ისტორია

რა უპირატესობა ჰქონდა ბაგრატ მესამე ბაგრატიონს და როგორ შემოიერთა მან კახეთი და ჰერეთი

№20

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 24.05

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

ბაგრატ მესამე ბაგრატიონის გამეფებამ აფხაზეთსა და ქართველთა სამეფოს დიდ ნაწილში შეცვალა ძალთა ბალანსი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამეფო-სამთავროებს შორის და ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე, ყველაზე ძლიერ ხელმწიფედ აქცია. იმ დროიდან მას და მის სამხედრო ძალას კავკასიაში ძნელად თუ ვინმე აღუდგებოდა წინ.

ბაგრატიონების დინასტია, უკვე კარგა ხანია, ყველაზე ძლიერი და პერსპექტიული იყო საქართველოში. ბაგრატიონებმა მოახერხეს არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ ლიდერებად ქცეულიყვნენ, იდეოლოგიურადაც ეჯობნათ კონკურენტებისათვის. საქართველოს ეკლესია უკვე აღიარებდა მათ ქრისტეს ნათესავებად, მაშასადამე, ყველაზე აღმატებულებად ქრისტიანულ სამყაროში.

კულტურული თვალსაზრისითაც აღნიშნული დინასტია დაწინაურდა – ბაგრატიონების მიერ მართულ ქართულ ტერიტორიებზე არსებობდა კულტურის ყველაზე მეტი შესანიშნავი ცენტრი, სადაც იზრდებოდა თაობები ნათესავით ქართველთა საამაყო წარმომადგენლებისა, ითარგმნებოდა და იქმნებოდა ორიგინალური საეკლესიო-სალიტერატურო ნაწარმოებები ან უცხოეთის ქართული ცენტრებიდან, პირველ რიგში, ამ ცენტრებში, ანუ ბაგრატიონების სამფლობელოებში, შემოდიოდა და იქიდან ვრცელდებოდა სხვა ქართულ ქვეყნებში. ამ ვითარებებმა დიდი უპირატესობა მიანიჭა ბაგრატიონებს და მათ სამფლობელოს ქართული მიწების გაერთიანების საქმეში.

აფხაზთა და ქართველთა სამეფო, „ნათესავით ქართველთა“, სამხედრო, პოლიტიკური, იდეოლოგიური და კულტურული ლიდერი გახდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე სხვა სამთავროების შეერთება ამ სამეფოსთვის ყველა ქართული თემისთვის პროგრესულ საქმედ იქცა და დროის საკითხი იყო.

იმ დროს, ქვემო ქართლის ნაწილს, ლორე-ტაშირს და ზოგ სხვა ტერიტორიას სომხური დინასტიის ერთი საკმაოდ სუსტი განაყოფი დაჰპატრონებოდა. ჰერეთის სამეფო, რომელსაც დედოფალი დინარა მართავდა, სუსტი იყო და კახეთისა და აფხაზეთის სახელმწიფოები ცდილობდნენ მის გაყოფას ან დაპატრონებას.

ქართული მმართველობა კი იყო კახეთში, თუმცა, მეთაური, ქორეპისკოპოსი, მაინც, ფორმალურად, არჩევითი იყო, ეს კი, ასევე უპირატესობას აძლევდა აფხაზეთის ბაგრატიონს.

კახეთის ქორეპისკოპოსი დავითი არ ეპუებოდა ბაგრატ მეფეს. ბაგრატის აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) ყოფნისას დავითმა დაიკავა ქართლის ციხეების ნაწილი. აფხაზთა და ქართველთა მეფემ მოციქული გაუგზავნა კახთა ქორეპისკოპოსს და ციხეების დაბრუნება მოსთხოვა. ქორეპისკოპოსმა დავითმა უპასუხა: „უკეთუ ეძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ომი; ხოლო მე წინა მოგეგებო ქსანსა ზედა“.

ბაგრატ მეფე მივიდა თიანეთში და შეუტია ქორეპისკოპოსის სამფლობელოს. დავით ქორეპისკოპოსი ვერ აღუდგა წინ. ბაგრატმა დაიკავა ჰერეთი და თავისი ერთგული აბულალი დანიშნა მმართველად: „განაჩინა მთავრად აბულალ და წარმოვიდა შინა“.

თუმცა, წავიდა თუ არა ბაგრატ მეფე, ჰერეთის აზნაურები დავით ქორეპისკოპოსის მხარეს გადავიდნენ, გადასცეს ციხეები. „აღიღო დავით ჰერეთი“. მაგრამ, მალე, 1009 წელს, კახთა ქორეპისკოპოსი დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა. ქორეპისკოპოსი გახდა კვირიკე მესამე.

გადმოვიდა ბაგრატ მეფე აფხაზეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში. კვლავ დაიკავა ჰერეთი. ჰერეთის დედოფალი დინარა თავისთან წაიყვანა საპატიო სტუმრად. შემდეგ შეიჭრა კახეთში. ორი წელი უტევდა კახეთის ციხეებს და თანდათან იკავებდა. კვირიკე ძალიან ნიჭიერი და კარგი მმართველი იყო, მაგრამ, ბაგრატ მეფეს ძლიერი ჯარი ჰყავდა. ქორეპისკოპოსი ბოჭორმის ციხეში გამაგრდა. აფხაზთა და ქართველთა მეფემ ალყაში მოაქცია ბოჭორმის ციხე. ციხის ალყამ ერთ წელს გასტანა და საბოლოოდ დანებდა კვირიკე მესამე ბაგრატ მესამეს, რომელმაც ის თავის სამეფო კარზე წაიყვანა: „კუალად გამოვიდა ყოვლითა სპითა თვისითა ბაგრატ, აღიღო მეორედ ჰერეთი. დაიჭირა დინარ დედოფალი თვისად, იწყო ძებნად კახეთისა, და ძალითა მისითა მიუწდომელითა ორ წელ წარიხუნა ყოველნი ციხენი კახეთისანი. შეაწყუდია კვირიკე ბოჭორმას, და დაუყენნა ციხესა გარეშემო მცველნი წელიწდამდი, წარიღო ბოჭორმა-ცა. და დაიპყრა სრულიად ჰერეთი და კახეთი, წარმოიყვანა კვირიკე და დაიჭირა თვისსა კარსა ზედა“.

დაიპყრო ბაგრატიონმა ჰერეთი და კახეთი. ამიერიდან გაერთიანებული საქართველოს მეფის ტიტული გახდა – მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა (ჰერეთის) და კახთა. ფაქტობრივად, ქართული კუთხეების დიდი ნაწილი უკვე გაერთიანებული იყო.

ბაგრატ მესამემ და მისმა თანამებრძოლმა მამულიშვილებმა მოხერხეს და დაამარცხეს მოღალატე აზნაურები, ქვეყნის გაერთიანების მოწინააღმდეგეები. დაამარცხეს კახეთისა და ჰერეთის მმართველნიც, რომელთაც, შეიძლება ითქვას, დამოუკიდებელი სახელმწიფო (სამთავრო, საქორეპისკოპოსო) ლეგიტიმურად ეპყრათ. მაგრამ, პატარა სამეფო-სამთავროების გაუქმების, ადგილობრივი ხელმწიფეების გადაყენების გარეშე ქვეყანა ვერ გაერთიანდებოდა. ქვეყნის გაერთიანების გზაზე ეს ბუნებრივი პროცესი გახლდათ. კონკურენციაში გაიმარჯვა ბაგრატიონთა საგვარეულომ, რომელსაც უნიჭიერესი და ღვთის მადლით აღზევებული ხელმწიფე მეთაურობდა – ბაგრატ მესამე.

არაბთა სახალიფო დასუსტებული იყო. ტფილისის ამირა აღარ ემორჩილებოდა არაბთა ხალიფას. ცხადი გახდა, გაერთიანებული საქართველო დაიბრუნებდა ტფილისს, ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. დიახ, რჩებოდა ტფილისის დაბრუნება არაბთა ბატონობისგან და მერე ქვემო ქართლის გათავისუფლება სომხური კვირიკიანების დინასტიისგან (ესეც დროის საკითხი იყო). მაგრამ, უფრო რთული ამოცანა იდგა გაერთიანებული საქართველოს წინაშე – იმიერ ტაო (იბერიის თემი, საკატეპანო) და ტრაპიზონ-ქალდეა (ხალდიის თემი, საკატეპანო) რჩებოდა დასაბრუნებელი ბიზანტიელებისგან. ბიზანტია ძალიან ძლიერი იმპერია გახლდათ იმ დროს, მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფო, რომელსაც მართავდა უნიჭიერესი სარდალი და უვერაგესი პოლიტიკოსი – ბასილი ბულგართმმუსვრელი. სწორედ, ამიტომ დაითმინა ბაგრატ მესამემ, როცა ბიზანტიის იმპერიამ ბაგრატ მესამის მამობილის, დავით მესამე კურაპალატის სამემკვიდრეო დაიკავა. ჯერ საქართველო ვერ შეძლებდა ბიზანტიასთან ომში გამარჯვებას, ჯერ ერის გაერთიანება უნდა განმტკიცებულიყო, სახელმწიფო უნდა გაძლიერებულიყო. საქართველო ერთიანი კავკასიის ლიდერი უნდა გამხდარიყო და მოკავშირეები შეეძინა.

ბიზანტიაც შეშფოთებული უყურებდა საქართველოს გაერთიანება-გაძლიერებას, კავკასიაში ძლიერი მეტოქის გამოჩენას.

ბაგრატ მესამე დიდი ხელმწიფე იყო, მაგრამ ტფილისისა და ქვემო ქართლის დაბრუნება ვერ მოასწრო. ლაზეთი და იმიერ ტაოც ისევ რჩებოდა ბიზანტიელთა ხელში. თუმცა, მაინც შეგვიძლია, იმდროინდელ საქართველოს გაერთიანებული ვუწოდოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა