რა სტრატეგიული და პოლიტიკური ინტერესის გამო ილაშქრა გიორგი ბრწყინვალემ შირვანში
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 21.07

გიორგი მეხუთე ბრწყინვალე ჯარით ეხმარებოდა და კარგი ურთიერთობა დაამყარა საილხანოს ყველაზე გავლენიან ვაზირთან, ჰულაგუიანთა სახელმწიფოს ფაქტობრივ მმართველთან, ამირა ჩობანთან და მეფობის პირველ ეტაპზე მისი დახმარებით ავრცელებდა გავლენას საკუთარი სამეფოს მიწებზე – სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით.
1260-იანი წლებიდან საქართველო და სამხრეთ კავკასია საილხანოსა და ოქროს ურდოს შორის საომარ ლელოდ იყო ქცეული. ოქროს ურდოს ჯარები დარუბანდის გავლით გადმოდიოდნენ ხოლმე სამხრეთში და ცდილობდნენ შირვანის, საქართველოსა და ადარბადაგანის დაკავებას, რომელსაც თავის საკუთრებად მიიჩნევდნენ. მეფე გიორგის პაპის, დავით მეშვიდე ულოს დროიდან მოყოლებული, ჩვენს ჯარებს უწევდათ ოქროს ურდოს წინააღმდეგ ბრძოლა, საილხანოს ჯარებთან ერთად. ასევე, მორიგეობა სიმაგრეებში, სიბაზე (შირვანში, დღევანდელ აზერბაიჯანში). ეს ჩვენს ინტერესებშიც შედიოდა, რადგან ოქროს ურდოს შეეძლო, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ზიანი მიეყენებინა.
1319 წელს მტკვრის პირას გამართულ ბრძოლაში საილხანოს ჯარებმა, ქართველების დახმარებით, დაამარცხეს და ისევ ჩრდილოეთ კავკასიაში გადადევნეს ოქროს ურდოს მბრძანებლის, უზბეკ-ხანის ჯარი. შემდეგ წელს უზბეკ-ხანის ჯარებმა ისევ გადმოლახეს დარუბანდი და საქართველოსკენ დაიძრნენ, რათა ჩობან ნოინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, ჩვენი მეფე, გაენადგურებინათ, მაგრამ გიორგი ბრწყინვალე კარგად იყენებდა მონღოლებს მონღოლებისვე წინააღმდეგ. საილხანოს მონღოლებს ოქროს ურდოს მონღოლების შემოსევების მოგერიება აუცილებლად სჭირდებოდათ. საილხანოს ხელს არ აძლევდა შირვანისა და განსაკუთრებით, საქართველოს დარბევა ოქროს ურდოს მიერ, მით უმეტეს, ამ ქვეყნების გადასვლა ოქროს ურდოს გავლენის ქვეშ. ქართულმა და საილხანოს ჯარებმა ისევ დაამარცხეს ოქროს ურდოს ჯარები და გადარეკეს ჩრდილოეთში. რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი შემოტევა განმეორდა სამხრეთ კავკასიაში, არანსა და შირვანში, მერე კიდევ. საილხანოსა და გიორგი მეფის ჯარებმა კვლავ დაიცვეს კავკასია.
ჩობან ნოინს დიდი იმედები ჰქონდა ჩვენი ხელმწიფისა და ყველანაირად ეხმარებოდა მას, როგორც მოკავშირესა და თანამზრახველს. გიორგი მეფეც კარგად იყენებდა ჩობანის ძალაუფლებას ოქროს ურდოს წინააღმდეგ და შიდა პრობლემების მოსაგვარებლად, საქართველოს გასაერთიანებლად. ჩობანი შორს იხედებოდა, მან იცოდა, რომ ყაენი აბუ საიდი („მუსაითი“), რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ შეეცდებოდა ძალაუფლების ხელში აღებას. ეს კი საფრთხეს შეუქმნიდა ჩობანის გავლენას და შესაძლოა, სიცოცხლესაც კი. ამიტომ, მან აბუსაიდ ყაენს ცოლად სთხოვა მისი და. აბუ საიდმა ვერ უთხრა უარი ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს. გარდა ამისა, პოზიციების განსამტკიცებლად ჩობან ნოინმა თავისი ვაჟები და შვილიშვილი დანიშნა ჰულაგუიდთა საილხანოს სხვადასხვა ტერიტორიების გამგებლად. თავისი ვაჟი, შეიხ მაჰმუდი გიორგი ბრწყინვალეს დაუახლოვა და საქართველოს მიმართულება ჩააბარა.
ისე გაძლიერდნენ ჩობანიდები (ჩობანის შვილები და შვილიშვილები), რომ საერთოდ არ ეპუებოდნენ ყაენ აბუ საიდს. ჩობანის ძემ, თემურთაშმა, 1322 წელს თავის სახელზე აღავლენინა ხუტბა და საკუთარი ფულიც მოჭრა ანატოლიაში. ხუტბის აღვლენა ნიშნავს, რომ მას აცხადებდნენ დამოუკიდებელ მბრძანებლად, სუზერენად, სულთნად. ამაზეც არ გაჩერდა და თავი მეჰდიდ გამოაცხადა. მეჰდი ისლამში ნიშნავს მესიას, მხსნელს. ისლამში ყოფილა წინასწარმეტყველება, იმამ მეჰდის მოსვლის შესახებ, რომელმაც უნდა იხსნას კაცობრიობა. მეჰდიდ ითვლებოდა პიროვნება, რომელიც ისლამის წინასწარმეტყველ მუჰამედის მემკვიდრედ მოიაზრებოდა, მეჰდი უნდა მოსულიყო კაცობრიობის დაღუპვის წინ და გადაერჩინა ადამიანები, განეახლებინა რწმენა. იგი შეატყობინებდა განკითხვის დღის მოახლოებას მორწმუნეებს, მაჰმადიანებს. გარდა ამისა, თემურთაშს მოუწოდებია მამლუქებისთვის, ერთად გაელაშქრათ ირანის დასაპყრობად – ირანში კი იყო საილხანოს ცენტრი.
იმ დროს დასავლეთის მონღოლთა დიდი უმრავლესობა მაჰმადის რჯულს აღიარებდა, მათ შორის, საილხანოში. მაჰმადიანი იყო ილხანი აბუსაიდიც. თემურთაშის ქცევა იმდენად გაუგონარი თავხედობა იყო, რომ თავად მამამისს, უძლიერეს ვაზირ ჩობანს მოუწია შვილის წინააღმდეგ გალაშქრება. შეიპყრო იგი და მიიყვანა აბუ საიდის წინაშე. ილხან აბუსაიდს სხვა რა გზა ჰქონდა, სიცოცხლე შეუნარჩუნა მასზე გავლენიანი ჩობანის შვილს და უფლებები აღუდგინა კიდეც თემურთაშს.
აბუ საიდი, მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდა, ცდილობდა, გამოსულიყო ჩობანის გავლენისაგან და თავად ემართა ქვეყანა. მას განსაკუთრებით ნერვებს უშლიდა დემიშქ-ხოჯა, ჩობანის სხვა ვაჟიც, რომელიც თავრიზში იჯდა და მართავდა ადარბადაგანს და ერაყს. მაშინდელი ადარბადაგანი დღევანდელი აზერბაიჯანისგან სამხრეთით იყო. ამბობენ, რომ დემიშქ-ხოჯა ძალადობდა მოსახლეობაზე, ხოლო ილხანს კი სახალხოდ დასცინოდა, თურმე. ერთხელ დემიშქ-ხოჯას უთხრეს, აბუ საიდს არაფერი აქვს, სადილად რომ მიირთვას, სუფრაზე რომ დადოსო, ანუ ღარიბიაო. ჩობანის ვაჟს გაუცინია და უხუმრია: „აბუ საიდს დღეში საჭმელად ორი ქათამიც ეყოფაო“, ანუ სუსტიაო, მეტი არც ეკუთვნისო... ეს დიდი შეურაცხყოფა იყო ყაენისთვის. შემდეგში აბუ საიდს აცნობეს, დემიშქ-ხოჯა სახელმწიფო ჰარემში დაძვრება და ჰყვარობს მამაშენის ყოფილ მხევალსო. ამ ინფორმაციამ გააცოფა აბუ საიდი და მოაკვლევინა დემიშქ-ხოჯა. საილხანოში არეულობა დაიწყო.
სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთი, შირვანი, დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილო მხარე დიდი საქართველოს გავლენის სფერო იყო. დავით აღმაშენებელმა ის პირდაპირ შემოუერთა ჩვენს სამეფოს. მისმა მემკვიდრეებმა შირვანი ძველ მფლობელებს დაუთმეს ისევ, ყმადნაფიცობის პირობით. ჩვენს სასაზღვრო პუნქტად ითვლებოდა დარუბანდის ზღვა და ქალაქი დარუბანდი.
სტრატეგიულად აუცილებელი იყო და ჩვენი დიდი ხელმწიფე, გიორგი ბრწყინვალე ვერ დატოვებდა დარუბანდის გადმოსასვლელს დაუცველად. ეს დიდი საფრთხე იქნებოდა ქვეყნისთვის. გიორგი მეფემ შეკრიბა ჯარი და გაილაშქრა რანში. ვერავინ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა. დაიმორჩილა შირვანი და მოხარკედ აქცია დარუბანდამდე, ლეკები და ქურდები (ხალხი იყო ასეთი). ამგვარად, ეფექტური თავდაცვის სისტემა შექმნა, ვიდრე მონღოლებს ჰქონდათ, სიბაზე უფრო უკეთესი, პირდაპირ გადმოსასვლელი, კავკასიის ქედის ვიწრობები ჩაკეტა.
გამარჯვებული დაბრუნდა ტფილისში ჩვენი ხელმწიფე. ისევ დარუბანდის სასაზღვრო ზოლამდე გადაიჭიმა საქართველო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან