ისტორია

რა უმადურობა გამოავლინა საქართველოს სამეფოსადმი გასომხებული ორბელიანების სახლის მეთაურმა ყარაყორუმში

№41

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 22.10, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

სუმბატ ორბელიანს ძალიან გაუმართლა ყარაყორუმში, ყაენ მუნქეს კარზე. მისი ძმისწულის, სომეხთა მიტროპოლიტის, სტეფანოს ორბელიანის მონათხრობით, წარმატება სასწაულებს უკავშირდება: ჯერ უნიკალური, სასწაულებრივად მანათობელი ძვირფასი ქვა აჩუქა ყაენ მუნქეს, მოიგო მისი გული; შემდეგ – სუმბატს თან ჰქონდა, პატარა წმიდა ჯვარი და იმ ჯვრის ძალით, ერთ ღამეს, როცა სუმბატი ლოცულობდა, მისი კარვის თავზე გამოისახა ჯვრისსახოვანი თეთრი ნათება, რომელიც შეამჩნია ყაენმა, მოაძებნინა კარვის პატრონი, მოაყვანინა სასახლეში, გაიგო, რომ ნათება ჯვრისგან მოდიოდა, ეამბორა წმიდა ჯვარს და სუმბატ ორბელიანისადმი დიდი სიმპათიით განიმსჭვალა. ორბელიანის მფარველი პირადად ყაენი გახდა.

სავსებით შესაძლოა, ეს ამბავი მართალი იყოს, მართლა მომხდარიყო სასწაული. სასწაულები ნამდვილად ხდება ქვეყანაზე. თუმცა, შეიძლება, საქმეს ზღაპრულ ელფერს აძლევდეს სტეფანოს ორბელიანი, რათა გაამართლოს ბიძამისის მიერ ჩადენილი უმადურობა.

სუმბატ ორბელიანს ეხერხებოდა ადამიანების გულის მოგება, მარიფათიანი იყო, გაქნილი, კარგი საუბარიც სცოდნია და შეძლო, მოეხიბლა მუნქე ყაენის დიდებულები, ყაენის დედაც და თვით ყაენი მუნქეც, პირველი შეხვედრისას და მეორე აუდენციის დროსაც.

პირველი აუდენციის დროს სუმბატის სამმართველო, სომხეთის ერთ-ერთი პროვინცია, რომელიც ორბელიანებს სამართავად გადასცეს ჯერ თამარ მეფემ, მერე – ლაშა-გიორგიმ, სუმბატმა მოახერხა და საქართველოს მეფის უკითხავად, ყაენს ხასინჯუდ, ანუ პირდაპირ ყაენის დაქვემდებარებაში არსებულ მიწად გამოაცხადებინა. ყაენმა აღნიშნული ხასინჯუს მფარველობა თავის დედას, სორგაქთანი ბექს სთხოვა, მაგრამ, მალე, 1252 წლის დასაწყისში, ყაენის დედა გარდაიცვალა.

შემდეგში სუმბატ ორბელიანმა კვლავ მოახერხა მუნქე (მანგუ) ყაენთან აუდიენცია. რის შემდეგაც ყაენის ერთ-ერთი დაფასებული ქვეშევრდომი გახდა. სტეფანოს ორბელიანი გვიამბობს: „რომლისათვის მიერითგან ეგოდენ შეიყუარა და აპატივოსნა სუმბატ და ერწმუნა სიტყუათა მისთა, ვიდრე ამაღლდა იგი უფროს ყოველთა დიდებულთა მისთაგან და ბრძანა მიცემა სუმბათისა, რაèცა ითხოვოს“.

მონღოლთა ყაენი მნიშვნელოვან ქვეშევრდომებსა და თანამდებობის პირებს მნიშვნელობისა და დავალების შესაბამისად უბოძებდა ხოლმე ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ან ხის ფირფიტას – ფაიზას, რომლის მფლობელსაც, ყაენის ყველა ქვეშევრდომი ვალდებული იყო დახმარებოდა ყველგან და დამორჩილებოდა კონკრეტულ ადგილზე, სადაც იყო გაგზავნილი. მისი სიტყვა ყაენის სიტყვად ითვლებოდა. სუმბატი წერს:

„და მისცეს მას ფაიზა ოქრო, რომელსა ზედან ეწერა სახელი ღმრთისა და მეფისა (ყაენის – გ. მ.). ესე იყო უდიდესი პატივი მათი. და დაუწერეს იარლაყი, ესე იგი, ბრძანება, რომელსა ჩვენ სიგელს უხმობთ. და მისცეს მას ყოველი ხრმლით დაჭერილი ასლანისაგან ოროტნი თვისის ქუეყანით“.

აქ უნდა გავიხსენოთ თვით სუმბატ ორბელიანის მიერ ამ ამბამდე მოთხრობილი ამბები. გასომხებული ორბელიანების წარმომადგენელი, სომხური ეკლესიის მიტროპოლიტი მანამდე წერდა, რომ ქართველებმა: „გამოიხსნეს (სომეხთა – გ. მ.) ქუეყანა სპარსთაგან. აიღეს არანიდამ, რომელი არს ქალაქი ერთი მცირისა სომხითისა, ვიდრე ქვემო ბასენამდინ და ბარკუშატიდამ მაჟნაკერტამდის, აიღეს ყარსი, ვაღარშაკერტი, რომელსა ეწოდება, აწცა ვალაშკერტი, კაღზევანი, მარი, ანის ქალაქი, ანბერდი, ბიჯნი, გარნი, დვინი, ქალაქი განძაკი, რომელი არს განჯა, ჰერი, შამქორი. შაქი, რომელი ზემორე ვსთქვით, ბარდა და ჩარაბერდი“. აქ ჩამოთვლილი მიწებიდან ყველა არ არის სომხური. სტეფანოსი განაგრძობს: „ხოლო აიღეს წელსა უფლისასა 1211 სივნელთ ქუეყანა: ოროტნი, ბარდა, ბღენი, ბარკუშატი, თუმცა სხვასა და სხვას რიცხვში აიღეს, გარნა ერთობით ამათ განათავისუფლეს მწარისა მონობისაგან უსჯულოთასა“.

ქართული ჯარის მიერ 1206 და 1211 წელს გათავისუფლებული ზოგიერთი სომხური მიწების გამგებლად თამარ მეფემ დანიშნა გასომხებული ელიგუმ ორბელიანის ძე, ლიპარიტი. რომელიც მანამდე, დედასთან ერთად, ვიღაც მაჰმადიანს, დედამისის ახალ ქმარს, ციხე-სიმაგრეში ჰყავდა გამოკეტილი. თამარ მეფის ბრძანებით, ივანე მხარგრძელმა გაათავისუფლა ლიპარიტი და მისი დედა ტყვეობიდან. თამარმა შეიწყალა და მამამისის, გიორგი მესამის წინააღმდეგ აჯანყებული ორბელების შთამომავალს დაუბრუნა საქართველოს დიდებულის წოდება და სივნიეთის გამგებლად დანიშნა. ლაშა-გიორგიმ მიწები დაუმატა კიდეც.

ლიპარიტის შვილმა, სუმბატმა, ქართველი დიდებულების მხრიდან შევიწროების აღკვეთის სურვილით, ქართველი მეფეების მიერ სამართავად გადაცემული მიწების სრულად დაპატრონების სურვილით, მოახერხა და ქართველი მეფის ზურგს უკან მოლაპარაკება აწარმოა ყაენ მუნქესთან.

აღნიშნული ტერიტორიები მონღოლებმა დაუმტკიცეს სუმბატს: „რომელი ეპყრა ბაჩუ-ნოინს და დიდებულთა მისთა და ციხე ბოროდნისა მამის სიკუდილისა ნაცულად, რომელი ვითარცა ლიპარიტის სისხლის ფასი იყო, ვინაèთგან იქ მოკლეს“.

ლიპარიტის გარდაცვალებას ორბელები აბრალებდნენ ავაგ მხარგრძელს, მოწამლაო. ალბათ, ეს საკითხიც წამოაყენა სუმბატ ორბელიანმა ყაენის კარზე და დააჯერა მონღოლები.

ყაენის ბრძანებით სუმბატ ორბელიანი გაათავისუფლეს ქართველთა მეფის ქვეშევრდომობიდან, ქართული სახელმწიფოს სომხური ტერიტორიების საკმაოდ მოზრდილი ნაწილი დაუმტკიცეს სამართავად და გამოაცხადეს ყაენის პირად ქვეშევრდომად, „ხასად“. „და გამორიცხა ესე სუმბათ ყოველთა დავთართაგან ქართველთა და სხვათა, და ესე მეორე დამტკიცება იყო მამულთა მათთა“.

სუმბატ ორბელიანი იხსენებს მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობის დროს, პირველი ვინც დაემორჩილა მონღოლთა ჯარს, კერძოდ, ასლან ნოინს, იყო ლიპარიტ ორბელიანი. შემდეგ ორბელიანმა მონღოლებს უმეგზურა და სხვა დიდებულების ტერიტორიებზეც გადაიყვანა, რის გამოც, ზოგიერთი მიწა, სხვა დიდებულების სამართავ ტერიტორიებიდან, მონღოლებმა გადასცეს ორბელიანებს. ამის გამო, ორბელიანებსა და მხარგრძელებს შორის მტრობა ჩამოვარდა. შემდეგ, ლიპარიტის სიკვდილი ორბელიანებმა დააბრალეს ავაგ მხარგრძელს, მოწამლაო. სტეფანოსის ინფორმაციის შინაარსი ასეთია: აღნიშნული ტერიტორიების მმართველი საქართველოს დიდებულები თავისი ნებით არ დანებებულან მონღოლთა სახელმწიფოს, არამედ ასლან ნოინმა დაიპყრო ლიპარიტის დახმარებითო: „რამეთუ პირველად ხრმლით იყო დაპყრობილი, ვითარცა მონა, რომელი იყო ასლანისგან“.

სხვა ტერიტორიები კი სუმბატს უბოძა ყაენმა მუნქემ, სასწაულმოქმედი, მანათობელი უძვირფასესი ქვის ყაენისთვის საჩუქრად მირთმევის გამოო: „და მეორედ მეფისა (ყაენის – გ. მ.) მიერ ბოძებული, რომელიცა უდიდესითა ფასითა, მანათებელითა გუჰარითა, მიიღო“.

მართალია, სუმბატ ორბელიანი მხარგრძელებისა და სხვა დიდებულებისგან თავდაცვას ცდილობდაო, წერს სტეფანოსი, მაგრამ, დიდი უმადურობა გამოიჩინა საქართველოს წინაშე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი