რა ტრაგედია დაატყდა თავს ტფილისის საამიროს დამაარსებელს და სად აწამეს ის
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 12.12
საქართველოში არაბები პირველად 642-643 წლებში შემოიჭრნენ, თუმცა, უშედეგოდ. 654 წელს, ჰაბიბ-იბნ მასლამას მეთაურობით, მათ ისევ შემოუტიეს ჩვენს ქვეყანას. ქართლის ერისმთავარი იყო სტეფანოზ მეორე. სტეფანოზ ერისმთავარმა თავი აარიდა უზარმაზარ ჯართან ბრძოლას, რაც აუცილებლად მარცხით დამთავრდებოდა და ხარკი იკისრა. ქართველებსა და არაბებს შორის დაიდო „დაცვის სიგელი“, რომელიც ხარკის გადახდისა და ურთიერთობის სხვა წესებს არეგულირებდა.
მეშვიდე საუკუნის 50-60-იან წლებში სახალიფოში შიდა არეულობა დაიწყო. ჩვენმა წინაპრებმა არაბებს ხარკი შეუწყვიტეს. არაბებმა ისევ შემოგვიტიეს. ქართველები გააფთრებით იბრძოდნენ თავისუფლებისა და ქრისტიანობისთვის და რამდენიმე მარცხიც აწვნიეს დამპყრობლებს. აჯანყდნენ კიდეც სომხებთან და ალბანელებთან ერთად.
ქართველობას ამ დროს სამ ფლანგზე გვიწევდა ომი: ბიზანტიის, არაბებისა და ხაზარების წინააღმდეგ.
661 წლიდან არაბთა სახალიფოს მართავდა ომაიდების დინასტია. მერვე საუკუნის პირველ მესამედში არაბებს უკვე დაკავებული ჰქონდათ პირინეის ნახევარკუნძული. 732 წელს საფრანგეთის ქალაქ პუატიესთან ფრანკების, ალემანების, საქსების, ბავარიელებისა და ფრიზების გაერთიანებულმა ჯარმა, კარლ მარტელის მეთაურობით, ძლივს შეაჩერა არაბების წინსვლა. აღმოსავლეთში კი არაბები ირანს გასცდნენ და ავღანეთი დაიპყრეს.
734 წელს არაბთა ომაიდმა ხალიფამ, ჰიშამმა, თავისი ბიძაშვილი, მარვან იბნ მუჰამედ იბნ მარვანი დანიშნა სამხრეთ კავკასიის მმართველად და დაავალა სამხრეთ კავკასიის, განსაკუთრებით – საქართველოს, მთლიანად დამორჩილება.
მარვანი განსაკუთრებული სისასტიკით იყო ცნობილი. ქართველებმა მას „მურვან ყრუ“ შეარქვეს, სომხებმა – „მურვან ბრმა“. თავად არაბები კი, ჯიუტი და უხიაგი ხასიათის გამო „მარვან ჯორს“ ეძახდნენ...
ჩვენი ერისმთავარი, მირი, ვერ აღუდგა წინ მრავალრიცხოვან დამპყრობლებს და დასავლეთ საქართველოში გადავიდა, ძმასთან, არჩილთან და ჯართან ერთად და იქ გამაგრდა.
მურვან ყრუმ ააოხრა საქართველო და დააარსა ტფილისის საამირო. ტფილისში დასვა არაბთა წარმომადგენელი, რეგიონის მმართველი – ამირა, რომელიც მას და ხალიფას ემორჩილებოდა. ტფილისში ჩადგა ჯარი, დასახლდნენ არაბები და სხვა მაჰმადიანები, ააშენეს მეჩეთები.
აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს რბევის შემდეგ მურვან ყრუს ჯარი არგვეთში, დასავლეთ საქართველოში გადავიდა.
არგვეთელები, დიდებულების, ძმების – დავითისა და კონსტანტინეს სარდლობით, წინ აღუდგნენ მტერს. არაბებმა შეუტიეს ქართველ ქრისტიანებს. არგვეთელების მცირერიცხოვანმა სამხედრო ძალამ დაამარცხა მრისხანე მურვან ყრუს მარბიელი ლაშქარი. ეს რომ გაიგო, განრისხდა ყრუ მარვანი და ქვიშასავით ურიცხვი, მთელი თავისი ჯარით არგვეთს მოადგა. არგვეთის ტყეები, ველები და მთები აივსო, თურმე, ბილწი დამპყრობლების მეომრებით. საბოლოოდ, მურვან ყრუმ დაამარცხა არგვეთის მთავრები, შეიპყრო და წამებით მოკლა.
შემდეგ მურვან ყრუ, თავისი ჯარითურთ, სამეგრელოში გადავიდა და ლეგენდარული ქუჯის ქალაქს, ციხე-გოჯს (ნოქალაქევს) მიადგა. მართალია, ციხე-გოჯი აიღეს, მაგრამ, მალე დაატყდათ ღვთის რისხვა. როცა ანაკოფიის ციხეს მიადგნენ, სადაც ჩვენი მთავრები, მირი და არჩილი, იყვნენ გამაგრებულები და საბრძოლველად გაემზადნენ, არაბებს დიდი უბედურება ეწვიათ.
მურვან ყრუს ჯარი ისეთი მრავალრიცხოვანი იყო, რომ მათი ბანაკები მდინარეებიდან – ცხენისწყლიდან და აბაშიდან – აფხაზეთამდე უწევდა, თურმე. გაწვიმდა და სეტყვა და კოკისპირული წვიმა დაატყდა თავს არაბების ლაშქარს. ადიდებულმა მდინარე აბაშამ წაიღო და დაახრჩო აბაშ-არაბთა უამრავი მებრძოლი, მდინარე ცხენისწყალმა კი ათასობით ცხენი მოსტაცა დამპყრობლებს და დაუხრჩო. როგორც უცნობი ქართველი მწერალი გვამცნობს, იმ ამბების მერე ეწოდა ამ მდინარეებს აბაშა და ცხენისწყალი.
ქართველებთან ბრძოლებში და სტიქიური უბედურებით დასუსტებული ჯარით მურვან ყრუ აფხაზეთში გადავიდა და ანაკოფიის ციხე-ქალაქს მიადგა, სადაც ქართლის ერისმთავარი მირი და მისი ძმა, მომავალი წმიდა მეფე არჩილი და მათი ვასალი, აფხაზეთის ერისთავი – ლეონი იყვნენ გამაგრებული.
ბრძოლის წინ, ღამით არჩილს გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: „წადით და შეებრძოლეთ აგარიანებს, რადგან მათ მივუვლინე სასტიკი სასჯელი. ყველაფრის მომსპობელი, ადამიანებიდან პირუტყვებამდე. როცა გახვალთ მათი ბანაკიდან, გაიგებთ ვაებისა და ტირილის ხმას. თქვენ მხნედ იყავით და გაძლიერდით ღვთის იმედით“.
გამთენიისას არაბთა ბანაკიდან ტირილისა და გოდების ხმა ისმოდა, რადგან, იქ დაბანაკებულმა არაბებმა გაიგეს მათი მოძმეების დაღუპვის შესახებ. თვითონაც, იქ მდგომებიც, საკმაოდ დაზარალდნენ.
გაიმართა სასტიკი ბრძოლა. როგორც ჩვენი მატიანე გვამცნობს, სტიქიის შედეგად დაღუპულა ოცდათხუთმეტი ათასი არაბი (ალბათ, ეს ცნობა გადაჭარბებულია), ხოლო ჩვენი წინაპრების მახვილით კი სამი ათასი აგარიანი დაეცა. სტიქიური უბედურება, რომელიც თავს დაატყდა დამპყრობლებს, ეტყობა, ჩვენმა წინაპრებმა კარგად გამოიყენეს. იმ ბრძოლაში სამოცი ქართველი დაღუპულა. შუბით ფერდში დაჭრეს მეფე მირი, რომელიც ამის გამო გარდაიცვალა.
743 წელს მურვან ყრუმ გაიგო, რომ მისი ბიძაშვილი, ხალიფა ჰიშამი მოკლეს. იგი სასწრაფოდ გაემართა დამასკოსკენ და, საბოლოოდ, 744 წელს ხალიფას ტახტი დაიკავა. ახალ ხალიფას, მარვან მეორეს (ყრუს), ჰყავდა ორი ვაჟი – უბეიდალა და აბდალა, რომლებიც მამას ქვეყნის მართვაში ეხმარებოდნენ.
დიდხანს არ გაგრძელებულა მარვან ყრუს ხალიფობა. ტიგროსის ჩრდილო შენაკადის, მდინარე ზაბის ნაპირებთან, მისი არმია სასტიკად დაამარცხეს მუჰამედის ბიძაშვილის, აბდალა იბნ აბასის შთამომავლის – აბუ-ალ-აბასის მომხრეებმა. იმ ომში, პრაქტიკულად, გაწყდა ომაიანების (ომაიდების) მთელი საგვარეულო. სამასამდე ომაიდი დახოცეს აბასიდების მეომრებმა, ფაქტობრივად, მურვან ყრუს მთელი საგვარეულო. გადარჩა მხოლოდ ორიოდე ადამიანი, რომლებიც ესპანეთში გაიქცნენ და კორდობის საამირო დააარსეს. მურვან ყრუს ვაჟები კი ეთიოპიაში გაიქცნენ, სადაც უბეიდალა მოკლეს.
აბუ-ალ-აბასი ხალიფას ტახტზე ავიდა. მარვან ყრუ ჯერ დამასკოში, მერე პალესტინაში, იქიდან კი ეგვიპტეში გაიქცა. მაგრამ, ეგვიპტეში იგი შეიპყრეს და 750 წლის 6 აგვისტოს წამებით მოკლეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





