ისტორია

რა სასწაული იხილა დავით აღმაშენებელმა სვეტიცხოველთან დაკავშირებით

№12

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 01.04

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

მეთორმეტე საუკუნეში მოღვაწე, კათალიკოსი ნიკოლოზ პირველი გულაბერისძე თავის თხზულება-შესხმაში „საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისაჲ“, გვამცნობს, რომ სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართის სვეტის ადგილას, ხშირად ჩნდებოდა, თურმე, „სვეტი ნათელი და ცხოველი“ და ასეც უწოდეს: „სახელ-იდების ყოველთაგან სუეტად ნათლისად და ცხოველისად“. წმიდა ნიკოლოზის თქმით, ეს ის წმიდა სვეტი ყოფილა, რომელიც დასაბამიდან იხილვებოდა კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი მოვლენების დროს, წინ უძღოდა ისრაელიანებს, ღვთის რჩეულ ხალხს. სასწაულის დანიშნულება ყოფილა – „განაბრძნოს (სიბრძნით აღავსოს) გონებანი ჩვენი და ვიცოდეთ სამების ერთარსებობა: „სამებისა წმიდისაჲ ძალი, რამეთუ მამაჲ და ძეჲ და სული წმიდაჲ დაღაცათუ სამ არს გუამოვნებითა, გარნა უეჭუელად ერთ არს ღმრთეებითა სამნივე იგი, ერთი ღმერთი, ერთი ძლიერებაè, ერთი ნათელი, სამი ნათელი, სამივე ესე ერთნათელი ერთითა მით ღმრთეებითა“.

სამების ერთ ნათლად გამომხატველი, როგორც გვამცნობს წმიდა კათალიკოსი, მოხუცი კაცის სახით ჩნდებოდა ხოლმე: „ესე სუეტი წმიდაè ნათლისაè ერთ ნათელად შეერთებული სამებისა წმიდისა სახედ, ერთ ნათლად გამომსახველად შემოკრბების უეჭუელად და სახედ ბერისა კაცისა ხილვაჲ“.

ეს ყოფილა დანიელ წინასწარმეტყველის მიერ აღწერილი „ძუელი დღეთა“. მეორედ მოსვლისას, „სამებისა წმიდისა ერთნათელი ძუელი დღეთაè მოვალს, ესრეთვე აწ სამებისა წმიდისა ერთნათელი ესე სუეტი ნათლისაè, ვითარცა ძუელი დღეთაè იხილვების და ეჩუენების მათ, რომელნიცა ღირს არიან ხილვისა მისისა“... ამიტომ სვეტი ცხოველი იხილვებოდა, როგორც „ძველი დღეთა“, მოხუცებულის სახით, მოხუცებული მაცხოვრის სახედ – „საყუარელნო, სხუაè სუეტისა ცხოველისა ხილვაè სახედ მოხუცებულისა“.

იგულისხმება დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნანახი გამოცხადების მსგავსება. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში იუდეველნი დაატყვევა და ბაბილონში გადაასახლა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ მეორემ. ტყვეთა შორის იყო მცირეწლოვანი დანიელი, რომელიც შემდეგ უფალმა წინასწარმეტყველად გამოარჩია. დანიელ წინასწარმეტყველს ერთხელ ესიზმრა მომავალი, ღმერთის მიერ ბოროტების, უკანასკნელი იმპერიის დამარცხება, განადგურება და განსჯა, სასამართლო: „ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი – ცეცხლი მოტყინარე“.

„ძუელი დღეთა“ ასეც გამოისახებოდა ქრისტიანულ იკონოგრაფიაში, ქრისტეს სახე მოხუცებულობაში, თეთრი თმითა და წვერით.

დანიელმა იხილა ძე კაცისა, განკაცებული მაცხოვარი იმავე ხილვაში: „და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი“.

წმიდა ნიკოლოზ გულაბერისძის განმარტებით, ეს სამების ერთარსების გამოცხადებაა – მოხუცის სახით.

„ძუელი დღეთას“, უფლის გამოცხადება, ხილვა, ძალიან იშვიათი იყო, თუმცა, როგორც კათალიკოსი წერს, აღნიშნულ სასწაულებრივ ხილვას ხედავდნენ წმიდა ადამიანები სვეტიცხოველში, ხან კვართის სვეტის წინ, ხან გვერდით, ხან სვეტის თავზე.

„აწ ესეცა წარმოვაჩინოთ, თუ ვითარ ანუ ვიეთგან განა ოდეს ხილულ არს ესრე სახედ ესე სუეტი წმიდაჲ, რამეთუ იგივე პირველâსენებულნი ბერნიცა კათალიკოზმან და კეთილი იტყïდეს მრავალგზის ხილვასა სახედ ძუელისა დღეთაჲსა რომელსამე ჟამსა თავსა სუეტისასა მჯდომარედ და ოდესმე ეკლესიასა შინა მყოფად და სხუასა ჟამსა – სუეტსა წინამჯდომარედ, გარნაჲ უფროჲს ხოლო - სუეტისა თავსა ზედა მჯდომარედ.“

წმიდა ნიკოლოზ გულაბერისძე გვიამბობს დავით აღმაშენებლის შესახებ: „დიდი იგი მეფეთა შორის სანატრელი დავით“ ძალიან მორწმუნე და ღვთისმსახურების, ლოცვის მოტრფიალე ყოფილა. მაგრამ, გარკვეულწილად ეჭვობდა, მართლა ეცხადებოდა თუ არა „ძუელი დღეთა“, სვეტი ცხოველი მორწმუნეებს და იქნებ არც სჯეროდა, მართლა იყო თუ არა დაბრძანებული მაცხოვრის კვართი სვეტიცხოვლის სვეტის ქვეშ: „ამის სუეტისა ცხოველისა მიმართ მხოლოდ განდრეკილობდა, რეცა გონებით და ესრეთ ორგულებით მეტყუელებდა, ვითარმედ, რაჲ უწყი, თუ რაჲ არს კონქსა ამას შინა ანუ რასა თაყუანის-ვცემთ“. ანუ უთქვამს – რა ვიცით იქ, კონქის, სვეტის ქვეშ რა არის, რას ვცემთ პატივსო.

ერთხელაც, მეფე დავითი შესულა სვეტიცხოველში, გვერდი აუვლია უფლის კვართის სვეტისათვის, დაბრკოლებული გონებით მოულოცია ეკლესია და წასულა.

იმ ღამეს ჩვენება ჰქონია მეფეს:

„ღამესა მირულებულსა ეჩუენა ესე სახედ, ვითარმცა ამას სუეტსა ზედა ზე თავსა მჯდომარე იყო მოხუცებული ვინმე სახედ ძუელისა დღეთაჲსა და ბრწყინვალებისაგან ნათლისა მის, რომელ შანთნი ცეცხლისანი ჰკრთებოდეს ელვისსახედ, თუალნი კაცობრივნი ვერ შემძლებელ იყვნეს განცდად პირსა მისსა ყოვლადვე, და ვითარ განკïრვებულ იყო ხილვასა მისსა მეფე შეშინებული, âმა-უყო მან ზედაჲათ საშინელებით და ჰრქუა:

– დავით, დავით, არა უწყია, თუ ვინა ვარ აქა შინა, რომელსა-ესე მხედავ? და ესე უწყოდე შენ და ყოველთა, რამეთუ რომელსა აქუნდეს სასოებაჲ ჩემდა მომართ მტკიცე, არაოდეს სირცხïლეულ იქმნეს და ნუ ურწმუნოებ ჩემდა მომართ ყოვლადვე, რამეთუ რომელნი ურწმუნოებდენ, მიიღონ თავისა თïსისა სასჯელი“.

გაეღვიძა შეშინებულ მეფეს, სწრაფად ადგა, ჩაიცვა, მოახტა ცხენს და მცხეთისკენ გააჭენა. ცისკრის ლოცვის წინ მიიჭრა, თურმე, სვეტიცხოველთან.

ცისკრის ლოცვისთვის ემზადებოდნენ იოანე კათალიკოსი და ბერები, გაუკვირდათ უთენია, მოულოდნელად მიბრძანება მეფისა.

„მოვიდა უკუე დავით მეფე წინაშე სუეტისა ცხოველისა. დავრდომილი პირსა ზედა თჳსსა ცრემლით იატაკსა დაალტობდა და ითხოვდა მჴურვალედ შენდობასა პირველთა ცთომათათïს და ურწმუნოებისა“.

ლოცვის მერე ჰკითხა იოანე პატრიარქმა, რა იხილეო და მეფეს მოუყოლია, და მერე: „მეფე პატრიაქისა თანა და ყოველი ერი ერთობით ადიდებდეს ღმერთსა და სუეტსა ცხოველსა“.

ალბათ, სვეტი ცხოველის, „ძუელი დღეთას“, სამების ნათლის სვეტიცხოველის ტაძარში გამოცხადების მიზეზი შეიძლება, ყოფილიყო სურვილი უფლისა – დავით აღმაშენებლისა და ქართველების, ახალი რჩეული ხალხის, განბრძნობისა და ასევე, დამამტკიცებელი იმისა, რომ კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, მაცხოვრის კვართი, ჩვენი, წმიდა სვეტიცხოვლის, ტაძრის წიაღში შემთხვევით არ ინახება, არამედ მომავლისთვის!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...