ისტორია

რა ურჩია კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკე პირველს მოხუცმა დედამ და რამ აუჩუყა გული არაბთა სარდალს

№52

ავტორი: გია მამალაძე 22:00 01.01

ისტორია
დაკოპირებულია

914 წელს, ჯერ სომხეთს, შემდეგ საქართველოს სამეფო-სამთავროებს, არაბთა ხალიფა ალ-მუქთადირის დავალებით, დიდი ჯარით შემოესია ადარბადაგანის ამირა, ხალიფას ვალი (მოადგილე) და საჯიდების დინასტიის აფშინი (ხელმწიფე), იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯი, რომელიც ჩვენთან აბუ ლ-კასიმის სახელითაა ცნობილი.

იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯი (აბუ ლ-კასიმი) სომხეთში შეიჭრა და მოარბია იქაურობა. სომხების მეფე სმბატი აფხაზეთის სამეფოში გამოიქცა. აბუ ლ-კასიმი საქართველოში შემოჭრისას ჯერ ტფილისს მიადგა. მას ეახლა ტფილისის ამირა ჯაფარ იბნ-ალი, გამოუცხადა მორჩილება ხალიფასა და სარდალს. შემდეგ არაბთა ჯარი კახეთში შეიჭრა.
მაჰმადიანებმა რამდენიმე დღის შეტევების შემდეგ უჯარმის ციხე დაიკავეს. ბოჭორმა კი ცარიელი დახვდათ. აზრი არ ჰქონდა ციხის დაცვისთვის ბრძოლას, იფიქრეს ციხიონის მეომრებმა და დაცალეს ციხე. დაიკავეს ბოჭორმის ციხეც არაბებმა, უჯარმა კი დაანგრიეს, რათა იქ კახელები არ გამაგრებულიყვნენ კვლავ.
მაშინ კვირიკე პირველი იყო კახეთის ქორეპისკოპოსი. ასეთი წოდება ჰქონდათ კახეთის მთავრებს. ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, კახეთის საქორეპისკოპოსო დაარსებულა 787 წელს. ვახუშტი წერს: „მოკუდა ჯუანშერ ერისთავთერისთავი და შემდგომად მისსა განდგა გრიგოლი მთავარი და ამან დაიპყრა კახეთი, კუხეთი და გარდაბანი. ამანვე მოსპო სახელი კუხეთისა და იწოდა კახთა მთავრად ანუ ქორიკოზად, და ბრძოლასა შინა აშოტ კურაპალატისასა იძლია გრიგოლი და დაშთა გრიგოლის კსნის აღმოსავლეთის მხარი და ესე გრიგოლი მთავრობდა“.
კახეთის საქორეპისკოპოსოს ჩამოყალებებასა და გაძლიერებაში დიდი წვლილი მიუძღვის აღმოსავლეთ საქართველოს მთის მოსახლეებს, წანარების ტომს (თემს). წანარები ცხოვრობდნენ თერგის, არაგვისა და ივრის ზედა წელებზე. მათი ნაწილი შემდეგ კახეთში დასახლდა. არაბები კახეთს სანარიად (წანარების სახელის მიხედვით) მოიხსენიებდნენ ხოლმე. წანარები არაერთხელ აუჯანყდნენ არაბებს, რამდენჯერმე დაამარცხეს და დიდი ზიანიც მიაყენეს.
ქორეოპისკოპოსი, შესაძლოა, საერო და სასულიერო მმართველს ნიშნავდა, დაახლოებით, როგორც ხევისბერი. ქორეპისკოპოსობა, ალბათ, არჩევითი იყო, თუმცა, შემდეგ დინასტიები იბრძოდნენ ამ ტიტულის მოსაპოვებლად და შესაძლოა, არჩევითობა ფორმალური გახდა.
კახეთის საქორეპისკოპოსო ძლიერი სამთავრო იყო და ქართლისა და ჰერეთის მიწებზეც ეჭირა თვალი.
კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე პირველი მოერიდა ძალიან მრავალრიცხოვან არაბთა ჯართან ბრძოლის გამართვას, სისხლისღვრასა და ალბათ, გარდაუვალ დამარცხებას. მარტო კახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთის ტომების სამხედრო რესურსი ვერ გაუმკლავდებოდა ადარბადაგანისა და არაბთა გაერთიანებულ სამხედრო ძალას. კვირიკე პირველმა გადაწყვიტა ხლებოდა აბუ ლ-კასიმს და მორჩილება გამოეცხადებინა. მიუგზავნა ელჩი არაბთა სარდალს, გაუგზავნა საჩუქრები, შეჰპირდა მისვლას და მოითხოვა უსაფრთხოების ფიცი. ასეთი რამ, უსაფრთხოებისათვის ფიცის მოთხოვნა, იმ დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო. სარდლები და მეფეები, თუ ფიცს მისცემდნენ ვინმეს, არ ტეხდნენ (გამონაკლისებიც იყო, რა თქმა უნდა): „ხოლო კვირიკე ქორეპისკოპოს-მან ვითარ იხილა, რომელ არა იყო ღონენი მისი, ამის-თვის მიენდო ფიცითა, მივიდა და ნახა“.
საჯთა დინასტიის წარმომადგენელს გაუკვირდა კახეთის ქორეპისკოპოსის ხილვა, რადგან, კახელები მეომარ და დაუმორჩილებლებად მიაჩნდათ. აბუ ლ-კასიმსა და კვირიკე ქორეპისკოპოსს შორის გულახდილი საუბარი გაიმართა. აბუ ლ-კასიმმა გაკვირვებულმა ჰკითხა, ვინ დაგარწმუნა ჩემთან მოსულიყავი, ეს მეომარი კაციო?
– „ვინ გაწვია აქა მოსვლა?“
კვირიკე კახელმა გულწრფელად უპასუხა: – „მაწვია დედა-მან ჩემ-მან“.
როგორც ჩანს, კახეთის საქორეპისკოპოსოს კარზე თათბირი გაიმართა, რომლის დროსაც ქორეპისკოპოსი და კახელი სარდლები მსჯელობდნენ, რა გზას დადგომოდნენ, ეომათ არაბეთა ურიცხვ ჯართან, ციხეებში ან მთებში გამაგრებულიყვნენ და ხალხი გაეხიზნათ თუ ქრთამებით ეყიდათ მშვიდობა არაბებისგან. არაბები უომრად დამორჩილებულებს, ჯერ კიდევ სახალიფოს დაარსების დროიდან, ინდობდნენ, „დაცვის სიგელს“ აძლევდნენ, მხოლოდ ხარკს აკისრებდნენ და არ აწიოკებდნენ მოსახლეობას. ეს პრინციპი ჯერ კიდევ არსებობდა მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ კახები და კახეთში ჩასახლებული მთიელი წანარები და სხვები, ხშირად ეურჩებოდნენ არაბებს, ეომებოდნენ და დაუმარცხებიათ კიდეც ისინი.
ამ წყაროდან („მატიანე ქართლისა“) ჩანს, რომ კახეთის ქორეპისკოპოსის დედამ თავის შვილს ურჩია – ხლებოდა არაბთა სარდალს და კახეთი სისხლისღვისგან გადაერჩინა. ალბათ, უთხრა:
– „სხვა გზა არ არის, შვილო, წადი, ეახლე აბუ ლ-კასიმს, მორჩილება გამოუცხადე და ქვეყანა გადაარჩინეო!“
ჩვენ, კვირიკე პირველის დედის, კახეთის დედა-დედოფლის სახელი არ შემოგვრჩა, მაგრამ, ვიცით, ხელმწიფისა და მეომრის მიმართ, შვილის მიმართ, სამშობლოსათვის თავგანწირვის მომწოდებელი ყოფილა იგი, როგორც უამრავი ქართველი დედა-დედოფალი თუ უბრალო დედა ძველ დროში (და ახლაც, როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამბები გვიმტკიცებს).
საჯთა დინასტიის ამირათა ამირას, ხალიფას ვალის, მოადგილეს, იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯის (აბუ ლ-კასიმს) გული აუჩუყდა „და თქუა: „არა ვატკინო გული ერთისა შემხედვარსა“. ეს თანამედროვე ქართულად ასე იქნება: „არ ვატკენ გულს ერთადერთი შვილის მყოლ დედასო“. ანუ შენ არაფერს დაგიშავებ და მის თხოვნასაც შევასრულებო. წყაროდან ჩანს, რომ კვირიკე პირველი ქორეპისკოპოსი დედისერთა ყოფილა. ისიც ჩანს, როგორი გულახდილი და ვაჟკაცური საუბარი ყოფილა კვირიკესა და აბუ ლ-კასიმს შორის. იმ დროს კვირიკე ქორეპისკოპოსი საკმაოდ ასაკის იქნებოდა. 892 წელს გახდა ქორეპისკოპოსი, აბუ ლ-კასიმს კი 914 წელს შეხვდა. ანუ, 26 წელი იყო გასული მისი ქორეპისკოპოსად არჩევიდან (როგორც ვთქვით, შესაძლოა, ქორეპისკოპოსობა არჩევითი ყოფილიყო, ფორმარულად მაინც). ანუ, ქორეპისკოპოსად მინიმუმ 21 წლის ასაკში უნდა დაესვათ (ან, უფრო მეტის). დაახლოებით, 47 წლის იქნებოდა (ან მეტის), დედა კი, ალბათ, 60 წელს გადაცილებული (საკმაოდ გადაცილებული). იმ დროს 60 წლის ადამიანი მოხუცად მიიჩნეოდა.
აბუ ლ-კასიმი დიდი პატივისცემით განიმსჭვალა კვირიკე ქორეპისკოპოსის მიმართ: „და შეუყვარდა სიკეთისა მისისა-თვის და განუტევა, გარნა ბოჭორმა თვით დაიჭირა“.
914 წელს ასე გადარჩა კახეთი აოხრებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...