ისტორია

რა სასჯელი განუსაზღვრა ბაგრატ მეოთხემ სახელმწიფო დამნაშავეს, ლიპარიტ ბაღვაშს

№37

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 22.09, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

მეთერთმეტე საუკუნის შუა წლებში ბაგრატ მეოთხეს გააფთრებით ებრძოდა ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში, რომელსაც ბიზანტიის იმპერია უჭერდა მხარს. ლიპარიტმა დაამარცხა მეფე. დამარცხებული გვირგვინოსანი იძულებით გაემგზავრა ბიზანტიაში, რათა ბიზანტიის იმპერატორთან დაელაგებინა ურთიერთობა, მისთვის საყვედური ეთქვა და ლიპარიტ ერისთავის შეჩერება ეთხოვა. თუმცა, ბიზანტიაში გამგზავრების დროისთვის ბაგრატ მეფე, ფაქტობრივად, მხოლოდ დასავლეთ საქართველოს აკონტროლებდა. შიდა ქართლში ლიპარიტი ბატონობდა. ტფილისში ისევ არაბი ამირა იჯდა, კახეთ-ჰერეთი სხვა სახელმწიფო იყო, ქვემო ქართლში სომეხ კვირიკიანებს „სამეფო“ მოეწყოთ. ტრაპიზონი დიდი ხნის წინ დაეპყროთ რომეებს.

ბაგრატ მეოთხე სამი წელი გააჩერეს ბიზანტიაში. ლიპარიტ ბაღუაშმა, გარკვეული მიზეზით, თვითონ ვერ გაბედა გამეფება. იქნებ არც უფიქრია. ბაგრატის ბიზანტიაში ყოფნის დროს მცირეწლოვანი გიორგი უფლისწული აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანა, რუისის ტაძარში მეფედ აკურთხებინა და პატრონად მამიდა, გურანდუხტ დედოფალი დაუნიშნა.

ფაქტობრივად, ლიპარიტი გახდა მეფის მეურვე, ევროპული სიტყვა რომ გამოვიყენოთ, რეგენტი და მცირეწლოვანი მეფის სახელით მართავდა სამეფოს. იმდენად დიდი იყო ბაგრატიონთა საგვარეულოს პრესტიჟი, სხვა გვარის წარმომადგენელი ტახტზე ასვლას ვერ გაბედავდა. ქართველი დიდებულები, გარდა მეფეთა ნათესავისა, სხვას ტახტზე ვერ აიტანდნენ.

ბაგრატიონების პრესტიჟი განმტკიცებული იყო მათი წარმოშობის დავითიანური თეორიით, რასაც აღიარებდა ქართული ეკლესიაც, რომლის მიხედვით, ბაგრატიონები დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად ითვლებოდნენ; ანუ ქრისტეს ნათესავებად. სხვა ქვეყნებში გაცილებით ადვილი იყო სამეფო დინასტიის შეცვლა, საქართველოში კი, ამ ვითარების გამო – წარმოუდგენელი.

გარდა ამისა, ლიპარიტი, ალბათ, სხვა დიდებულების გადამტერებას მოერიდა, რომლებისთვისაც თავისი ყოფილი თანასწორის, ჩვეულებრივი დიდებულის ტახტზე ასვლა მიუღებელი იქნებოდა. შესაძლოა, არც ბიზანტიის იმპერიას მოსწონებოდა ეს ნაბიჯი, ბიზანტია დიდად არ იყო დაინტერესებული საქართველოს სამეფოს გაძლიერებით და ხელისუფლების სათავეში მცირეწლოვანი მეფის ყოფნა, ალბათ, კონსტანტინოპოლის საიმპერატორო კარსისთვისაც იყო ხელსაყრელი.

ბაგრატ მეოთხე სამიოდე წელიწადში დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ, ლიპარიტის დამარცხება ვერ შეძლო. ძალები არ ჰყოფნიდა. დასავლეთ საქართველოს მართავდა ბაგრატი, შიდა ქართლს და სამცხის დიდ ნაწილს – ლიპარიტი. მაგრამ მობეზრდათ ლიპარიტის ბატონობა ქართველ დიდებულებს. სულა კალმახელმა და მესხმა აზნაურებმა „შეიპყრეს ლიპარიტ და ძე მისი ივანე, ხოლო ნიანია გარდაეხუეწა და მიმართა კლდე-კართა“. გაქცეული ნიანია არ შეუშვეს კლდეკარში. იქიდან ანისს გაიქცა ბაღუაში, ბიზანტიელებთან.

დატყვევებული ლიპარიტი და ივანე სულამ წაიყვანა კალმახის ციხეში, ტაოში და მეფეს შეატყობინა ამბავი. ბაგრატ მეფემ ერთგული სამსახურისთვის სულას „უბოძა მამულობით ციხის-ჯუარი და ოძრხე ბოდო-კლდითა, და სხუა-ცა მრავალი საქონელი და სამღდელთ-მოძღურონი, და რა-ცა უნდა“.

მეფემ დაიკავა ციხეები არტანუჯი და ყველი, უფლისციხე და ბირთვისი, რომლებსაც მანამდე ლიპარიტი აკონტროლებდა. მაგრამ კლდეკარის დაკავება გართულდა, რადგან იქ გამაგრებული იყო ანამორი – ლიპარიტის მწიგნობართუხუცესი. ანამორმა უარი თქვა ციხის მეფისთვის გადაცემაზე. მაშინ ციხის წინ აღმართეს ძელები და ჩამოჰკიდეს ლიპარიტი და ივანე. რამდენიმე დღის შემდეგ, ლიპარიტის მომხრეებმა, ლიპარიტის სიცოცხლის გადასარჩენად, ციხის კლიტენი მიართვეს მეფეს.

მეფემ, წლების განმავლობაში მის წინააღმდეგ მებრძოლი ერისთავი, რომელიც უცხო ძალის დახმარებით ებრძოდა მას და რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა მეფეს, არ მოკლა, არც დაასახიჩრა, არამედ ბერად აღკვეცა (შანსი მისცა ცოდვების გამოსყიდვისა). ამ საქციელში ჩანს ჩვენი მეფის ჰუმანურობა. ოდესღაც მეფის დამმარცხებელმა ერისთავმა გამოიტანა თავისი ქონება კლდეკარიდან და ივანე მეფეს შეავედრა. ბაგრატ მეოთხეს შეუცოდებლობის ფიცი მისცა ბაღუაშმა და გაემგზავრა ბიზანტიაში. არგვეთის მამული დაუტოვეს ივანეს, თუმცა, მეფის კარზე იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ.

ცოტა ხანში ივანე ბაღუაში გაიპარა და გაიქცა ბიზანტიაში. მიჰყვა ოჯახის გზას, ალბათ, ბიზანტიის ჯარის მოშველება უნდოდა, მაგრამ, ის არ იყო მამამისივით მნიშვნელოვანი ფიგურა იმდროინდელ რეგიონულ თუ გლობალურ პოლიტიკაში. აღარც ბიზანტია იყო უძლეველი იმპერია. თურქ-სელჩუკები შემოჭრილიყვნენ წინა აზიაში და ბიზანტიას თავისი გასჭირვებოდა. ბაგრატ მეოთხე ძალიან მნიშვნელოვან ფიგურად იქცა აღმოსავლეთის ქრისტიანულ პოლიტიკურ სივრცეში.

ნიანია ბაღვაში ანისში გარდაიცვალა, ბიზანტიელების მსახურებაში.

ბერად აღკვეცილმა ლიპარიტმა (ბერმა ანტონმა) კიდევ ერთხელ სთხოვა მეფე ბაგრატს, კიდევ ერთხელ ეპატიებინა მისი ძისთვის, ივანესთვის. ბაგრატმა კვლავ აპატია ბაღვაშს და დაუბრუნა არგვეთი და ქართლი. სპასალარადაც დანიშნა. მსახურებდა ივანე ლიპარიტის ძე ბაგრატ მეოთხეს.

ლიპარიტ ბაღუაში გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში. მისმა გაზრდილებმა და ერთგულმა მსახურებმა დიდი პატივით გადმოასვენეს მისი ნეშტი საქართველოში და დაასაფლავეს კაცხში, მათი წინაპრების საძუალეში.

გაძლიერდა მეფე ბაგრატი. მთელ სამეფოზე გაავრცელა თავისი გავლენა. „წარიხუნა ყოველნი ციხენი ჰერეთისა და კახეთისანი, თვინიერ კუეტარისა და ნახჭევანისა“ (კახეთის ციხეები).

მალე დიდი ამბები დაიწყო არა მხოლოდ რეგიონის, მცირე აზიისა და წინა აზიის, არამედ მსოფლიოს ისტორიაში. ჩვენს რეგიონში უკვე შემოჭრილიყვნენ თურქ-სელჩუკები. დიდი განსაცდელი დაუდგა საქრისტიანოს.

ჩვენი ხელმწიფის ასული, მართა-მარიამი ბიზანტიის ტახტის მემკვიდრის, მიხეილ დუკას ცოლი გახდა. ბიზანტიელებმა აღიარეს ჩვენი ხელმწიფის უპირატესობა აღმოსავლეთში. მას, უკვე საიმპერატორო ოჯახის მძახალს და აღმოსავლეთში ყველაზე ძლიერ ქრისტიან ხელმწიფეს, მოკავშირედ და იმედად აღიქვამდნენ.

ბაგრატ მეფისა და საქართველოს ფასი განსაკუთრებით გაიზარდა ბიზანტიისთვის. საქართველო იბრძოლებდა დამოუკიდებლობისთვის თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. ეს კი ხელს აძლევდა ბიზანტიას. ბაგრატ მეფეს, თავისი ჭკუით, დიდი პატივი სცეს ბიზანტიელებმა და მისცეს ნოველისიმუსობა, მერე კი – სევასტოსობა. ნოველისიმუსობა იმპერატორის ნათესავებს ენიჭებოდა ან ძალიან ახლობელ მოკავშირეებს. სევასტოსის წოდებას, რაც ბერძნული ანალოგიაა რომაული ავგუსტისა, სხვებთან ერთად, ადრე რომის იმპერატორები ატარებდნენ, შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირეებს ანიჭებდნენ ან იმპერატორის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული