ისტორია

რამ დააკარგვინა რეალობის განცდა თამარ მეფის თანამედროვე უამრავ მამაკაცს

№13

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 07.04, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

თამარ მეფის პირველი ქმრის, სვეუბედური გიორგი რუსის საქართველოს სამეფო ოჯახიდან გაგდების ამბავი გავრცელდა მთელ იმდროინდელ მსოფლიოში და უამრავ ადამიანს კვლავ გაუჩნდა ოცნება, თამარის ქმარი გამხდარიყო. ჩვენი ხელმწიფის სილამაზის ამბავი საყოველთაოდ იყო გავრცელებული, მნახველთა მიერ აღწერილი სიტყვით, ყალმით ან კალმით და მის გამო ჭკუას კარგავდნენ მისი სახებრწყინვალების ამბის მცნობნი: „ხელდებიან ყოველნი მსმენნი ესრეთ სახებრწყინვალეობისა მისისანი“.

ადრე ოსთა ერთ-ერთი მეფის ერთ-ერთი ძე თამარისადმი უიღბლო სიყვარულის დარდით გარდაცვლილა კიდეც საქართველოში სტუმრობისას.

ახლოს მყოფები, რა თქმა უნდა, გიჟდებოდნენ მასზე, ისე, რომ უღირსებს თავიანთი უღირსობის რიდი და სირცხვილი არ ჰქონდათ, არც ნათესავებს – ნათესაობის რიდი: „ხოლო ახლო მყოფთა ესევითარი აქუნდა ტრფიალი, რომელ არცა უღირსთა უღირსობისა აქუნდა კდემა-რცხუენა, არცაღა თïსთა თïსობისა გავლენა“.

დიახ, ბევრს უყვარდა კავკასიის სუზერენი, თუმცა, მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ თეორიული შანსი მისი ქმრობისა. სიტყვაში – უღირსები, იგულისხმება ის ადამიანები, ვისაც არ შეეძლოთ თამარზე დაქორწინება – ქართველი ხელმწიფე მხოლოდ თანაბარი ღირსების ადამიანზე შეიძლება, დაქორწინებულიყო, მხოლოდ ხელმწიფის შვილზე. ქვეშევრდომებს არანაირი შანსი არ ჰქონდათ. თან, მომავალი ქმარი არ შეიძლება, ყოფილიყო სხვა ქვეყნის მეფე. მეუღლე ჩვენი მეფისა უნდა ყოფილიყო მხოლოდ კონსორტი და არა რეალური ძალის მქონე. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ თამარზე შეყვარებულ პრინცებზე გვაქვს გადმოცემა. თანაც, სია, რა თქმა უნდა, არასრულია. თორემ, როგორც გვამცნობენ, უამრავი იყო შეყვარებული.

არაერთი ქვეყნის პრინცები გადასულნი ყოფილან ჭკუაზე და არაფრის წინაშე უკან დახევას არ აპირებდნენ, ოღონდ თამარ მეფის ქმარი გამხდარიყვნენ.

ბიზანტიის ყოფილი იმპერატორის, მანუელ პირველის უფროსი ვაჟი გახელებული ყოფილა თამარისადმი ტრფიალით, მაგრამ, კონსტანტინოპოლში ატეხილმა სისხლისღვრამ შეუშალა ხელი – დაუპატიმრებიათ...

ანტიოქიის ჯვაროსნული სამთავროს უფლისწულს უნდოდა ჩამოსვლა ჩვენს სამშობლოში და თამარის ხელის თხოვნა. მაგრამ, ვერ მოახერხა – ბრძოლები იყო წმიდა მიწაზე. ამბობენ, მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი ორგანიზატორის, საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსას ვაჟებიც მოსურნე ყოფილან თამარის ქმრობისა.

სულთან ყიზილ-არსლანის ერთ-ერთი ვაჟი, რომელსაც სმენოდა თამარის მშვენიერების შესახებ, მამამ ძლივს დააკავა, ჩაკეტა, რათა არ გამოჰპარვოდა საქართველოში და მაჰმადიანობაზე უარი არ ეთქვა თამარის სიყვარულით.

კარნუ-ქალაქის (არზრუმის) ამირა სალდუხის ძის ძემ, მუტაფრადინმა, არ უსმინა მშობლებს, რომლებიც უშლიდნენ და თამარზე უზომოდ შეყვარებული გამოენთო საქართველოსკენ. იახლა მრავალრიცხოვანი მეომრები, დიდებულები, ხოჯები, საჭურისები, მონები, მხევლები. შესაფერისი საჩუქრებით, თვალმარგალიტით, უცხო ქსოვილებით დატვირთულმა, მრავალი ავაზა წამოიყვანა თან და უამრავი შეუდარებელი ცხენი. განაცხადა, რომ მზად იყო, დაეთმო მაჰმადის რჯული და მიეღო ქრისტიანობა. გასცა უამრავი საჩუქარი ქართველი პოლიტიკოსების მოსაქრთამად. მუტაფრადინის პაპა, სალდუხ ეზდინი თამარ მეფის პაპას, დიდ ხელმწიფე დიმიტრი პირველს დაემარცხებინა და დაეტყვევებინა თავის დროს. ახლა თამარის სიყვარულს დაეტყვევებინა არზრუმელი.

ქართველები სტუმარს დახვდნენ სამეფო ეტიკეტის მიხედვით. მიიყვანეს მეფესთან. თამარ მეფემ სასახლეში მიიღო მუტაფრადინი, ვერ შეიკავა თავი სალდუხის ძემ და ცრემლები დაღვარა, როგორც ვისზე შეყვარებულმა რამინმა. ღირსეულად უმასპინძლეს ქართველებმა თურქ სტუმარს. იყო ნადიმები, თამაშობები, სახიობობანი, მუტრიბთა და პოეტთა გამოსვლები. უამრავი საჩუქარი გასცეს მუტაფრადინის მრავალრიცხოვანი ამალის წევრებისთვის. წაიყვანეს არზრუმელი პრინცი ქვემო ქართლში, ანადირეს მთელი ზამთარი თავის ამალასთან ერთად. შემდეგ ისევ ტფილისში დააბრუნეს, მერე წაიყვანეს კახეთსა და ჰერეთში. იქაც კარგად მოალხინეს სტუმარი.

თამარ მეფე ვერ დაქორწინდებოდა სელჯუკზე, შეუძლებელი იყო ეს. სხვადასხვა იყო ჩვენი და მათი კულტურა. ახლა მეტი დაფიქრება მართებდათ საქართველოს პოლიტიკოსებს, რათა ისეთივე შეცდომა არ დაეშვათ, გიორგი რუსზე რომ იძულებით დააქორწინეს ჩვენი ხელმწიფე. საქართველოს სჭირდებოდა მართლმადიდებელი უფლისწული თამარის თანამეფედ, თანაც, გამოცდილი უნდა ყოფილიყო მისი ხასიათი.

გულგატეხილი არ გაუშვეს ქართველების სიძობას დანატრებული არზრუმის მბრძანებლის ვაჟი და დააქორწინეს თამარის ერთ-ერთ დაზე, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, უცნობია. თამარის მამას, გიორგი მესამეს, სამი ქალიშვილი ჰყავდა. თამარი და რუსუდანი შეეძინა ოსთა მეფე ხუდანის ასულ, დედოფალ ბურდუხანთან, ხოლო ერთი ქალიშვილი შეეძინა ქორწინების გარეშე. სამეფო კარი განიხილავდა როგორც მეფის ასულს.

დებს, თამარსა და რუსუდანს ძალიან უყვარდათ ის. ამიტომ, გაათხოვეს სამეფო ღირსებით, კარნუ-ქალაქის ამირას ვაჟზე, მუტაფრადინზე. გადაუხადეს დიდებული ქორწილი. აავსეს საჩუქრებითა და მზითვებით, უძვირფასესი საქონლითა და თვალ-მარგალიტით და გაამგზავრეს თავისი ძვირფასი დაიკო არზრუმში, აწ უკვე სიძესთან, მუტაფრადინთან ერთად. თამარი და რუსუდანი ტიროდნენ დის ბედნიერებისა და მასთან განშორების გამო, როცა აცილებდნენ მას არზრუმში. ასევე, ბედნიერი, ღირსების შესაბამისად გათხოვილი მესამე ასული გიორგი მეფისა, ცრემლებით ეთხოვებოდა დებს და მამიდას. მთელი სამეფო კარი ტიროდა.

ნათესავებზეც აღვნიშნეთ ზემოთ – რამდენიმე წლის წინ, ბიზანტიის კეისრის ძმისწულზე, ალექსი კომნენზე დაქორწინებას ურჩევდა ზოგი, რაც თამარისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. შემდეგ თამარის ხელის სათხოვნელად მოვიდა შირვანის შაჰი აღსართანი, რომელიც სიყვარულისგან ცნობამიხდილი ყოფილა. შირვანშაჰი მზად იყო, უარი ეთქვა მაჰმადიანობაზე, ოღონდ თამარის ქმრობის ღირსი გამხდარიყო. ეხვეწებოდა დიდებულებსა და სასულიერო პირებს, ცდილობდა მათ მოქრთამვას, რათა დახმარებოდნენ ამ საქმეში. აღსართან შაჰი იყო თამარის პაპის, დიმიტრის დის – თამარის ვაჟი, ანუ მისი ბიძა, როგორ შეიძლებოდა მათი დაქორწინება? ამიტომ, პირველივეს, ვინც გადასცა აღსართანის თხოვნა, მკაცრად უპასუხა: მეორედ არ გამიმეოროთო!

კიდევ არაერთი პრინცი და მეფე იყო მოსურნე თამარ მეფის ქმრობისა. შეუძლებელია, ყველას შესახებ ინფორმაცია შემონახულიყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი