანშაჰს, მექაში გამიშვას მოსალოცადო.

არის ვარაუდი, რომ სპარსული და ქართული, ასევე, სხვა კულტურების შეხვედრამ ბიძგი მისცა აღმოსავლურ და მერე, შესაძლოა, დასავლურ რენესანსს.

რა თქმა უნდა, გიორგი მეორე არაფერს დაიშურებდა ქალიშვილებისთვის განათლების მისაცემად. აღნიშვნის ღირსია თამარ მეფის დედაც, ოვსთა მეფის ასული ბურდუხანი. მასზე ამბობდნენ, ქრისტიანული სარწმუნოების ისეთი ერთგული იყო, წმინდა დიდ მოწამეებს, ეკატერინესა და პენელოპა ირინეს ემსგავსებოდაო. ზრუნავდა ეკლესია-მონასტრებზე, შვილების აღზრდასა და სულიერ განვითარებაზე. თამარსა და რუსუდანს არამარტო დედის სილამაზე, მისი კეთილშობილი, შემნდობი ხასიათიც, გამოჰყოლიათ. დედოფალი ბურდუხანი ყოფილა ხელოვნების მოყვარული. მისი მეცადინეობით იქმნებოდა ხატები... თამარ მეფეს ოვსთაგანაც მოსდგამდა პოეზიის სიყვარული, მისი წინაპრის, ბაგრატ მეოთხის მეუღლის, ოვსი ბორენა დედოფლის შესანიშნავი რითმიანი იამბიკოა შემორჩენილი...

1178 წლიდან, დემნას აჯანყების მერე, უკვე სამეფოდ ამზადებდნენ თამარს.

თამარ მეფის ცხოვრების წესში კარგად ჩანს ქართული მსოფლმიმართება, გადმოცემული უძველეს მინდიას მითში თუ ქრისტიანობაში, ძველი ქართული ლიტერატურის უკვდავ ნაწარმოებებში, ჰიმნოგრაფიაში, ჰაგიოგრაფიაში, ფოლკლორში, უკვე საერო ლიტერატურაშიც...

საქართველოში მოღვაწეობდნენ დიდი ქართველი კალმის ოსტატები: მოსე ხონელი, შოთა რუსთველი, ჩახრუხაძე, იოანე შავთელი, სარგის თმოგველი...

ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებით იყო განებივრებული ჩვენი ხელმწიფე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ერკვეოდა იმდროინდელ ლიტერატურათმცოდნეობაში, ხელოვნებათმცოდნეობაში...

1195 წლის მაისში შირვანშაჰმა, აღსართანმა (ახსითანმა) და მისმა სიძემ, ადარბადაგანის (ირანის აზერბაიჯანის, ძველი, ნამდვილი აზერბაიჯანის) გარდაცვლილი, გასულთნებული ათაბაგის ოჯახის შვილმა, ამირ-მირმანმა, დახმარება სთხოვეს ჩვენს ხელმწიფეს. მათ დაპყრობასა და განადგურებას ცდილობდა ამირ-მირმანის ძმა, ადარბადაგანის ათაბაგი აბუბექრი (აბუბაქრი), რომელსაც მხარს უჭერდა მაჰმადიანთა უმაღლესი სულიერი ლიდერი, ხალიფა. საქართველოს პატრონული ვალდებულება ჰქონდა ყმადნაფიცი შირვანის დაცვისა. გარდა ამისა, ეს იყო შემოტევა საქართველოზეც. მაჰმადიანთა კოალიციას ხელმძღვანელობდა სულთან-ათაბაგი აბუბექრი („ამირ-ბუბაქარი“), რომელმაც თავის ღვიძლ ძმებს, უმცროსს, ამირ-მირმანსა და უფროსს, ხუტლუ-ინანჩის, სამფლობელოები წაართვა. კოალიციას წინ მოუძღოდა ხალიფას დროშა... ჩვენმა სამეფომ ჯარის მობილიზაცია დაიწყო.

სანამ ჯარი შეგროვდებოდა, ტფილისში დახმარების სათხოვნელად ჩამოსულ შირვანშაჰსა და ამირ-მირმანს გრანდიოზული შეხვედრა გაუმართეს, „იყო სიხარული და ზმა მგოსანთა და მოშაითთა“.

ქართველთა ჯარმა 1195 წლის 2 ივნისს ქალაქ შამქორთან, სასტიკად დაამარცხა მაჰმადიანთა კოალიცია.

ხალიფას დროშა საქართველოს დიდმა გმირმა და წმიდანმა, შალვა ახალციხელმა ხელთ იგდო და მეფეთა-მეფე თამარს დაუგო ფეხქვეშ.

პოეტი მეფეების, დავითისა და სოლომონ წინასწარმეტყველების, დავით აღმაშენებლის, დიმიტრი მეორის შთამომავალმა, შესანიშნავ ჰიმნოგრაფიულ ტრადიციებზე აღზრდილმა მეფე თამარმა ხალიფას დროშა ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა, ხოლო ღვთის სადიდებლად „მიზეზად ძღუნისა-შემწირველობისასა და მვედრებელობისა ამანცა ესევითარად ესე იამბიკო (ლექსი) ხუთეული ოცდახუთ ლექსად აღწერა“:

„ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთ-მთავრობა,

ძე საუკუნობს პირველი და კუალადი.

სულმან მან ღმერთმან სრულ ყო მოქმედებადი,

სამებით სრულმან ერთითა ღმრთაებითა,

მიწით პირველის, პირმშოისა კაცისა.

შენ მიერ მისთïს დრკუსა მის განმგებელი

დრკუი მიდრკა უვნებელი ვნებისადმი,

ივნო და ვნება პირველი უვნებელ ყო.

შენგან შობილმან. ჩუენ ღირს-გუყვნა აღმოშობად

ბნელით ნათელსა, ნათელთა მხედველობად.

შენგან, ქალწულო, რომელსა შენთïს დავით

როკვიდა, ძისა ღმრთისა ძედ შენდა ყოფად.

მე თამარ, მიწა შენი და მიერივე,

ცხებულობასა ღირს მყავ და თïსობასა.

ედემს, ღადითად, სიმხნით, და ჩრდილოეთით

შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთმელობ,

ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა

შევრთე, ცრუ-სჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი,

ვინ დავით, ძეებრ ეფრემის მოისარმან,

მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით.

ერანს ებრძოლეს ჩემ მიერ მისთა სპათა ჩუენნი მüედარნი, მოსავნი შენნი, სძალო;

მოწყლნეს, მოსწყüდნეს აგარის ნათესავნი.

მუნით მოსმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას.

შენდა შევწირავ! მიოხე ძეებრ, ღმერთო!“

წერდა თუ არა ლექსებს თამარ მეფე, არ ვიცით, მხოლოდ ეს ერთი ლექსია შემორჩენილი, თუმცა ამ ნაწარმოების მიხედვითაც შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ავტორის განათლების, პოეტური ნიჭისა და რაც მთავარია, სულიერი სიმაღლისა და რწმენის შესახებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი