რა უთხრა არგვეთის მთავარმა მომავალ ხალიფას, მურვან ყრუს
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 30.08
(იბეჭდება შემოკლებით)
მუჰამედის მიერ გაერთიანებულმა და ახალი რელიგიით დამუხტულმა არაბებმა შექმნეს სასულიერო-საერო სახელმწიფო – სახალიფო, რომელსაც სათავეში ედგა პოლიტიკური და სულიერი ლიდერი – ხალიფა. ხალიფატი იზრდებოდა და იზრდებოდა ცეცხლითა და მახვილით, თან პოლიტიკურ-ეკონომიკური მეთოდებით. დაპყრობილ ქვეყნებში გადასახადს აწესებდნენ, რომელსაც ხარაჯა ერქვა. არამუსულმანები დამატებით იხდიდნენ გადასახადს, რომელსაც ჯიზია ეწოდებოდა. ვინც მათ სარწმუნოებაზე გადავიდოდა, ჯიზიასგან თავისუფლდებოდა. თუმცა, ბევრ ქვეყანასთან შედარებით, გადასახადი ხარაჯა, იყო მცირე, განსაკუთრებით მცირე მათთვის, ვინც ისლამს აღიარებდა და ჯიზიასგან თავისუფლდებოდა. ამიტომ, აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში ისლამი ადვილად გავრცელდა.
არაბებმა მალე დაიმორჩილეს მცირე აზია, ირანი, პალესტინა, აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი. კავკასიასაც მოადგნენ. საქართველოში არაბები პირველად 642-643 წლებში შემოიჭრნენ, თუმცა უშედეგოდ. მაგრამ 651-652 წლებში მათ დაიპყრეს ირანი, სომხეთი და 654 წელს ისევ შემოუტიეს ჩვენს ქვეყანას.
ქართლი იძულებული იყო, უომრად დამორჩილებოდა არაბებს და გადასახადი იკისრა. თუმცა, მალე შეუწყვიტა ხარკის გადახდა სახალიფოს. ამიტომ, არაბებმა ისევ შემოგვიტიეს.
ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ თავისუფლებისა და ქრისტიანობისთვის და არაერთი მარცხიც აწვნიეს დამპყრობლებს, აჯანყდნენ კიდეც სომხებთან და ალბანელებთან ერთად.
ქართველობას ამ დროს სამ ფლანგზე უწევდა ომი – ბიზინტიის, არაბებისა და ხაზარების წინააღმდეგ.
661 წლიდან სახალიფოს მართავდა ომაიდების დინასტია, რომლებიც იყვნენ მუჰამედის მამის ბიძაშვილის შთამომავლები.
მერვე საუკუნის პირველ მესამედში არაბებს უკვე დაკავებული ჰქონდათ პირინეის ნახევარკუნძული. 732 წელს საფრანგეთის ქალაქ პუატიესთან ფრანკების, ალემანების, საქსების, ბავარიელებისა და ფრიზების გაერთიანებულმა ჯარმა, კარლ მარტელის მეთაურობით, ძლივს შეაჩერა არაბების წინსვლა.
აღმოსავლეთში კი არაბები ირანს გასცდნენ და ავღანეთი დაიპყრეს.
735 წელს არაბთა ომაიდმა ხალიფამ, ჰიშამმა, თავისი ბიძაშვილი მარვანი (მარვან იბნ მუჰამედ იბნ მარვანი) დანიშნა სამხრეთ კავკასიის მმართველად და დაავალა სამხრეთ კავკასიის, განსაკუთრებით საქართველოს, მთლიანად დამორჩილება.
მარვანი განსაკუთრებული სისასტიკით იყო ცნობილი. ქართველებმა მურვან ყრუ შეარქვეს, სომხებმა – მურვან ბრმა. არაბები კი ჯიუტი და უხიაგი ხასიათისათვის მარვან ჯორს ეძახდნენ...
მომავალი ხალიფა, მარვან ჯორი, ცდილობდა, დაემორჩილებინა ქართველები და დიდი ხარკი დაედო მოსახლეობისთვის. ამ მიზნით 635-637 წლებში ილაშქრა საქართველოში. ჯერ ქართლი ააოხრა. შემდეგ სამცხეში გადავიდა. დამარცხებული ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ მესამე ეგრისში გადავიდა, შვილებთან, მირისთან და არჩილთან ერთად.
იმ დროს არგვეთის მმართველები იყვნენ დავით და კონსტანტინე მხეიძეები. იმ პერიოდში მათ მთავრებს უწოდებდნენ. ისინი კარგი სარდლები იყვნენ და მართლმორწმუნე ქრისტიანები. დავითი იყო უფროსი. გარეგნულად ლამაზი ადამიანები ყოფილან, თეთრი კანით, წაბლისფერი თმით. დავითს ხშირი თმა-წვერი ჰქონია, კონსტანტინე კი ძალიან ახალგაზრდა ყოფილა.
