ისტორია

რა სიტყვით მიმართა ბექა ჯაყელმა სამცხელ დიდებულებს და როგორ მოიგერიეს მტერი

№9

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 10.03, 2023 წელი

ბექა ჯაყელი
დაკოპირებულია

მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისში საქართველოს სამეფო ოთხად იყო გაყოფილი. ჩვენი მეფეები და ჯარი ძალიან ხშირად მონღოლთა ლაშქრობებში იყვნენ.

პარხლის მთებში და ზღვისპირა კლარჯეთში (აღმოსავლეთ ლაზეთში) თურქები შემოიჭრნენ. სამოცი ათას მეომარს სარდლობდა კაცი მხნე და ძლიერი, აზატ-მოსე. „იწყო მძვინვარედ ოâრება, âოცა და კლვა“. ჩვენი წინაპრები არ ელოდნენ თურქების გამოჩენას და სოფლები სრულიად დაუცველი ყოფილა. ვერც გაქცევა მოასწრო მოსახლეობამ. ააოხრეს ტაო და ბასიანი, მრავალი ქართველი მონად წაიყვანეს ან მოკლეს, დახოცეს მოხუცები, ბავშვები, ჭაბუკები, ჩვილებს დედებს მკერდზე აკლავდნენ.

ვაშლოვანის (ტაოშია) გზას გაუყვნენ თურქები და მურღულსა და ნიგალისხევს მიადგნენ. იქ ივაჟკაცეს ხერხემელის ძეებმა, თურქთა ერთ ნაწილს ჩაუსაფრდნენ და დახოცეს ვიწრობებში.

ტაოს ერისთავ თაყა ფანასკერტელს, დიმიტრი თავდადებულის ასულის, რუსუდანის ქმარს, მცირე ჯარი ჰყავდა. საკუთარ რეზიდენციასთან, თორთომის ციხესთან მან დიდი ზარალი მიაყენა თურქებს. თუმცა, იმდენად მრავალრიცხოვანნი იყვნენ მომხვდურნი, ვერ განდევნა ქვეყნიდან.

1285 წლიდან სამცხეს მართავდა ბექა ჯაყელი, მანდატურთუხუცესი. სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, ის მცირე ნაწილებით გაემართა თურქებთან საომრად. მაგრამ, მტერი უკვე გასულიყო საქართველოს საზღვრებიდან, თუმცა, საფრთხე შემოჭრისა კვლავ იყო. შეკრიბა ბექამ სამცხელი, შავშ-კლარჯი წარჩინებულები და მიმართა:

„ისმინეთ, მთავარნო საქართველოსანო, ძმანო და თანამონათესავენო ჩემნო, სიტყვა ჩემი. დიდმა და სახელოვანმა, სკიპტრისა და პორფირის მქონეთა შორის უმეტეს განთქმულმა მეფე დავითმა, დასცა და დაამხო ძლიერება თურქებისა და განდევნა თავისი სამეფოსაგან. იმ დროიდან აღარ გამოჩენილან თურქნი, ახლა კი ჩვენი ცოდვების გამო, კვლავ შემოგვესივნენ და მოაოხრეს ტაო. ურიცხვი სული ტყვედ ჰყვეს და მოსწყვიტეს მახვილით. ეკლესიები დაანგრიეს, სიწმიდეები შეურაცხყვეს. ისევ ემზადებიან ქრისტიანების განადგურებისა და ქვეყნის მოსაოხრებლად, რადგან მეფე დასუსტებულია თათრების მძლავრობისგან, საქართველოს ზოგიერთი დიდებული კი – განდგომილი. აღარავინ არის წინააღმდგომი თურქთა.

აწ ისმინეთ ჩემი, ტომნო და ერთნებანო! შევიკრბოთ ჩვენი ძალებით და შევუტიოთ თურქებს. არ ჩავუგდოთ მათ ხელში ჩვენი შვილები. არ გაგვწირავს ღმერთი მის მოიმედეებს და მორწმუნეებს – მოგვცემს ძლევას მათზე, როგორც მისცა ჩვენს წინაპრებს გამარჯვება. დავდოთ თავი ჩვენი სჯულისთვის და ძმათა ჩვენთათვის. ღმერთი უეჭველად მოგვანიჭებს ცხონებას“.

დიდებულებმა და სამხედროებმა სიხარულით მიიღეს ბექას მოწოდება. დათქვეს ლაშქრობა და გაიყარნენ.

გაზაფხულზე მტერმა ისევ შემოუტია ჩვენს საზღვრებს, სამოცდაათი ათასი მეომრით. ყველა ქალაქიდან გამოჰყვათ სჯულით სარკინოზი ქრისტიანთა დასარბევად.

ბექა ჯაყელმა მოუწოდა მესხებს, შავშებს, კლარჯებს, კოლა-არტაან-კარნიფორელებს და ტაოელებს, მისწერა თმოგველებსა და თორელებს. შეიკრიბა თორმეტი ათასი მხედარი.

თურქთა ერთი ნაწილი, ათი ათასი კაცი მიადგა ვაშლოვანს. ვიწრობში გზა ჩაეკეტა ხუთას ქართველს. სასტიკი ბრძოლა გაიმართა. გაიქცნენ თურქნი. დიდი ნაწილი გაწყვიტეს ჩვენმა წინაპრებმა.

ბექამ მიმართა სპერს და ბაიბურთს, სადაც გამაგრებულიყვნენ მტრები. თურქთა მთავარმა აზატ-მოსემ არ იცოდა, ბექას ჯარი რომ უახლოვდებოდა, ამიტომ ოცდაათი ათასი მეომრით გაემართა ვაშლოვანისკენ შურის საძიებლად. დანარჩენი ორმოცი ათასი მეომარი სხვა მხარეს გააგზავნა და უბრძანა: „მე წავალ ვაშლოვანს და მოვაოხრებ, ავიღებ სისხლს ჩვენი ძმების გამო. თქვენ მიდით ტაოში და დახოცეთ, თუ ვინმე სადმე იქნება დარჩენილი. მე გამარჯვებული დავბრუნდები და მოვალ ბანაში. იქ შევიკრიბოთ და მერე დავერიოთ სრულიად საქართველოს“.

ჩვენმა წინაპრებმა შეიპყრეს ოთხი თურქი და მიუყვანეს ბექას. მან ოთხივე ცალ-ცალკე დაჰკითხა. ოთხივემ უთხრა, რომ ვაშლოვანისკენ გაემართა აზატ-მოსე ოცდაათი ათასი ჯარისკაცით, ხოლო ორმოცი ათასი გააგზავნა ტაოს მეორე მხარესო.

ბექამ ორად გაჰყო ჯარი. რჩეული ლაშქარი ჩააბარა საკუთარ პირმშოს, სარგისს, რომელიც აღზრდილი იყო აბჯრის მტვირთველად, ანუ ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო. გააგზავნა აზატ-მოსესთან საბრძოლველად ვაშლოვანისკენ.

სარგისმა სწრაფად იარა, მეწინავეებით დაეწია ვაშლოვანის მთაზე მიმავალ მტერს. თურქებს ძალიან გაუკვირდათ, რომ შეამჩნიეს, ქართველები მოგვდევენო, თანაც მცირერიცხოვანი რაზმით. მოატრიალეს ცხენები სარგისის ნაწილებისკენ.

მესხების წინამბრძოლების რაოდენობა, მემატიანეს თქმით, მხოლოდ ხუთასი მხედარი იყო, თურქებისა – ოცდაათი ათასი. ქართველებმა გამოიყენეს ადგილმდებარეობა, ხეობა, ვიწრობი. პირველივე შეტაკებაზე იძლივნენ თურქები და გაიქცნენ. 513 თურქი დარჩა ბრძოლის ველზე, გარდა მათისა, ვინც დევნისას მოკლეს. ჩვენი წინაპრები მისდევდნენ ურჯულოებს მზის ჩასვლამდე. ქართველთაგან მოიკლა მხოლოდ 5 უსახელო გმირი.

სარგის ჯაყელი, რომელსაც გვარში მოსდგამდა სიმხნე და მამაცობა, მიუხედავად სიჭაბუკისა, ძალიან მხნედ იბრძოდა.

ბექამაც სამხედრო ხერხი იხმარა და მოულოდნელად შეუტია თავისი ნაწილებით თურქთა მთავარ ბანაკს. შორიდან დაინახეს თურქებმა მთიდან დაშვებული ქართველთა ჯარი და ისინიც გაიქცნენ.

ამის შემხედვარე, გაიქცნენ მთავარი ბანაკის ზურგის მცველებიც, მიატოვეს კარვები, აღჭურვილობა, საკვები. მისდევდნენ ქართველები თურქებს, იპყრობნენ და ხოცავდნენ. ერთი ნაწილი ქალაქ სპერის ციხეში შევარდა, ნაწილი კი ნორქალაქისკენ გაიქცა. წამოეწივნენ ბექას მხედრები, შეუკრეს გზები თურქთა ჯარის დედაწულს, ოჯახის წევრებს, რომლებიც თან ახლდნენ მომთაბარე ბრბოს, მსახურებს, მზარეულებსა და სხვებს და დაიჭირეს.

ამასობაში სარგისის ნაწილებს გამოქცეული თურქები უკან მოადგნენ ბექას ჯარს. მესხები ამათაც მოუტრიალდნენ და დაბნეული თურქები ისევ გაჟუჟეს.

ალყა შემოარტყეს ქართველებმა ისტორიულ ქართულ ქალაქ სპერს და პირველივე დღეს აიღეს ქალაქის ციხე. აივსო ქართველთა ჯარი საქონლით, ოქროთი, ვერცხლით, ლარით, ცხენების, აქლემების, ცხვრისა და ძროხების ჯოგებით, რომელიც ნაძარცვი ჰქონდათ თურქებს და ხანგრძლივი შეტევებისას, ზურგისთვის მომზადებული. ქონება თურქებისავე სახედრებს აჰკიდეს და წამოიღეს. სარგისმა ნორაქალაქი აიღო და ძლევაშემოსილი დაბრუნდა მამასთან.

სპერი, ბაიბურთი და არზრუმი დაიმორჩილა ბექამ.

გადარჩენილი თურქები შავი ზღვისკენ გარბოდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი