ისტორია

რა სთხოვა დავით ნარინს მისმა მონღოლმა ქვისლმა - ყაენმა

№17

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 05.05, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1266 წლიდან ჩინგიზ ყაენის მეორე ძის, ჩაღატას შთამომავალი ბარახა დაუპირისპირდა საილხანოს, რომელსაც 1262 წლიდან მართავდა ჩინგიზ ყაენის მეოთხე ვაჟის, თოლუის შთამომავალი, აბაღა ჰულაგუს ძე. საქართველო საილხანოს დაქვემდებარებაში იყო. ჩაღატა ყაენის შვილიშვილი, თეგუდარი, რომელსაც ქართული წყარო ბარახას ძმას უწოდებს, ოცი ათასი ჯარისკაცითა და დედა-წულით აბაღა ყაენის სამფლობელოში მივიდა თავისი წილი ხარკის მისაღებად. აბაღამ წილიც მისცა და საუფლისწულოც: საზაფხული სადგომად – არარატის მთის დაბლობი, რომელიც იმ დროს საქართველოს ეკუთვნოდა, ხოლო საზამთროდ – ნახჭევანი.

თეგუდარმა თავის ძმას, ბარახას, რომელიც მდინარე ჯეონის (ამუდარიის) მიდამოებში მბრძანებლობდა, გაუგზავნა წერილი: გამოემართე მანდედან, მე აქედან შევუტევ, დავამარცხოთ აბაღა და დავიკავოთ მისი საბრძანებელიო... მაგრამ, შეთქმულებს ვადები აერიათ.

თეგურადმა მხოლოდ 10 500 კაცი აღჭურვა, სხვები, რახსის პირას მყოფნი – არა, რათა აბაღას ხალხს არ შეემჩნია და დროზე ადრე არ გამჟღავნებულიყო შეთქმულება. გამოემართა შავშეთისკენ. კაცი გაუგზავნა სარგის ჯაყელს, სთხოვა გზა აფხაზეთისკენ და შუამავლობა დავით ნარინთან, რომელიც დასავლეთ საქართველოში მეფობდა. თან, შეჰპირდა, თუ გავიმარჯვებთ, დიდ პატივს გცემო. ეტყობა, დავით ნარინის მიმხრობა უნდოდა, რუსუდანის ძე არ ემორჩილებოდა ილხან აბაღას, ამიტომ, მონღოლთა შორის დაპირისპირება ხელს აძლევდა აფხაზეთის ხელმწიფეს.

უცხოური გადმოცემების მიხედვით კი, როცა ყველაფერი გაირკვა, შეშინებულ თეგუდარს უნდოდა, აღმოსავლეთ საქართველოში, იქიდან კი შირვანში გადასულიყო და დარუბანდის კარით გასულიყო, კასპიის ზღვა შემოევლო და ჩაღატას ულუსში დაბრუნებულიყო.

ამასობაში, აბაღა ყაენმა გამოაგზავნა თავისი ჯარის ნაწილი სირმონ ნოინის (ჩორმაღან (ჭორმაღონ) ნოინის შვილის, დავით ულუს ბოლო ცოლის ძმის) მეთაურობით და მანდატურთუხუცეს, ივანე შანშეს ძეს, დაავალა დახმარებოდა მათ. დადგნენ არტაანთან.

თეგუდარის ჯარიც კლარჯეთს მიადგა, იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს. თეგუდარმა ოპიზის მონასტრის გაძარცვა გადაწყვიდა, გააგზავნა ათასი კაცი. ისინი ოპიზასა და მიძნაძორს შორის, წმიდა გიორგის ეკლესიის მახლობლად, მთის ძირში დადგნენ, რომელსაც ჰქვია ძეგლი. მოულოდნელად ამოვარდა სასტიკი ქარი, წამოვიდა ხოშკაკალა სეტყვა და თქეში წვიმა. ადიდდა შავშეთის წყლის შენაკადი, მიაღწია ძეგლის წვერამდე და ნიაღვარმა წალეკა მონასტრების საძარცვავად გამზადებული მონღოლთა ათასეული. მხოლოდ ერთი კაცი გადარჩა, დაბრუნდა თეგუდართან და შეჰღაღადა: „ეს ადგილი ღვთის სახლი ყოფილა, არ გაეკაროთო“.

თეგუდარი დაბანაკდა არსიანის მთაზე. მოახსენეს აბაღას ლაშქარი გვიახლოვდებაო. აყარა თეგუდარმა თავისი დედაწული და განარიდა მთის გადაღმა. თვითონ კი მეომრებით გადმოიარა არსიანი. ყველის ციხესთან სახელოვანი სირმონ ნოინი შეებრძოლა თეგუდარს. მეორე მხარეს თეგუდარის არანაკლებ სახელოვანი მეომრები იდგნენ: სეგზი ჯოლაქი, აბიშხანოხი, თელქა-დემური.

ბრძოლაში ორივე მხრიდან მრავალი მეომარი დაიღუპა. დამარცხდა თეგუდარი და დედაწულითურთ ილტვოდა ღადოს მთისკენ. სირმონი უკან მისდევდა. გამაგრდა მთაზე თეგუდარი. იქაც ორდღიანი სასტიკი ბრძოლა გაიმართა.

გაუჭირდა თეგუდარს და გაიქცა უცნაურად. ერთი ნაწილი მისი ჯარისა აჭარისკენ ილტვოდა, მეორე – ნიგალისხევით, რომლის ტყეც კაცთაგან და ნადირთაგანაც უვალი ყოფილა, გვიამბობს მემატიანე. უცებ მთა მოსკდა და ზვავმა ქვეშ მოიყოლა ათასი თათარი მეომარი, დედაწულითურთ და ცხენებითურთ.

სხვებმა გაიარეს აჭარა და ნიგალისხევი, გურია და მივიდნენ ქუთათისში დავით ნარინთან. რუსუდანის ძემ სიხარულით მიიღო საილხანოს მტრები და დიდი სერიც (ვახშამი) გაუმართა. ხუთასი ძროხა მოხარშული, უამრავი ღორი და ცხვარი. ჯარის საკვებად მისცა ექვსასი ცხენი (მონღოლები ცხენის ხორცს ჭამენ), ათასხუთასი ძროხა, ათასი ცხვარი, ორი ათასი ღორი. ღვინოც უზომოდ ბევრი ასვეს მრავალრიცხოვან სტუმარს.

მონღოლები გაკვირვებული იყვნენ ქართველების სტუმართმოყვარეობით. დავით მეექვსე ნარინი იყო უხვი და თავმდაბალი ადამიანი. თვითონ, პირადად ემსახურა სტუმარს. ქართველთა დედოფალი თეოდორაც, ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ მერვე პალეოლოგის ასული, პირადად ემსახურებოდა თეგუდარის ცოლს. ასეთი ტრადიცია ქართველ მეფე-მთავართა კარზე არსებობდა. დავით ნარინი და აბაღა ყაენი ქვისლები იყვნენ. დავით ნარინის მეუღლის, დედოფალ თეოდორას, ქორწინებისგარეშე შობილი და – მარია დესპინა ერთ-ერთ ცოლად ჰყავდა აბაღა ყაენს.

მონღოლების ურთიერთბრძოლა ხელს აძლევდა დავით ნარინს. სირმონ ნოინმა ვერ გაბედა აფხაზეთში გადასვლა, იცოდა, ნარინი შეებრძოლებოდა. უკან დაბრუნდა აბაღასთან.

აღმოსავლეთიდან ბარახა ყაენი შეიჭრა აბაღა ყაენის სამფლობელოში. აბაღა ყაენმა თან იახლა დავით ულუ, რომელიც იმ დროს ტფილისში იჯდა და დაამარცხა ბარახა.

ამასობაში, თეგუდარმა თავისი სარდლები: სეგზი ბადურ, აბიბახა, თოლაქ დემურ და ჯოლაქა დედაწულით გააგზავნა ლიხის მთის დასავლეთ მხარეს, ღადოს რომ უწოდებდნენ ადრე. დადგნენ დემოთისა და ლომისმთის ციხეებს შორის. იქიდან არბევდნენ ჯავახეთს ფარავნის ტბამდე, კახა თორელის საგამგებლოს. შემდეგ თათრები გაემართნენ ეკერის ხევით, აწყურთან ფონი ნახეს მტკვარზე და გადავიდნენ. ჯავახეთში დახვდათ კახა თორელის ჯოგი. მეჭურჭლეთუხუცესმა და ახალქალაქის ერისთავმა, კახა თორელმა, 1260 წლის აჯანყებისას უღალატა დავით ულუს და ის მონღოლებს დაამარცხებინა. იქვე იყო აბაღას არმიის ათასისთავის, ვინმე ყურუმჩის ჯოგიც. გამოიტაცეს ჯოგები და ლომისთავს დაბრუნდნენ. ყურუმჩი ბადურმა შეატყობინა კახა თორელს. გამოეკიდნენ, თუმცა უშედეგოდ.

თეგუდარი ქართლში გადავიდა და აოხრებდა. სთხოვა აბაღამ დავით ნარინს, ნუღარ დაეხმარები თეგუდარსო. ნარინიც, უკვე უკმაყოფილო იყო თეგუდარის ქმედებებით. შეეტყო კიდეც, თეგუდარი შეთქმულების მოწყობას აპირებდა მის წინააღმდეგ. დავით ნარინმა შეუკრა უკანა გზები. აბაღა ყაენმა რომ შეიტყო, ნარინი აღარ დაეხმარება თეგუდარსო, გამოაგზავნა კვლავ სირმონ ნოინი და სხვა სარდლები. დავით ულუსაც სთხოვა დახმარება. ლაშას ძე ავად იყო, ჯარი მიაშველა სირმონს. ქართლის ტერიტორიაზე გაიმართა მონღოლთა სამოქალაქო ბრძოლა. გაიმარჯვა სირმონმა და დაატყვევა თეგუდარი და მისი ძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი