ისტორია

რა ტყუილი მოუგონეს ბაგრატ მეოთხეს, ქრისტიანულ სამყაროში დისკრედიტაციის მიზნით

№11

ავტორი: გაიოზ მამალაძე 23:00 25.03

ისტორია
დაკოპირებულია

(შემოკლებული ვარიანტი)

1032 წელს ლიპარიტ მეოთხე ბაღუაშმა და ივანე აბაზასძემ გამოიტყუეს და შეიპყრეს ტფილისის ამირა ჯაფარი, რომელიც, რამდენიმე წლით ადრე, ქართველებს ეხმარებოდა განძის ამირასთან ომში და წაართვეს ბირთვისის ციხე. მაგრამ, თორმეტი-ცამეტი წლის მეფემ შეიწყალა ამირა და გაათავისუფლა.

1038 წელს, ლიპარიტის ინიციატივით, ქართული სამხედრო ნაწილები, ორწლიანი ალყის შედეგად იღებდნენ ტფილისს. ლიპარიტს უნდოდა ტფილისი, უმნიშვნელოვანესი ქალაქი, დიდი შემოსავლით, მის დაქვემდებარებაში გადასულიყო. ტფილისის გადაცემა ლიპარიტისთვის იქნებოდა არასასურველი სამეფოსთვის. თუ შემოერთება იყო, ტფილისი კვლავ დედაქალაქად უნდა ექციათ. ეს არ გამოუვიდოდა, ალბათ, ბაგრატს. ამიტომ, დიდებულებმა, თვრამეტი-ცხრამეტი წლის მეფეს ლიპარიტთან შეუთანხმებლად ზავი დაადებინეს ამირასთან და დაუტოვეს ტფილისი ჯაფარს.

გამწარდა ლიპარიტი და გახდა მეფის ქვეგამხედვარე.

1045 წელს სომხებმა ჩვენს ხელმწიფეს გადმოსცეს ერთ-ერთი დედაქალაქი, ანისი, რომელზეც პრეტენზია ჰქონდა ბიზანტიას. ბაგრატ მეფემ და დედამისმა, სომხური წარმოშობის მარიამ დედა-დედოფალმა ანისი ქართულ ციხიონს ჩააბარეს.

ლიპარიტ ერისთავი მივიდა ქალაქ ანისთან, მოტყუებით გამოიყვანა ციხიონის მეთაურები, დაატყვევა და დააკარგვინა ანისი ქართველებს.

ბიზანტიელებმა და ლიპარიტმა აუჯანყეს ბაგრატ მეფეს უმცროსი ნახევრძმა, დემეტრე. მაგრამ, არაფერი გამოუვიდათ, დემეტრე გარდაიცვალა.

1048 წელს ლიპარიტი ტყვედ ჩაუვარდა ოსმალებს, როცა ბიზანტიის ჯარებს ეხმარებოდა. ლიპარიტის ძენი - ივანე და ნიანია შეშინდნენ, ეახლნენ მეფეს და მორჩილება გამოუცხადეს.

მალე ლიპარიტი გაათავისუფლა სულთანმა. ბიზანტიელთა გავლენით, მან კვლავ წარმოუდგენლად დიდი გავლენა მოიპოვა... კიდევ ბევრი რამ მოხდა.

ბიზანტიელ ისტორიკოს-კომპილატორს, გიორგი კედრენეს აქვს ერთი ცნობა, ბაგრატ მეფისა და ლიპარიტ ერისთავის შესახებ. იმპერიალისტი კედრენე, მედიდურად, ქართველთა მეფეს უწოდებს მთავარს და არა მეფეს. იგი წერს:

„იბერიის მთავარმა ბაგრატმა, კაცმა საკმაოდ თავაშვებულმა, შეურაცხყო ლიპარიტის საწოლი. ლიპარიტი იყო იმ ჰორატი ლიპარიტის ძე, რომელიც მოკლულ იქმნა ბასილი კეისრის მიერ გიორგის წინააღმდეგ წარმოებულ ომში; ის ჭკუითა და ვაჟკაცობით სახელგანთქმული და იბერთა შორის, ბაგრატის შემდეგ, ყველაზე ძლიერი, და ამ ჩადენილი საქმით (ლიპარიტის მეუღლის გაუპატიურებით) აიძულა შეურაცხყოფილი ლიპარიტი, იარაღი აეღო ხელში ბაგრატის წინააღმდეგ. ლიპარიტმა დაამარცხა იგი ომში და გააქცია კავკასიის მთებში და შიდა აბაზგიაში სამეფო სასახლეში რომ მოხვდა, თავის დედოფალზე, ბაგრატის დედაზე ძალა იხმარა და მთელი იბერიის ბატონ-პატრონი გახდა“.

ამრიგად, კედრენე წერს, თითქოს მეფემ გააუპატიურა ლიპარიტის მეუღლე, როცა ხელში ჩაიგდო და ამან გამოიწვია კონფლიქტიო. ლიპარიტმა დაამარცხა მეფე, გააქცია, მიუვარდა სასახლეში დედა-დედოფალ მარიამს და სამაგიეროდ, მან გააუპატიურაო დედოფალი.

კედრენე განაგრძობს: „აქედან ლიპარიტმა წერილი გაუგზავნა მეფეს (კეისარს) და რომაელებთან მეგობრობა და მოკავშირეობა შესთავაზა; მეფემ მისი ელჩები მიიღო და იმანაც მოლაპარაკება გამართა მასთან“ – ლიპარიტი რომაელების (ბიზანტიელების) მხარეს გადავიდაო.

კედრენეს თქმით, დამარცხებული ბაგრატ მეოთხე გაემგზავრა კონსტანტინოპოლს, კეისართან, „მეფეს (კეისარს) რომ შეხვდა, ჯერ დიდი საყვედური მოახსენა, მეფე ხარ და არა პატარა ქვეყნის, აბაზგიის მთავართან დადებული გქონდა ხელშეკრულება და ის დაარღვიე, ხოლო კერძო კაცი, განდგომილი მონა დაიახლოვე. შემდეგ ის სთხოვდა ისინი (ბაგრატი და ლიპარიტი) მოეგერიებინა. მართლაც, მეფის მეცადინეობით ასეც მოხდა; იმათ ერთმანეთში ზავი შეკრეს იმ პირობით, რომ ბაგრატი იქნება ბატონი და მთავარი მთელი იბერიისა და აბაზგიისა, ხოლო ლიპარიტი – ერთი ნაწილის, მესხეთის მთავარი იქნება სიკვდილამდე, ხოლო ბაგრატს სცნობს ბატონად და მეფედ. აი, ასე დამთავრდა აბაზგიის საქმეები“.

ბაგრატ მეფე, დაბრუნდა საქართველოში. ლიპარიტი მეფეს არ ემორჩილებოდა.

ეს არ მოსწონდათ მეფის ერთგულ დიდებულებს. კალმახის ერისთავმა, სულამ, რომელიც ადრე დატყვევებული და ნაწამები ჰყავდა ლიპარიტს, ნადირობის დროს დაატყვევა ლიპარიტი და მეფეს მიჰგვარა. მეფემ არ მოკლა ლიპარიტი, არც დაასახიჩრა.

ამ ეპიზოდში ჩანს – კედრენე სიყალბეს ავრცელებდა ქართველი მეფის წინააღმდეგ. ბაგრატ მეფემ კი არ მოკლა ლიპარიტი, ბერად აღკვეცა და ბიზანტიაში გააგზავნა, მონასტერში. ხოლო ლიპარიტის თხოვნით, მისი ძე შეირიგა, სარდლად დანიშნა და მამულებიც დაუბრუნა.

ცხადია, ლიპარიტს რომ დედოფალი ჰყოლოდა გაუპატიურებული, არათუ ბაგრატი, არამედ დიდებულებიც არ აპატიებდნენ და ცოცხალს არ დატოვებდნენ. საკუთარი დედის, დედოფლის შეურაცხმყოფელს არ დაინდობდა მეფე (მით უმეტეს, „თავაშვებული“ მოძალადე აგრესორი თუ იყო ბაგრატი), არ გაგზავნიდა ბერად აღკვეცილს ბიზანტიაში და არც მის შვილს დანიშნავდა სარდლად. მალე ლიპარიტი გარდაიცვალა, მისი ნეშტი გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს ბაღუაშთა მამულში, კაცხში. არც ამის უფლებას მისცემდა მეფე საკუთარი დედის შეურაცხმყოფელს.

კედრნეს ცნობა, ჩვენი აზრით, არის დეზინფორმაცია, იბერიის მეფის ანუ საქართველოს სამეფოს დისკრედიტაციის მიზნით. ასეთი პროპაგანდისტული ხერხები იმ დროშიც გამოიყენებოდა. გარდა ამისა, ლიპარიტი იყო გაცილებით უფროსი ბაგრატ მეოთხეზე, ცოლიც შესაბამისი ასაკის ეყოლებოდა. შეუძლებელია მოხუცი ქალი გაეუპატიურებინა ახალგაზრდა კაცს.

მსგავსი პრეცედენტი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. შეუძლებელია, ასეთი რამ მომხდარიყო და სასიკვდილო განაჩენი არ გამოეტანათ ერთმანეთისთვის – ერისთავს, როცა დაამარცხა მეფე. თუ ვერ მისწვდა მაშინ მეფეს, როცა დაატყვევა ლიპარიტი და კლდეკარის ციხესთან დროებით ძელზეც გასვა, ლიპარიტის ერთგული მსახურ-ციხიონის დასანახად, ჩაგვაბარეთ ციხეო.

კედრენე ქართველებისადმი არ იყო კარგად განწყობილი. ერთგან წერს: „იბერიაში... ამ შორეულ და უცხო ქვეყანაში, სადაც მტრებად თვლიან არა მარტო რომაელთა მტრებს, არამედ თვით რომაელებსაც“.

გარდა ამისა, კედრენე ბიზანტიაში ცხოვრობდა და პირადად არ შესწრებია, საკუთარი თვალით არ უნახავს რა ხდებოდა საქართველოში. კედრენეს სხვა ცნობაც არასწორია – 1032 წელს ბიზანტიაში მარიამ დედოფალმა ელჩები გაგზავნაო. სინამდვილეში დედოფალი თავად იყო კონსტანტინოპოლში იმ წელს...

კედრენე იყო ბიზანტიის მოქალაქე, მტრული ქვეყნის, რომელსაც უნდოდა კავკასიაში სამეფოების გაუქმება და შეერთება... ბაგრატი კი – ქართველთა და სომეხთა თავისუფლებისთვის მებრძოლთა ლიდერი...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...