სამცხიდან მურვან ყრუმ მარბიელი ლაშქარი გამოაგზავნა არგვეთში. არგვეთელები, დავითისა და კონსტანტინეს სარდლობით, წინ აღუდგნენ მტერს. როცა ურჯულოები მოახლოვდნენ, ქართველები დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნს გალობდნენ, დავითისა და გოლიათის შერკინების შესახებ.
არგვეთელების მცირერიცხოვანმა სამხედრო ძალამ დაამარცხა მურვან ყრუს მარბიელი ლაშქარი. განრისხდა მარვან ჯორი და მთელი თავისი „ქვიშასავით“ ურიცხვი ჯარით არგვეთს მოადგა. არგვეთის ტყეები, ველები, მთები აივსო, თურმე, ბილწი დამპყრობლებით.
უთანასწორო ბრძოლაში არგვეთელნი დამარცხდნენ. მთავრები ტყვედ აიყვანეს ურჯულოებმა. „ბილწმა ყრუმ“, როგორც მას უწოდებს „დავით და კონსტანტინეს წამების“ უცნობი ავტორი, გადაწყვიტა, ეჩვენებინა ტყვეთათვის თავისი განსაკუთრებულობა, დასცინა ტყვეებს და აგდებულად „ქვათა და ძელთა მსახური“ უწოდა ქართველებს, მერე კი იტრაბახა, „დიდი მოციქულის, მუჰამედის ოჯახის წევრის შთამომავალი ვარ და ჩვენ გვმონებს დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე ყველა ქვეყანა, როგორ გამიბედეთ შემობმაო“.
ჩვენმა წმიდანებმა მშვიდად უპასუხეს: „შენი ტრაბახი და დაცინვა უადგილოა და ამაო. მალე მოვა დრო და შენი დიდება განქარდება, რადგან შენი გამარჯვება ჩვენზე შენი ღირსებით კი არ იქმნა, არამედ ჩვენი ცოდვებისთვის დავისაჯეთ ჩვენ, რადგან ღვთის მცნებებს ჯეროვნად არ ვიცავდით. ღმერთი ჩვენ გვწვრთნის თქვენი, უსჯულოთა ხელით“.
მურვან ჯორმა აწამებინა ჩვენი გმირები, მერე ტკბილი სიტყვით სცადა ძმების დათანხმება, ეღიარებინათ მუჰამედის რჯული და მათ არაბული სამყაროს წარჩინებულობას შეჰპირდა. რა თქმა უნდა, უარი მიიღო.
შემდეგ მათი თეოლოგიურ კამათში დამარცხება სცადა: „ქრისტეს შესახებ წერია ჩვენს წმინდა წიგნში, ყურანში. მას სახელად ისე ერქვა, მარიამის ძე იყო, მართალი კაცი და წინასწარმეტყველი. თავს უფლის ძეს უწოდებდა და ამიტომ მოკლეს ებრაელებმა ჯვარზე გაკვრით... ნუ ბედავთ მუჰამედის სარწმუნოების გმობას, რადგან არაბები და სპარსელები მან მოაქცია წარმართობისგან და ღმერთი დაანახვა. ღმერთი კი ერთია“.
დავითმა უპასუხა მარვან ჯორს: „ყურანი არასწორად გაქვთ გაგებული, რადგან ყურანში წერია, როცა გაურკვევლობაში იქნებით, ქრისტეს სახარებისგან, ანუ ისეს წიგნისგან ისწავლეთო. ეს ალიმ, მუჰამედის გულითადმა მოწაფემ დაგიწერათ თქვენ. თქვენ კი უგულისხმონი ხართ, არც წიგნისა გესმით და არც ღვთისა. მართალია, მუჰამედმა წარმართობისგან კი გაგათავისუფლათ, მაგრამ ღმერთს ვერ შეგამეცნიერათ, მსგავსად გემიდან გადავარდნილი კაცისა, რომელიც ზღვის შუაგულში კი არ ჩაიძირა, არამედ ნაპირთან ახლოს, მაგრამ, არავითარი სხვაობა არ არის, ხმელეთს ვერ მიაღწია, მაინც დაიხრჩო.
თქვენც გემიდან გადავარდნილი იმ კაცის მსგავსად ხართ. ყველა წინასწარმეტყველი ქრისტეს მოსვლას ქადაგებდა. იგი ვერ იცნო მუჰამედმა და თქვენც ვერ დაგანახვათ. ცთომილებაში ხართ და წააწყდებით თქვენი უგულისყურობის გამო“.
როგორც „დავითისა და კონსტანტინეს წამების“ უცნობი ავტორი წერს, განრისხებული ბრმა მურვანის ბრძანებით, ქართველი წმიდანები ისევ ტანჯეს, მერე ხელ-ფეხი შეუკრეს, ქვები დაჰკიდეს და მდინარე რიონში ჩაყარეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან